Facebook Twitter

საქმე №ას-1273-2021 28 დეკემბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი - ი.ა–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ბ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის და 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ი.ა–მა (შემდეგში: მოსარჩელე, განმცხადებელი ან საჩივრის ავტორი) 2020 წლის 7 სექტემბერს სასამართლოში სარჩელი აღძრა თ.ბ–ძის (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ აუცილებელი მისასვლელი გზის დადგენისა და მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონების სერვიტუტით დატვირთვის თაობაზე.

2. მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველსაყოფად სარჩელში იშუამდგომლა, რომ მოპასუხეს აეკრძალოს საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქუთაისი, ......, ნაკვეთი №1-1, ს/კ ......, ნაკვეთი №1-1) მშენებლობა (მშენებლობის ნებართვა, ადმ. სამართლებრივი აქტის ნომერი და თარიღი: ააიპ „ქუთაისის არქიტექტურული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს“ ბრძანება №20193294. 25.11.2019წ.) სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა: მოპასუხეს აეკრძალა საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე ს/კ ...... მშენებლობა სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

4. განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა. საჩივრის დაუკმყოფილებლობის შემთხვევაში კი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეული ზარალის უზრუნველსაყოფად, მოითხოვა, მოსარჩელეს დაევალოს სადეპოზიტო ანგარიშზე მშენებლობისთვის გაწეული ხარჯის - 38000 აშშ დოლარის განთავსება.

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 სექტემბრის სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განჩინება, რომლითაც მოპასუხეს აეკრძალა საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის წარმოება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

6. განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და იმავე სასამართლოს 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინების ძალაში დატოვება მოითხოვა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 2 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზემდგომ სასამართლოში გაიგზავნა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით: მოსარჩელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც მოპასუხის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინება, რომლითაც მოპასუხეს აეკრძალა საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინება; მოპასუხის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის უზრუნველსაყოფად მოსარჩელეს საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 10 დღის ვადაში - 15000 ლარის განთავსება და აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულების დედნის სახით სასამართლოში წარდგენა დაევალა; იქვე განემარტა, რომ ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ სასამართლო დაუყოვნებლივ გამოიტანდა განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ.

8. მოსარჩელემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფის გარანტიის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოში არ წარადგინა.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 მაისის განჩინებით, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება; ამავე განჩინებით გაუქმდა შეზღუდვა, რომლითაც მოპასუხეს აეკრძალა საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

10. განჩინებაზე საჩივარი წარმოადგინა მოსარჩელემ და სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ნაწილში განჩინების გაუქმება მოითხოვა და მიუთითა, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია. მოსარჩელეს სარჩელით მოთხოვნილი აქვს აუცილებელი მისასვლელი გზის დადგენა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთამდე. მერიის მიერ უკანონოდ დამტკიცებული უკანონო პროექტის გამო მესაკუთრეს სრულიად წაერთვა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამეწარმეო საქმიანობის საშუალება. შესაბამისად, იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას, გადაეხადა სასამართლოს მიერ დადგენილი თანხის ოდენობა, რაც გახდებოდა შემდგომში მშენებლობის აკრძალვის გაგრძელების გარანტი. გარდა ამისა, მოსარჩელე უმუშევარია და სხვა დამატებითი შემოსავალი მას და მის ოჯახს არ გააჩნია. ამასთან, მიმართა საბანკო დაწესებულებებს, თუმცა უშედეგოდ. ნაკვეთის სამართლებრივი ვითარება არ ქმნის საბანკო ვალდებულებებით დატვირთვის საფუძველს, ვინაიდან ნაკვეთი ყოველი მხრიდან შემოსაზღვრულია კერძო საკუთრებებით და მისასვლელი არ გააჩნია, ნაკვეთის ღირებულება დაბალია და ვერ უზრუნველყოფის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ნახევრის გადახდასაც.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, საქმის მასალებთან ერთად, გადმოიგზავნა უზენაეს სასამართლოში.

12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო ბრუნვის თავისებურებიდან გამომდინარე, კანონმდებელი გონივრულად ვარაუდობს, რომ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შესაძლო უარყოფითი შედეგები დასაშვებია, გამოვლინდეს საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე . სასამართლოს სწორედ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა გამართლებულია და გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხებისა, თუ შეუძლებლობის საფრთხე არ დასტურდება. იმისათვის რომ დაკმაყოფილდეს მომჩივნის მოთხოვნა, უნდა დადასტურდეს, სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული აკრძალვის გაუქმება გადაწყვეტილების აღუსრულებლობას გამოიწვევს და გამოყენებული შეზღუდვა მოპასუხეს არსებით ზიანს ვერ მიაყენებს. მომჩივანს კი ზემოაღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საჩივარი ვერ მიიჩნევა დასაბუთებულად, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.

13. დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფის გარანტიის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსარჩელეს სასამართლოში არ წარუდგენია, რის გამოც, სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 მაისის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

14. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები და საჩივარზე დართული მტკიცებულებები, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლებს არ ქმნის. მომჩივანმა ვერ უზრუნველყო სასამართლოს მიერ მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედების განხორციელება, ამასთან, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე წარმოდგენილი საჩივარი არის დაუსაბუთებელი, რაც საჩივარზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მოსარჩელის საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

17. სარჩელის უზრუნველყოფის მიზანი და მისი განხორციელების საპროცესო წინაპირობები განმარტებულია საქართველოს უზენაესი სასაართლოს არაერთ განჩინებაში. ერთ-ერთ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს, თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს“ (იხ. სუსგ № ას-859-825-2016, 28.11.2016წ; Nას-450-422-2017, 11.04.2017წ).

18. სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზეც; ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ვალდებულია, უზრუნველყოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო დაუყოვნებლივ გამოიტანს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განჩინებას, რომელიც ექვემდებარება საჩივრის ფორმით გასაჩივრებას. განჩინების გასაჩივრების ვადა 5 დღეა. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

19. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დადგენილია სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილება, რომელმაც უნდა შეაფასოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართებულობის საკითხი, ცხადია, ამ საპროცესო სამართლებრივი ეტაპის მიხედვით, არა საქმის არსებითი განხილვის, არამედ მოსარჩელის მოთხოვნის წარმატების შემთხვევაში, მისი აღსრულების შესაძლებლობის დაცვის ფარგლებში. სსსკ-ის 199-ე მუხლი თითქოსდა იმპერატიულად არ ადგენს სასამართლოს ამგვარ ვალდებულებას, მაგრამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს სასამართლოს მეტად სპეციფიკური დისკრეციული უფლებამოსილება, კერძოდ, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. აღნიშნული დეფინიცია მოიცავს იმპერატიულ ელემენტსაც, რადგან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, იმავდროულად უზრუნველყოფა მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. კანონმდებლის აღნიშნული ნება სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველ ნაწილში ფორმულირებულია ზედმიწევნითი სიზუსტით და სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილება ეხება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის გადაწყვეტას, ხოლო, თუ ასეთი ღონისძიების გამოყენებას სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, კანონმდებელი „და“ კავშირებითი სიტყვით ვალდებულებას ადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ „იმავდროულად“ უნდა მოსთხოვოს მოსარჩელეს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზიანის უზრუნველყოფა, როგორც მოწინააღმდეგე მხარის ინტერესის დამაბალანსებელი საპროცესოსამართლებრივი საშუალება. აღნიშნული დანაწესი ერთგვარ სამართლებრივ წონასწორობას ადგენს, ერთი მხრივ, მოსარჩელის ინტერესის დაცვასა და, მეორე მხრივ, მოპასუხის შეზღუდულ უფლებას შორის (იხ. სუსგ Nას-956-921-2016, 2.11.2016წ).

20. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის უზრუნველსაყოფად მოსარჩელეს საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე 10 დღის ვადაში 15000 ლარის განთავსება და აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულების დედნის სახით სასამართლოში წარდგენა დაევალა; იქვე განემარტა, რომ ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ სასამართლო დაუყოვნებლივ გამოიტანდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განჩინებას. მოსარჩელემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფის გარანტიის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოში არ წარადგინა, რის გამოც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 მაისის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება; ამავე განჩინებით, გაუქმდა შეზღუდვა, რომლითაც მოპასუხეს აეკრძალა საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე შენებლობის წარმოება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

21. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მოსარჩელის მიერ წარდგენილი საჩივრის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორს არ მიუთითებია იმგვარ გარემოებებზე, რაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო; განმცხადებელმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა და სასამართლოს ვერ შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდი, თუ რატომ არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 სექტემბრის განჩინებით განმცხადებლის მოთხოვნა მართებულად იქნა მიჩნეული დაუსაბუთებლად. შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ა–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განჩინება და, მისი უცვლელად დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური