Facebook Twitter

საქმე № ას-793-2021 1 დეკემბერი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე;

კასატორი - ვ.გ–ვი, ბ.დ–ვი (მოპასუხეები);

მოწინააღმდეგე მხარე - ხ.ა–ვა (მოსარჩელე);

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება;

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სრულად არ დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა;

დავის საგანი - ქონების გაყოფა და უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვა;

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - ქონების გაყოფა, უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვა;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის გარდაბნის მუნიციპალიტეტში 2020 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ხ.ა–ვის სარჩელი მოპასუხეების: ვ.გ–ვის და ბ.დ–ვის მიმართ დაკმაყოფილდა: მოპასუხე - ვ.გ–ვს დაეკისრა მოსარჩელე - ხ.ა–ვას სასარგებლოდ შემდეგი მოძრავი ნივთების გადაცემა: 1. მუქი ყავისფერი საძინებელი - ორსაწოლიანი ტახტი, გარდერობი ექსვ კარიანი, ორი ე.წ. ტუმბო, ე.წ. კომოდი, ტრილიაჟი, პატარა მაგიდა, ღირებული 1500 ლარად; 2. მაგიდა ექვსი სკამით, ღირებული 200 ლარად; 3. ტელევიზორი „პანასონიკის“ ფირმის, ღირებული 1000 ლარად; 4. ტელევიზორის მაგიდა შუშის, შავი ფერის, ღირებული 200 ლარად; 5. დივანი ყავისფერი, ღირებული 200 ლარად; 6. სარეცხი მანქანა, თეთრი ფერის, ღირებული 500 ლარად; 7. მაგიდა ოთხი სკამით, მწვანე ფერის, ღირებული 150 ლარად; 8. ტანსაცმლის საკიდი კარადა შესასვლელის, ღია ყავისფერი, ღირებული 400 ლარად; 9. სამი ცალი ლეიბი მატყლის, ღირებული 100 ლარად; 10. სამი ცალი ბალიში, ღირებული 90 ლარად; 11. ორი ცალი საბანი მატყლის, ღირებული 100 ლარად; 12. ე.წ. „ლეჟანკა“ საწოლი თავისი ლეიბითი, ღირებული 100 ლარად; 13. ერთი ცალი უთოს მაგიდა, ღირებული 35 ლარად; 14. ერთი ცალი „პუფი“ ღირებული 25 ლარად; 15. პალმა ქოთნით, ღირებული 60 ლარად; 16. ერთი ცალი ჩაიდანი ღირებული 30 ლარად (სულ 4690 ლარის ღირებულების). ზემოაღნიშნული ნივთები გამოთხოვილ იქნეს მოპასუხე - ბ.დ–ვის უკანონო მფლობელობიდან, კერძოდ საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მდებარეობს მისამართზე: გარდაბანი, სოფელი ....., მე-6 ქუჩა, კორპუსი N 15, ბინა N 31, საკადასტრო კოდი: ......;

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბ.დ–ვმა და ვ.გ–ვმა და მოითხოვეს მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება მოპასუხე მხარეების მიერ მორიგების პირობები.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით: 1. ვ.გ–ვის და ბ.დ–ვის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2. შევიდა ცვლილებები

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის გარდაბნის მუნიციპალიტეტში 2020 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილეში; 3. დანარჩენ ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის გარდაბნის მუნიციპალიტეტში 2020 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ვ.გ–ვისა და ბ.დ–ვის წარმომადგენელმა შეიტანა საკასაციო საჩივარი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინებით ვ.გ–ვისა და ბ.დ–ვს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს: 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“);

6. აღნიშნული განჩინება კასატორთა წარმოამდგენელს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2021 წლის 31 აგვისტოს (ტ. 3, ს. ფ. 63).

7. 2021 წლის 2 სექტემბერს კასატორთა წარმოამდგენელმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლსო და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება.

8. 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით კასატორთა მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ვ.გ–ვსა და ბ.დ–ვს დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს: 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

9. აღნიშნული განჩინება კასატორთა წარმოამდგენელს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2021 წლის 24 სექტემბერს (ტ. 3, ს. ფ. 69).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

11. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება კასატორთა წარმოამდგენელს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2021 წლის 24 სექტემბერს (ტ. 3, ს. ფ. 69).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 25 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 29 სექტემბერს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2021 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით შეევსო.

12. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

13. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

14. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.გ–ვისა და ბ.დ–ვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მირანდა ერემაძე