საქმე №ას-1180-2021 24 დეკემბერი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ე.ბ–ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ს–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების საკუთრების უფლებით აღრიცხვა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.ს–ას (შემდეგში: მოსარჩელე ან მჩუქებელი) სარჩელი დაკმაყოფილდა:
1.1. ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და ე.ბ–ას (შემდეგში: მოპასუხე, დასაჩუქრებული, აპელანტი ან კასატორი) შორის 2017 წლის 21 თებერვალს გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით მოსარჩელის სახელზე აღირიცხა უძრავი ქონება, რომლის მისამართია : ქალაქი თბილისი, ........, შენობა N1-ის II სართულზე, ფართი 29.60 კვ.მ, ს/კ ........
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:
3.1. მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხებოდა უძრავი ქონება, რომლის მისამართია: ქალაქი თბილისი, ......., შენობა №1-ის II სართულზე, ფართი 29.60 კვ.მ, (ს/კ ......).
3.2. მოსარჩელემ 2017 წლის 21 თებერვალს ზემოაღნიშნული უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს გადასცა.
3.3. 2018 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების აქტის პირველი პუნქტის თანახმად: „მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი (ს/კ ......), მოპასუხეს და მის შვილებს საჩუქრად გადასცა; “მოპასუხე ვალდებულებას იღებს მჩუქებლის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში უზრუნველყოს მისი მოვლა-პატრონობა, მეთვალყურეობა; “თუ ზემოთ აღნიშნული შეთანხმება დაირღვა დასაჩუქრებულის მხრიდან, ჩუქება ჩაითვლება ბათილად და მჩუქებელს თავისი ქონება უკან დაუბრუნდება“; აქტს ხელს აწერენ და შინაარსს ეთანხმებიან მოსარჩელე და მოპასუხე.
3.4. მოსარჩელეს 2006 წელს შვილი - ვ. ს–ა გარდაეცვალა, რის შემდეგაც მას შეერყა ჯანმრთელობა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობდა, საჭიროებდა მომვლელს.
4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებზე მითითებით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მხარეებს შორის, 2017 წლის 21 თებერვალს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება თვალთმაქცური გარიგებაა.
5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 56-ე მუხლის შესაბამისად, თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგებისკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად აქვთ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია (შდრ. სუსგ -ები N ას-487-461-2015, 17.06.2015; N ას-1382-2018, 25.01.2019წ; N ას-3-2020, 16.06. 2020წ., პ.12).
6. სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებში წარდგენილ ჩუქების ხელშეკრულებაზე და ამ გარიგების შემდეგ, 2018 წლის 12 აგვისტოს გაფორმებულ შეთანხმების აქტსა და მის შინაარსზე (იხ. წინამდებარე განჩინების 3.3. ქვეპუნქტი), ამასთან, ყურადღება გაამახვილა მოწმეთა ჩვენებებზე:
6.1. მოწმე თ.შ–ის განმარტებით: 1993 წლიდან მრავალი წელი ცხოვრობდა ..... N4-ში; მოწმე მოსარჩელესა და მის ოჯახთან მეგობრობს. მოსარჩელის ერთადერთი შვილი ვ.ს. 2006 წლის 12 სექტემბერს ტრაგიკულად დაიღუპა. მოსარჩელის მეუღლე მ.ს. შვილის დაღუპვის შემდეგ მონასტერში ცხოვრობს. მოსარჩელის ჯანმრთელობა საგრძნობლად შეირყა, სულ ავადმყოფობს. 2017 წლის აგვისტოში მოპასუხე თავისი ოჯახით მოსარჩელესთან საცხოვრებლად გადავიდა. მან შვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად მოპასუხეს მეორე სართულზე ორი ოთახი წინასწარ აჩუქა. ამით უნდოდა მის სიცოცხლეში და შემდეგაც, შვილის, მისი და მის კმაყოფაზე მყოფი მეუღლის საფლავებს პატრონი ჰყოლოდა, არ მოშლილიყო შვილის კუთხე, მაგრამ მოპასუხის მოსარჩელის ბინაში გადმოსვლის დღიდან, მისთვის არაფერი შეცვლილა, ისევ მარტო დადის ზამთარ-ზაფხულ სასაფლაოზე. მოწმის ჩვენებით, მოსარჩელემ მოპასუხეს ბინა იმ მოტივით აჩუქა, რომ გვერდით ჰყოლოდა ადამიანი, რომელიც დაეხმარებოდა საკვების მომზადებაში, ექიმთან წასვლაში, წამლის შეძენაში. მოსარჩელეს უჭირდა ფეხზე დგომა, საკვების, მედიკამენტების მიღება/შეძენა, სასაფლაოზე სიარული. ამ პირობების გაადვილების მიზნით კი სჭირდებოდა ადამიანი, რომელიც მასზე მუდმივად იზრუნებდა და დაეხმარებოდა, სწორედ ამ მიზნით გააჩუქა ქონება. რამდენიმე თვის განმავლობაში მოპასუხე ეხმარებოდა მოსარჩელეს, შემდეგ კი მიატოვა.
6.2. მოწმე რ.ს–ძის განმარტებით: „გახლავთ მოსარჩელის თანამშრომელი, ერთად მუშაობენ ,,ს.ფ‘’-ში, იცის მისი მდგომარეობის შესახებ, მას გარდაცვლილი ჰყავს ერთადერთი შვილი და ცხოვრობდა მარტო, სანამ მოპასუხე გამოჩნდებოდა. თანამშრომლები მუდმივად ურჩევდნენ მას, რომ ეპოვნა ვინმე, ვინც მასთან ერთად იცხოვრებდა, მასზე და მის მეუღლეზე იზრუნებდა, რადგან ხანდაზმულია და ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს, იზრუნოს საკუთარ თავზე, მეუღლესა და გარდაცვლილი შვილის საფლავზე. მას ჰყავს მეუღლე, რომელმაც 2-ჯერ გადაიტანა ინსულტი და ცხოვრობს მონასტერში, მასზეც მოსარჩელე ზრუნავს. ერთ დღეს მოსარჩელე მივიდა სამსახურში და თქვა, რომ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც მასთან ადრეც ცხოვრობდა, თვითონვე დაასაქმა და, როგორც შვილი, ისე ჰყავს გაზრდილი. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მან იპოვა ადამიანი, რომელიც მას და მის მეუღლეს მოუვლიდა სიცოცხლეში და შვილის საფლავზეც გაჰყვებოდა მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად. მოპასუხეს მოსარჩელისა და მისი მეუღლისთვის სიცოცხლეში უნდა მოევლო, გარდაცვალების შემდეგ კი, სასაფლაოზე სანთელი დაენთო. ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების მოტივი მოსარჩელის მოვლა-პატრონობა იყო. ჩუქებიდან დიდი დრო არ იყო გასული, როდესაც მოსარჩელემ გულისტკენით აღნიშნა: ,,კანდელის ანთება ვთხოვე, თუმცა მან მითხრა, რომ მისი ანთება არ იცის“.
6.3. მოწმე ნ.კ–ვას განმარტებით: მოსარჩელეს იცნობს 50 წელია, მასთან მუდმივი კავშირი და ახლო ურთიერთობა აქვს. მოპასუხე გაიცნო მოსარჩელესთან სტუმრობის დროს. შვილის გარდაცვალების შემდეგმოსარჩელე ეძებდა ადამიანს, რომელიც გვერდით დაუდგებოდა, მის ფიზიკურ და ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე იზრუნებდა. მოსარჩელეს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. წვიმაში, თოვლში, ქარში სასაფლაოზე მარტოდმარტო დადიოდა და მოპასუხე უბრალოდ რომ გაჰყოლოდა და მარტო არ წასულიყო, ამაშიც კი არ ეხმარებოდა, თუმცა თავდაპირველად მათი ურთიერთობისას სხვაგვარად იყო, ეხმარებოდა და მხარში ედგა, შემდეგ დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა. ვინაიდან მოსარჩელე მარტო დარჩა, მოწმე ნ. კ–ვა იძულებული გახდა გადასულიყო მასთან საცხოვრებლად და მეთვალყურეობა გაეწია. მოპასუხე მას ყურადღებას არ აქცევდა მოსარჩელეს, რამაც ეს უკანასკნელი აიძულა, სასამართლომდე მისულიყო. მოპასუხე მოსარჩელის მეგობრის დისშვილია. სწორედ მან უთხრა მოპასუხეს, რომ მოსარჩელეს მზრუნველი სჭირდებოდა და სანაცვლოდ ბინას მიიღებდა. დასაჩუქრებიდან ერთ წელიწადში მათ ურთიერთობა გაუფუჭდათ, ბინის ჩუქების მოტივი კი - მოსარჩელის მოვლა-პატრონობა იყო.
7. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოწმეთა ჩვენებები ცალსახად ადასტურებს, რომ მოსარჩელის მძიმე მდგომარეობამ განაპირობა ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება, რომლის მიზანს დასაჩუქრებულის მხრიდან მოსარჩელის მოვლა-პატრონობა და მეთვალყურეობა წარმოადგენდა. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა საჯარო რეესტრში და ორივე მხარემ მოაწერა ხელშეკრულებას ხელი, ამასთან, მოპასუხეს არანაირი ვალდებულება არ აუღია მოსარჩელის წინაშე, ხოლო 2018 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული შეთანხმების აქტი მოსარჩელის ინტერესში შედიოდა. სასამართლოს შეფასებით, ის გარემოება, რომ მხარეებმა ხელშეკრულება საჯარო რეესტრში გააფორმეს უპირობოდ არ ნიშნავს, რომ გარიგება თვალთმაქცური არ შეიძლება იყოს. ამასთან, გაურკვეველია, იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის არ არსებობდა შეთანხმება მჩუქებლის მოვლა-პატრონობის თაობაზე, რატომ გააფორმა მოპასუხემ შეთანხმების აქტი, რომლითაც დაადასტურა მოსარჩელეზე მზრუნველობა ჩუქების ხელშეკრულების სანაცვლოდ მაშინ, როდესაც გარიგება უკვე გაფორმებული იყო. აპელანტის არგუმენტი, რომ შეთანხმების გაფორმება მოსარჩელის ინტერესში შედიოდა, ვერ ამყარებს მის პოზიციას. სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისთვის მხოლოდ აპელანტის ახსნა-განმარტება, კერძოდ კი მოსარჩელის მიერ მტკიცებულებებით გამყარებული ფაქტის უარყოფა, ვერ იქნება მიჩნეული საკმარისად ფაქტობრივი გარემოების აპელანტის სასარგებლოდ დასადგენად.
8. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის მხარეები შეთანხმებული იყვნენ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 941-ე მუხლით „პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით)“ მოწესრიგებულ სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულებაზე და ამ გარიგებასთან დაკავშირებული შეზღუდვების თავიდან არიდების მიზნით ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა. სასამართლომ მიუთითა, ზემოხსენებული დასკვნის უარყოფას აპელანტმა, მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, თავი ვერ გაართვა.
9. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების თვალთმაქცურ გარიგებად კვალიფიკაციისთვის, ყურადღება გაამახვილა ზოგადად ჩუქების ხელშეკრულების თავისებურებებზეც (იხ. სუსგ-ები: საქმე Nას-10-2020, 24.06.2020წ; საქმე Nას-6-6-2015, 1.07.2015 წ; საქმე Nას-497-2019, 5.07.2019 წ; საქმე Nას-33-33-2018, 2.08.2019წ).
10. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოწმეთა ჩვენებებითა და მოსარჩელის ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადასტურდა, რომ მოპასუხე არის მოსარჩელის მეგობრის დისშვილი, რომელმაც მიასწავლა მოპასუხეს, რომ მოსარჩელეს სჭირდებოდა მზრუნველი და სანაცვლოდ მიიღებდა ბინას. შესაბამისად, დგინდება, რომ რაიმე ახლო ურთიერთობა მხარეთა შორის ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე, რასაც შეეძლო, განეპირობებინა უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემა, არ არსებობდა. აპელანტს კი არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის მიმართ არსებულ კეთილგანწყობას ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე. შესაბამისად, ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების მოტივი სხვა შეთანხმების დაფარვის მიზანს ემსახურებოდა და იგი თვალთმაქცური გარიგებაა. საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან ასევე დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ გაჩუქებული ბინა მისი ერთადერთი უძრავი ქონებაა, რომელსაც საცხოვრებლად იყენებს, ამასთან, მის კმაყოფაზე იმყოფება ასაკოვანი მეუღლე, რომელსაც ასევე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ცხოვრობს მონასტერში. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მხარეთა შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, ვერც გამჩუქებლის მატერიალური უზრუნველყოფის კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
11.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
11.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
16. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაასკვნეს, რომ ჩუქების ხელშეკრულება თვალთმაქცური გარიგებაა და სინამდვილეში მხარეებს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადების მიზანი ამოძრავებდათ. მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე რაიმე სახის ვალდებულება (მოვლა-პატრონობა) არ უკისრია, ხოლო ჩუქების ხელშეკრულების შემდეგ გაფორმებული შეთანხმების აქტი, მოსარჩელის ინტერესში შედიოდა და მას იურიდიული შედეგი არ უნდა მოჰყვეს. ამრიგად, მოსარჩელე მიუთითებს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებისთვის დამახასიათებელ თვისებებზე, ხოლო მოპასუხე - ჩუქების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობაზე.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის საგნისა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებას ექვემდებარება სსკ-ის 56-ე მუხლის წინაპირობები.
18. სსკ-ის 56-ე მუხლის (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება) თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება) ნორმატიული ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 56-ე მუხლის შესაბამისად, თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგებისკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად აქვთ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია, თუმცა ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ (იხ. სუსგ -ები №ას-487-461-2015, 17.06.2015; №ას-1382-2018, 25.01.2019წ; № ას-3-2020, 16 .06.2020წ). მტკიცების ტვირთი თვალთმაქცური გარიგების შემთხვევაში აწევს იმ პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას (იხ. სუსგ Nას-1382-2020, 8.04.2021წ).
19. თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღება, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. ამ გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში, დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა. ამდენად, თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისათვის აუცილებელ ყველა წინაპირობის არსებობაზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც თვალთმაქცური გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს. ამგვარ ვითარებაში,მხარეთა მტკიცებითი ფორმა, როგორც წესი, ორიენტირებულია მხოლოდ მოწმეთა ჩვენებაზე და, მეტი დამაჯერებლობისათვის, მათ მიერ დასახელებულ მოწმეთა თანაფარდობაზე (იხ. სუსგ Nას-1632-2019, 12.02.2021წ).
20. მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობის კვალიფიკაციის მიზნებისათვის საკასაციო სასამართლო ყურადღება ამახვილებს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებაზე.
21. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ქონების საკუთრებაში გადაცემის ისეთ ხელშეკრულებებს, როგორიცაა: ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამისდღეშიო რჩენა, სესხი. ეს ხელშეკრულებები განკარგვითი ხასიათისაა და შედეგად შემძენისათვის საკუთრების უფლების გადაცემას იწვევს.
22. სამოქალაქოსამართლებრივ ხელშეკრულებებს შორის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დამოუკიდებელი ხასიათი შესაძლებლობას გვაძლევს, ცალკე გამოვყოთ ამ ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშან-თვისებები, რომლითაც იგი განსხვავდება ყველა სხვა ტიპის სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან, კერძოდ: სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება მიეკუთვნება ქონების გადაცემის ტიპის ხელშეკრულებებს (ამ ხელშეკრულებებს მიეკუთვნება აგრეთვე ნასყიდობა, ჩუქება, სესხი, ქირავნობა, იჯარა და სხვა) და ამით განსხვავდება სამუშაოს შესრულების (ნარდობა), მომსახურების გაწევის (დავალება, შუამავლობა და სხვ.) და სადამფუძნებლო ხელშეკრულებებისაგან (ერთობლივი საქმიანობის-ამხანაგობის ხელშეკრულება).
23. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით განსაზღვრული ქონება გადადის საკუთრებაში. ამით იგი განსხვავდება ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულებებისაგან (იჯარა, ქირავნობა და სხვ.); სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადება შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა გარემოებით, ძირითადად იდება იმ შემთხვევებში, როდესაც სარჩენი არის შრომისუუნარო, ანდა განიცდის მატერიალურ გაჭირვებასა და საჭიროებს მოვლას. იგი დებს ხელშეკრულებას მარჩენალთან, რომელსაც ამ მოვლისა და დახმარების სანაცვლოდ გადასცემს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონებას (სარჩენის საკუთრებაში არსებული უძრავი თუ მოძრავი ნივთები); სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება არის ვადიანი, მაგრამ ვადა, როგორც წესი, კალენდარული თარიღით კი არ განისაზღვრება, არამედ სარჩენის მთელი სიცოცხლის ხანგრძლივობით, თუმცა ხელშეკრულებით შეიძლება სხვა რამეც იყოს გათვალისწინებული, ანუ მარჩენალი და სარჩენი შეთანხმდნენ კონკრეტულად განსაზღვრულ დროზე, რომლის განმავლობაშიც მარჩენალი კისრულობს სარჩენისათვის სარჩოს გადახდას. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ერთ-ერთი უმთავრესი თავისებურება მისი სასყიდლიანი ხასიათია, რადგან მიზნად ისახავს მომავალში სარჩენის ქონების გადასვლას მარჩენლის საკუთრებაში განსაზღვრული შემხვედრი ანაზღაურების გადახდის გზით. ამით სამისდღეშიო რჩენა განსხვავდება ჩუქების ხელშეკრულებისაგან.
24. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებების (სრულად მოწმეთა ჩვენებები იხ. წინამდებარე განჩინების 6.1, 6.2, 6.3 ქვეპუნქტებში) და 2018 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების აქტის შინაარსის გაანალიზების შედეგად ჩამოყალიბებულ დასკვნას, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება განპირობებული იყო მოსარჩელის მძიმე ჯანმრთელობით და მიზანს დასაჩუქრებულის მხრიდან მოსარჩელის მოვლა-პატრონობა და მზრუნველობა წარმოადგენდა, რაც იმას გულისხმობს, რომ მხარეებს არა ჩუქების ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული, არამედ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგების მიღწევა სურდათ.
25. საკასაციო სასამართლოს განსჯით, სააპელაციო სასამართლომ სადავო გარიგების მიმართ მართებულად გამოიყენა დაფარული გარიგების, ანუ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების მიმართ მოქმედი ნორმები. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობისა და შეფასების საწინააღმდეგო შედავება კასატორს ამ კუთხით არ წარმოუდგენია და საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელ შედავებად უნდა იქნეს მიჩნეული.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
27. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.
29. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
30. კასატორი სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ბ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური