Facebook Twitter

საქმე №ას-1014-2020 24 იანვარი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს "ბ.ნ–ი" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "გ.ნ.ტ–ი" (მოსარჩელე)

მესამე პირი - თავისუფალი ეკონომიკური ზონის კომპანია "ლ.ტ–ი"

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით, შპს "გ.ნ.ტ–ის" სარჩელი, შპს "ბ.ნ–ის" მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის, განჩინებით, შპს "ბ.ნ–ის" საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

2020 წლის 24 დეკემბერს მხარეთა მორიგების მიზნით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დისტანციურ რეჟიმში გაიმართა სხდომა. აღნიშნულ სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი, რომლის დასამტკიცებლად სასამართლომ მხარეებს დაავალა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა და სხდომა გადაიდო განუსაზღვრელი ვადით, მითითებული დოკუმენტების წარმოდგენამდე.

2021 წლის 22 დეკემბერს შპს "გ.ნ.ტ–ის" წარმომადგენელმა ნ.დ–მა განცხადებით მომართა სასამართლოს სარჩელზე უარის თქმის მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა შპს "გ.ნ.ტ–ის" განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, შპს "ბ.ნ–ის" საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად;

2021 წლის 22 დეკემბერს მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა ნ.დ–მა განცხადებით მომართა სასამართლოს და განაცხადა სარჩელზე უარი;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ასევე წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე კოდექსის 98-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად წარმომადგენლის მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე ნაწილობრივ ან მთლიანად უარის თქმის თაობაზე, სპეციალურად უნდა იყოს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს - დისპოზიციურობას განამტკიცებს და დადგენილია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციისათვის დადგენილი საპროცესო წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის რეგულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა სარჩელზე, პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე სარჩელზე უარის თქმის გამო, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს "გ.ნ.ტ–ის" შუამდგომლობა, სარჩელზე უარის თქმის შესახებ, დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს წარმოება შპს "ბ.ნ–ის" საკასაციო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეზე შპს "გ.ნ.ტ–ის" სარჩელის გამო, შპს "ბ.ნ–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე;

3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აგვისტოს განჩინება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება;

4. კასატორს შპს "ბ.ნ–ს (ს/კ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით, 2020 წლის 22 დეკემბერს N163964 საგადახდო დავალებით, გადახდილი 8000 ლარი;

5. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანაზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური