საქმე №ას-251-2020 10 თებერვალი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი კასატორი – შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)
მეორე კასატორი - ი.თ–ვა (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – კრედიტორისთვის ზიანის მომტანი ქმედების საფუძველზე საწარმოდან გატანილი თანხის შპს „ს–თვის“ დაბრუნება და სამეურვეო ქონებაში შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ს.“ (შემდეგში - საწარმო, კომპანია) დირექტორი და 100% წილის მფლობელია ი.თ–ვა (შემდეგში - მოპასუხე, მეორე კასატორი, დირექტორი, პარტნიორი, მოვალე).
2. 2016-2017 წლებში მოპასუხეს კომპანიის საბანკო ანგარიშზე მთლიანად შეტანილი აქვს - 78258,88 ლარი.
3. 2017 წლის 30 სექტემბერს მოპასუხემ კომპანიის სალაროდან 10 800 ლარი, 2017 წლის 31 ოქტომბერს - 9 905 ლარი, 2017 წლის 11 ნოემბერს 17 983,5 ლარი, ხოლო 2017 წლის 25 დეკემბერს - 27 534,2 ლარი გაიტანა. ყველა შემთხვევაში თანხის გატანის მიზნობრიობად მითითებულია - პირადი ანგარიშიდან გაწეული ხარჯების დაფარვა (ს.ფ. 59-60).
4. 2017 წლის 3 ნოემბერს საწარმომ შპს „ს-შ–ს“ ჯამურად 42077,7 ლარის საქონელი მიაწოდა, რის შესახებაც შემოსავლების სამსახურს (შემდეგში - მოსარჩელე, პირველი კასატორი, კრედიტორი) ინფორმაცია საგადასახადო ანგარიშფაქტურით 2017 წლის 15 დეკემბერს აცნობა (ს.ფ. 46, 47, 48).
5. მოსარჩელემ 2017 წლის 15 ნოემბრის №006-39195 შეტყობინებით საწარმოს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ აცნობა. შეტყობინებას გადასახადის გადამხდელი 2017 წლის 10 დეკემბერს გაეცნო (ს.ფ. 63, 64).
6. მოსარჩელის 2018 წლის 4 იანვრის ბრძანებით, კომპანიის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ქონებას ყადაღა დაედო. ბრძანებას გადასახადის გადამხდელი 2018 წლის 10 იანვარს გაეცნო (ს.ფ. 65, 66).
7. 2018 წლის 4 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა კომპანიის დირექტორმა და გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა. განცხადებაში აღინიშნა, რომ საწარმოს საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება, წილი სხვა საწარმოში და თანხები საბანკო ანგარიშზე არ გააჩნდა. ამავდროულად, კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ჰქონდა 8456 ლარის ვადამოსული დავალიანება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით, კომპანიას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარი ეთქვა. ამავე განჩინებაში მიეთითა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდებოდა რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი იმავე მოვალის მიმართ სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა.
8. 2018 წლის 24 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა კრედიტორმა და საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 19 ოქტომბერს კრედიტორის განცხადება კომპანიის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ წარმოებაში მიიღო და სამეწარმეო სუბიექტის ქონების მეურვედ აღსრულების ეროვნული ბიურო დანიშნა.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით აღიარებულ იქნა უზრუნველყოფილი კრედიტორის (მოსარჩელის) 9 102,78 ლარის მოთხოვნა და კრედიტორთა რეესტრში მე-4 რიგის მოთხოვნად დარეგისტრირდა (ს.ფ. 35-39).
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის საოქმო განჩინებით საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება გაიხსნა და ამავე განჩინებით გაკოტრების მმართველად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო დაინიშნა.
11. მოსარჩელის მოთხოვნა:
11.1. 2019 წლის 25 მარტს გადახდისუუნარობის საქმისწარმოების კრედიტორმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოპასუხისათვის კომპანიის სასარგებლოდ 66 222,7 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
11.2. მოსარჩელის მტკიცებით, კომპანიისათვის გადასახადის დარიცხვამდე და საწარმოს ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე დიდი ოდენობით საქონლის გადაწერა სხვა საწარმოზე, დავალიანების წარმოშობამდე და მას შემდეგ კომპანიის დირექტორის მიერ კომპანიის სალაროდან თანხების გატანა და გადასახადების გადაუხდელობა, რასაც თან სდევდა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნა, მოწმობდა, რომ მოპასუხე მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდისგან თავის არიდებას და კრედიტორისათვის ზიანის მიყენებას. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ საწარმოდან თანხების გატანით მიზანმიმართულად შეამცირა სამეურვეო ქონება და სადავო თანხების საწარმოს ბალანსზე დაბრუნება უზრუნველყოფდა მისი, როგორც კრედიტორის, უფლების რეალიზებას.
12. მოპასუხის პოზიცია:
12.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარდგენით უარყო სარჩელის საფუძვლიანობა.
12.2. მოპასუხის მტკიცებით, მას საწარმოს ანგარიშზე 2016-2017 წლებში შეტანილი ჰქონდა კუთვნილი 78 258,88 ლარი, რომელიც საწარმოს ასესხა, შესაბამისად, სადავო თანხების საწარმოდან გატანით, მოპასუხემ, როგორც საწარმოს კრედიტორმა, ნაწილობრივ, 66 22.7 ლარის ფარგლებში დაიბრუნა კომპანიისათვის ნასესხები თანხა.
12.3. მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება ჰქონდა მხოლოდ აღიარებული ვალის (საგადასახადო დავალიანების) ნაწილში. მოპასუხის განმარტებით, მომჩივანი არასათანადო მოსარჩელეს წარმოადგენდა კომპანიისათვის 66 222,7 ლარის დაბრუნების ნაწილში. გარდა ამისა, მოსარჩელემ მოპასუხედ დაასახელა საწარმოს დირექტორი, მაშინ, როდესაც მოპასუხე უნდა ყოფილიყო თავად საწარმო.
13. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
13.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით, კრედიტორის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
14. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
14.1. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კრედიტორმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. სააპელაციო საჩივარი არსებითად ეფუძნება სარჩელში მითითებულ გარემოებებსა და სამართლებრივ არგუმენტაციას (იხ. წინამდებაერე განჩინების 11.1 პუნქტი).
15. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სამართლებრივი დასკვნები:
15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხეს კომპანიისათვის კომპანიის სალაროდან ბოლო ტრანზაქციით გატანილი თანხის - 27 534,2 ლარის უკან დაბრუნება დაეკისრა.
15.2. სააპელაციო სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით იხელმძღვანელა. პალატის მოსაზრებით, ამ ნორმის კონტექსტში ზიანის მიმყენებლის „საეჭვო ქმედებად“ უნდა მიჩნეულიყო ნებისმიერი ქმედება - საწარმოს აქტივების არალიკვიდურ ფასად გასხვისება, გაჩუქება ან ისეთი ქმედება, რომელიც საწარმოსთვის ფინანსური თვალსაზრისით საზიანო იქნებოდა. პალატის შეფასებით, საეჭვოდ უნდა მიჩნეულიყო ისეთი გარემოებებიც, როდესაც ქმედების კონტრაჰენტებს დაახლოებული პირები წარმოადგენდნენ. პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხე, რომელიც საწარმოს ერთპიროვნული პარტნიორი და მმართველი იყო, საწარმოსთან დაკავშირებულ პირს წარმოადგენდა.
15.3. სააპელაციო პალატამ მოპასუხის ქმედების მართლზომიერების შეფასებისას, ყურადღება გაამახვილა 2017 წლის 25 დეკემბერს მოპასუხის ინფორმირების შესახებ, რომ განკარგავდა რა საწარმოში არსებულ უკანასკნელ თანხებს, საგადასახადო ორგანოს წინაშე არსებული ვალდებულება გადაუხდელი დარჩებოდა, რაც ამ ქმედებას „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მიზნებისთვის ზიანის მომტან და, შესაბამისად, შეცილებად ქმედებად აქცევდა. პალატის შეფასებით, მოვლენათა თანმიმდევრობის, მოვლენებს შორის დროის მონაკვეთის, ვალაუვალობის წარმოებასთან სიახლოვის, მოპასუხესა და საწარმოს ურთიერთკავშირისა და საწარმო გადახდისუუნარობის სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით მოპასუხე „საეჭვო“ ტრანზაქციებს ასრულებდა, რომელთა მართლზომიერების შეცილებაც კანონით დადგენილ ორწლიან ვადაში მოხდა.
15.4. პალატის განსჯით, კომპანიიდან სესხად გაცემული თანხების გატანის თაობაზე მოპასუხის მტკიცების გაზიარების შემთხვევაშიც, მოპასუხის ქმედება მართლზომიერად ვერ შეფასდებოდა, რადგან მოპასუხე, რომელმაც იცოდა, რომ საგადასახადო ორგანოს სახით, კომპანიას მასზე წინ მდგომი კრედიტორი ჰყავდა, ვალდებული იყო, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მიზნით სასამართლოსთვის მიემართა, შესაბამის პროცედურებს დალოდებოდა და კრედიტორთა რიგითობის განსაზღვრის წესით დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა.
15.5. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნასა და მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესის შესატყვისი მოთხოვნის ოდენობას, პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელეს 27 534,2 ლარის ნაწილში დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესი ჰქონდა. მოპასუხემ აღიარა 9 121,48 ლარის საგადასახადო მოთხოვნა, შესაბამისად, გადახდისუუნარობის წარმოების ფარგლებში გასაწევი ხარჯების გათვალისწინებით, ბოლო ტრანზაქციით განკარგული თანხა საკმარისი იყო კრედიტორის დასაკმაყოფილებლად.
15.6. პალატამ არ გაიზიარა სათანადო მოპასუხედ კომპანიის დასახელების თაობაზე მოპასუხის აპელირება. პალატის განმარტებით, სადავო იყო არა საწარმოს მიერ დადებული გარიგება, არამედ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორისა და, ამავდროულად, დირექტორის კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედება, რაც „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში ექცეოდა. პალატის განმარტებით, კომპანია დასაბრუნებელი თანხის ბენეფიციარს და არა მოთხოვნაზე ვალდებულ სუბიექტს წარმოადგენდა.
16. საკასაციო მოთხოვნა და მისი საფუძვლები:
16.1. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოდავე მხარეებმა. კრედიტორმა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ სადავო გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
17. პირველი კასატორის საკასაციო პრეტენზია:
17.1. პირველი კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დააკისრა მოპასუხეს საწარმოს სასარგებლოდ მხოლოდ 27 534,2 ლარის გადახდა, კასატორის განმარტებით, სამართალწარმოების პროცესში მიეთითა ის მინიმალური ხარჯი, რაც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში სავარაუდოდ იქნება გაწეული, რაც შეეხება სხვა ხარჯებს, მათი წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამისად, კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესში სამეურვეო ქონების მოცულობისა და ღირებულების არსებითი მნიშვნელობის გათვალისწინებით, 66 222.7 ლარის საწარმოსათვის დაბრუნება ემსახურება მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დაცვას.
17.2. კასატორის განმარტებით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე დროის მცირე მონაკვეთში საწარმოს კუთვნილი თანხის გატანით და საწარმოსათვის აქტივის გამოცლით ცალსახად დასტურდება სამეურვეო ქონების ღირებულების 66 222,7 ლარით შემცირების ფაქტი. საწარმოს დირექტორმა კრედიტორისათვის ხელმიუწვდომლად აქცია ქონება, რომელიც სამეურვეო მასაში უნდა შესულიყო, რითაც ზიანი მიაყენა მოსარჩელეს. კასატორის მოსაზრებით, რომ არა მოპასუხის ქმედება, სადავო თანხა სამეურვეო ქონებაში მოხვდებოდა და განაწილდებოდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მიხედვით. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული თანხა უნდა დაუბრუნდეს კომპანიას და შეტანილ იქნეს სამეურვეო ქონებაში, რაც შესაძლებელს გახდის მოსარჩელის საგადასახადო დავალიანების ამოღებას.
17.3. პირველმა კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ სპეციალური კანონის 35.4 მუხლის თანახმად, ზიანის მომტანი ქმედებების შეცილების უფლება აქვს კრედიტორს, შესაბამისად, იგი წარმოადგენს უფლებამოსილ მოსარჩელეს, რომელსაც დაცული აქვს შეცილებისათვის კანონით განსაზღვრული 2-წლიანი ვადა.
18. მეორე კასატორის საკასაციო პრეტენზია:
18.1. მეორე კასატორის მტკიცებით, მან, როგორც ფიზიკურმა პირმა, საწარმოს სესხად გადასცა 78 258,88 ლარი, რომელიც წარმოადგენდა მის პირად სახსრებს და ახმარდა საზოგადოების საქმიანობას (საქონლის შეძენას და მის რეალიზაციას), შესაბამისად, სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ მოპასუხის არამართლზომიერი ქმედებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. კასატორის მოსაზრებით, მოპასუხეს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა საწარმოსათვის სესხად გადაცემული თანხები, ხოლო ბოლო ტრანზაქციიდან თანხის გატანა უცილობლად არ ნიშნავდა, რომ მან კრედიტორთა შორის უპირატეს მდგომარეობაში ჩაიყენა თავი.
18.2. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეს შეეძლო, ედავა დანაკლის თანხაზე, თუკი მოვალის ზიანის მომტანი ქმედებით შემცირდებოდა გასანაწილებელი მასა და იგი, როგორც კრედიტორი, სრულად ვერ დაკმაყოფილდებოდა. მოსარჩელის მოთხოვნა თანხის უკან დაბრუნებაზე არ შეესაბამებოდა სპეციალური კანონით დადგენილ მოთხოვნებს. კასატორის განმარტებით, იმის ნაცვლად, რომ კრედიტორს მოეთხოვა გარიგების (მოვალის ქმედების) ბათილად ცნობა ან ზიანის ანაზღაურება, მოითხოვა მოვალისათვის ქონების უკან დაბრუნება, ასეთ მოთხოვნას კი სპეციალური კანონი არ იცნობს. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ 66 22,7 ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით, იურიდიული ინტერესის არსებობა ვერ დაამტკიცა, ვინაიდან იგი არა გაკოტრების მმართველს, არამედ საწარმოს კრედიტორს წარმოადგენდა, რომელსაც საკუთარი მოთხოვნის ფარგლებში უნდა ემოქმედა, სასამართლოს მსჯელობას იურიდიულ ინტერესზე 27 534.2 ლარის ნაწილში, კასატორი ნორმის არასწორ განმარტებას უკავშირებს.
18.3. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სპეციალური კანონის 35.2 მუხლი, ვინაიდან მოპასუხის მიერ თანხების გატანას არ გამოუწვევია კომპანიის გადახდისუუნარობა, კომპანია უკვე იყო ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში. ამასთან, მოპასუხეს გადახდის უუნარობის საქმისწარმოების დაწყებამდე 1 წლით ადრე (თანხების გატანისას) არ შეეძლო, გაეცნობიერებინა კომპანია გაკოტრებისა თუ გადახდისუუნარობის რეჟიმში აღმოჩნდებოდა.
19. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
19.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 მარტისა და 9 ივლისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, მხარეთა საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო, ამავე პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტის საფუძველზე დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
20. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა ან გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
21. დავის გადაწყვეტის ამოსავალ წერტილს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის სწორად იდენტიფიკაცია წარმოადგენს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს. (იხ.ჰ.ბოელინგი, ლ.ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და სასურველია, მათი აღრევა თავიდან იქნეს აცილებული. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.). ამრიგად, მოსარჩელემ სწორად უნდა მიუთითოს ფაქტები, რაზეც აფუძნებს საკუთარ მოთხოვნას და აარჩიოს მისთვის ხელსაყრელი სამართლებრივი მექანიზმი, თუმცა საქმეზე დადგენილი ფაქტებიდან გამომდინარე, სასამართლოს შეუძლია, საკუთარი მიხედულებით მიუსადაგოს განსახილველ შემთხვევას რელევანტური სამართლებრივი მექანიზმი.
22. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის, როგორც გაკოტრების რეჟიმში მყოფი საწარმოს კრედიტორის იურიდიულ ინტერესს კომპანიის ხელძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ საწარმოდან გატანილი ფულადი სახსრების საწარმოს ბალანსზე უკან დაბრუნება წარმოადგენს, რაც სამომავლოდ შესაძლებელს გახდის კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - სპეციალური კანონის) 35-ე მუხლის მე-4 პუნქტი (კრედიტორს ან გაკოტრების მმართველს/რეაბილიტაციის მმართველს უფლება აქვს, სარჩელით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ამ მუხლით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობა ან/და ზიანის ანაზღაურება) და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლი.
23. უწინარესად, საკასაციო პალატა დავის მიმართ მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობას შეამოწმებს. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე 9102.78 ლარის საგადასახადო დავალიანების ამოღების მიზნით, სადავოდ ხდის მოპასუხის მიერ 66 222.7 ლარის ტრანზაქციების მართლზომიერებას. მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის დასადგენად, საკასაციო პალატა ამ კონტექსტში ყურადღებას მიაქცევს სპეციალური კანონის მიხედვით მოსარჩელის სამართალსუბიექტურობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 35-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სუბიექტები არიან კრედიტორი და მეურვე, თუმცა მოთხოვნის ფარგლები დამოკიდებულია მოთხოვნის სუბიექტთა სამართლებრივ სტატუსზე. გაკოტრების მმართველისგან განსხვავებით, კრედიტორის სარჩელის შემთხვევაში, ზიანის მოცულობა განისაზღვრება უშუალოდ ამ კრედიტორის წინაშე მოვალის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ფარგლებით, რაც მოსარჩელისათვის აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხას - 9 102,78 ლარს შეადგენს. განსახილველ შემთხვევაში, მოვალე საწარმო იმყოფება სპეციალურ სამართლებრივ (გაკოტრების) რეჟიმში, რა დროსაც კრედიტორთა დაკმაყოფილება ასევე სპეციალური წესების საფუძველზე ხორციელდება, კერძოდ, დგება რა კრედიტორთა სია და კანონმდებლობით განსაზღვრულია რა კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობა, მოსარჩელის, როგორც მე-4 რიგის კრედიტორის მოთხოვნა, დაკმაყოფილდება წინსმწრებ კრედიტორთა დაკმაყოფილების შემდგომ დარჩენილი სამეურვეო მასიდან. ამ მოცემულების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ამ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს თავადაც 27 534.2 ლარით აფასებს, რომელიც საქმეზე გამორკვეული გარემოებების (გასაწევი საპროცესო ხარჯის ოდენობის, მოსარჩელის წინმსწრები რიგის სხვა კრედიტორული მოთხოვნებისა და საპროცესო ხარჯების არარსებობა) გათვალისწინებით, საკმარისია კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
23.1. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი კასატორის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ 66 222,7 ლარის საწამოსათვის დაბრუნება ემსახურება მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დაცვას. საკასაციო პალატის შეფასებით, მოსარჩელეს საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში სასამართლოში არ წარმოუდგენია ის მტკიცებულებები და არ შემოუთავაზებია ის სამართლებრივად ვარგისი არგუმენტაცია, რომელიც გასაზიარებელს გახდიდა კასატორის ამ მტკიცებას, მხოლოდ მარტოოდენ ზეპირსიტყვიერი მითითება კი, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ შედეგს, რისთვისაც მოსარჩელე იღწვის. საკასაციო პალატის შეფასებით, მოსარჩელის წინსმწრები კრედიტორების მოთხოვნათა შესაძლო ღირებულებისა და 9102,78 ლარის 66 222,7 ლართან თანაფარდობის გათვალისწინებით, გონივრული განსჯის საზომითაც განჭვრეტადია, რომ კრედიტორის იურიდიული ინტერესის დაცვისა და საწარმოს სამეურვეო მასიდან კრედიტორული მოთხოვნის დაკმაყოფილებას სარჩელით მოთხოვნილი 66 222,7 ლარი სრულად არ სჭირდება, კრედიტორის მოთხოვნის ფარგლები კი, შეზღუდულია იურიდიული ინტერესის მოცულობით. შესაბამისად, მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი მხოლოდ მოპასუხის მიერ ბოლო ტრანზაქციით განკარგული თანხის მიმართ აქვს და სასამართლოც მხოლოდ ამ ქმედების მართლზომიერებას შეაფასებს.
24. მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში მოსარჩელემ საცილოდ გახადა მოვალე საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ქმედება, რასაც, მოსარჩელის მტკიცებით, შედეგად მოყვა ვალაუვალი საწარმოს სამეურვეო ქონების გაუფასურება. საკასაციო პალატის შეფასებით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის დანაწესი, რომელიც კრედიტორს უფლებას ანიჭებს, შეეცილოს მისთვის ზიანის მომტან ქმედებას, წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის სპეციალურ სახეს და ზიანის ანაზღაურების საკითხი სპეციალური კანონით განსაზღვრული წანამძღვრებისა და სამოქალაქო კოდექსით ზიანის ანაზღაურებისათვის დაწესებული სავალდებულო ზოგადი წინაპირობების არსებობის შემოწმებით უნდა გადაწყდეს.
24.1. სპეციალური კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია, სადავო გახადოს მოვალის ზიანის მომტანი ქმედება, თუმცა ამავე მუხლის მეორე პუნქტი ავიწროვებს ქმედების შეცილებით კრედიტორის იურიდიული ინტერესის რეალიზების შესაძლებლობას და მას უკავშირებს შემთხვევას, როდესაც სადავო ქმედებებმა მოვალე გადახდისუუნარობამდე მიიყვანა ან, თუ მოვალე უკვე გადახდისუუნარო იყო და სარგებლის მიმღებმა ეს იცოდა ან უნდა სცოდნოდა. ამდენად, კანონმდებელი კრედიტორის სასარჩელო მოთხოვნის პერსპექტიულობას იმპერატიულად უკავშირებს ქმედების მნიშვნელობას გადახდისუუნარობის კონტექსტში, რაც იმას ნიშნავს, რომ საცილო ქმედება უნდა განხორციელდეს მოვალის ფაქტობრივი გადახდისუუნარობის პირობებში ან ამ ქმედებებმა განაპირობონ მოვალის ვალაუვალი მდგომარეობა. ამავდროულად, კუმულატიურად უნდა არსებობდეს მეორე პირობაც - სარგებლის მიმღებისათვის იმთავითვე ცნობილი უნდა იყოს მოვალის გადახდისუუნარობის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, რაც გამორიცხავს ამ პირის კეთილსინდისიერად ქცევის სტანდარტს და, აქედან გამომდინარე, მისი სამართლებრივი დაცვის აუცილებლობასაც. ამავე მუხლის მესამე პუნქტი კიდევ უფრო შორს მიდის და შეცილების ვადას ერთიდან ორ წლამდე ზრდის იმ შემთხვევაში, როდესაც 35-ე მუხლით გათვალისწინებული საცილო გარიგების კონტრაჰენტი მოვალესთან დაკავშირებული პირია. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, იმ გარემოებას, რომ ამ ნორმით კრედიტორმა შესაძლოა, საცილო გახადოს არა მხოლოდ მისთვის ზიანის მომტანი გარიგება, არამედ დელიქტური ქმედებაც, შესაბამისად, სპეციალურ კანონში იმპლემენტირებული ამ ნორმის მიზნისა და ფუნქციის გათვალისწინებით, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მოწესრიგების სფეროში უნდა მოექცეს არამხოლოდ მოვალესთან დაკავშირებულ პირთან დადებული გარიგება, არამედ ამ პირის მიერ ჩადენილი კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედებაც, რომელსაც შედეგად მოჰყვა სამეურვეო ქონების გაუფასურება.
24.2. რაც შეეხება მოვალესთან დაკავშირებული პირთა წრის შესახებ განმარტებას სპეციალური კანონის მე-3 მუხლი იძლევა და ასეთად, სხვა მრავალთა შორის, იურიდიული პირის მმართველი ორგანოს წევრს ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს მოიაზრებს. ამრიგად, იმ ვითარებაში, როდესაც სადავოა საწარმოსთან დაკავშირებული პირის ქმედების მართლზომიერება, ცხადია, კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაზე - მოვალის სამეურვეო ქონების მასაში საწარმოს დირექტორის მიერ განკარგული ფულადი აქტივების დაბრუნებაზე პასუხისმგებელ პირს და, აქედან გამომდინარე, შეცილების მოწინააღმდეგე მხარეს სწორედ საწარმოსთან დაკავშირებული პირი/მოპასუხე წარმოადგენს, მისი ფიზიკური პასუხისმგებლობით, საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საფარვლის გარეშე.
24.3. ასეც რომ არ იყოს, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, საწარმოს თანხების მის ანგარიშზე ტრანსფერის სამართლებრივი საფუძვლიანობის შესახებ თავად მოპასუხის მტკიცებას, რომლის თანახმად, მოპასუხემ სადავო თანხას დაეუფლა საწარმოს კრედიტორის - გამსესხებლის რანგში, რის დასადასტურებლადაც საქმეში წარმოდგენილია მის მიერ 78 258,88 ლარის საწარმოს ანგარიშზე შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მარტოოდენ ეს მტკიცებულება არ გამოდგება მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების დადების სამტკიცებლად. ასეთივე წარმატებით, შესაძლოა ეს თანხა ყოფილიყო სამეწარმეო შენატანი, საჩუქარი, საწარმოს ინვესტირება. მტკიცებულებათა უკმარისობის პირობებში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას სამართლებრივი შეფასება მისცეს საწარმოსა და მოპასუხეს შორის საწარმოს ანგარიშზე 78 258,88 ლარის შეტანით წარმოქმნილ სამართალურთიერთობას. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გავიზიარებდით მოპასუხის მტკიცებას, ეს ამ დავის შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა, ვინაიდან გაკოტრების სამართალი კეთილსინდისერად ქცევას ავალდებულებს არა მხოლოდ საწარმოს მმართველობაზე უფლებამოსილ პირებს, არამედ ამ საწარმოს კრედიტორებსაც, რომელთაც ვალაუვალი ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის მდგომარეობაში მყოფი საწარმოსგან მოთხოვნა უნდა დაიკმაყოფილონ უპირატესობის მინიჭების გარეშე, თანაბარზომიერად. მოპასუხის მტკიცება კი, ამ პრინციპს ეწინააღმდეგება, და საკუთარი თავისთვის, როგორც კრედიტორისათვის გაუმართლებელი უპირატესობის მინიჭების სამართლებრივ მოცემულობას ქმნის, რაც მას სპეციალური კანონის 35-ე მუხლის მიზნებისთვის ამ ნორმის მესამე ნაწილში მითითებულ იმ სარგებლის მიმღებ კრედიტორად (შეცილების მოპასუხედ) აქცევს, რომლისთვისაც თანხის მიღების მომენტში ცნობილი იყო ან სულ მცირე განჭვრეტადი იყო საწარმოს მოსალოდნელი გადახდისუუნარობა.
25. ამრიგად, მოპასუხის პასუხიმგებლობის დადგომისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები:
1. კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედება;
2. ქმედებამ უნდა განაპირობოს მოვალის გადახდისუუნარობა, ან ქმედების განხორციელების მომენტში მოვალე უნდა იყოს გადახდისუუნარო;
3. სარგებლის მიმღებმა უნდა იცოდეს მოვალის გადახდისუუნარობის/ან შესაძლო გადახდისუუნარობის თაობაზე;
4. სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე უნდა იყოს მოვალესთან დაკავშირებული პირი - სარგებლის მიმღები კრედიტორის ან შეცილებული გარიგების კონტრაჰენტი პირის სტატუსით;
5. სადავო ქმედება ჩადენილი უნდა იყოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანამდე - 2 წლის განმავლობაში;
6. მოპასუხე უნდა მოქმედებდეს მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად, ხოლო ზიანი ამგვარი ქმედების უშუალო შედეგს უნდა წარმოადგენდეს.
25.1. მოხმობილი საკანონმდებლო დანაწესის თანახმად, კრედიტორისათვის ზიანის მომტანად ჩაითვლება ... ა) მოვალის ქმედება, რომელმაც ხელი შეუშალა კრედიტორთა თანაბარზომიერ დაკმაყოფილებას და კონკრეტულ კრედიტორს უპირატესობა მიანიჭა იმავე რიგის სხვა კრედიტორებთან შედარებით; ბ) მოვალის მიერ ისეთი გარიგების დადება ან სხვა ისეთი ქმედების განხორციელება, რომელსაც შედეგად მოჰყვა სამეურვეო ქონების გაუფასურება (მათ შორის, სამეურვეო ქონების ან მისი ნაწილის გაჩუქება ანდა საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად გასხვისება, ვალის პატიება და სხვა).
25.2. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2017 წლის 30 სექტემბერს მოპასუხემ კომპანიის სალაროდან 10 800 ლარი, 2017 წლის 31 ოქტომბერს - 9 905 ლარი, 2017 წლის 11 ნოემბერს 17 983,5 ლარი, ხოლო 2017 წლის 25 დეკემბერს - 27 534,2 ლარი გაიტანა. ყველა შემთხვევაში თანხის გატანის მიზნობრიობად მითითებულია - პირადი ანგარიშიდან გაწეული ხარჯების დაფარვა. ამ ქმედების განხორციელებიდან მალევე 2018 წლის 4 ივნისს მოვალე საწარმოს დირექტორმა სასამართლოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით მიმართა. განცხადებაში აღინიშნა, რომ საწარმოს საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება, წილი სხვა საწარმოში და თანხების საბანკო ანგარიშზე არ გააჩნდა. საქმეზე დადგენილია ისიც, რომ 2017 წლის 15 ნოემბრის №006-39195 შეტყობინებით მოსარჩელემ საწარმოს აცნობა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, რომელსაც გადასახადის გადამხდელი 2017 წლის 10 დეკემბერს გაეცნო. საკასაციო პალატა საქმის ფაქტობრივ გარემოებათა გაანალიზების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოპასუხემ 2017 წლის 25 დეკემბერს კომპანიის მატერიალურ აქტივში არსებული უკანასკნელი სახსრების - 27 534,2 ლარის საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით, გადახდისუუნარობის რეჟიმს დაქვემდებარებული საწარმოს უზრუნველყოფილი კრედიტორის დაკმაყოფილების რეალური შესაძლებლობა მოსპო. თავად მოპასუხის სასამართლოსადმი მიმართვის განცხადებაც ცხადყოფს, რომ მოვალე საწარმოს რაიმე სახის ქონება აქტივში არ გააჩნია. შესაბამისად, მოპასუხის ქმედებამ მოვალე საწარმოს იმ სამეურვეო ქონების გაუფასურება გამოიწვია, რომლითაც გადახდისუუნარობის/გაკოტრების საქმის წარმოების ფარგლებში კრედიტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო.
25.3. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ სადავო თანხების საწარმოდან გატანის დროს, კომპანიას უკვე ჰქონდა ფინანსური კრიზისი და მის ქმედებას საწარმოს გადახდისუუნარობა არ გამოუწვევია. საკასაციო პალატა საქმის გარემოებებისა და თავად კასატორის ამ მტკიცების გაანალიზების საფუძველზე მიიჩნევს, რომ საწარმოს მძიმე ფინანსური მდგომარეობის ფონზე და ვადამოსული საგადასახადო დავალიანების არსებობის პირობებში საწარმოსთან დაკავშირებული პირის მიერ საკუთარ ანგარიშზე თანხის გადარიცხვით (რაც კასატორმა საწარმოსთვის ნასესხები თანხის დაბრუნებით ახსნა), ხოლო ამ ყოველივეს შემდგომ მალევე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვა, სწორედ ამ ქმედებათა განხორციელების შედეგად საწარმოს ვალაუვალ მდგომარეობას ადასტურებს. საწარმოს აქტივში აღარ დარჩა ქონება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა კრედიტორის დაკმაყოფილება. საწარმოს ფინანსური კრიზისი ჯერ კიდევ არ ნიშნავს, საწარმოს გადახდისუუნარობას და, თავის მხრივ, არც გადახისუუუნარობის/გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება შეიძლება იქცეს მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედ პირთა ხელში იარაღად საწარმოს ქონების საკუთარი ინტერესებისამებრ განკარგვით თავი აარიდონ კრედიტორთა წინაშე ვალდებულების შესრულებას.
25.4. საკასაციო პალატა საქმის გარემოებათა (თანხის ტრანსფერი დროის მოკლე შუალედში ერთმანეთის მიყოლებით, ამ ქმედების განხორციელება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე სასამართლოსთვის განცხადებით მიმართვამდე 6-8 თვით ადრე) შეფასების შედეგად ასკვნის, რომ მოპასუხისათვის, როგორც საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისა და საწარმოს ერთპიროვნული პარტნიორისათვის, რომელსაც საწარმოს ფინანსური მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის ფლობაზე ხელი მიუწვდებოდა, ქმედების ჩადენის მომენტში განჭვრეტადი იყო საწარმოს ვალაუვალობა და საკუთარ ანგარიშზე თანხის გადატანის ფორსირებული ქმედებებიც სწორედ ამ გარემოებით იყო გამოწვეული. ამ კონტექსტში საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სპეციალური კანონის იმ დანაწესს, რომელიც კრედიტორისათვის ზიანის მომტანი ქმედების საწამოსთან დაკავშირებული პირის მიერ განხორციელების შემთხვევაში შეცილებისათვის 2-წლიან პერიოდს აწესებს, რაც განპირობებულია სწორედ საწარმოს მართვაზე უფლებამოსილი პირის შესაძლებლობის დიაპაზონით - ივარაუდოს საწარმოს მოსალოდნელი გადახდისუუნარობა, ამასთან, კანონმდებელი ამ მოვლენის საწარმოსთან დაკავშირებული პირის მიერ განჭვრეტადობას შესაძლებლად მიიჩნევს იმაზე უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ეს გამოვლინდა სადავო შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორისათვის საზიანო ქმედების ჩამდენი და სარგებლის მიმღები ერთი და იგივე პირია - საწარმოსთან დაკავშირებული პირი - კომპანიის დირექტორი და ერთპიროვნული პარტნიორი, რომელმაც ბოროტად ისარგებლა რა მისი სამეწარმეო უფლებამოსილების ფარგლებით, საწარმოდან ფულადი სახრების საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით ზიანი მიაყენა უზრუნველყოფილ კრედიტორს.
24.6. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ქმედების მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ხასიათი. მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ქმედების მართლზომიერების შეფასების კონტექსტში საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ 27 534,2 ლარი ლარი საწარმოდან საკუთარ ანგარიშზე მას შემდეგ გადარიცხა, რაც მას საგადასახადო დავალიანების თაობაზე ეცნობა. შესაბამისად, პრეზუმირებულია, რომ კომპანიის დირექტორს კომპანიის სალაროდან პირად ანგარიშზე კომპანიის მატერიალურ აქტივში რიცხული ფულადი სახსრების გადარიცხვის მომენტში, გაცნობიერებული ჰქონდა, რომ საგადასახადო დავალიანება ვეღარ დაიფარებოდა, ვინაიდან საწარმოს მატერიალურ აქტივში ვადამოსული დავალიანების ასანაზღაურებულად ქონება არ გააჩნდა. გარემოებათა ამ ერთობლიობის შეფასების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ, პირადი სარგებლის მიღების ხარჯზე საწარმოს კრედიტორისათვის ზიანის მიყენების განზრახვით.
24.6.1. კრედიტორისათვის ზიანის მიყენების განზრახვას არ გამორიცხავს საწარმოსათვის გადაცემული სესხის კრედიტორად განხილვის თაობაზე მოპასუხის მტკიცებაც. ამ მოცემულობის დაშვების პირობებშიც, ივარაუდება, რომ საწარმოს ერთ-ერთმა კრედიტორმა, რომელსაც სხვა კრედიტორებთან შედარებით მისი სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარე შეეძლო, გაეკონტროლებინა საწარმოს გადახდისუნარიანობა და გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადებით სასამართლოსთვის მიმართვამდე ცოტა ხნით ადრე საკუთარი კრედიტორული მოთხოვნის დაკმაყოფილების ხარჯზე ფაქტობრივად გამორიცხა საწარმოს სხვა კრედიტორთა შემდგომი დაკმაყოფილების შესაძლებლობა, თანაც ეს იმ დროს, როდესაც მან უწყოდა საწარმოს უზრუნველყოფილი კრედიტორის არსებობის თაობაზე. სპეციალური კანონით გაწერილი პროცედურული წესების გათვალისწინებით, კეთილსინდიერად მოქმედი კრედიტორი, ნაცვლად საკუთარი მოთხოვნის თვითნებურად დაკმაყოფილებისა, თავადაც უნდა აღრიცხულიყო კრედიტორთა სიაში და კანონშესაბამისად დაეკმაყოფილებინა საკუთარი მოთხოვნა (ასეთი არსებობის შემთხვევაში), კრედიტორთა რიგითობის გათვალისწინებითა და იმ ფარგლებში, რისთვისაც საწარმოს ქონება იქნებოდა საკმარისი.
24.7. საქმის გარემოებებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ ზიანი, მოპასუხის ქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს, რაც შეეხება თავად ზიანის ოდენობას, იგი აღიარებული საგადასახადო დავალიანებით - 9 102,78 ლარით განისაზღვრება. ამასთან, საკასაციო პალატა მოვალე საწარმოს სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი განსახილველ დავაზე მოპასუხის ბოლო ტრანზაქციით საწარმოდან გატანილი თანხის მოცულობით განისაზღვრება, რათა მოსარჩელის, როგორც მე-4 რიგის კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება, წინმსწრებ კრედიტორთა დაკმაყოფილების შემდგომ რეალურად შესაძლებელი იყოს და სასამართლო გადაწყვეტილება არ ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ამ საკითხზე უფრო ვრცლად სასამართლომ წინამდებარე განჩინების 23-ე პუნქტში იმსჯელა.
25. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის შესაძლებლობა განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ აღდგეს ვითარება, რომელიც არსებობდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე... აღნიშნული მუხლის თანახმად, ზიანის გამომწვევმა პირმა უნდა აღადგინოს ის თავდაპირველი ვითარება, რომელიც ზიანის გამომწვევი მოვლენის გარეშე იარსებებდა (სუსგ. Nას-1570-2019, 29 მაისი, 2020 წელი). ამრიგად, მოვალესთან დაკავშირებული პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დამდგარი შედეგის უკუქცევითა და პირვანდელი სტატუს-კვოს აღდგენით, მოსარჩელის კრედიტორული მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოემსახურება საწარმოს აქტივში მოპასუხის მიერ დაბრუნებული თანხა. შესაბამისად, საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს ამ საკითხთან დაკავშირებით, წინამდებარე განჩინების 18.2 პუნქტში მეორე კასატორის მიერ გამოთქმულ პრეტენზიას, მით უფრო, რომ სპეციალური კანონის საფუძველზე გაკოტრების რეჟიმში მყოფი კრედიტორი სწორედ მოვალის სამეურვეო ქონებიდან უნდა დაკმაყოფილდეს, კრედიტორთა რიგითობის გათვალისწინებით და ნებისმიერი კრედიტორის მიერ ამ პრინციპიდან გადახვევა და ინდივიდუალური დაკმაყოფილების მიღების მცდელობა უშუალოდ მოვალესთან დაკავშირებული პირისგან სპეციალური კანონის მოწესრიგების ფარგლებში კონცეპტუალურად არ თავსდება, პირიქით ერთგვარად ეწინააღმდეგება კიდეც სამეურვეო მასიდან კრედიტორთა სამართლიან და რიგითობის პრინციპით დაკმაყოფილებას.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შემოსავლების სამსახურისა და ი.თ–ვას საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
3. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე