Facebook Twitter

საქმე №ას-1363-2020 1 დეკემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „პ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ე.ს–ა, თ.გ–ა, ნ.გ–ა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2010 წლის 20 მაისს სს „პ.ბ–სა“ (შემდგომში „ბანკი“, „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და ე.ს–ას (შემდგომში „მსესხებელი“ „მოვალე“ ან „მოპასუხე“) შორის გაფორმდა N11.1.17340 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“ ან „საკრედიტო ხელშეკრულება“). კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 17 350 ლარით, კრედიტის ხანგრძლივობა - 60 თვით, ხოლო წლიური საპროცენტო განაკვეთი - 28%-ით. კრედიტი და მასზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი უნდა გადახდილიყო არაუგვიანეს 2015 წლის 18 მაისისა.

2. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, 2010 წლის 20 მაისს ბანკსა და თ.გ–ას (შემდგომში „მოპასუხე“ ან „თავდები პირი“) შორის გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ N11.1.17340 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულება სოლიდარულად იკისრა თავდებმა პირმა და ბანკს მიეცა უფლება კონტრაჰენტისთვის მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებების შესრულების მოთხოვნა, მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე წაეყენებინა.

3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, 2010 წლის 14 მაისს ბანკსა და ე.გ–ას (როგორც ნ.გ–ას (შემდგომში „მოპასუხე“) მინდობილ პირს) შორის დაიდო N11.1.17340 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, იპოთეკით დაიტვირთა ქ. სენაკში, ....... მდებარე, ნ.გ–ას კუთვნილი უძრავი ქონება (ს/კ ......). ხელშეკრულების 5.6. პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად საკმარისი არ იქნებოდა ან/და იპოთეკის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში, იპოთეკის საგნის ღირებულება საკრედიტო მოთხოვნის ოდენობას მთლიანად არ დაფარავდა, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში ჩაითვლებოდა, რასაც იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა ან მისი ღირებულება გასწვდებოდა.

4. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით, ბოლო გადახდა, 198 ლარი განხორციელდა ხელშეკრულების მოქმედების გასვლის შემდგომ, 2015 წლის 2 სექტემბერს.

5. 2015 წლის 26 ნოემბერს ბანკის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, მსესხებელს აღნიშნული დროისთვის გადახდილი ჰქონდა 19 292.62 ლარი (მათ შორის, ძირითადი თანხა - 6060.40 ლარი, ხოლო საპროცენტო სარგებელი 13 232. 29 ლარი).

6. 2013 წლის 31 ოქტომბერს ბანკისთვის გაგზავნილი წერილით მესამე პირმა, კ.გ–ამ გამოთქვა მზადყოფნა მის კუთვნილ ანგარიშზე არსებული თანხა გამოყენებულიყო ბანკის მიმართ მსესხებლის დავალიანების დასაფარად.

7. მოსარჩელის მოთხოვნა

7.1. ბანკმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მსესხებლის, თავდები პირისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრის მიმართ და მოითხოვა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, 13 057.59 ლარის მოპასუხეებისთვის სოლიდარულად დაკისრება, ასევე დავალიანების დაფარვის მიზნით ბანკის მიერ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

8. მოპასუხეების პოზიცია

7.1. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

8. შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია

8.1. სარჩელზე შეგებებული სარჩელი წარადგინა მოპასუხე ნ.გ–ამ და აღნიშნა, რომ ვინაიდან ხანდაზმულია და აღარ არსებობს ძირითადი მოთხოვნა, რასაც უზრუნველყოფდა მისი კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, იურიდიული ძალის არმქონეა და უნდა გაუქმდეს იპოთეკაც.

9. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბანკის სასარგებლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკა და იპოთეკისგან გათავისუფლდა ნ.გ–ას კუთვნილი უძრავი ქონება (მდებარე, ქ. სენაკი, ........, ს/კ .........).

10. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

10.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

11.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები,

14.1. სააპელაციო პალატამ იხელმძღავნელა სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე მუხლებით, ასევე მიუთითა უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე დადგენილ პრაქტიკაზე (საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადის განსაზღვრის შესახებ) და აღნიშნა, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისთვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან დაიწყება.

14.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც საქმის მასალებით დგინდება, საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო 2010 წლის 20 მაისს და კრედიტი უნდა დაფარულიყო არაუგვიანეს 2015 წლის 18 მაისისა. ხოლო ვინაიდან საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები დაირღვა 2012 წლის 18 დეკემბრიდან (სესხის თანხის ვადაგადაცილება დაფიქსირებულია სწორედ ამ დროიდან), ხოლო ხელშეკრულების ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 2015 წლის 18 მაისი, მომდევნო დღიდან, ანუ 2015 წლის 19 მაისიდან უნდა ათვლილიყო ამ დროისთვის გადასახდელი თანხის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაც, რომელიც ამოიწურა 2018 წლის 19 მაისს. სასამართლოს მოსაზრებით, ამ დროისთვის ასევე ამოწურული იყო 2015 წლის 19 მაისამდე წარმოშობილი ვალდებულების ხანდაზმულობის ვადაც, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ წინამდებარე სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2018 წლის 16 ივლისს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილდა იგი მოთხოვნის ხანდაზმულობის მოტივით.

14.3. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივარში გაჟღერებული არგუმენტი იმის შესახებ, რომ ვინაიდან 2013 წლის 13 ოქტომბერს კ.გ–ამ მსესხებლის მიერ გადასახდელი თანხის საკუთარ ანგარიშზე არსებული თანხიდან გადახდის თაობაზე განცხადება წარადგინა ბანკში, აღნიშნული ხანდაზმულობის ვადის თავიდან ათვლას უნდა დადებოდა საფუძვლად.

14.4. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 137-ე, 141-ე მუხლებით, მიუთითა მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების პროცესუალურ წესზეც და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხანდაზმულობის შეწყვეტის ფაქტი მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა, ხოლო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით არ დგინდება (თუნდაც ირიბად) მოვალის ნება გადაეხადა ხანდაზმული ვალი, მხოლოდ მესამე პირის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებით მოვალის ქმედების განზრახვა ვერ დადგინდებოდა და მოწმის ჩვენება მსესხებლის ნების გამოხატვად ვერ დაკვალიფიცირდებოდა.

15. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 აპრილის განჩნება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

15.2. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლები და ბანკის მიერ წარდგენილი სარჩელი არასწორად მიიჩნია ხანდაზმულად. ხანდაზმულობის სამ-წლიანი ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო სესხის ხელშეკრულების გრაფიკის დარღვევიდან და არა გრაფიკით განსაზღვრული ბოლო გადახდიდან, როგორც ამაზე სასამართლო მიუთითებს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სესხზე ხორციელდებოდა შენატანები და დავალიანების დაფარვის მიზნით ბოლო გადახდა (198 ლარი) 2015 წლის 2 სექტემბერს განხორციელდა, სსკ 137-ე მუხლის განმარტებისა და დადგენილი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, მოვალეს მიეცა დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენაც მითითებული დროიდან უნდა დაწყებულიყო. ამრიგად, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ გარდა მესამე პირის ახსნა-განმარტებისა, საქმეში არ მოიპოვა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მოვალის ნება გადაეხადა ხანდაზმული ვალი. ამასთან, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო საქმეში წარდგენილი კ.გ–ას განცხადების შინაარსიც, რომელშიც აშკარად გამოხატულია პირის ნება, თავისი ანგარიშიდან გადაეხადა ბაკის მიმართ არსებული მსესხებლის საკრედიტო დავალიანება.

16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

16.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

19. კასატორის საკასაციო პრეტენზია უმთავრესად აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს სხვადასხვა ტიპის ვადებს. მათ შორისაა სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომლებიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობს უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობა არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში (იხ. სუსგ №ას-266-254-2013, 25 დეკემბერი, 2013 წელი).

21. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ გარანტიად. გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 21).

22. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

23. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (სუსგსაქმე №ას-868-830-2014 19.03.2015წ.).

24. თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (სუსგ საქმე №ას-599-562-20101.12.2010წ.).

25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი).

26. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოსათვლელად უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

27. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს ბანკისათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა (სსკ-ის 873-ე მუხლი). შესაბამისად, მითითებული გარიგება წარმოშობს სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს (სუსგ საქმე №ას-1432-1351-2012 20.05.2013წ., საქმე №ას-934-899-2016 14.02.2017წ.) და ხანდაზმულობის ვადის გამოთვლაც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით უნდა მოხდეს.

28. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა მოთხოვნა სადავოდ გახადეს ხანდაზმულობაზე მითითებით, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ შესაგებელს და ასეთ დროს, მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ არ არსებობს ამ ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობები (მან უნდა ამტკიცოს ხანდაზმულობის ვადის შეჩერება, შეწყვეტა და სხვა). კასატორი ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტაზე მიუთითებს და აღნიშნულ გარემოებას იმ ფაქტებზე მითითებით ასაბუთებს, რომ ვინაიდან ბოლო გადახდა ბანკში განხორციელებულია 2015 წლის 2 სექტემბერს, ვალდებულების შესრულების მოთხოვნით სარჩელის წარდგენის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლაც ამ თარიღიდან უნდა დაიწყოს. ამასთან, საკასაციო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარდგენილ 2013 წლის 31 ოქტომბრის განცხადების შინაარსზეც და ამტკიცებს, რომ მითითებულ განცხადებაში გამოხატულია განმცხადებლის (მესამე პირის) ნება, თავისი ანგარიშიდან გადაიხადოს ბანკის მიმართ არსებული მსესხებლის საკრედიტო დავალიანება.

29. საკასაციო სასამართლო, კასატორის აღნიშნული პრეტენზიების შემოწმების მიზნით, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელესა და მსესხებელს შორის 2010 წლის 20 მაისს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ვადა იწურებოდა 2015 წლის 18 მაისს. მსესხებელს ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის გადახდა ევალებოდა ყოველთვიურად. სადავო არ არის, რომ 2010 წლის მაისიდან 2012 წლის 18 დეკემბრამდე მოვალე ასრულებდა საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, ხოლო 2012 წლის დეკემბრიდან სესხის გრაფიკით განსაზღვრული თანხა მას აღარ გადაუხდია. 2013 წლის 31 ოქტომბერს მესამე პირმა, კ.გ–ამ განცხადებით მიმართა ბანკს და გამოთქვა მზადყოფნა მის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხები გამოყენებულიყო მსესხებლის საკრედიტო დავალიანების დასაფარად (იხ. ტ. 1. ს.ფ 200). ბოლო გადახდა (198 ლარის ოდენობით) სწორედ აღნიშნული ანგარიშიდან განხორციელდა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ, 2015 წლის 2 სექტემბერს.

30. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა ის გარემოება, მიიჩნევა თუ არა კრედიტორის წინაშე სასესხო ვალდებულების შესრულებად (მოვალის მიერ ვალდებულების აღიარებად) 2015 წლის 2 სექტემბრის გადახდა, რაც, კასატორის მოსაზრებით, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს ქმნის. ამასთან, სადავოა ისიც, მიჩნეული უნდა იქნას თუ არა მესამე პირის მიერ განცხადებით გამოხატული ნება მოვალის მიერ ბანკის წინაშე არსებული ვალდებულების აღიარებად და აღნიშნული ვალდებულების შესრულების თაობაზე მოვალის მზაობის დამადასტურებელ გარემოებად.

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ვალდებულების სხვაგვარად აღიარების საკითხი შეფასებითი კატეგორიაა და კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა სრული ანალიზით უნდა დადგინდეს. მოვალის ასეთ ქმედებად - სხვაგვარ აღიარებად უნდა ჩაითვალოს მოვალის ისეთი ქმედება, რომელშიც აშკარად გამოკვეთილია პირის ნება ვალდებულების არსებობასთან მიმართებით (იხ. სუსგ №ას-330-733-06, 19 დეკემბერი, 2006 წელი). მოვალის ქმედებიდან, რომელიც კრედიტორის მიმართ არსებული დავალიანების შესრულებას ეხება, ნათლად და არაორაზროვნად უნდა დგინდებოდეს მოვალის მხრიდან ვალდებულების აღიარება და მოვალის მზაობა აღნიშნული ვალდებულების შესრულების თაობაზე.

32. ზემოაღნიშნული განმარტებებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი შეფასებით, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო წერილით ნათლად და არაორაზროვნად არ ირკვევა, უფრო მეტიც, საერთოდ არ დგინდება თავად მოვალის ნება, მესამე პირს (კ.გ–ას) გადაეხადა ბანკის მიმართ არსებული მისი დავალიანება, მითუფრო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად დაასკვნა, რომ მითითებული განცხადება და მის საფუძველზე ხანდაზმული ვალის გადახდა ვერ მიიჩნეოდა მსესხებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად და იგი საფუძვლად ვერ დადებოდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის თავიდან ათვლას.

33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა საკრედიტოსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის მარეგულირებელი შესაბამისი ნორმები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

34. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 652.88 ლარის 70% - 457.016 ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „პ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. სს „პ.ბ–ს“ (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №526257211, გადახდის თარიღი 2020 წლის 1 ივლისი), 652.88 ლარის 70% - 457.016 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე