Facebook Twitter

საქმე №ას-316-2020 14 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენით

საკასაციო საჩივრის ავტორი - ო.ს–კა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ო–ი (მოპასუხე)

თანამოპასუხე არასრულწლოვანი - ა.ო–ნი

არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენელი (მესამე პირი) - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

ცენტრალური ორგანო- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული ბავშვის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ო.ს–კა (შემდეგში: მოსარჩელე, დედა, აპელანტი ან კასატორი) და ს.ო–ი (შემდეგში: მოპასუხე, მამა) 2011 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ, ხოლო 2015 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში, 2013 წლის 6 აპრილს, შეეძინათ შვილი, ა.ო–ნი (შემდეგში: ბავშვი, შვილი, არასრულწლოვანი).

2. არასრულწლოვანი არის საქართველოსა და უკრაინის მოქალაქე. ბავშვი, 2018 წლის 14 ივნისიდან რეგისტრირებულია მისამართზე - ქ. ბათუმი, ..... (მამის, არასრულწლოვნის საცხოვრებელი).

3. მხარეები, შვილთან ერთად ცხოვრობდნენ საქართველოში ქ. ბათუმში. დედა პერიოდულად მიემგზავრებოდა უკრაინაში, ქ. კიევში და ბრუნდებოდა საქართველოში. 2018 წლის სექტემბრის თვეში კვლავ გაემგზავრა უკრაინაში, საიდანაც დაბრუნდა 2019 წლის 6 აპრილს. ო.ს–კას განმარტებით იგი მუდმივად ცხოვრობს უკრაინაში, ქ. კიევში, პერიოდულად ჩამოდის საქართველოში შვილის მოსანახულებლად.

4. მამა მუშაობს საქართველოში, ქ. ბათუმში, შპს „რ-დ–ში“ თერაპევტ - სტომატოლოგის თანამდებობაზე, მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 600 ლარს. ს.ო–ი ასევე მუშაობს შპს „ო–ში“, თერაპევტ - სტომატოლოგის თანამდებობაზე, მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 600 ლარს.

5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის, 2019 წლის 6 სექტემბრის დასკვნის თანახმად, მამისა და არასრულწლოვნის საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს 168 კვ.მ ბინას, სადაც განლაგებულია 2 საძინებელი, 1 საბავშვო ოთახი, მისაღები სამზარეულოთი, საცხოვრებელში არის კარგი საყოფაცხოვრებო პირობები, აქვთ თანამედროვე რემონტი და ავეჯი, ოთახები არის ნათელი, მზიანი, საცხოვრებელში არის აუცილებელი ავეჯი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საცხოვრებელს აქვს ნახევრადღია აივნები, დაცულია არასრულწლოვნის უსაფრთხოება.

6. მოსარჩელე მუშაობს უკრაინაში, ქ. კიევში, კერძო საწარმო სტომატოლოგიურ კლინიკაში „ა–ის“ მთავარი ექიმის თანამდებობაზე. აქვს სტაბილური შემოსავალი, რითაც შეძლებს იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე. ცხოვრობს ...... ბინა მდებარეობს 10 სარულიანი სახლის მე-6 სართულზე (2019 წლის 4 თებერვალს გაცემული ცნობის მიხედვით, მოსარჩელე რეგისტრირებულია ამავე მისამართზე), შედგება 4 ოთახისაგან: საერთო ფართი 122 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი 72 კვ.მ. ბინა არის კეთილმოწყობილი, სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობა შეესაბამება ნორმის ფარგლებს, ბინაში არის თანამედროვე რემონტი, მოწყობილია საჭირო ავეჯით, აღჭურვილია საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ინტერიერის ნივთებით და სხვ. ბავშვისთვის გამოყოფილია ცალკე ოთახი, სადაც გააჩნია სასწავლო კუთხე (მაგიდა, თაროები,) და სათამაშო კუთხე, უზრუნველყოფილია ტანსაცმლით ყველა სეზონისათვის, აქვს სათამაშოები და წიგნები, აქვს საძინებელი (ორადგილიანი საწოლი, დედასთან ერთად) საგარდერობო კარადა და სხვ. ბავშვისთვის შექმნილია სათანადო პირობები ცხოვრებისთვის და ჰარმონიული განვითარებისთვის.

7. საქართველოს იუსტიციის სამინისტრის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, 2019 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულია მოსარჩელის, საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

8. ნოტარიუსმა ნ.ფ–ამ, 2018 წლის 14 ივნისს დაამოწმა მხარეთა განცხადება, მათი მცირეწლოვანი შვილის საზღვარგარეთ გამგზავრებისა და დაბრუნების ნებართვის შესახებ, ნებისმიერი მიმართულებით, მ. და ა. ო–ების თანხლებით. განცხადება ძალაშია 2023 წლის 14 ივლისის ჩათვლით და განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისთვის.

9. არასრულწლოვნის სახელით, 2018 წლის 27 აგვისტოს, დედასა და შპს „ს.პ–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მომსახურების მიწოდების თაობაზე. არასრულწლოვანი გოგონა 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის იანვრის ჩათვლით იყო უკრაინაში, ქ. კიევში ბავშვთა სივრცე „B.N“-ის აღსაზრდელი, სადაც იმყოფებოდა დილის 8 საათიდან 19 საათამდე, გარდა სტანდარტული მეცადინეობებისა ესწრებოდა ჰიპ-ჰოპის, ინგლისური ენის, სამეჯლისო ცეკვის, მუსიკის, ვოკალის, კაპოიერას, ტანვარჯიშისა და ფერწერის გაკვეთილებს.

10. არასრულწლოვანი, 2016 წლის სექტემბრიდან, 2018 წლის 28 ივნისამდე საქართველოში, ქ. ბათუმში იყო სტუდია „ჩ.ს–ის“ აღსაზრდელი. 2019 წლის 23 იანვრიდან სკოლა ლიცეუმ მასტერკლასის, სტუდია მასტერკლასის აღსაზრდელი. 2019 წლის 28 იანვრიდან სწავლობდა მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების და დამატებითი განათლების ცენტრში „G.I.Sc “.

11. გოგონა 2019 წლის 10 თებერვლიდან გადიოდა პროგრამას „ინგლისური ენა“ მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების და დამატებითი განათლების ცენტრში „G.I.Sc “.

12. არასრულწლოვანი დავის განხილვის დაწყებისას იყო შპს „ს.ე.?“-ის პირველი კლასის მოსწავლე, ხოლო, აღრიცხვაზე იმყოფებოდა შპს ქ. ბათუმი N? პ–ში.

13. დადგენილია, რომ ბავშვი, დედასთან და ვ.ს–თან ერთად, 2019 წლის 15 თებერვალს, 19 თებერვლამდე მიემგზავრებოდა რომში. 2019 წლის 19 იანვარს, გოგონა მამასთან ერთად დაბრუნდა უკრაინიდან საქართველოში.

14. მხარეები განქორწინებული არიან.

15. არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილი საქართველოში, შესაბამისი ორგანოს მიერ განსაზღვრული არ არის.

16. ბავშვის დაბრუნების მოთხოვნით, მოსარჩელემ საქართველოს საელჩოს საკონსულო განყოფილებაში - უკრაინაში, განცხადება წარადგინა 2019 წლის 25 აპრილს. ცენტრალურმა ორგანომ - საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, 2019 წლის 2 აგვისტოს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით. დადგენილია რომ:

16.1. არასრულწლოვანი დაიბადა საქართველოში. დაბადებიდან, 2013 წლის 6 აპრილიდან, მშობლების თანაცხოვრების განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში, ქ. ბათუმში. 2018 წლის სექტემბერში, მშობლებთან ერთად გაემგზავრა უკრაინაში, საიდანაც მამასთან და ბებია პაპასთან ერთად დაბრუნდა საქართველოში 2019 წლის 19 იანვრას და მას შემდეგ მუდმივად ცხოვრობს მამასთან ერთად, მამის ოჯახში საქართველოს ტერიტორიაზე ქ. ბათუმში. მას ამ პერიოდის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილი არ შეუცვლია.

16.2. არასრულწლოვანი არ წარმოადგენს ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების შესახებ“ კონცენციის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად გადაადგილებულ ან არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვს. არ არსებობს არასრულწლოვანის უკრაინაში დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საქართველო, ქ. ბათუმი არის მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ადაპტირებულია ამ გარემოში, ქ. ბათუმი არის ბავშვისთვის მშობლიური გარემო, სადაც მასზე ზრუნვენ მამა და მისი ოჯახის სხვა წევრები.

16.3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის თანახმად, რომელიც ემყარება საქმეში არსებულ მასალებს, არასრულწლოვანი მამის ოჯახში კარგად გრძნობს თავს. ხანგრძლივი დროით რომელიმე მშობელთან განშორება მისთვის სავარაუდოდ იქნება მატრავმირებელი, ბავშვს აქვს ემოციური კავშირი ორივე მშობელთან, ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით ადაპტირებულია მამის გარემოში, თუმცა დედა აფიქსირებს, რომ ბავშვი უკრაინაშიც კარგად გრძნობდა თავს. ბავშვისათვის მამის გარემოდან წასვლა შესაძლებელია არ იყოს ადვილი, რადგან ბავშვი თავს კარგად გრძნობს მამასთან საქართველოში. თუმცა დედასთან ურთიერთობა ამ ასაკის გოგონასთვის არის მნიშვნელოვანი, დედასა და გოგონას შორის ამ ასაკში კარგია უწყვეტი ემოციური და ფიზიკური მხარდაჭერა.

16.4. დასკვნის თანახმად ქ. ბათუმი არ არის ბავშვის დროებითი საცხოვრებელი ადგილი, გოგონა ადაპტირებულია გარემოში, ქ. ბათუმი არის ბავშვისთვის მშობლიური გარემო. არასრულწლოვანის გამგზავრება უკრაინაში ამ ეტაპზე იქნება უფრო მეტად მატრავმირებელი (კონკრეტული ფაქტების გათვალისწინებით), ვიდრე საქართველოში დარჩენა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ უკრაინის რესპუბლიკაში გოგონა იმყოფებოდა პერიოდულად და მცირე დროის განმავლობაში. დასკვნის თანახმად სასურველია მცირეწლოვანის ეტაპობრივად შემზადება მოსალოდნელი ცვლილებებისათვის.

16.5. მოწმის ვ.ს. ჩვენებით (მოსარჩელის ძმის ცოლი), მხარეები შეთანხმებული იყვნენ, რომ გოგონა იცხოვრებდა დედასთან ერთად უკრაინაში კიევში. 2013 წლის შემოდგომაზე დედა დაბრუნდა უკრაინაში ბავშვთან ერთად, მოგვიანებით შეურიგდა მეუღლეს (მოპასუხეს) და დაბრუნდა საქართველოში. 2018 წლის სექტემბრის თვეში მოსარჩელე კვლავ დაბრუნდა უკრაინაში ბავშვთან ერთად. 2019 წლის 19 იანნვარს ბავშვის საქართველოში დაბრუნების შესახებ დედამ არ იცოდა, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მამამ არასრულწლოვანი შვილი წაიყვანა 5 დღით. მოწმემ აღნიშნა, რომ 2019 წლის 15 თებერვალს მოსარჩელე, გოგონა და თავად მიემგზარებოდნენ რომში, ბილეთები მან შეიძინა.

16.6. მოპასუხის მამამ და ძმამ განმარტეს, რომ 2018 წლის სექტემბრის თვეში მოპასუხე მეუღლესთან, შვილთან და ძმასთან ერთად გაემგზავრა უკრანაში, მათი ინფორმაციით ბავშვის სამშობლოში დაბრუნება ვერ მოხდა პასპორტზე შექმნილი პრობლემის გამო, 2019 წლის იანვრის თვეში მოპასუხის მამა მეუღლესთან და თავად მოპასუხესთან ერთად წავიდა უკრაინაში, 3 დღით და უკან დაბრუნდნენ ბავშვთან ერთად. 2018 წლის 13 ივლისს ა.ო–ნის ბებიასა და ბაბუაზე მინდობილობა გაიცა იმ მიზნით, რომ ისინი შვილიშვილთან ერთად წასულიყვნენ სომხეთში. მათი უკრაინაში ჩასვლის შემდეგ, იმის გამო, რომ ბავშვის დედა იყო დაკავებული, მინდობილობის კუთვნილი ეგზემპლარი გადასცა ბავშვის მამას, აღნიშნული მინდობილობით მიმართეს ადგილობრივ საკონსულოს ბავშვის პასპორტის თაობაზე არსებული პრობლების გამო და გაიცა დროებითი დოკუმენტი მისი სამშობლოში დაბრუნებისათვის. მოპასუხის მამის ინფორმაციით მოსარჩელე ინფორმირებული იყო მათი საქართველოში დაბრუნების თაობაზე. დედამ თავად ჩაულაგა ბავშვს ჩემოდანი საქართველოში გამომგზავრებისთვის. მოპასუხის ძმამ ასვე აღნიშნა, რომ ძმასთან, ძმიშვილთან და რძალთან ერთად გაემგზავრა კიევში, გამოფენაზე, იცოდა რომ უკან ყველა ერთად უნდა დაბრუნებულიყვნენ. 2019 წლის იანვრის თვეში მოპასუხე მშობლებთან ერთად გაემგზავრა უკრაინაში და 19 იანვარს დაბრუნდნენ ბავშვთან ერთად. მისი ინფორმაციით აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო მოსარჩელე.

17. სარჩელის მოთხოვნა

17.1. არასრულწლოვნის დედის სასარჩელო მოთხოვნაა, არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის 2013 წლის 6 აპრილს დაბადებული ა.ო–ნის უკრაინაში დაბრუნება.

18. მოპასუხის პოზიცია

18.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

19. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

19.1. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის საქართველოში მისი საცხოვრებელი ადგილი მამასთან, არ წარმოადგენს მის დროებით საცხოვრებელს, იგი ადაპტირებულია და ბათუმი მის მშობლიურ გარემოს წარმოადგენს.

20. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

20.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

21. მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნა

21.1. მოსარჩელემ, წარდგენილი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვა.

22. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

22.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

22.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, შემდეგში: სსსკ 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

22.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილი საქართველო იყო, ქ. ბათუმი. უდავოდ დასტურდებოდა საქმეში არსებული მასალებიდან: ბავშვი დაიბადა ქ. ბათუმში, იგი არის საქართველოს მოქალაქე, 7 წლის განმავლობაში დროის უმეტესი ნაწილი გატარებული ჰქონდა ქ. ბათუმში, ბათუმი მისთვის მშობლიური გარემო და ადაპტირებული ადგილია, სკოლაში დადის ქ. ბათუმში, ჰყავს მეგობრები და ნათესავები, რომლებსაც და-ძმას უწოდებს.

22.4. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე - სასამართლოს შეკითხვაზე თუ რატომ მოხდა ბავშვის წაყვანა ქ. კიევში - აპელანტის წარმომადგენლმა უპასუხა, რომ ბავშვის კიევში გაყვანისა იყო დროებით მისი გადაადგილება, მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან ბათუმიდან და კვლავ უკან დაბრუნება.

22.5. სააპელაციო სასამართლო გაესაუბრა ბავშვსაც, რომელმაც განმარტა, რომ სწავლობს რუსულად, მაგრამ იცის ქართულიც, ჰყავს მეგობრები - პ., ე., ქ., ს., ო. ბავშვს ბათუმი ძალიან მოსწონს, განსაკუთრებით, ზღვა, პალმები, ბულვარში სეირნობა. ბულვარში მამიკოსთან ერთად სეირნობს ხოლმე. ოჯახში ცხოვრობს და-ძმასთან (ბიძაშვილებს ასე უწოდებს), განსაკუთრებით უყვარს ბიძაშვილი გოგო, რომელმაც ჯერ ლაპარაკი არ იცის. ბავშვის გადმოცემით, კიევი დაამახსოვრდა, თუმცა, ბათუმი უფრო მოსწონს, რადგან კიევში ზღვა არ არის ბათუმისგან განსხვავებით. კიევში იყო ზამთარი, დადიოდა ბაღში, მაღაზიებში. იქ დედა მარტო ცხოვრობს, კრივოი როგში, როცა ბათუმში ჩამოდის, დედა მას სიურპრიზებს უკეთებს. ბავშვის თქმით მას ბათუმში ურჩევნია, სადაც ზაზუნა ჰყავს. დილით მოწესრიგებაში დედა და მამა ეხმარებიან, სულ აგვიანებენ. სკოლაში კარგად სწავლობს. ჰყავს მასწავლებელი - რ.ს–ვა, რომელიც ამეცადინებს, ასევე, ჰყავს ბუნების მასწავლებელი - ა.პ–ნა.

22.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადგილიც რომ ჰქონდეს ბავშვის გატაცებას, დავის განხილვის დროისთვის ბავშვი მთლიანად ადაპტირებულია იმ გარემოში სადაც ცხოვრობს, რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილებას.

22.7. სასამართლოს განმარტებით კონვენცია არ ეხება ბავშვზე მეურვეობის უფლების განსაზღვრას. ამ უფლების არსებობა მხედველობაში მიიღება არასრულწლოვნის გადაადგილების ან დაკავების არამართლზომიერების დადგენის პროცესში. როგორც Re E. (Children) -ს საქმეში დიდი ბრიტანეთის სასამართლომ განაცხადა, კონვენციის ფარგლებში მიმდინარე პროცედურები არ ეხება არასრულწლოვნის აღზრდის საკითხებს. ეს არის პროცედურები, რომლებიც განსაზღვრავს იმ ქვეყანას, სადაც უნდა გადაწყდეს ზემოაღნიშნული საკითხები მშობლებს შორის შეთანხმებით, სამართლებრივი პროცედურებით ან სხვა გზით.

22.8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოდაა დადგენილი, რომ ბავშვზე მეურვეობის უფლება არც ერთ მშობელს არ ჰქონდა განსაზღვრული, ბავშვის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილს ბათუმი წარმოადგენს და წელიწადის უმეტეს დროს, დაბადებიდანვე ატარებს ბათუმში, კიევში მისი გამგზავრების მიზნი, იქ მუდმივად საცხოვრებლად გადასვლა არ ყოფილა, არამედ დროებით გაემგზავრა მშობლებთან ერთად. გასათვალისწინებელია, რომ არც უკრაინაში და არც საქართველოში, შესაბამის ორგანოს ბავშვის საცხოვრებელი ადგილი და მეურვეობის საკითხი არ აქვს განსაზღვრული, ამდენად სახეზე არ ყოფილა მეურვეობის უფლების დარღვევა.

23. აპელანტის (დედის) საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები

23.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

23.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ ფსიქოლოგის მონაწილეობის გარეშე ჩატარებული კვლევის შედეგად მიღებული დასკვნა გაიზიარა. სასამართლომ აგრეთვე არ გამოიკვლია შესაბამისი დოკუმენტები იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვმა პასპორტის გარეშე გადაკვეთა საზღვარი.

23.3. კასატორის განმარტებით სათანადოდ არ იყო გამოკვლეული, კიევი იყო თუ არა ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილი, მაშინ, როდესაც ბავშვი დედის თანხმობის გარეშე წამოიყვანეს საქართველოში.

23.4. კასატორის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვი 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის იანვრის 19 რიცხვამდე კიევში ცხოვრობდა დედასთან ერთად, სასამართლოს ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრისად სწორედ უკრაინა უნდა მიეჩნია.

23.5. კასატორის მტკიცებით, მინდობილობა, რომელიც მან გასცა ბავშვის ბებიის და პაპის მიმართ, მხოლოდ სომხეთში ბავშვის წაყვანის მიზანს ემსახურებოდა, რაც ბავშვის გადაადგილების მართლზომიერებას ამ შემთხვევაში გამორიცხავდა.

24. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

24.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად. განსახილველ საქმეზე ზეპირი განხილვა გაიმართა 2020 წლის 30 სექტემბერს, რომელზეც, საქმის განმხილველმა, პალატის თავმჯდომარე მოსამართლემ განუმარტა მხარეებს, რომ მიღებულია კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მსგავს საქმეებში მონაწილე ყველა ადვოკატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი სპეციალიზაცია. აღნიშნული მიმართვის პასუხად, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა, იმ საფუძვლით, რომ არ აქვს შესაბამისი სპეციალიზაცია, მოითხოვა საქმის განხილვის გონივრული ვადით გადადება. შემდეგი სხდომა, ზეპირი მოსმენით გაიმართა, 2020 წლის 11 ნოემბერს, რომელიც გადაიდო. შემდეგში ჩანიშნული სხდომები კვლავ გადაიდო სხვადასხვა დროს მხარეთა წარმომადგენლების შუამდგომლობებისა და ტექნიკური ხარვეზის გამო. 2021 წლის 7 ივლისს გამართულ სხდომაზე მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება ჩამოეყალიბებინათ საკუთარი მოსაზრებები. აღნიშნული სხდომა გადაიდო საბოლოო შედეგის გამოცხადებამდე. საქმის განმხილველი პალატის თავმჯდომარემ მხარეებს განუმარტა, რომ საბოლოო შედეგის გამოცხადებამდე, პალატის შემადგენლობა გაესაუბრებოდა ბავშვს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აპელანტის (დედის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

25. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედ–ულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

27. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

28. საკასაციო სასამართლო უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს ჰააგის 1980 წლის „ბავშვის უფლებათა“ კონვენციაზე, რომელიც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს „სტატუს ქვოს“ აღდგენას, როდესაც ითხოვს „უკანონოდ გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვების დაბრუნებას ყველა ხელშემკვრელ ქვეყანაში“, (იხ. კონვენციის თაობაზე ელიზა პერეზ-ველეს განმარტებითი მოხსენება - b. კონვენციის მიზნები, პ.16) ამასთან, „ერთი, მხრივ, ნათელია, რომ კონვენცია არ ეხება მეურვეობის უფლების არსს (მუხლი 19), მაგრამ, მეორე მხრივ, ასევე აშკარაა, რომ ბავშვის გადაადგილებისა და დაუბრუნებლობის კვალიფიცირება უკანონო ქმედებად, განპირობებულია მეურვეობის უფლებით, რაც იურიდიულ შინაარსს ანიჭებს იმ ქმედებების გამო შეცვლილ სიტუაციას, რომელთა თავიდან აცილებასაც ჩვენ ვცდილობთ“ (დასახელებული განმარტებითი მოხსენება - პირველი ნაწილი, კონვენციის ზოგადი მახასიათებლები, პ.9), „ამრიგად, კანონზომიერი იქნება დავასკვნათ, რომ კონვენციის ორივე მიზანი, ერთი პრევენციული, ხოლო მეორე – მიმართული ბავშვის ჩვეულ გარემოში დაუყოვნებელი რეინტეგრაციისაკენ - მთლიანობაში პასუხობს "ბავშვის ინტერესების უზენაესობის" კონცეფციას. თუმცა, ამ თვალსაზრისითაც კი, უნდა დავუშვათ, რომ ბავშვის გადაადგილება შეიძლება ზოგჯერ ობიექტური მიზეზებით იქნეს გამართლებული, რომლებიც უკავშირდება ან მის პიროვნებას ან მისთვის უახლოეს გარემოს. შესაბამისად, კონვენცია უშვებს ზოგიერთ გამონაკლისს უკანონოდ გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვების დაუყოვნებლივ დაბრუნებასთან დაკავშირებით სახელმწიფოების მიერ აღებული ზოგადი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით. მეტწილად ეს გამონაკლისები წარმოადგენს მხოლოდ კონკრეტულ გამოხატულებას იმ მეტისმეტად ბუნდოვანი პრინციპისა, რომელიც აცხადებს, რომ ბავშვის ინტერესების დაცვა წარმმართველი კრიტერიუმია ამ სფეროში“ (იხ. ციტირება საქმიდან „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, [საჩივარი N 2361/13] სტრასბურგი, 2015 წლის 21 ივლისი, გადაწყვეტილება,საბოლოო გახდა 21/10/2015).

29. საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს ხსენებულ კონვენციას და მის საფუძველზე მიღებული ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე მიუთითებს: „ჰააგის კონვენციის მიხედვით, დაბრუნების მოთხოვნის კონტექსტში, რომელიც შესაბამისად გამიჯნულია მეურვეობასთან დაკავშირებული სამართალწარმოებისაგან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების კონცეფცია უნდა შეფასდეს ჰააგის კონვენციით დაშვებული გამონაკლისების მიხედვით, რომელიც გულისხმობს დროის გასვლას (მუხლი 12), კონვენციის გამოყენების პირობებს (მუხლი 13 § a) და სერიოზული რისკების არსებობას (მუხლი 13 § b). ასევე, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებთან შესაბამისობა, რაც გულისხმობს ფუნდამენტური თავისუფლების და ადამიანთა უფლებების დაცვას (მუხლი 20). ეს დავალება, პირველ რიგში, ეკისრება მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს, სხვა დანარჩენთან ერთად, მხარეებთან პირდაპირი ურთიერთობის უპირატესობა. მე-8 მუხლთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულების დროს, ეროვნული სასამართლოები სარგებლობენ შეფასების ზღვრით, რომელიც საბოლოოდ ექვემდებარება ევროპულ ზედამხედველობას. მაშასადამე, სასამართლო კომპეტენტურია განიხილოს ეროვნული სასამართლოების მიერ ჩატარებული პროცედურა, კერძოდ, დაადგინოს, ეროვნული სასამართლოები ჰააგის კონვენციის გამოყენებისა და განმარტების დროს, რამდენად იცავდნენ კონვენციის გარანტიებს, განსაკუთრებით მე-8 მუხლთან დაკავშირებულს. ევროპული და ჰააგის კონვენციის ჰარმონიული განმარტება შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ ხდება ორ პირობაზე დაკვირვება. პირველ რიგში, ფაქტორები რომლებსაც შეუძლიათ დაუშვან გამონაკლისი ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნებასთან დაკავშირებით, აღნიშნული კონვენციების მე-12, მე-13 და მე-20 მუხლების გამოყენებით, კონკრეტულად იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი აღზრდილია სამართალწარმოების რომელიმე მხარის მიერ, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული მოთხოვნის ადრესატი სასამართლოს მიერ. ამ სასამართლომ უნდა მიიღოს ამ საკითხზე საკმარისად დასაბუთებული გადაწყვეტილება, რათა საშუალება მისცეს ევროპულ სასამართლოს დაადგინოს, რომ ეს საკითხები ეფექტურად იქნა განხილული. მეორეს მხრივ, აღნიშნული ფაქტორები უნდა შეფასდეს კონვენციის მე-8 მუხლის გათვალისწინებით და ამ მხრივ კონვენციის მე-8 მუხლი ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებს კონკრეტულ პროცედურულ მოვალეობებს: როცა განიხილება საჩივარი ბავშვის დაბრუნების შესახებ, სასამართლომ არ უნდა განიხილოს მხოლოდ არგუმენტირებული მტკიცება ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, არამედ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი მიზეზების დასახელებით, გამომდინარე საქმის კონკრეტული გარემოებებიდან. ორივე შემთხვევა, პროტესტების არ გათვალისწინება დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომლებსაც შეუძლიათ დაკვალიფიცირდნენ ჰააგის კონვენციის მე-12, მე-13 და მე-20 მუხლების ფარგლებში და გადაწყვეტილების შედეგად არასაკმარისი დასაბუთებით ამ პროტესტების უარყოფა ეწინააღმდეგება კონვენციის მე-8 მუხლის მოთხოვნებს, ისევე, როგორც ჰააგის კონვენციის მიზანს და დანიშნულებას. აუცილებელია სათანადოდ გათვალისწინება იმ არგუმენტების, რომლებიც მოყვანილია ეროვნული სასამართლოების დასაბუთებაში, რომლებიც არაა ავტომატური და სტერეოტიპული, არამედ ჰააგის კონვენციის მიერ დაშვებული გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც უნდა განიმარტოს, არის საკმარისად დეტალური. ეს ასევე საშუალებას მისცემს სასამართლოს, რომლის მოვალეობა არაა ეროვნული სასამართლოების ადგილის დაკავება, განახორციელოს ევროპული ზედამხედველობა, რომელიც მასზე არის მინდობილი. დამატებით იმ პრინციპებისა, რომლებიც აღნიშნულია ზემოთ, სასამართლომ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ოჯახური ცხოვრების ეფექტურად დაცვა მოითხოვს, რომ მშობელსა და ბავშვს შორის მომავალი ურთიერთობა იყოს განსაზღვრული მნიშვნელოვანი განხილვის და არა უბრალოდ დროის გასვლის ფაქტორის საფუძველზე (იხ.Maumousseau and Washington v. France , no. 39388/05, § 73, 6 December 2007; Lipkowsky and McCormack v. Germany (dec.), no. 26755/10, 18 January 2011 დაDiamante and Pelliccioni v. San Marino, no. 32250/08, § 177, 27 September 2011)[ „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, (საჩივარი N 2361/13)]“.

30. წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მსჯელობის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ დავაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შეფასების საგანია ის მტკიცებულებები და არგუმენტები, რომლებიც მოდავე მხარეებმა წარმოადგინეს, ასევე საქმის მასალებში განთავსებული სპეციალისტთა დასკვნები, რომელთა ერთობლივი ანალიზით, „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3, მე-8 მუხლებზე დაყრდნობით, უნდა გადაწყდეს საქართველოში მართლზომიერად ჩამოსული ბავშვის მამასთან ყოფნა არღვევს თუ არა ჰააგის კონვენციით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვის სტანდარტს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ბავშვის არამართლზომიერი დაკავების მავნე შედეგების არიდება.

31. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბავშვი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულია მართლზომიერი საფუძვლით, მამასთან და ბებია-პაპასთან ერთად 2019 წლის 19 იანვარს (აღსანიშნავია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ ბავშვი აღნიშნულ პერიოდში, განსაზღვრული ვადით წამოიყვანა მამამ), რის შემდეგაც მუდმივად ცხოვრობს მამასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, შესაბამისად, ჰააგის 1980 წლის კონვენციით დადგენილი საერთაშორისო გატაცების საკითხი ბავშვის მიმართ არ იხილება.

32. დადგენილია, რომ ბავშვზე მეურვეობის უფლება არ აქვს მამას ჩამორთმეული, რაც გამორიცხავს ამავე უფლებით დედის მიერ ექსკლუზიურად სარგებლობას. საქმის მასალებითვეა დადგენილი, რომ მხარეებმა, ბავშვის ბებიასა და პაპას 2018 წლის 14 ივნისს სანოტარო წესით მისცეს უფლება მცირეწლოვანი შვილიშვილი წაეყვანათ საზღვარგარეთ ნებისმიერი მიმართულებით და დაებრუნებინათ საქართველოში. საგულისხმოა, რომ დასახელებული მინდობილობა ძალაშია 2023 წლის ჩათვლით და განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისთვის (ტ.2,ს.ფ. 163-165).

33. დადგენილია, რომ ბავშვს საქართველოს მოქალაქეობა მიღებული აქვს უკრაინის მოქალაქეობამდე, 2018 წლის 13 ივნისს, ხოლო, უკრაინის 2019 წლის 28 ოქტომბერს (ტ.1,ს.ფ.56).

34. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონეს ფაქტებს, რომლებიც ასახულია წინამდებარე განჩინების 1-16 პუნქტებსა და 16.1-16.6 ქვეპუნქტებში და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დედამ ვერ დაადასტურა ბავშვის არამართლზომიერად გადაადგილებისა და გატაცების ფაქტი, ვერც ისეთ გარემოებებზე მიუთითა, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას, რომ ბავშვი უფრო მეტ ემოციურ თუ ფიზიკურ მიჯაჭვულობას განიცდის დედის და მისი საცხოვრებელი ადგილის მიმართ.

35. მეტიც, საქმეში არსებული სხვადასხვა დასკვნებით, აგრეთვე, ბავშვთან და მხარეებთან, ასევე, მათ მიერ წარმოდგენილ მოწმეებთან გასაუბრებით დასტურდება, რომ ბავშვი განსაკუთრებულ ემოციურ კავშირშია მის ამჟამინდელ საცხოვრებელ გარემოსთან და ადგილთან, ასევე, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი დაბადებიდან, ყოველწლიურად უმეტეს დროს საქართველოში ატარებს, აქვეა რეგისტრირებული და ადაპტირებული სხვადასხვა გასართობ, შემეცნებით და აღსაზრდელ დაწესებულებებში, მოგვიანებით სწორედ საქართველოში მივიდა სკოლაში, ასევე, ბათუმში იმყოფება სამედიცინო აღრიცხვაზე. მოსარჩელის მიერ მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ გოგონა 2018 წლის სექტემბრიდან, რამდენიმე თვე, 2019 წლის იანვრამდე იმყოფებოდა უწყვეტად უკრაინაში და იქვე რეგისტრირებული იყო სხვადასხვა წრეებზე, იმ ფონზე, რომ თავად ბავშვის განმარტებითაც ბათუმში ყოფნა ურჩევნია, ამასთან, სწორედ 2018 წლის სექტემბერში, მამამ, რომელიც იმყოფებოდა უკრაინაში, ვერ შეძლო გოგონას წამოყვანა, დედის მიერ მითითებული მიზეზით, რომ ბავშვის პასპორტი ვერ მოიძია, არ ადასტურებს, გარემოებას, რომ ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებლად უკრაინაა მიჩნეული, ან მშობლებმა აირჩიეს ეს ადგილი.

36. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტს, რომ არასრულწლოვანი არ წარმოადგენს, ჰააგის 1980 წლის კონვენციის საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად დაკავებულ და გადაადგილებულ ბავშვს.

37. საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია/შუამდგომლობა, საქმეზე წარმოდგენილი 2019 წლის 6 სექტემბრის დასკვნასაც ეხებოდა (ტ.2,ს.ფ.18-20). კასატორის პრეტენზიით დაუსაბუთებელია და უნდა ამოირიცხოს მტკიცებულებათა სიიდან, აგრეთვე, საქმეს უნდა ჩამოსცილებოდა აღნიშნული დასკვნის გამცემი ფსიქოლოგი, ვინაიდან მისი მონაწილების გარეშეა ჩატარებული კვლევა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებულ დასკვნაშივეა აღნიშნული, რომ ფსიქოლოგი თავადვე იმყოფებოდა ბავშვის მამის მისამართზე, გამოიკვლია საქმისწარმოებისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გასცა დასკვნა. აღსანიშნავია, რომ დასახელებულ დასკვნას ეყრდნობა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებაც, რაც თავისმხრივ წინააღმდეგობაში არ მოდის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან, რის გამოც არ არსებობდა ფსიქოლოგის აცილებისა და მის მიერ გაცემული დასკვნის მტკიცებულებათა სიიდან ამორიცხვის საფუძველი.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ო.ს–კას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე