საქმე №ას-1112-2020 18 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს „კ.ბ–ი“ სს „ფ.ბ.ს–ოს“ უფლებამონაცვლე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შ.ჯ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შ.ჯ–ი (შემდგომში „მოპასუხე“, „დასაქმებული“, „ყოფილი დასაქმებული“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) 2013 წლის 19 აგვისტოდან მუშაობდა სს „ფ.ბ.ს–ოს“ (რეორგანიზაციის შემდგომ „კ.ბ–ი“) (შემდგომში „დამსაქმებელი“, „ბანკი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) ზესტაფონის ფილიალში საკრედიტო ოფიცერ/სტაჟიორად, ხოლო 2013 წლის 1 ნოემბრიდან დასაქმდა საკრედიტო ოფიცრის თანამდებობაზე ზესტაფონის სერვის ცენტრში. მისი ფიქსირებული ხელზე ასაღები ხელფასი იყო 882 ლარი.
2. დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მე-7 მუხლისა და ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმების 71 მუხლის თანახმად, დასაქმებულის მხრიდან დაცული უნდა ყოფილიყო კონფიდენციალურობის პრინციპი. დაწესებული შეზღუდვის თანახმად, დასაქმებული ვალდებული იყო მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოეყენებინა სხვა კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. შრომითი ხელშკრულების მე-7 პუნქტით და შეთანხმების მე-71 მუხლით განისაზღვრა კონკურენციის შეზღუდვის საკითხები. დასაქმებულს ეზღუდებოდა უფლება დასაქმებულიყო სხვა ნებისმიერ კონკურენტ დამსაქმებელთან, ემუშავა ფინანსური მომსახურების სფეროში. დასაქმების შეზღუდვის ხანგრძლივობა მოქმედებდა არაუმეტეს 6 თვისა. ამ შეზღუდვის პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდიდა ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით. დასაქმებულის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კი, დასაქმებული ვალდებული იყო გადაეხადა დამსაქმებლისთვის პირგასამტეხლო მისი მიმდინარე ან ბოლო შრომის ანაზღაურების 6 თვის ოდენობით.
3. დასაქმებულმა დადგენილი წესით გაიარა ცოდნისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები დამსაქმებლის ხარჯზე. მის სახელზე გაიხსნა კორპორაციული ელექტრონული ფოსტა, ჰქონდა წვდომა ბანკის ელექტრონულ პროგრამებსა და შიდა ელექტრონულ/მატერიალურ ფაილებზე (რომლებიც ეხება ბანკის შიდა პროცედურებს/პოლიტიკის დოკუმენტებს, ფინანსური მომსახურების პროდუქტების სახელმძღვანელოებს, სპეციალურ სასწავლო საინფორმაციო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მასალებს). მას ასევე წვდომა ჰქონდა ბანკის კონფიდენციალურ ინფორმაციასა და მომხმარებლების საბანკო საიდუმლოებებზე, მათ პერსონალურ და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე.
4. 2019 წლის 13 მაისს დასაქმებულმა განცხადებით მიმართა დამსაქმებელს და მოითხოვა, სხვა ბანკში უკეთესი პირობების შემოთავაზების გამო, 2019 წლის 31 მაისიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. განცხადება შეთანხმდა უშუალო უფროსთან.
5. 2019 წლის 30 მაისს მოპასუხეს ელექტრონული ფოსტის მეშეობით გაეგზავნა შეტყობინება დასაქმების შეზღუდვასთან დაკავშირებით და ეცნობა, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღია 2019 წლის 1 ივნისი. ამასთან, ეთხოვა მიეწოდებინა ინფორმაცია დასაქმების შესახებ მისი გეგმების თაობაზე და მიეცა გაფრთხილება, რომ ხელშეკრულების 71 მუხლის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია დააკისრებდა მას პირგასამტეხლოს მიმდინარე ან ბოლო შრომის ანაზღაურების 6 თვის ოდენობით.
6. დამსაქმებელმა 2019 წლის 28 ივნისს და 31 ივლისს მოპასუხეს ჩაურიცხა ხელზე ასაღები შრომის ანაზღაურება თვეში 882 ლარი.
7. 2019 წლის 1 ივნისიდან მოპასუხემ მუშაობა დაიწყო სხვა საბანკო დაწესებულებაში (სს „ლ.ბ–ის“ თერჯოლის ფილიალის მმართველის თანამდებობაზე). სხვა ფუნქციებთან ერთად მის სამსახურებრივ მოვალეობად განისაზღვრა ბანკისათვის სტრატეგიული კლიენტების მოზიდვა, ბანკის არსებულ და პოტენციურ კლიენტებზე პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვის ზრდაზე ზრუნვა, პოტენციური კლიენტების მოზიდვა და მათი მომსახურების ხარისხის სათანადო კოორდინირება და სხვა ფუნქციები.
8. სასარჩელო მოთხოვნა:
8.1. დამსაქმებელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ყოფილი დასაქმებულის მიმართ და მოითხოვა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასაქმების შეზღუდვის პირობების დარღვევის გამო მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს, 5292 ლარის დაკისრება, მოპასუხისთვის უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის, 1764 ლარის დაკისრება, ასევე, პირგასამტეხლოს სახით, ყოველთვიური ხელფასის 50-%-ის, 441 ლარის ანაზღაურება.
8.2. მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხემ დაარღვია კანონით და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობა დასაქმების შეზღუდვის შესახებ, რაც წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
9. მოპასუხის შესაგებელი:
9.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვისთვის გადახდილი ორი თვის ანაზღაურება მას ერიცხება ანგარიშზე და დააბრუნებს. მას სამსახური თვითნებურად არ დაუტოვებია - განცხადებით ითხოვა სამსახურიდან გათავისუფლება. მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და, შესაბამისად, არ არსებობს დასაქმების შეზღუდვის გამოყენების საფუძველი.
10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
10.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვის პირობების დარღვევის გამო პირგასამტეხლო 6 თვის შრომის ანაზღაურება, 5 292 ლარი, ასევე, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვისათვის მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ანაზღაურებული თანხის, 1764 ლარის გადახდა; მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს, შრომის ანაზღაურების 50%-ის, 441 (ოთხას ორმოცდაერთი) ლარის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.
11. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები:
11.1. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
12.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 5292 ლარის გადახდის შესახებ და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა აღნიშნული მოთხოვნა. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
12.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.
12.3. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ მოპასუხემ წინასწარ შეატყობინა მოსარჩელეს სამსახურიდან მოსალოდნელი წასვლის შესახებ და ითხოვა თანამდებობიდან გათავისუფლება. იგი მოპასუხემ სწორედ აღნიშნული განცხადების საფუძველზე გაათავისუფლა.
12.4. სასამართლომ მიუთითა დასაქმების შეზღუდვის შესახებ მხარეთა შორის დადებულ შეთანხმებაზე, იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ასევე სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ მოსარჩელეს ჯეროვნად არ შეუსრულებია აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები, კერძოდ, შრომითი საქმიანობის შეზღუდვისთვის მოპასუხეს არ გადაუხდია კომპესაცია - შეთანხმებით განსაზღვრული ერთიანი თანხა - 6 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით. მან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან მხოლოდ 27-ე დღეს ჩაურიცხა მოპასუხეს მხოლოდ ერთი თვის თანხა, ხოლო ერთი თვის შემდგომ - მეორე თვის. ამასთან, არც მზაობა გამოუხატავს თანხის ანაზღაურების შესახებ და მიუთითებდა მხოლოდ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებაზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს შეეძლო უარი ეთქვა ვალდებულების შესრულებაზე და თავისუფლად განეკარგა თავისი შრომითი უფლება. შესაბამისად, ვინაიდან არ დგინდებოდა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევა, პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია ფინანსური სანქციის - პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნაც.
12.5. სასამართლომ დამატებით ისიც აღნიშნა, რომ მოპასუხე მოსარჩელე ორგანიზაციაში დასაქმებული იყო საკრედიტო ოფიცრის თანამდებობაზე, ხოლო ამჟამად მენეჯერის პოზიციას იკავებდა, რაც, სრულად დასაბუთებულს ვერ ხდიდა მოსაზრებას პოზიციათა იგივეობის შესახებ. საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა არც იმგვარი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხის ქმედებით რაიმე სახის ზიანი მიადგა მოსარჩელეს.
12.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და მოთხოვნის ამ ნაწილზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
13. კასატორის მოთხოვნა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
13.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
13.2. კასატორის მოსაზრებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით თავიდანვე ნათელი იყო მოსარჩელისა და მოპასუხის ურთიერთვალდებულებები. სააპელაციო სასამართლო ვერ ასაბუთებს, თუ რომელი საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე ეკისრებოდა მოსარჩელეს დამატებითი ვალდებულება კიდევ ერთხელ შეეხსენებინა მოპასუხისთვის დასაქმების შეზღუდვის პირობები. დამსაქმებელმა შეასრულა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და დაიწყო მოპასუხისთვის თანხის გადახდა - 2 თვის განმავლობაში ურიცხავდა შეპირებულ თანხას, და ასე აპირებდა გაგრძელებას 6 თვის მანძილზე, რომ არა დადასტურებული ინფორმაცია მოპასუხის კონკურენტ ორგანიზაციაში დასაქმების შესახებ, სადაც ასევე ერიცხებოდა ხელფასი.
13.3. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ შეთანხმების თანახმად, დამსაქმებელს ეკისრებოდა ყოფილი დასაქმებულისთვის კომპენსაციის გადახდა. მოპასუხე მიუთითებს შრომის კოდექსის 46-ე მუხლზე და აცხადებს, რომ მითითებული ნორმა ყურადღებას ამახვილებს არა კომპენსაციაზე, არამედ სიტყვა „ანაზღაურებაზე“: „შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით“.
13.4. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, საბაზრო ეკონომიკის განვითარების პირობებში სახელმწიფოს ვალდებულებაა ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობის და კონკურენციის განვითარებას, თუმცა გასათვალისწინებელია, ასევე, საწარმოს მენეჯმენტის მიზნები და სწრაფვა, რათა გონივრულად, სამართლიანად და კანონიერად შეფასდეს საწარმოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, მათ შორის, ეკონომიკური მოთხოვნების საფუძველზე დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. საკასაციო სასამართლოს არერთხელ აქვს აღნიშნული, რომ სასამართლოებმა ძალზედ ფრთხილად და წინდახედულად უნდა იმსჯელონ სასამართლო კონტროლის ფარგლებში კონკრეტული საწარმოს ბიზნეს გადაწყვეტილებასა და სამეწარმეო პოლიტიკაზე, რათა კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვალდებულების - თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების - ხელშეწყობას საფრთხე არ შეექმნას.
14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
14.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით სს „ფ.ბ–ის“ უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სს „კ.ბ–ი“.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
17. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
18.1. მოპასუხე 2013 წლის 1 ნოემბრიდან დასაქმებული იყო მოსარჩელე ორგანიზაციაში საკრედიტო ოფიცრის თანამდებობაზე და მისი ფიქსირებული ხელზე ასაღები ხელფასი იყო 882 ლარი;
18.2. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და შეთანხმების ფარგლებში, დასაქმებულს დაუდგინდა დასაქმების შეზღუდვა. კერძოდ, მას ეზღუდებოდა უფლება დასაქმებულიყო სხვა ნებისმიერ კონკურენტ დამსაქმებელთან, ემუშავა ფინანსური მომსახურების სფეროში. დასაქმების შეზღუდვის ხანგრძლივობა მოქმედებდა არაუმეტეს 6 თვისა იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდიდა ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით. დასაქმებულის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კი, დასაქმებული ვალდებული იყო გადაეხადა დამსაქმებლისთვის პირგასამტეხლო მისი მიმდინარე ან ბოლო შრომის ანაზღაურების 6 თვის ოდენობით. ამასთან, პირგასამტეხლოს გადახდა დასაქმებულს არ ათავისუფლებდა ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურებისაგან.
18.3. 2019 წლის 13 მაისს დასაქმებულმა განცხადებით მიმართა დამსაქმებელს და მოითხოვა, სხვა ბანკში უკეთესი პირობების შემოთავაზების გამო, 2019 წლის 31 მაისიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. განცხადება შეთანხმდა უშუალო უფროსთან;
18.4. 2019 წლის 30 მაისს მოპასუხეს ელექტრონული ფოსტის მეშეობით გაეგზავნა შეტყობინება და ეცნობა, რომ იგი, მისივე პირადი განცხადების საფუძველზე, გათავისუფლდა სამუშაოდან 2019 წლის 1 ივნისიდან ამასთან, ეთხოვა, მიეწოდებინა ინფორმაცია დასაქმების შესახებ მისი გეგმების თობაზე და მიეცა გაფრთხილება, რომ დასაქმების შეზღუდვის შესახებ შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომპანია დააკისრებდა მას პირგასამტეხლოს მიმდინარე ან ბოლო შრომის ანაზღაურების 6 თვის ოდენობით.
18.5. დამსაქმებელს მოპასუხისათვის შრომითი საქმიანობის შეზღუდვისათვის საკომპენსაციო თანხა სრულად (6 თვის) არ გადაუხდია.
19. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, გარკვეული ვადით შრომითი საქმიანობის შეზღუდვის ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 46.3 (შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება, დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით) და 46.5 ( ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, რადგანაც აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წინაპირობა შესრულებული არ იყო, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი და, აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორად იქნა უარყოფილი სარჩელი.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სშკ-ის 46.3 მუხლის მიზანია დამსაქმებლის ინტერესებისა და სამეწარმეო რისკების დაცვა, რომელიც შრომითი უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა ორმხრივი შეთანხმების პირობებში, თუმცა, გასათვალისწინებელია დასაქმებულის ინტერესიც და მოლოდინი შრომის უფლების რეალიზაციასთან მიმართებით, რომელსაც მათ შორის სოციალური ბუნება აქვს და, ამ უფლების შეზღუდვისას, საჭიროა მხარეთა ინტერესების გონივრული დაბალანსება. დასაქმებულის სახელშეკრულებო თვითბოჭვა სასყიდლიანი ხასიათისაა, შესაბამისად, მსგავს შემთხვევაში, კომპენსაციის მოთხოვნის უფლება დასაქმებულის მხრიდან გამართლებული და კანონიერია.
21. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას იმის შესახებ, რომ იგი ასრულებდა მხარეთა შორის არსებული შეთანხმებით განსაზღვრულ ვალდებულებას და ეტაპობრივად, ყოველთვიურად ურიცხავდა მოპასუხეს თანხას ხელფასის ოდენობით. შესაბამისად, აპირებდა სრულად გადაეხადა მისთვის 6 თვის შრომის ანაზღაურება.
22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სშკ-ის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება, დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით. სამართლიანი კონკურენციის მიზნებიდან გამომდინარე, კანონით დასაშვებია დასაქმებულისათვის კონკურენტთან დასაქმების შეზღუდვის დაწესება და ასეთზე მხარეთა შეთანხმება. ამასთან, დასაქმების უფლების შეზღუდვისათვის, დასაქმებულს წარმოეშობა კომპენსაციის მიღების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამსაქმებელს – დაწესებული შეზღუდვისათვის თანხის ანაზღაურების ვალდებულება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სშკ-ის 46.3 მუხლით გათვალისწინებული თანხა არ წარმოადგენს შრომის ანაზღაურებას, არამედ ეს არის კომპენსაცია თავდაპირველი დამსაქმებლის მსგავს სამეწარმეო სუბიექტებში კონკურენციის პირობების შენარჩუნებისათვის და შეთანხმება ამ კონკურენციაზე ლეგიტიმურს ხდის პირის შრომითი უფლების შეთანხმებული ვადით შეზღუდვას. კომპენსაციის ხსენებული ბუნება კი, განსხვავდება შრომის ანაზღაურებისაგან და იგი დასაქმებულს უნდა მიეცეს წინასწარ, ერთიანი ანაზღაურების სახით და არა ყოველთვიურად, როგორც ამას კასატორი განმარტავს (იხ. სუსგ საქმე №ას-1041-2019, 12 თებერვლაი, 2020 წელი; საქმე №ას-646-2020, 29 სექტემბერი, 2020 წელი).
23. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მხარეთა შეთანხმება ითვალისწინებდა დასაქმებულისათვის გარკვეული ვადით შრომითი საქმიანობის შეზღუდვას, მაგრამ რადგანაც მოსარჩელემ დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, შრომითი საქმიანობის შეზღუდვისათვის საკომპენსაციო თანხა დასაქმებულს წინასწარ არ აუნაზღაურა, მოპასუხეს შეეძლო უარი ეთქვა ვალდებულების შესრულებაზე და თავისუფლად განეკარგა თავისი შრომითი უფლება. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დაარღვევა არ ვლინდება, საფუძველს მოკლებულია მისთვის ფინანსური სანქციის/პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნაც.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „კ.ბ–ის“ (სს ,,ფ.ბ.ს–ოს“ უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. სს „კ.ბ–ს“ (......) (სს ,,ფ.ბ.ს–ოს“ უფლებამონაცვლე) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №136012522, გადახდის თარიღი 2020 წლის 12 ოქტომბერი), 300 ლარის 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე