Facebook Twitter

საქმე №ას-721-2021 28 დეკემბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სს „გ.ჰ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „დ.რ.ს.მ–ბა“, შპს „კ–ი“ (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021წლის 28 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „დ.რ.ს.მ–ბისა“ (შემდეგში - პირველი მოსარჩელე) და შპს „კ–ის“ (შემდეგში - მეორე მოსარჩელე ან შემდეგში: ერთობლივად მოსარჩელეები) სარჩელი:

1.1. სს „გ.ჰ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი), პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ - 10 355.99 ლარი, ხოლო მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ - 2617.44 ლარი დაეკისრა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით.

3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:

3.1. პირველი მოსარჩელე 2019 წლის 30 აპრილიდან 2019 წლის 31 აგვისტომდე მოპასუხეს თეთრეულის სამრეცხაო მომსახურებას უწევდა.

3.2. მეორე მოსარჩელე 2019 წლის 30 სექტემბრიდან მოპასუხეს სამრეცხაო მომსახურებას უწევდა.

3.3. პირველმა მოსარჩელემ მოპასუხეს 3 374.84, 3 405.50, 2 888.73, 1 811.94, 686.92 ლარის, სულ -12 167.93 ლარის მომსახურებაზე Nეა-16 8606397, ეა-16 7858019, ეა-16 7013776, ეა-16 258702, ეა-16 5418146 ანგარიშფაქტურები გაუგზავნა.

3.4. მეორე მოსარჩელემ მოპასუხეს 2617.44 ლარის მომსახურებაზე Nეა-11 9577825 ანგარიშფაქტურა გაუგზავნა; მოპასუხემ ყველა ანგარიშფაქტურა დაადასტურა.

3.5. პირველმა მოსარჩელემ თავისი ქონება, რომლითაც მოპასუხეს ემსახურებოდა, მეორე მოსარჩელეს საკუთრებაში გადასცა.

4. სასამართლომ დაადგინა, რომ პირველმა მოსარჩელემ მოპასუხეს 12 167.93 ლარის, ხოლო მეორე მოსარჩელემ - 2 617.44 ლარის სამრეცხაო მომსახურება გაუწია, რაც დადასტურებულია საქმეში წარდგენილი ანგარიშფაქტურებით; მომსახურების ღირებულებიდან მოპასუხემ ნაწილი - 1811.94 ლარი გადაიხადა.

5. მოპასუხემ უარყო მომსახურების იმდენჯერ გაწევა, რამდენსაც მოსარჩელეები მიუთითებდნენ, იმ საფუძვლით, რომ მხარეებს შორის წერილობითი ხელშეკრულება არ არსებობდა.

6. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია და მიიჩნია, რომ მხარეებს შორის საგადასახადო ანგარიშფაქტურების დადასტურებით შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების არსებობა დადგინდა. კერძოდ, ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების არსებობა ადასტურებდა ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელეები მოპასუხეს თეთრეულის სამრეცხაო მომსახურებას უწევდნენ. ამავდროულად, საგადასახადო ანგარიშფაქტურების გარდა, მოსარჩელეების მხრიდან მოპასუხესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას, ფულადი ვალდებულების შესრულებაც ადასტურებდა. ფულადი ვალდებულების არსებობა ასევე დგინდება მხარეებს შორის არსებული მიმოწერითაც.

7. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სასარჩელო მოთხოვნა - გაწეული მომსახურების ანაზღაურების თაობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 629-ე მუხლის (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) შინაარსიდან გამომდინარეობს. ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიუთითებს და დაამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ნარდობის ხელშეკრულების, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა გარიგების დადებისთვის, აუცილებელია ორივე მხარის თანმხვედრი ნების არსებობა. ნების გამოხატვა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით.

8. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეების მიერ გაწეული მომსახურების დასადასტურებლად წარდგენილ ანგარიშფაქტურაზე, როგორც ვარგის მტკიცებულებაზე, გაამახვილა ყურადღება და უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკაზე მიუთითა. საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის 1 და 11 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ანგარიშფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამასთან, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია, საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოიწეროს და საქონლის/მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას. ანგარიშფაქტურა საგადასახადოსამართლებრივ ურთიერთობებში ცვლის როგორც სასაქონლო ზედნადებს, ისე - საგადასახადო ანგარიშფაქტურას (მათ შორის, სპეციალურ საგადასახადო ანგარიშფაქტურებს) და მისი გამოწერის/გამოუწერლობის შემთხვევაში მიიღება ყველა ის სამართლებრივი შედეგი, რომლებიც სასაქონლო ზედნადების ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურების) გამოწერისას/გამოუწერლობისას. რაკი მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურა, იგულისხმება, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა. საგადასახადო ანგარიშფაქტურების სერვისი მოიცავს საქონლისა და მომსახურების მიწოდების რთული პროცესების ერთობლიობას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ლოგიკური ჯაჭვით. აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობას იღებს, როგორც სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამომწერი (გამყიდველი), ასევე, მიმღები (მყიდველი) და შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი. ანგარიშფაქტურის მყიდველის მიერ დადასტურებისას, უტყუარად ივარაუდება, რომ მან მიწოდებული საქონელი შეიძინა, ვინაიდან ანგარიშფაქტურა იგზავნება უშუალოდ მყიდველთან და მის დადასტურებაზე ხელი არ მიუწვდება სხვა მესამე პირს (იხ. სუსგ საქმე Nას-599-574-2016, 23.09.2016წ) .

9. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არ არსებობის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მათ შორის წერილობითი ხელშეკრულება არ დადებულა. სასამართლოს განმარტებით, ნარდობა არ წარმოადგენს ფორმასავალდებულო გარიგებას და მის დასადებად კანონი წერილობითი ფორმის დაცვის ვალდებულებას არ ადგენს. მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი ზეპირი ხელშეკრულების დადების ფაქტი და მისი მოცულობა დადასტურებულია.

10. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებსა და საქმეში წარდგენილ მტკიცებულებებზე მითითებით დაასკვნა, რომ მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის ნარდობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც პირველმა მოსარჩელემ 12 167.93 ლარის, ხოლო მეორე მოსარჩელემ 2617.44 ლარის მომსახურება გაუწია მოპასუხეს, საიდანაც მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ნაწილი - 1811.94 ლარი აუნაზღაურა. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი მოპასუხეს არ წარუდგენია.

11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

11.1 მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მხარეთა შორის არსებული ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან - სსკ-ის 629-ე „ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური“ მუხლიდან გამომდინარეობს, რაც მართებულად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ.

17. ნარდობის სამართალურთიერთობის განმსაზღვრელი ზემოხსენებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი, მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე თავის წილ ვალდებულებას შეასრულებს (იხ. სუსგ № ას-1646-2019, 30.09.2020წ) .

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (იხ. სუსგ №ას-696-696-2018, 6.07.2018წ) .

19. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ: მოსარჩელეებმა მოპასუხეს სამრეცხაო მომსახურება გაუწია, მხარეთა შორის არ არსებობს წერილობითი შეთანხმება მომსახურების თაობაზე, შესაბამისად - ვალდებულების წარმოშობის საფუძველიც; ამასთან, არასწორად დაადგინა მოპასუხის მიერ ვალდებულების აღიარების თაობაზე ფაქტობრივი გარემოება; არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელეების მიერ შესრულებული მომსახურება ერთგვაროვანი იყო და იგივე სატარიფო განაკვეთით გაგრძელდა.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის მონაწილე მხარეთა მიზანს წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი მტკიცების სტანდარტის საფუძველზე იმ გარემოებების სარწმუნოდ და სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება, რომლებზეც ისინი თავიანთ პოზიციას აფუძნებდნენ, ვინაიდან, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმების ანალიზის შესაბამისად, სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი“ (იხ. სუსგ-ები: N ას-386-359-2017, 28.04.2017წ; Nას-939-879-2017, 29.09.2017წ; Nას-719-672-2017, 19.07.2017წ; Nას-625-593-2017, 7.07.2017წ; Nას-746-714-2016, 08.05.2016წ).

22. საკასაციო სასამართლო ერთ-ერთ განჩინებაში მიუთითა: ნარდობის ხელშეკრულების შინაარსს შეადგენს მისი პირობების ერთობლიობა. ნარდობის ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც მასზეა დამოკიდებული ხელშეკრულების მხარეთა უფლებამოვალეობების წარმოშობის თავისებურებები, ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება და სხვა. ფორმა ნების გამოვლენის გაცხადების საშუალებაა. სსკ-ის 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ, თვითონ განსაზღვრონ იგი. სსკ-ის 69-ე მუხლი კი განსაზღვრავს, რომ გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. გარიგების ფორმასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილით დადგენილი წესები ხელშეკრულების ფორმაზეც ვრცელდება. როგორც წესი, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის რაიმე განსაკუთრებული ფორმის დაცვა საჭირო არაა.ხელშეკრულება ძალაში მას შემდეგ შედის, როდესაც მხარეები ყველა არსებით პირობებზე, თუნდაც ზეპირი მოლაპარაკებების გზით შეთანხმდებიან. ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებით ზოგადად მოქმედებს სახელშეკრულებო ფორმის თავისუფლების პრინციპი, რომელიც შეუზღუდავი არ არის. ცალკეულ შემთხვევებში კანონი ადგენს ფორმას, რომლის დაცვაც კონკრეტული ტიპის ხელშეკრულებების ნამდვილობისათვის აუცილებელია. მხარეებსაც შეუძლიათ გაითვალისწინონ ხელშეკრულების რაიმე ფორმა, როგორც მისი ძალაში შესვლის აუცილებელი წინაპირობა. მაშასადამე, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონვე განსაზღვრონ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს ნარდობის ხელშეკრულების ფორმის თაობაზე რაიმე სპეციალურ ნორმას. ასეთ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს ის ნორმები, რომლებიც ზოგადად ხელშეკრულების ნამდვილობისთვისაა საჭირო, ანუ ნარდობის ხელშეკრულება მიეკუთვნება ფორმათავისუფალ ხელშეკრულებათა რიცხვს. ეს ნიშნავს იმას, რომ ნარდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირად, ისე წერილობითი ფორმით (იხ. სუსგ Nას-1166-2019, 6.04.2020წ). სსკ-ის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, დადგენილია, რომ: ზეპირი ხელშეკრულების ფარგლებში პირველი მოსარჩელე 2019 წლის 30 აპრილიდან 2019 წლის 31 აგვისტომდე, ხოლო მეორე მოსარჩელე 2019 წლის 30 სექტემბრიდან მოპასუხეს სამრეცხაო მომსახურებას უწევდა; პირველმა მოსარჩელემ მოპასუხეს 3 374.84, 3 405.50, 2 888.73, 1 811.94, 686.92 ლარის, სულ -12 167.93 ლარის მომსახურებაზე Nეა-16 8606397, ეა-16 7858019, ეა-16 7013776, ეა-16 258702, ეა-16 5418146 ანგარიშფაქტურები გაუგზავნა; მეორე მოსარჩელემ მოპასუხეს 2617.44 ლარის მომსახურებაზე Nეა-11 9577825 ანგარიშფაქტურა გაუგზავნა; მოპასუხემ ყველა ანგარიშფაქტურა დაადასტურა; პირველმა მოსარჩელემ თავისი ქონება, რომლითაც მომსახურებას უწევდა მოპასუხეს, მეორე მოსარჩელეს საკუთრებაში გადასცა; პირველმა მოსარჩელემ მოპასუხეს 12 167.93 ლარის, ხოლო მეორე მოსარჩელემ 2 617.44 ლარის სამრეცხაო მომსახურება მომსახურება გაუწია, რაც დადგენილია საქმეში არსებული ანგარიშფაქტურებით; გაწეული მომსახურების ღირებულებიდან მოპასუხემ მხოლოდ ნაწილი - 1811.94 ლარი გადაიხადა;

24. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლით გარანტირებულია სამართალწარმოების განხორციელება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საწყისებზე, რაც სსსკ-ის მე-4 და მე-5 მუხლებში აისახა, ამასთან, სსსკ-ის 105-ე ,,სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში“ მუხლზე მითითებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი წერილობითი დოკუმენტაციისა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით იმსჯელა და მათი ურთიერთშეჯერების შედეგად დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო.

25. მოსარჩელეების სამართლებრივი პრეტენზიის დასადასტურებლად მითითებული მტკიცებულების საპირწონე ფაქტების დადასტურების ვალდებულება მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, თუმცა მოცემული დავის ფარგლებში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო იმგვარ გარემოებებზე მითითება/მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც საქმეში წარმოდგენილ დასკვნებს გააქარწყლებდა.

26. საკასაციო სასამართლოს განსჯით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ მხარეებს შორის საგადასახადო ანგარიშფაქტურების დადასტურებით სახელშეკრულებო პირობების არსებობა დადგინდა. მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის ნარდობის ხელშეკრულება, კერძოდ თეთრეულის სამრეცხაო მომსახურებაზე დაიდო, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს პირველმა მოსარჩელემ 12 167.93 ლარის, ხოლო მეორე მოსარჩელემ -2617.44 ლარის მომსახურება გაუწია, საიდანაც მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ნაწილი - 1811.94 ლარი აუნაზღაურა. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი მოპასუხეს არ წარუდგენია.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები, ამ განჩინებაში მითითებული მსჯელობის საწინააღმდეგოს დამტკიცების შესაძლებლობას არ ქმნის, შესაბამისად, მოპასუხისთვის მომსახურების დარჩენილი ნაწილის - 10 355.99. ლარის და 2617.44 ლარის მოსარჩელეების სასარგებლოდ დაკისრება კანონიერია, ხოლო კასატორის პრეტენზიები (იხ. მე-20 პუნქტი) არ არის გაზიარებული მათი უსაფუძვლობის გამო.

28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

29. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

30. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს "გ.ჰ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს "გ. ჰ–ს" (ს/ნ 402101328) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 648,67 ლარის (საგადახდო დავალება N542, გადახდის თარიღი 2021 წლის 19 ივლისი), 70% –454 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური