საქმე №ას-1300-2020 24 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე – ლ.რ–ი (მოსარჩელე)
კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,თ–ი" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება / გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „თ–ისა“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, პირველი აპელანტი ან პირველი კასატორი) და ლ.რ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული, მეორე აპელანტი ან მეორე კასატორი) საკასაციო საჩივრების პრეტენზიების მიხედვით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განჩინება, მხარეთა სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.
2. პირველი კასატორის პრეტენზიით, თავად სააპელაციო სასამართლო განმარტავდა გასაჩივრებულ განჩინებაში, რომ რეორგანიზაცია მართლზომიერად ჩატარდა, ვინაიდან, აღნიშნულის შედეგად, მხოლოდ მოსარჩელე არ გათავისუფლებულა.
3. გასათვალისწინებელი იყო, რომ მოსარჩელის გათავისუფლებამდე, რამდენიმე თვით ადრე, დამოუკიდებელი კონსულტანტის დასკვნის მიხედვით გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები და სამომვალო რისკების აღმოფხვრის მიზნით გაიცა რეორგანიზაციის ჩატარების შესახებ რეკომენდაცია. ამდენად, ამ მასშტაბით ცვლილებები არ განხორციელებულა იმ მიზნით, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულიყო.
4. დასაქმებულის განმარტებით, მის მიმართ საქმიანობის განმავლობაში არსებული გარკვეული უსიამოვნებების გამო, აგრეთვე დისკრიმინაციული ნიშნით მიმდინარეობდა შევიწროვება. კასატორის მტკიცებით, რეორგანიზაცია ფორმალური ხასიათის იყო, მის სამსახურს მხოლოდ სახელი შეეცვალა, ფუნქცურად იგივე დარჩა, ამასთან გაიზარდა შტატების რაოდენობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრები დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
7. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
8.1. მოსარჩელე 2000 წლის 10 აპრილიდან მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში სხვადასხვა თანამდებობებზე (ტ.1, ს.ფ. 30-40, 64).
8.2. მოსარჩელე, 2014 წლის 13 თებერვლიდან იყო გენერალური დირექტორის აპარატის ენერგოზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი და მისი ხელფასი (დარიცხული) შეადგენდა 2300 ლარს (ტ.1, ს.ფ. 21-28).
8.3. მოსარჩელე 2014 წლის 01 მაისიდან არის სამსახურის უფროსი და მისი ხელფასი (დარიცხული) შეადგენდა 3600 ლარს (ტ.1, ს.ფ. 29, 88, 89-98, 167).
8.4. 2014 წლის 04 აგვისტოს N311 ბრძანებით დამტკიცდა დებულება კომპანიის მუშაკთა შრომის ანაზღაურებისა და მატერიალური სტიმულირების შესახებ“. ამავე ბრძანებით განისაზღვრა მათი დარიცხვის წესი (ტ.1, ს.ფ. 232-286).
8.5. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა 2015 წლის 31 დეკემბრის N150 ოქმის თანახმად, მოიწონეს ამავე საზოგადოების ორგანიზაციული სტრუქტურა დანართი N1-ის თანახმად, ამავე ოქმით გენერალურ დირექტორს დაევალა უზრუნველეყო საზოგადოების ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის დამტკიცება 10 დღის განმავლობაში (ტ.1, ს.ფ. 161-162).
8.6. კომპანიის 2016 წლის 11 იანვრის N15 ბრძანების თანახმად, 2016 წლის 11 იანვრიდან 1 მარტის ჩათვლით პერიოდში უნდა ჩატარებულიყო რეორგანიზაცია, კერძოდ, 2016 წლის 11 იანვრიდან ძალაში შევიდა საზოგადოების ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა და ახალი საშტატო განრიგი. ამავე ბრძანებით განისაზღვრა, რომ 2016 წლის 10 თებერვლამდე ვადაში სხვა ვალდებულებებთან ერთად, ასევე უნდა უზრუნველყოფილიყო იმ მუშაკთა შეტყობინება, ვისი თანამდებობაც ექვემდებარებოდა შემცირებას (ტ.1, ს.ფ. 41-42).
8.7. კომპანიის 2016 წლის 12 თებერვლის შეტყობინებით მოსარჩელეს წერილობით ეცნობა, რომ საზოგადოებაში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მოპასუხის გენერალური დირექტორის 2016 წლის 11 იანვრის N15 ბრძანების საფუძველზე, მასთან წყდებოდა შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალების შემცირებას). ამავე შეტყობინებით, პირი მიიღებდა კომპენსაციას სშკ-ის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
8.8. დასახელებული შეტყობინება ადრესატს, 2016 წლის 29 თებერვალს ჩაბარდა (ტ.1,ს.ფ.50). მოსარჩელემ, იმავე დღეს გააპროტესტა კომპანიაში, აგრეთვე კომპანიის პროფკავშირის თავმჯდომარესთან, ასევე, მოითხოვა გათავისუფლების შესახებ ბრძანებისა და მისი საფუძვლების ჩაბარება (ტ.1,ს.ფ. 43-46, 53, 190).
8.9. კომპანიაში, 2016 წლის 28 იანვრის Nკ-64 ბრძანებით სტრუქტურული და საშტატო ცვლილებების შესახებ, შეიქმნა ენერგოზედამხედველობის განყოფილება წინამდებარე ბრძანების დანართი 1-ის თანახმად (ტ.1, ს.ფ. 120-121).
8.10. კომპანიის 2016 წლის 1 მარტის Nკ-173 ბრძანებით, 2016 წლის 4 მარტიდან გენერალური დირექტორის აპარატში გაუქმდა ენერგოზედამხედველობის სამსახურის უფროსის საშტატო ერთეული (ტ.1, ს.ფ. 122).
8.11. 2016 წლის 11 მარტის Nკ-202 ბრძანებით კი, 2016 წლის 14 მარტიდან გენერალური დირექტორის აპარატის ენერგოზედამხედველობის სამსახურში გაუქმდა ზედამხედველობის ჯგუფის უფროსის საშტატო ერთეული (ტ.1, ს.ფ. 123).
8.12. 2016 წლის 16 მარტის Nკ-223 ბრძანებით 2016 წლის 16 მარტიდან განხორციელდა შემდეგი ცვლილებები, გენერალური დირექტორის აპარატში გაუქმდა ენერგოზედამხედველობის სამსახურს დაქვემდებარებული სტრუქტურული და საშტატო ერთეულებით, ასევე კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოაღრიცხვისა და დანაკარგების ანალიზის სამსახურში გაუქმდა ქსელებისა და აღრიცხვის კვანძების ინსპექციის განყოფილება დაქვემდებარებული სტრუქტურული და საშტატო ერთეულებით (ტ.1, ს.ფ. 124).
8.13. 2016 წლის 13 აპრილის Nკ-297 ბრძანების მიხედვით, გენერალური დირექტორის აპარატის ენერგოზედამხედველობის განყოფილების დაბალი ძაბვის ქსელისა და აღრიცხვის კვანძების ენერგოზედამხედველობის ჯგუფში გაუქმდა შემდეგი საშტატო ერთეულები: 1 კატეგორიის ინჟინერ-ინსპექტორი ერთი საშტატო ერთეული, მე-2 კატეგორიის ინჟინერ-ინსპექტორის ერთი საშტატო ერთეული (ტ.1, ს.ფ. 125).
8.14. 2013 წლის 26 დეკემბრის კომპანიის წესდებით განსაზღვრულია ორგანიზაციის საქმიანობის მიზნები და სახეობები, საზოგადოების მმართველო ორგანოები, აქციები და სხვა ფასიანი ქაღალდები, აქციონერთა უფლებები და ვალდებულებები, დივიდენდები და ა.შ. (ტ.1, ს.ფ. 126-160).
8.15. 2015 წლის 25 თებერვლის N1010 ბრძანებით დამტკიცდა კომპანიის სტრუქტურული ქვეგანყოფილების დებულება (ტ.1, ს.ფ. 194-202).
8.16. „ა.დ–ის“ მიერ 2016 წლის 29 თებერვალს გაცემული ინფორმაციით დგინდება, რომ დასაქმებულმა საავადმყოფო ფურცელი გახსნა 2016 წლის 9 თებერვალს, რომელიც დაიხურა 2016 წლის 17 თებერვალს, ასევე მეორე საავადმყოფო ფურცელი გაიხსნა 2016 წლის 18 თებერვალს და დაიხურა 2016 წლის 26 თებერვალს. მანვე საავადმყოფო ფურცელი გახსნა სხვა კლინიკაში 2016 წლის 18 თებერვალს, რომელიც დაიხურა 2016 წლის 25 თებერვალს (ტ.1, ს.ფ. 170, 2016 წლის 18 თებერვლის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ტ.1, ს.ფ. 48, ცნობები ტ.1, ს.ფ. 287-288).
8.17. კომპანიის გენერალური დირექტორის 2016 წლის 1 მარტის Nკ-172-ე ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე 2016 წლის 4 მარტიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მიეცა კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით (იხ. ტ.1, ს. ფ. 51, 165-166, მხარეთა ახსნა-განმარტება).
8.18. კომპანიის ადმინისტრაციასა და საქართველოს მომსახურების სფეროს, ადგილობრივი და კომუნალური მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირს შორის 2008 წელს შედგა კოლექტიური შეთანხმება, რომლის საფუძველზეც პროფკავშირის ყველა წევრი, რომელიც შეთანხმების ხელმოწერის დღისთვის მუშაობს მოსარჩელე კომპანიაში ან გახდა მისი წევრი ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, არის კოლექტიური შეთანხმების სუბიექტი (1.2. პუნქტი). ადმინისტრაციამ წინასწარ უნდა შეათანხმოს პროფკავშირთან ორგანიზაციულ-სტრუქტურულ ცვლილებებთან, შრომის დაცვასთან, ეკონომიკური და სოციალური საკითხების მოწესრიგებასთან დაკავშირებული ბრძანებებისა და განკარგულებების პროექტები, ხოლო მათი დამტკიცების შემდეგ თითო ეგზემპლიარს გადაუგზავნის პროფკავშირს გამოცემიდან არაუგვაინეს ხუთი დღის განმავლობაში (1.3. პუნქტი). 1.4. პუნქტის თანახმად კი, ადმინისტრაციამ ორგანიზაციაში შრომის არსებითი პირობების (შრომის ანაზღაურების სისტემისა და ოდენობის, შეღავათების, მუშაობის რეჟიმის, არასრული სამუშაო დროის დაწყების ან გაუქმების) შეცვლის შესახებ უნდა აცნობოს პროფკავშირს არაუგვაინეს ერთი თვის განმავლობაში. 7.4. პუნქტის მიხედვით, სააქციო საზოგადოებაში წარმოქმნილ ვაკანსიებზე კადრების შერჩევისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს საზოგადოების თანამშრომლებს (ტ.1, ს.ფ. 65-74).
8.19. საქმეში წარმოდგენილი დასკვნით სამსახურებრივი მოკვლევის შედეგების შესახებ (01.09.2015წ.) დგინდება, რომ მოსარჩელემ შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა და სისტემაში არსებულ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით შედგა დასკვნა, რაზეც სხვა პირებთან ერთად აპელანტმაც მოაწერა ხელი (ტ.1, ს.ფ. 76-87).
9. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი შედეგის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 38.8 (იხ. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 48.8 მუხლი) „სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება“ (დამატ. იხ. სშკ-ის 2.1, 2.2 მუხლი), 44-ე (იხ. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 58-ე მუხლი) „შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ასევე, სსკ-ის 394.1 „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“ და 408.1-ე „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ მუხლები.
10. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ „შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას“ ქვეპუნქტი.
11. მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ორგანიზაციული ცვლილებები (რეორგანიზაცია) მხოლოდ მაშინ წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ არსებობს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა (შდრ. სუსგ №ას-1444-1364-2017, 9.03.2018).
12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებასა და მსჯელობას, კომპანიის ბრძანებით დგინდებოდა, რომ გაუქმდა არა მხოლოდ მოსარჩელის თანამდებობა, არამედ ასევე ზედამხედველობის ჯგუფის უფროსის საშტატო ერთეული (ტ.1,ს.ფ.123), ენერგოზედამხედველობის სამსახურს დაქვემდებარებული საშტატო ერთეულები, ქსელებისა და აღრიცხვის კვანძების ინსპექციის განყოფილებას დაქვემდებარებული საშტატო ერთეულები (ტ.1,ს.ფ.124), ასევე ენერგოზედამხედველობის ჯგუფში გაუქმდა პირველი კატეგორიის ინჟინერ-ინსპექტორის ერთი საშტატო ერთეული, მე-2 კატეგორიის ინჟინერ-ინსპექტორის ერთი საშტატო ერთეული (ტ.1, ს.ფ. 125). აღნიშნულით დგინდებოდა, რომ დამსაქმებელ კომპანიაში ნამდვილად ჩატარდა რეორგანიზაცია და აღნიშნული რეორგანიზაცია მხოლოდ მოსარჩელის საშტატო ერთეულის გაუქმებას არ ითვალისწინებდა. საქმეზე ასევე წარმოდგენილია მტკიცებულებები (ტ.2, ს.ფ. 25-64), რაც ადასტურებს ორგანიზაციაში უკვე ჩატარებულ თუ მიმდინარე რეორგანიზაციებს. კერძოდ, საქმეზე წარმოდგენილი 2014 წლის 13 თებერვლის Nკ-78 ბრძანება (ტ.1, ს.ფ. 203) და თანდართული საშტატო ერთეულების ნუსხა (ტ.1, ს.ფ. 204), 2013 წლის 6 დეკემბრის N398 ბრძანება (ტ.1, ს.ფ. 205-207), თანამშრომელთა მიმართ შეთავაზება შრომის პირობების გაუმჯობესების თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 208-209, 211-231) ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კომპანიამ 2016 წლამდეც განახორციელა გარკვეული სახის რეორგანიზაციები.
13. აღნიშნულთან ერთად, საკასაციო სასამართლო, პირველი კასატორის პრეტენზიების პასუხად განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან, რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას. საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში, საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა შტატები ფორმალურად არ შემცირდეს და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. ადმინისტრაციის მიერ ამგვარი ნების გამოვლენა, მიუხედავად იმისა, რა ფორმით არსებობს იგი (აქტი, ბრძანება, გარიგება), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დისპოზიციური შინაარსით (საჯარო წესრიგისა და ზნეობის წინააღმდეგობა), ბათილია და მას იურიდიულ შედეგს არ უკავშირებს. ამდენად, რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერად ჩატარებული, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის - რეორგანიზაციის საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს.
14. საკასაციო პალატა, შრომით დავებში, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციფიკურობის შესახებ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე მიუთითებს „საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც, ამახვილებს კასატორის ყურადღებას იმაზე, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტული ქმედებით გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზე, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა.“ (იხ. სუსგ. ას-1483-2019, 2019 წლის 19 დეკემბერი).
15. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად (იხ. შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 48.8 მუხლი), სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული ნორმის გამოყენების საკითხზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სხვა საქმეზე განმარტა შემდეგი: „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ Nას-951-901-2015, 29.01.2016წ.; N ას-931-881-2015., 29.01.2015წ). ამავე ნორმის მიხედვით, სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიზნებისთვის ტოლფასი სამუშაო ნიშნავს, როგორც ფუნქციური დატვირთვით, ისე შრომის ანაზღაურების მხრივ მსგავს თანამდებობას.
16. საკასაციო სასამართლო, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოკვლეულ და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ საფუძვლიანად ეთქვა მოსარჩელეს უარი თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში მოთხოვნაზე, ვინაიდან, მხარის მიერ წარმოდგენილი ვაკანტური თანამდებობების ნუსხიდან, არცერთი თანამდებობა, მოსარჩელის გათავისუფლებამდე მისი თანამდებობის მსგავსი არ ყოფილა, ამასთან, მოპასუხე კომპანია არ დაეთანხმა მოსარჩელის აღდგენას, ხოლო, თავად მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა იმავე ან ტოლფასი თანამდებობის, თუნდაც სხვა სახელწოდებით არსებობის ფაქტი.
17. ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა, მოსარჩელის თანამდებობა, რომლიდანაც ის გათავისუფლდა, ამასთან, ვერც სხვა, ისეთ თანამდებობაზე მიუთითა, რომელიც ფუნქციურად იდენტური იქნებოდა, ხოლო, რეორგანიზაციის ფარგლებში, მისი გათავისუფლება, კომპანიამ სათანადოდ ვერ დაასაბუთა, გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში, არსებული საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით, სასამართლოს დასაქმებულისთვის მხოლოდ კომპენსაციის მიცემის საშუალებას უტოვებდა, რაც მართებულად გამოიყენა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა (კომპენსაციის ოდენობაზე, იხ. ქვემორე პუნქტები) (შდრ. სუსგ. ას-637-637-2018, 2018 წლის 29 აგვისტო).
18. როდესაც უკანონოდ დათხოვნილი პირი შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და უფლებებში აღდგენას ითხოვს, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით, კერძოდ, თუ მოსარჩელის ინტერესი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მისი აღსრულების შესაძლებლობასა და მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების შესაძლებლობასა და ეფექტიანობაზე. შესაბამისად, თუ სასამართლომ დაადგინა, რომ გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, თუმცა უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, ხომ არ არის შესაძლებელი უფლებადარღვეული დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. ამ მიზნით, მან უნდა გამოიკვლიოს რა ადამიანურ რესურსს ფლობს დამსაქმებელი, რა ტოლფასი ვაკანტური პოზიციები აქვს მას, რა ფუნქციური მსგავსებაა პირვანდელ და ტოლფას თანამდებობებს შორის. იმავდროულად, სასამართლომ კვლევის შედეგები უნდა შეუსაბამოს უკანონოდ დათხოვნილი პირის ნებას, ინტერესსა და შესაძლებლობას, დაიკავოს კონკრეტული ტოლფასი თანამდებობა (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 270-272).
19. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში დაადგინა, რომ დამსაქმებლისთვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონით მინიჭებული უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (სსკ-ის 115-ე მუხლი) (იხ. სუსგ-ები №ას-1155-1086-2015, 2016 წლის 2 თებერვლის განჩინება; №ას-545-513-2012, 2012 წლის 5 ოქტომბრის განჩინება; № ას-549-517-2010, 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება, № ას-545-513-2012, 2012 წლის 5 ოქტომბრის განჩინება).
20. საკასაციო სასამართლო, კომპენსაციის გამოთვლის საკითხთან დაკავშირებით, კასატორის პრეტენზიის პასუხად დამატებით განმარტავს, რომ კანონმდებლობით, რაიმე მიდგომა, რაც წინასწარ განჭვრეტადს გახდის, საქმეზე, სამომავლოდ მისაცემი კომპენსაციის, ოდენობას, არ არის დადგენილი, არც რაიმე მეთოდია შემუშავებული, თუ რა გარემოებებისას, რა სახით უნდა მოხდეს გასაცემი კომპენსაციის გამოთვლა.
21. არც მოქმედი შრომის კოდექსი და არც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას და/ან მისი გამოანგარიშების წესს. სხვადასხვა ქვეყნების სასამართლო პრაქტიკის განზოგადება კი იძლევა კომპენსაციის გამოთვლის შესაძლებლობას შემდეგი კრიტერიუმებით: კომპანიის ლიკვიდურობა; პირის შანსები შრომის ბაზარზე; პირის სოციალური მდგომარეობა; დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა; პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში; სამუშაო სტაჟი; დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა; პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან.
22. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გონივრული ოდენობაა განსაზღვრული კომპენსაციად მოსარჩელის სასარგებლოდ. დადგენილია, რომ სამსახურიდან გათავისუფლებისთანავე მოსარჩელემ ორი თვის ოდენობით ხელფასი მიიღო კომპენსაციის სახით, ამასთან, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში, გარდა მიღებული კომპენსაციისა, მოპასუხეს, ხელზე ასაღები 27 360 ლარი დააკისრეს, რაც არსებული პრაქტიკისა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით გონივრული და სამართლიანია.
23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ.რ–ისა და სს „თ–ის“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ლ.რ–ს (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №669, გადახდის თარიღი 2020 წლის 20 ოქტომბერი), 300 ლარის 70% - 210 ლარი;
3. სს „თ–ს“ (...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №122957, გადახდის თარიღი 2020 წლის 8 დეკემბერი), 1 368 ლარის 70% - 957.6 ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე