საქმე №ას-664-2020 18 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ.ს–ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ქ.ს–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით, მენარდე) და სს „ს.რ–ას“ (შემდეგში: მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით, შემკვეთი, შემსყიდველი, აპელანტი ან კასატორი) შორის 2015 წლის 7 აპრილს გაფორმდა №73/15-093 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. ქუთაისის სალოკომოტივო დეპოს ელმავლების შემკეთებელი საამქროს შენობის სახურავის კაპიტალური შეკეთება ხელშეკრულების დანართის (უწყისი, ხარჯთაღრიცხვა, პროექტი) შესაბამისად (ტ.1,ს.ფ.75-109).
2. ხელშეკრულების საერთო ღირებულებად განისაზღვრა 68 578,52 აშშ დოლარი (დღგ-ის ჩათვლით).
3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 60 კალენდარულ დღეში.
4. მენარდეს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა განეხორციელებინა შემსყიდველის მიერ მოწოდებული პროექტის საფუძველზე.
5. ხელშეკრულების 14.1 პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში წარმოიშობოდა ხელშემშლელი გარემოებები, რომელთა გამო შეფერხდებოდა ხელშეკრულების პირობების შესრულება, შესაბამის მხარეს დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნა მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
6. მოსარჩელემ, 2015 წლის 2 მარტის წერილით, მოპასუხეს აცნობა, რომ სამუშაოების და მასალების მოცულობათა უწყისში მითითებული ზოგიერთი მასალის რაოდენობა, გარკვეულწილად არ შეესაბამებოდა პროექტის მოთხოვნებს და საჭიროებდა კორექტივების შეტანას (წერილში დეტალურადაა ასახული აღნიშნული შეუსაბამობის და დასაზუსტებელი საკითხების თაობაზე).
7. მოსარჩელემ, 2015 წლის 23 აპრილის წერილით, მოპასუხეს აცნობა, რომ პროექტის განხილვის შემდეგ, სამუშაოებისა და მასალების მოცულობათა უწყისში მითითებული ზოგიერთი მასალის რაოდენობა რეალურს არ შეესაბამებოდა შეუსაბამო იყო და საჭიროებდა კორექტივების შეტანას. კორექტივები ითვალისწინებდა როგორც 2015 წლის 2 მარტის წერილით გათვალისწინებულ შესწორებებს, ასევე, დამატებით შენიშვნებსაც.
8. წერილის მიხედვით ,,სამუშაოების დაწყების შემდეგ აღმოჩნდა, რომ რკინის რიგელებს შორის მანძილი პროექტის მიხედვით შეადგენს 5,7 მეტრს და არ შეესაბამება რეალურ ზომებს. ყველა მალში ფერმებს შორის მანძილი სხვადასხვაა და არ ემთხვევა პროექტში მოცემულს; მაგალითისთვის, პირველ მალში რიგელებს შორის მანძილია 4.750, რაც თითქმის ერთი მეტრით ნაკლებია პროექტით გათვალისწინებულზე. გარდა ამისა, არაა გათვალისწინებული კვანძების გეომეტრია და გადახურვის ფილის ფორმა, რის გამოც გადახურვის ფილის ფორმის გათვალისწინებით, რიგელზე კოჭის შესმა შესაძლებელია მხოლოდ დიაგონალურად, რაც შეამცირებს კოჭის რიგელზე ჩამოდების ზედაპირს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება იგი იყოს 7-7.5 სმ და მეორე კოჭის შემთხვევაში (ერთი ფილის ქვეშ მონტაჟდება ორი კოჭი) შეიძლება შემცირდეს 5 სმ-მდე“.
9. ამავე წერილის მიხედვით, არსებული შეუსაბამობების გამო, საჭირო იყო პროექტში ცვლილებების შეტანა, მალების ინდივიდუალურად აზომვა და პროექტში რეალური ზომების ასახვა, რაც მოითხოვდა უკვე დამზადებული კოჭების გადაკეთებას, შესაბამისად დამატებითი დროისა და დანახარჯის გაღებას.
10. შემსყიდველმა, 2015 წლის 30 აპრილის წერილით, მენარდეს აცნობა, რომ წარდგენილი მოსაზრებები (შემოსული წერილი №3961) გადაეგზავნა ტექნიკურ ზედამხედველს შპს „ტ–ის“ (შემდეგში: ზედამხედველი კომპანია), რომელსაც უახლოეს მომავალში უნდა შეესწავლა წერილში ასახული საკითხები მიმწოდებლის მიერ გამოყოფილ პასუხისმგებელ პირთან ერთად.
11. შემსყიდველის 2015 წლის 20 მაისის წერილით, ტექნიკური ზედამხედველი კომპანიის მიერ ქუთაისის სალოკომოტივო დეპოს ელმავლების შემკეთებელი საამქროს შენობის გადახურვის, ფილების გამაგრების სამუშაოების ინსპექტირების შედეგად, პროექტში გამოვლინდა უზუსტობები. წერილის მიხედვით, პროექტის შემდგენელი შპს „ა–ის“ მიერ, დაკორექტირებული პროექტი გაეგზავნა მიმწოდებელს. მიმწოდებელს მოეთხოვა დაკორექტირებული პროექტის განხილვა და შესაბამისი წინადადებების შემსყიდველისათვის წარდგენა.
12. შემსყიდველი 20 მაისის წერილის პასუხად საქმეში წარდგენილია მენარდის წერილი, რომლთაც ირკვევა, რომ ახალი პროექტის მიხედვით, ორტესებრი კოჭი უნდა დაიდოს (ჩამოედოს) რკ/ბ-ის რიგელზე 70-100 მმ-ით. პრაქტიკული ცდების შედეგად გამოვლინდა ორტესებრი კოჭის რიგელზე ჩამოდების შეუძლებლობა; მისი რიგელზე ჩამოდება შესაძლებელია არა უმეტეს 70 მმ-ით, რაც ჩაითვლებოდა მისაღებად, რომ არა ადგილზე აღმოჩენილი ერთი გარემოება; კერძოდ, რიგელის თაროს წიბო არ არის არმირებული და პირველი მზიდი არმატურის ღერძი დაშორებულია მისი კიდიდან 70 მმ-ით, ხოლო 70 მმ-ით ჩამოდებული კოჭის დატვირთვა გადავა არა რიგელზე, არამედ ბეტონის არაარმირებულ წიბოზე, რაც ზრდის მისი ჩამოშლის ალბათობას (გასათვალისწინებელია, რომ ბეტონი ძირითადად კოროზირებულია და ზოგიერთ ადგილებში ამორფული) და კოჭების კუთხოვანებით შეცვლა ამ შემთხვევაში ვერ იქნება პრობლემის გადაჭრა. მიმწოდებელმა, ასევე, გამოთქვა მზაობა შემსყიდველის მიერ დამტკიცებული და მიწოდებული ნებისმიერი პროექტის განხორციელებისა. ასევე, მიმწოდებლმა შემსყიდველს შესთავაზა, უსაფრთხოებისა და შენობის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივების მიზნით, სახურავის შეკეთების ნაცვლად მისი სრული შეცვლა ახალი მსუბუქი კონსტრუქციით.
13. შემსყიდველმა 2015 წლის 5 ივნისის წერილით, მენარდეს მოსთხოვა, 2015 წლის 21 მაისის წერილში ასახული პოზიციის დასადასტურებლად შემსყიდველისათვის ექსპერტის დასკვნის წარდგენა, რამდენადაც მიმწოდებლის განმარტებით საპროექტო დოკუმენტაცია შეიცავდა რისკს და შემსყიდველი აღნიშნულზე ვერ აიღებდა პასუხისმგებლობას.
14. მოსარჩელის მოთხოვნა
14.1. მოსარჩელემ წარდგენილი სარჩელით, მოპასუხისთვის 33 901.6 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა, რომელიც მთავარ სხდომაზე შეამცირა და საბოლოოდ მოპასუხისთვის 31 964 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.
15. შემკვეთის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
15.1. შემკვეთმა, წარდგენილი შეგებებული სარჩელით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მენარდისთვის 6 518.16 ლარის დაკისრება მოითხოვა.
16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება
16.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით მოსაჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო, შეგებებული სარჩელის ავტორს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
17. შემკვეთის სააპელაციო მოთხოვნა
17.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა შემკვეთმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
18.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე ნაწილობრივ უარის თქმის გამო, შეიცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და იმავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: შემკვეთს მენარდის სასარგებლოდ დაეკისრა 12 611.32 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო, 19 353.01 აშშ დოლარის ნაწილში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, უარის თქმის გამო შეწყდა საქმისწარმოება.
18.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დადგენილი იყო, რომ მენარდემ ხარვეზიანი პროექტის შესახებ 2015 წლის 23 აპრილისა და 21 მაისის წერილებით აცნობა შემკვეთს და ამასთან, მოსთხოვა ხარვეზის აღმოფხვრა.
18.3. შემკვეთის 2015 წლის 20 მაისის წერილის მიხედვით, ზედამხედველი კომპანიის მიერ, სამუშაოების ინსპექტირებისას გამოვლინდა უზუსტობები. ამ მიზეზით, პროექტი მის შემდგენელ კომპანიას გაეგზავნა, დაევალა მისი განხილვა და შესაბამისი წინადადებების შემსყიდველისთვის წარდგენა. წერილის მიხედვით დგინდებოდა, რომ პროექტი საჭიროებდა კორექტირებას და არ შეესაბამებოდა რეალურ მდგომარეობას. დაკორექტირებული პროექტის გაცნობის შემდგომ მენარდემ, პრაქტიკული ცდების ჩატარების შედეგად, 2015 წლის 21 მაისს კვლავ წერილობით მიმართა შემკვეთს და აცნობა, რომ ადგილზე არსებული ვითარების გათვალისწინებით ახალი პროექტის მონაცემებითაც შეუძლებელი იყო სამუშაოთა შესრულება. წერილში, ადგილზე არსებული ვითარების კვლევის შედეგად, დეტალურად და დასაბუთებუთებულად იყო აღწერილი ის მიზეზები, რაც განაპირობებდა კორექტირებული პროექტის შემთხვევაშიც დაკვეთილი სამუშაოს შესრულების შეუძლებლობას.
18.4. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ერთ არასრულ დღეში შეუძლებელი იქნებოდა პროექტის განხილვა და მასზე პასუხის გაცემა; კერძოდ, დაუსაბუთებელი იყო თუ რატომ არის არაგონივრული ამ ვადაში მენარდის მხრიდან იმის შეფასება, რომ ადგილზე განხორციელებული პრაქტიკული ცდის შედეგად ორტესებრი კოჭის რიგელზე ჩამოდება შეუძლებელი და სახიფათოა. სააპელაცო პალატამ, მენარდის მიერ შესასრულებელი სამუშაოების შეფასების და მისი განხორციელების შეუძლებლობის შესახებ მოსაზრებებზე მსჯელობისას, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა. კერძოდ, მენარდე თავად წარმოადგენდა იმ სამუშაოთა სპეციალისტს, რომელიც მას შეუკვეთეს შესასრულებლად. ამდენად, მენარდემ, კორექტირებული პროექტის ადგილზე შესწავლისას უმოკლეს ვადაში გააფრთხილა შემკვეთი, რომ მის მიერ წარდგენილი პროექტით შესრულებული სამუშაო არამტკიცე და სახიფათო იქნებოდა. ამასთან, როგორც აღინიშნა, აღნიშნული დასკვნა ემყარებოდა პროექტის ადგილზე საფუძვლიანად შესწავლას და წერილში არგუმენტირებულად იყო ასახული დასახელებული დასკვნის განმაპირობებელი გარემოებები.
18.5. სააპელაციო საჩივრის მიხედვით, მენარდის მიერ დაფიქსირებული შენიშვნა, სახურავის კაპიტალური შეკეთების შესახებ, სანდოობის უფრო მაღალ ხარისხს საჭიროებდა, იმ პირობებში, როდესაც პროექტი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მოწონებული იყო.
18.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 7 ნოემბრის დასკვნა შედგენილია შემსყიდველის დაკვეთით. დასკვნიდან ირკვევა, რომ ექსპერტს წარედგინა შპს „ა–ის“ მიერ მომზადებული, შემკვეთის ფილიალ „მგზავრთა გადაყვანის“ ტექნიკური დეპარტამენტის ქუთაისის სალოკომოტივო დეპოს ელმავალშემკეთებელი საამქროს გადახურვის ფილების გამაგრების პროექტი“; ექსპერტიზა ჩატარდა წარდგენილ დოკუმენტაციაზე და საკითხი ადგილზე არ ყოფილა შესწავლილი; საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ სამუშაოთა წარმოების პროცესში დადგინდა პროექტის შეუსაბამობა და ცვლილებების საჭიროება თვით პროექტის შემდგენელმაც გაიზიარა. ამასთან, მოსარჩელემ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას წარადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 26 ნოემბრის №007065015 დასკვნა, რომლის მიხედვით, პროექტში არსებული მონაცემები ფაქტიურ მდგომარეობას არ შეესაბამებოდა (დასახელებული დასკვნის კვლევით ნაწილში ასახულია ობიექტის ვიზუალური დათვალიერებით და ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით ჩატარებული საკონტროლო აზომვითი სამუშაოების შედეგები; პროექტში მითითებული და ადგილზე არსებული მონაცემების შეუსაბამობა მდგომარეობდა იმაში, რომ პროექტით გადახურვის ფერმების ღერძებს შორის მანძილი განსხვავდებოდა ადგილზე აზომვისას არსებული მდგომარეობისაგან).
18.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შემკვეთმა, მენარდის დროული და არგუმენტირებული გაფრთხილების მიუხედავად, არ წარუდგინა მენარდეს უსაფრთხო და რეალურად განხორციელებადი პროექტი, არ აღმოფხვრა ის ხარვეზები, რასაც შეეძლო ნამუშევრის ვარგისიანობა და სიმტკიცე ეჭვის ქვეშ დაეყენებინა; შესაბამიად, დასაბუთებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ შემკვეთის ამგვარმა უმოქმედობამ მენარდეს უფლება მიანიჭა ხელშეკრულებაზე ეთქვა უარი და მოეთხოვა ამით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კერძოდ, მენარდემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და იმ პირობებში, როდესაც შემკვეთმა არ შეცვალა მითითებული სამუშაოთა წარმოების წესი, 2015 წლის 18 ივნისის წერილით შემსყიდველს აცნობა ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ და მოითხოვა მიყენებული ზიანის 31 964.33 აშშ დოლარის ექვივალენტი 71 670.00 ლარის ანაზღაურება.
18.8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართებული იყო საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, მენარდის მიერ, ხელშეკრულებიდან მართლზომიერად გასვლის თაობაზე.
18.9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დაუსაბუთებელია აპელანტის მტკიცება, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნა ბუნდოვანი იყო.
18.10. დასკვნაში მითითებული იყო, რომ პროექტში არსებული მონაცემები ფაქტიურ მდგომარეობას არ შეესაბამებოდა. ამავე დასკვნაში ასახული იყო შესრულებული სამუშაოს ღირებულება, ასეევე, ობიექტზე დასაწყობებული მასალის ღირებულება. ექსპერტიზის დასკვნაზე დართულია N1 და N2 დანართები, რომლებშიც მოცემულია შესრულებული სამუშაოების და მასალების ჩამონათვალი, ხარჯთაღრიცხვაში მითითებულია თითოეული მათგანის ღირებულება.
18.11. დასახელებული დასკვნითვე დადგენილი იყო, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება 36 658.95 აშშ დოლარს შეადგენდა. აღსანიშნავი იყო, რომ მოსარჩელემ მოთხოვნა შეამცირა და მოპასუხისგან 31 964.33 აშშ დოლარი მოითხოვა.
18.12. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მენარდის განმარტებაზე, რომ მან სამუშაოების შესრულების ადგილიდან ჯართის სახით გაიტანა მასალა (იგივე განაცხადა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას -2017 წლის 15 დეკემბრის სხდომაზე, მოსარჩელე საწარმოს წარმომადგენელმა). აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე უარი თქვა მის სასარჩელო მოთხოვნაზე სწორედ ჯართის სახით გატანილი მასალის ღირებულების (19 353.01 აშშ დოლარი) ნაწილში. კერძოდ, მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უარს აცხადებდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 26 ნოემბრის N007065015 დასკვნის N1 დანართში (ტ.1, ს.ფ. 230) ასახული შემდეგი მასალების: 1. ლითონის ორტესებრი კოჭი IPE 240, ღირებულებით - 17 775.20 აშშ დოლარი; 2. ლითონის ორტესებრი კოჭი IPE160, ღირებულებით - 54.60 აშშ დოლარი; 3.ლითონის შველერი UPN300, ღირებულებით - 432.90 აშშ დოლარი; 4. ლითონის შველერი UPN160, ღირებულებით - 42.90 აშშ დოლარი; 5. ლთონის ფურცელი სისქით 10 მმ, ღირებულებით - 975.98 აშშ დოლარი; 6. არმატურა ა-1-3, ღირებულებით - 71.44 აშშ დოლარი; სულ ჯამში დასახელებული მასალის ღირებულება შეადგენდა 19353.01 აშშ დოლარს. შესაბამისად, აღნიშნული თანხის ანაზღაურებაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა.
18.13. ამდენად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე ნაწილობრივ უარის თქმის გამო უნდა შეცვლილიყო გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
19. შემკვეთის საკასაციო მოთხოვნა და პრეტენზიები
19.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემკვეთმა ორგანიზაციამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
19.2. კასატორის განმარტებით, მენარდის ბრალეულობა დაუსაბუთებლად გამოირიცხა დამდგარ შედეგთან მიმართებით. ასევე არ იყო სარწმუნო მენარდის პოზიცია, რომ დაკორექტირებული პროექტი კვლავ ხარვეზიანი იყო, მით უფრო იმ პირობებში როდესაც, ცვლილებები მისი მონაწილეობით შევიდა პროექტში.
19.3. საგულისხმო იყო აგრეთვე ის ფაქტი, რომ სასამართლომ არასწორად დაიანგარიშა ზიანის ოდენობა, ვინაიდან, ობიექტზე არსებული მასალები, მოსარჩელემ უკლებლივ გაიტანა უკან, ხოლო, სასამართლომ მაინც დააკისრა გარკვეული ანაზღაურება მოპასუხე ორგანიზაციას.
20. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
20.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
23. საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
26. წარმოდგენილ საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
27. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია დადგენილი, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები: #ას- 15-29-1443-2012; #ას-973-1208-04; # ას- 664-635-2016).
28. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მენარდემ იკისრა ვალდებულება ქ. ქუთაისის სალოკომოტივო დეპოს ელმავლების შემკეთებელი საამქროს შენობის სახურავი შეეკეთებინა კაპიტალურად. აღსანიშნავია, რომ შესასრულებელი სამუშაოების პროექტი შემკვეთს უნდა მიეწოდებინა მენარდისთვის. პროექტის მიღების შემდეგ, 2015 წლის 2 მარტსა და 23 აპრილს მენარდემ შემკვეთს შეატყობინა პროექტში არსებული გარკვეული უზუსტობების შესახებ.
29. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტში ასახული გარემოებაზე და განმარტავს, რომ დასახელებული გარემოების მიხედვით, მენარდემ არსებითი ხასიათის შენიშვნა შეიტანა წარდგენილ პროექტში, რომლის ცვლილების გარეშეც შეიძლება ითქვას არათუ უბრალოდ არარეკომენდირებული იყო არსებული მდგომარეობით პროექტის შესრულება, არამედ შესრულების შემთხვევაში შედეგი არამტკიცე გამოუსადეგარი და მეტიც, საფრთხის შემცველი იქნებოდა.
30. აღნიშნულის პასუხად კი შემკვეთმა, მითითებული გარემოებების შესახებ ექსპერტიზის დასკვნა მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ საქმეში არსებული ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 7 ნოემბრის დასკვნა, შედგენილია არა საკითხის ადგილზე შესწავლითა და შეფასებით, არამედ, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო, 2015 წლის 26 ნოემბრის დასკვნაში ასახულია ობიექტის ვიზუალური დათვალიერებისა და ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით ჩატარებული საკონტროლო აზმოვითი სამუშაოების შედეგები.
31. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბუნებრივია საქმეში არსებული დასკვნებიდან მეტ სანდოობას იწვევს ის დასკვნა, რომელიც პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ადგილზე ჩატარებული სამუშაოების შესაბამისადაა შედგენილი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სწორედ შემკვეთის მიერ მიწოდებულ პროექტს გააჩნდა ხარვეზი, რაც მხოლოდ წარდგენილი პროექტის საფუძველზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებს სანდოობას აკლებს, ასევე, გასათვალისწინებელია, რომ თავად მენარდე, აღნიშნულ საქმეზე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირია, რომელიც სწორედ მისი საქმიანობის მიმართულების გამო შეირჩა პროექტის შემსრულებლად, შესაბამისად მის მიერ წარდგენილი შენიშვნებიც, მით უფრო ექსპერტიზის დასკვნით გამყარებული დამატებით იწვევს ნდობას.
32. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში როდესაც მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულება (იხ. სსკ-ის 629-ე მუხლი) იყო დადებული, მენარდემ დროულად გააფრთხილა შემკვეთი (იხ. სსკ-ის 647-ე), ხოლო, შემკვეთმა არ იზრუნა დროული გაფრთხილების მიუხედავად შესაბამისი ცვლილებების გატარებაზე, მენარდეს შესაბამისი საფუძვლით გაუჩნდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება.
33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორად დადგინდა, მოთხოვნის შემცირების პროპორციულად, მოპასუხისთვის თანხის დაკისრების საკითხი, ვინაიდან, ექსპერტიზის დასკვნით შეფასებულია ის სამშენებლო მასალები, რომლებიც უკან გაიტანა მენარდემ. აღსანიშნავია, რომ დასახელებული მასალები ჯართის სახითაა გატანილი, ხოლო, მანამდე გარკვეული სამუშაოები ჩატარებული ჰქონდა მენარდეს, სწორედ აღნიშნული სხვაობის ზიანის ანაზღაურებას ეხება დაკისრებული თანხა.
34. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები არსებობდა, ვინაიდან, მენარდემ დროულად შეატყობინა შემკვეთს პროექტის შესრულების შეუძლებლობის შესახებ, სათანადო ცვლილებების გარეშე, ხოლო, შემკვეთს ასეთი ცვლილებები არ გაუტარებია, საპირისპიროდ, შეგებებული სარჩელის ავტორს, მენარდის მიერ რაიმე ვალდებულების დარღვევაზე არ მიუთითებია, რის გამოც არ არსებობს საკასაციო პრეტენზიების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
35. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე „თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. სს „ს.რ–ას“ (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №35627, გადახდის თარიღი 2020 წლის 31 ივლისი და საგადახდო დავალება №21868, გადახდის თარიღი 2020 წლის 31 ივლისი), 2 262.96 ლარის 70% - 1 584.072 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე