საქმე № ას-507-2021 1 დეკემბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
აქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე;
კასატორი - ი.ო–ი (მოპასუხე);
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელეები);
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინება;
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა;
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით: სს „ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ი.ო–ის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სს „ს.ბ–ის“ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი ........, ნაკვეთი 2, #1 შენობის ნაწილი, საერთო ფართი 148.46 კვ.მ(ს.კ........) და ქ.ქუთაისის ....., ნაკვეთი 3,(ს/კ......) აღნიშნული ქონება სს „ს.ბ–ს“ გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.ო–მა და მოითხოვა მისი გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ი.ო–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი.ო–ის წარმომადგენელმა შეიტანა საკასაციო საჩივარი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით, ი.ო–ს დაევალა, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 200 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინებით ი.ო–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა; ი.ო–ს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს: 200 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
7. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორის წარმომადგენელს ეცნობა სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით 2021 წლის 8 სექტემბერს (ს.ფ. 271).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
9. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორის წარმომადგენელს ეცნობა სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით 2021 წლის 8 სექტემბერს (ს.ფ. 271).
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 9 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 13სექტემბერს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2021 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით შეევსო.
11. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
12. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
13. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ო–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მირანდა ერემაძე