საქმე №ას-993-2020 24 დეკემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ლ.კ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი.შ–ძე (მ.შ–ძის უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ლ.კ–ის (შემდეგში: მსესხებელი, მესაკუთრე, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი.შ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, იპოთეკარის უფლებამონაცვლე) სარჩელი, მოპასუხისთვის თანხის დაკისრების შესახებ.
2. კასატორის მოთხოვნით გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით უარი უნდა ეთქვას მოსარჩელეს.
3. მოსარჩელის მოთხოვნა, იპოთეკით დატვირთული ქონების გარდა, მოპასუხის სხვა ქონების რეალიზაციის შესახებ დაუსაბუთებელი იყო და არ გამომდინარეობდა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან. კასატორის მტკიცებით, აღნიშნულ არგუმენტს ის ფაქტიც ამყარებს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეთ შეთანხმებით გათვალისწინებული იყო ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
4. კასატორი სადავოდ ხდის აგრეთვე მიღებული თანხის ოდენობას. მისი განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა აჭარბებდა მის მიერ რეალურად მიღებულ სესხს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
8.1. იპოთეკარსა და მსესხებელს შორის 2014 წლის 7 ნოემბერს დაიდო ნოტარიულად დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
8.2. სესხის ხელშეკრულების თანახმად, იპოთეკარმა მოპასუხეს 4 თვის ვადით სესხად გადასცა 21 000 აშშ დოლარი. ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3% სარგებლის დარიცხვით.
8.3. სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2015 წლის 7 მარტს.
8.4. ხელშეკრულებით განისაზღვრა, თანხის გადახდა განხორციელდებოდა ნაღდი (ხელზე გადაცემით) ან ბანკში ანგარიშსწორებით, ყოველი გადახდის შესახებ შედგებოდა წერილობითი დოკუმენტი, რომელიც შედგებოდა ორ ეგზემპლიარად და რომელიც შეინახებოდა მხარეებთან.
8.5. ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულების დამრღვევი მხარე იხდიდა პირგასამტეხლოს საერთო თანხის 0.12%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე (მე-11 პუნქტი).
8.6. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე - ქ. თბილისი, ......., ბლოგი ,,გ“, ნიშნული - 9.9-8.1, ავტოსადგომი N31 (მშენებარე), ს/კ N ...........
8.7. საქმეზე წარდგენილია შემდეგი შინაარსის ხელწერილი: „მე მ.შ–ძემ პროცენტის სახით ავიღე 600 (ექვსასი) დოლარი. 7 აპრილის პროცენტი დარჩენილია 420 (ოთხასოცი) დოლარი.“
8.8. საქმეზე წარდგენილია შემდეგი შინაარსის ხელწერილი: „10 მარტს 2015 წლის მომცეს 8000$-ის პროცენტი 240$ (ორას ორმოცი) (რვა ათასი დოლარი).“ ხელს აწერს მ.შ–ძე. იმავე ხელწერილში მითითებულია შემდეგი: „8 აპრილს ავიღე მე - 200 (ორასი) დოლარი“. ხელს აწერს მ.შ–ძე.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობასა და დასკვნებს და დამატებით განმარტავს, რომ მხარეთა შორის დადებული იყო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება გახდა წინამდებარე დავის დაწყების საფუძველი.
10. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია, რომელიც იდენტურია ქვემდგომ ინსტანციებში მის მიერ წარდგენილი პოზიციებისა და რომელზეც დასაბუთებული და არგუმენტირებული პასუხი გაეცა ამავე სასამართლოების მიერ, ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს (იხ. სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები). კერძოდ, კასატორის მტკიცება, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული შემთხვევა, კრედიტორმა ნოტარიუსის მეშვეობით მიიღოს სააღსრულებო ფურცელი და აღსასრულებლად მიაქციოს მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ქონება, ართმევს მოსარჩელეს უფლებას ამავე პროცედურის გარეშე მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, დაუსაბუთებელია, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ უფლების დაცვის ასეთი გზის არჩევის მიუხედავად, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობისას, მოპასუხის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის პირობა არაა დათქმული, შესაბამისად, არც არსებობს ასეთი წინამძღვრები (დამატებით იხ. სსკ-ის 301-ე მუხლის 11 ნაწილი).
11. საკასაციო სასამართლო, კვლავ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებსა და მსჯელობაზე მიუთითებს, კასატორის იმ პრეტენზიის პასუხად, რომლითაც სადავოდ ხდის როგორც სესხად მიღებული თანხის ოდენობას, აგრეთვე, ამ თანხის იპოთეკარისადმი კუთვნილებას და დამატებით განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებებით, მათ შორის მხარეთა ახსნა-განმარტებებით, აგრეთვე, მოპასუხის მიერ შესაგებელში, სადავო თანხის ოდენობის შედავების გარეშე დატოვებით (ე.წ. არაკვალიფიციური შესაგებლის წარდგენით), მისივე ხელწერილით, რომლის მიხედვითაც თანხის პროცენტი მთლიანად იპოთეკარმა მიიღო და არა სხვა პირმა, ადასტურებს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას, ხოლო, ამ მტკიცებულებებისა და გარემოებების ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სათანადო შეფასება გამორიცხავს კასატორის საჩივრის დასაშვებად ცნობას.
12. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ლ. მიქაბერიძე