საქმე № ას-1182-2020 13 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.მ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ.მ–ის (შემდგომში: მოსარჩელე, მეორე აპელანტი ან საკასაციო საჩივრის მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1.1. მოსარჩელია სასარგებლოდ შპს ,,ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო, პირველი აპელანტი ან კასატორი) 20 000 ლარი დაეკისრა.
2. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ერთი მხრივ, შპს ,,ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–მა’’, ხოლო, მეორე მხრივ, დ.მ–მა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელის კუთვნილი სახლი დაზიანებულია და ის გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით.
3.2. მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.17-29), რომლის თანახმად, დ.მ–ის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია საძირკვლების ჯდენითი დეფორმაციებით და ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სახვადასხვა ინტენსიობის მიწისძვრებით. შენობის კედლებზე არსებული ბზარების მდებარეობა, სხვადასხვა მიმართულება მიუთითებს იმაზე, რომ ისინი გამოწვეულია სოფელ ...... რკინიგზის N9 გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, რამაც სუსტ გრუნტებში განავითარა ჯდენითი დეფორმაციები, რასაც შედეგად მოჰყვა შენობაში ბზარების გაჩენა. დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები მესამე ხარისხისაა, რომლის საექსპლუატაციო მედეგობა საგრძნობლად დაქვეითებულია. მისი ტექნიკური მდგომარეობა ფასდება არადამაკმაყოფილებლად და ექვემდებარება კაპიტალურ გამაგრებას დეტალური გამოკვლევის საფუძველზე დამუშავებული პროექტით.
3.3. მოპასუხე მხარემ წარმოადგინა აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ე–ის" და შპს ,,ა-ს-ც–ის" დასკვნები. ,,ე–ის" დასკვნის თანახმად, მოსარჩელის სახლი აფეთქების ზემოქმედების ზონაში არ მდებარეობს და შესაბამისად, მისი დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად.
3.4. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხაა 24 463 ლარი და 54 თეთრი; მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შპს ,,ა-ს-ც–ის" დასკვნაში აღნიშნულია, რომ სახლზე არსებული დაზიანებების აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებაა 4 557 ლარი;
4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები, ძირითადად, გამოწვეულია შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ მიერ N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოებით.
სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ უძრავი ნივთი, მდებარე ხაშურის რაიონი, სოფელი ......, 1234.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ს/კ ......, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღრიცხულია დ.მ–ის სახელზე (ტ.1; ს.ფ.15) .
5. სააპელაციო პალატა, საქმეში არსებული მტკიცებულებების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე შეფასებით, დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები, ძირითადად, გამოწვეულია შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ მიერ N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოებით.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 14 თებერვლის N000344319 დასკვნის (ექსპერტიზის კვლევის საგანი იყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა დაზიანებების გამომწვევი მიზეზები, კერძოდ, დაზიანებები გამოწვეული იყო თუ არა გვირაბის სამშენებლო სამუშაოებით) თანახმად, ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მდებარე მოქ. დ.მ–ის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია საძირკვლების ჯდენითი დეფორმაციებით და ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრებით. შენობის კედლებზე არსებული ბზარების მდებარეობა, სხვადასხვა მიმართულება (ვერტიკალური, ჰორიზონტალური, დახრილი,) მიუთითებს იმაზე, რომ ისინი გამოწვეულია სოფ. ...... საქართველოს რკინიგზის №9 გვირაბის მშენებლობის პროცესში, მარავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, რამაც სუსტ გრუნტებში განავითარა ჯდენითი დეფორმაციები, რასაც შესაბამისად მოჰყვა შენობაში ბზარების გაჩენა. დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები მესამე ხარისხისაა, რომლის საექსპლუატაციო მედეგობა საგრძნობლად დაქვეითებულია. მისი ტექნიკური მდგომარეობა ფასდება არადამაკმაყოფილებლად და ექვემდებარება კაპიტალურ გამაგრებას დეტალური გამოკვლევის საფუძველზე დამუშავებული პროექტით."
5.1. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილზე, რომლის თანახმად, სახლი აშენებულია გასული საუკუნის 60-იან წლებში. მოგვიანებით შენობას უკანა ფასადის მხრიდან მიუშენდა ერთი სართული სარდაფით. ძირითადი ნაწილის კედელსა და მიშენებული კედლის შეერთება შესრულებულია სამშენებლო ნორმების დარღვევით. ორივე ტორსული კედლის მთელ სიმაღლეზე გაჩენილია დიდი გახსნილობის ვერტიკალური ბზარი. მარჯვენა გვერდით ფასადზე მოწყობილი არ არის სარინელის სისტემა, რის გამოც წლების განმავლობაში ატმოსფერული ნალექები ჩაედინება გრუნტში, რაც იწვევს საძირკვლის ქვეშ გრუნტის გაწყლიანებას. ცოკოლის დონეში კედელი დანესტიანებულია, მოკიდებული აქვს ხავსი. ამავე ფასადზე ფიქსირდება ვერტიკალური ბზარი გახსნილობით 2-10 მმ. ცოკოლის სართულზე იატაკი დასველებულია. აქვე კედელი დანესტიანებულია. უკანა ფასადზე ცოკოლის ბეტონი და იატაკი დაზიანებულია. აივნის ბეტონის ფილა დაცილებულია კედელს. ფასადის მხარეს შესასვლელი ოთახის კედლებში გაჩენილია სხვადასხვა მიმართულებით დიდი გახსნილობის ბზარები. ანალოგიურ მდგომარეობაშია შიდა ოთახები. სახურავიდან ჩამონადენი წყლისაგან დაზიანებულია ჭერის კონსტრუქცია. დასკვნის თანახმად, შენობას დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით აღენიშნება მესამე ხარისხის დაზიანება. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში ექსპერტი აღნიშნავს, რომ საკვლევი შენობის ტექნიკური მდგომარეობა, ექსპერტის განმარტებით 2012 წლამდე მისთვის უცნობია. თუმცა აღნიშნავს, რომ 2012 წლის 12 სექტემბერს ბიუროს სპეციალისტების მიერ შემოწმდა ...... საცხოვრებელი სახლები და გაცემულ №032501-2012/03/2 დასკვნაში აღინიშნა, რომ შენობებში დაფიქსირებული დაზიანებები და ბზარები ძირითადად გამოწვეულია რკინიგზის №9 გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული აფეთქებებით. ,,მშენებლობის პროცესში მრავალჯერადმა აფეთქებებმა სუსტ გრუნტებში განავითარა ჯდენითი დეფორმაციები, რასაც შესაბამისად მოჰყვა საცხოვრებელი სახლების დაზიანება“. ექსპერტი განმარტავს, რომ სწორედ ამ დინამიურმა დატვირთვებმა გამოიწვია ზემოთ აღნიშნული საცხოვრებველი სახლის კედლებში ბზარების გაჩენა.
5.2 საექსპერტო კვლევა ჩატარებული აქვს ექსპერტ ა.გ–ას - კ.ზ–ის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ც–ის (დეპარტამენტის) სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის სამმართველოს ექსპერტს, სპეციალობით მუშაობის 46 წლის სტაჟით (ტომი 1; ს.ფ. 17- 29).
6. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებს დაზიანებების გამომწვევ უშუალო მიზეზზე, კერძოდ, აღნიშნავს, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის კედლებზე ბზარების წარმოქმნა, ძირითადად, გამოწვეულია N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად, მარავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, რამაც სუსტ გრუნტებში განავითარა ჯდენითი დეფორმაციები. ამავე დროს, აღნიშნავს, რომ დაზიანებები გამოწვეულია ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრებით.
7. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საპირწონედ, მოპასუხემ რაიონულ სასამართლოში წარადგინა კომპანია ,,ე–ის“ მიერ გაცემული დასკვნები, ასევე, შპს ,,ა-ს-ც–ის" 2019 წლის 03 ოქტომბრის N05/139 დასკვნა. მოპასუხის ( პირველი აპელანტის) განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულებებით გამოირიცხება მისი ბრალი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სახლის დაზიანებაში.
8. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კომპანია ,,ე–ის“ დასკვნები ვერ აქარწყლებს სსიპ ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებულ ზემოთ აღნიშნულ დასკვნას. კერძოდ, კომპანია ,,ე–ის“ მიერ გაცემული დასკვნა „აფეთქებადი ვიბრაციის მონცემების შეფასება სოფელ ...... მდებარე მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამშენებლო ობიექტისათვის“ (EXORIXI S.A.) ზოგადი ხასიათისაა. აღნიშნული დასკვნით შეფასდა აფეთქებების ზემოქმედების ზონა და გვირაბის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი შენობებისათვის. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული დასკვნებით არ მომხდარა კონკრეტული შენობა-ნაგებობების კვლევა, არ შესწავლილა მოსარჩელე მხარის კუთვნილი შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, არ განხორციელებულა მასზე ფაქტობრივი ზემოქმედების დაკვირვება, მისი ხანგრძლივობის შესწავლა და რაც მთავარია, შენობა ნაგებობების მდგომარეობის, კერძოდ, მათი სეისმომედეგობის გათვალისწინებით, დამდგარ ზიანთან აფეთქებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა.
9. ამასთან, როგორც სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ,,ე–ის“ დასკვნის შინაარსიდან ირკვევა, რომ დასკვნა შეეხება ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთების გამოკვლევის შედეგად. მოპასუხის მითითება მასზედ, რომ კომპანია "ე–ის" დასკვნით აფეთქებები წარმოებდა დაშვებული ნორმების ფარგლებში, რასაც არ შეეძლო გამოეწვია სახლების დაზიანება - ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან, ეს აფეთქებები იყო მრავალჯერადი სიხშირის და არა ერთჯერადი, რაც იწვევდა ნიადაგის ჯდენითი პროცესების პროვოცირებას, შესაბამისად, დაზიანებების წარმოშობას. ამასთან, კომპანიის დასკვნის თანახმად, სადავო სახლი მდებარეობს N9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს. დახრილი მანძილი გვირაბის ღერძის უახლოეს წერტილსა და საცხოვრებელ სახლს შორის არის 208 მეტრი, ხოლო ჰორიზონტალური მანძილი არის 201 მეტრი ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან სახლამდე. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული არ აქარწყლებს კონკრეტული სახლის ადგილზე დათვალიერების და დაზიანებების შესწავლის საფუძველზე შედგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცალსახა დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელეების სახლის კედლებზე ბზარების წარმოქმნა, ძირითადად, გამოწვეულია N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული სამუშაოებით.
10. პალატა აღნიშნავს, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ქვიშხეთის ტერიტორიაზე N9 სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის აფეთქებები დაიწყო 2012 წლის ივლისიდან, „ე–ის“ დასკვნა კი ასახავს აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგის მიმდინარეობას მხოლოდ 09.10.2012 წლიდან.
10.1. ამდენად, საქმის მასალებში არ მოიპოვება ინფორმაცია, თუ რა სიხშირის და რა სიმძლავრის აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა 2012 წლის ივლისიდან - 2012 წლის 09 ოქტომბრის ჩათვლით. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მეორე დასკვნას (27.08.2019 წ), როგორც მასშია აღნიშნული, შედგენილია სამთო-სამონტაჟო-აფეთქებადი საქმის საკონსულტაციო და საინჟინრო მომსახურების კომპანია ,,ე–ის" 2017 წლის ივლისში შედგენილ დასკვნის ანგარიშებზე დაყრდნობით. ასევე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილებით, ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა. არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი. ამდენად, მოპასუხე ორგანიზაციას, ვიდრე მსგავსი მასშტაბის მშენებლობას დაიწყებდა, უნდა გამოეკვლია რისკის ზონაში მყოფი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების მდგომარეობა, რათა შემდგომ მარტივად ყოფილიყო აღქმადი, თუ რა დაზიანებები გამოიწვია წარმოებულმა მშენებლობამ, ან საერთოდ გამოიწვია თუ არა ის, საქმის მასალებით კი მსგავსი კვლევის ჩატარება არ დასტურდება; აღნიშნული მოპასუხის მტკიცების ტვირთზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და წარმოდგენილი ზოგადი ხასიათის დასკვნით შევსებული ვერ იქნება.
11. რაც შეეხება ,,ა-ს-ც–ის" დასკვნას, აღნიშნულით დგინდება, რომ ექსპერტიზა ჩატარდა მოსარჩელის სახლის დაზიანებების შესწავლის, მათი წარმოშობის მიზეზების და შესაძლო სეისმური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის აღდგენითი ღირებულების განსაზღვრის მიზნით. შინაარსის მიხედვით, ამ დასკვნით რევიზია გაუკეთდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას და მასში აღნიშნულია, რომ სახლზე დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია ატმოსფერული ნალექებით, ასაკობრივი ცვეთით, საძირკვლის ჯდენითი დეფორმაციებით და ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სახვადასხვა ინტენსიობის მიწისძვრებით, მაგრამ პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრა, თუ რომელი დაზიანება რა მოვლენის შედეგად არის გამოწვეული, შეუძლებელია. ამდენად, ,,ა-ს-ც–ის" დასკვნა მიუთითებს უძრავი ნივთის დაზიანების რამოდენიმე სავარაუდო მიზეზზე.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული გარემოების (მოპასუხის ქმედებით ზიანის მიყენების ფაქტი) დასადასტურებლად სასამართლოში წარადგინა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები, მოპასუხე მხარემ კი სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეძლო ამ დასკვნებით დადგენილი ფაქტების უარყოფა (სსკ-ის მე-4, 102-ე მუხლები).
13. საქმის მასალებით დადგენილია, რომ რაიონულმა სასამართლომ ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი 20 000 ლარით განსაზღვრა, რასაც არ დაეთანხმა არცერთი მხარე.
13.1. ზიანოს ოდენობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ზიანის ოდენობის განსაზღვრა მხოლოდ აღდგენა გაძლიერების პროექტის მიხედვით, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის შედგენის შემდეგ, არის შესაძლებელი. ამ მიზნით მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა ინდ. მეწარმე „ზ.გ–ძის“ მიერ განხორციელებული სადავო საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დ.მ–ის სახლის სარეაბილიტაციო ხარჯად მითითებულია 24 463;54 ლარი.
13.2. სააპელაციო სასამართლო უთითებს რაიონული სასამართლოს მსჯელობაზე, სადაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მოახდინა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი დაზიანებების, საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მითითებულ დაზიანებებთან შედარება, და დაასკვნა, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა, რაც მოსარჩელეს უნდა მიკუთვნებოდა, უნდა შემცირებულიყო 20 000 ლარამდე.
13.3. პალატა, ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რაიონული სასამართლოს მიერ ზიანის ოდენობა თანაბრალეულობის პრინციპის გათვალისწინებით დაანგარიშდა. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში მიღებულია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში მითითებული იყო ზიანის გამომწვევ სხვა მიზეზზეც (სხვადასხვა ინტენსიობის მიწისძვრები, დამხმარე ნაგებობაზე სამშენებლო ნორმების დარღვევა), ამასთან, ამავე დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეთა სახლის კედლებზე არსებული ბზარების წარმოქმნა ძირითადად გამოწვეულია N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც საინჟინრო დასკვნის თანახმად მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოიწვია ორმა მიზეზმა, რომელიც მხოლოდ ერთი შეიძლება შეერაცხოს ბრალად მოპასუხე მხარეს, ამასთან, დადგენილი არ არის თითოეული ფაქტორის პროპორცია დამდგარ ზიანში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად მოხდა მოპასუხის მიერ მოსარჩელესათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა 20 000 ლარით. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ,,ა-ს-ც–ის" დასკვნას, იგი ზუსტად არ ასახავს მოსარჩელის სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო ხარჯებს. ამასთან, აღნიშნული დასკვნა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიუთითებს, რომ ი/მ ზ.გ–ძის მიერ გაზრდილია შესასრულებელი სამუშაოები და მათი მოცულობები, რითაც გაზრდილია საშენი მასალებისა და შრომითი რესურსების ოდენობა. დასკვნა არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, თუ რატომ არ გამომდინარეობს ი/მ ზ. გ–ძის დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნიდან და მასში მითითებული სამუშაოების შესრულების აუცილებლობა, რატომ არ არსებობს. ამდენად, ,,ა-ს-ც–ის" დასკვნა ზუსტად არ ასახავს მოსარჩელის სახლის რეაბილიტაციისათვის საჭირო ხარჯებს.
14. მოპასუხის (საწარმოს) საკასაციო საჩივარი
14.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
14.2 კასატორის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტი თვითონვე მიუთითებს დაზიანების ორ მიზეზზე, როგორიცაა საძირკვლების ჯდენითი დეფორმაციები და მიწისძვრები, ექსპერტი რატომღაც კედლებზე წარმოქმნილ ბზარებს მიაწერს მხოლოდ აფეთქებებს, მაშინ როცა, მიწისძვრებსაც შეეძლოთ გამოეწვიათ როგორც ჯდენითი დეფორმაციები, ისე კედლებზე ანალოგიური ბზარების წარმოქმნა, რასაც არც სასამართლო არ აქცევს ყურადღებას და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აკისრებს მოპასუხეს 20 000 ლარის გადახდას. თუმცა, მსგავს შემთხვევასი, თუ კი სასამართლო დაადგენდა, რომ ორივე მიზეზი არსებობდა, შუაზე უნდა გაეყო ზიანის თანხა.
14.3 კასატორის მითითებით, მოსარჩელე მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ 2012 წელს სადავო ქონება შემოწმებული იყო სამხარაულის ბიუროს სპეციალისტების მიერ. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით არ დგინდება მიზეზობრივი კავშირის არსებობა სარკინიგზო გვირაბის მშნებლობისას წარმოებულ აფეთქებებსა და მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებულ დაზიანებებს შორის, ასევე არ დგინდება მოპასუხე კომპანიის ბრალეული ქმედებით ზიანის მიყენების ფაქტი.
15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
15.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2020 წლის 17 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მხარეთა საკასაციო განაცხადები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არ აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ, სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზიები (შედავება).
18. მოპასუხის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ მის მიერ განხორციელებულ აფეთქებით სამუშაოებს არ გამოუწვევია მოსარჩელეთა კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანება, შესაბამისად, კასატორი სადავოდ ხდის მიზეზობრივ კავშირს მის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - მოსარჩელეთა უძრავი ქონების დაზიანებას შორის. ამავდროულად, მოპასუხე აპელირებს ზიანის თანხის ოდენობაზეც და აღნიშნავს, რომ რადგან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავის ქონების დაზიანება, ექსპერტის დასკვნის შესაბამისად, შესაძლოა გამოეწვია ორ გარემოებას, ამიტომ დაკისრებული თანხა შეუსაბამოა და უნდა განახევრდეს. საკასაციო სასამართლო, კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას დაუსაბუთებლად მიიჩნევს და მიუთითებს შემდეგზე:
19. სსკ-ის 992-ე მუხლის მიხედვით, განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (შეად. სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018);
20. მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატის ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე, რომლის თაობაზეც ვრცლად იმსჯელა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულება, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. მეტიც, სააპელაციო სასამართლომ სავსებით დასაბუთებულად გაამახვილა ყურადღება მხარეთა მტკიცების ტვირთზე, რადგან საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
21. საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შინაარსზე, კერძოდ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის (ს.ფ.17-29) თანახმად, დ.მ–ის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია საძირკვლების ჯდენითი დეფორმაციებით და ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სახვადასხვა ინტენსიობის მიწისძვრებით. შენობის კედლებზე არსებული ბზარების მდებარეობა, სხვადასხვა მიმართულება მიუთითებს იმაზე, რომ ისინი გამოწვეულია სოფელ ...... რკინიგზის N9 გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, რამაც სუსტ გრუნტებში განავითარა ჯდენითი დეფორმაციები, რასაც შედეგად მოჰყვა შენობაში ბზარების გაჩენა. დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები მესამე ხარისხისაა, რომლის საექსპლუატაციო მედეგობა საგრძნობლად დაქვეითებულია. მისი ტექნიკური მდგომარეობა ფასდება არადამაკმაყოფილებლად და ექვემდებარება კაპიტალურ გამაგრებას დეტალური გამოკვლევის საფუძველზე დამუშავებული პროექტით.
22. ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეთა კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანებაში ბრალი მოპასუხეს მიუძღვის, ამასთან, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ ზიანის ოდენობის განსაზღვრის დროს მართებულად იხელმძღვანელა სსკ-ის 415-ე მუხლით.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა (ტ. 2, ს.ფ. 12-27) მიუთითებს დაზიანებების გამომწვევ მიზეზებს, როგორიცაა „ძირითადად ატმოსფერული ნალექები; ასაკობრივი ცვეთა და ა.შ.“, თუმცა დასკვნა დაზიანების ერთ-ერთ მიზეზად არ ასახელებს უძრავი ქონების მიმდებარედ წარმოებულ აფეთქებით სამუშაოებს, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან მართებული იქნა მიჩნეული არასარწმუნოდ, მით უფრო ალტერნატიული შინაარსის მქონე მტკიცებულებასთან შეპირისპირების პირობებში (ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა). ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნით განსაზღვრული სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგანაც გამოვლენილია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არამართლზომიერ ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და მიიჩნევს, რომ მოპასუხეს, მოსარჩელეთა სასარგებლოდ, ზიანის სახით - 20 000 ლარის ანაზღაურება მართებულად დაეკისრა.
24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შეად. სუსგ-ებს: N ას-482-2019, 31.05.2019; N ას-280-280-2018, 18.07.2018; N ას-189-189-2018, 23.03.2018; N ას-1052-2019, 20.12.2019წ; N ას-1388-2019, 26.03.2020წ; N ას- 204-2020, 24.06.2020წ).
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მხარეთა საკასაციო საჩივრები - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მათი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ჩ.რ. 23-ე ბ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. შპს ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ს (......), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 000 ლარის (საგადახდო დავალება №827, გადახდის თარიღი 2020 წლის 3 დეკემბერი), 70% - 700 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე