საქმე №ა-5851-შ-164-2021 26 იანვარი, 2022 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი.ტ–ვა
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ტ–ვა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუსის ოლქის ქალაქ აქტაუს №2 სასამართლოს 2020 წლის 30 ოქტომბრის №4711-20-00-2/4058 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუსის ოლქის ქალაქ აქტაუს №2 სასამართლოს 2020 წლის 30 ოქტომბრის №4711-20-00-2/4058 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა.ტ–ვას (მოსარჩელე) სარჩელი ი.ტ–ვას (შუამდგომლობის ავტორი) წინააღმდეგ, განქორწინების თაობაზე. შეწყდა მხარეთა შორის 2010 წლის 25 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინება.
2. შვილების - ლ., მ. და თ.ტ–ების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა ი.ტ–ვამ, მოითხოვა დასახელებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, მხოლოდ განქორწინების ნაწილში.
4. წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ამასთან, დადგენილია, რომ განქორწინების თაობაზე განცხადება წარდგენილი ჰქონდა ა.ტ–ვას, ხოლო, განსახილველი შუამდგომლობის ავტორია ი.ტ–ვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
6. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი.ტ–ვას შუამდგომლობა, დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუსის ოლქის ქალაქ აქტაუს №2 სასამართლოს 2020 წლის 30 ოქტომბრის №4711-20-00-2/4058 გადაწყვეტილება, მხოლოდ განქორწინების ნაწილში.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე