Facebook Twitter

საქმე № ას-432-2021 13 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.ბ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – კ.მ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ.ბ–ის (შემდგომში „მოსარჩელე“, ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი კ.მ–ის (შემდგომში „მოპასუხე“, ან „აპელანტი“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ დაკმაყოფილდა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განჩინებით შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე კ.მ–ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული საქმის წარმოება შპს „ბ–ის“, გ.ბ–ისა და შპს „. ს.ჰ–ის“ წინააღმდეგ კ.მ–ის სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. გ.ბ–მა (მოსარჩელე) სარჩელი აღძრა კ.მ–ის (აპელანტი) წინააღმდეგ და მოპასუხისაგან N ........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (სადავო ნივთი) დაბრუნება მოითხოვა.

4.2. სადავო ნივთზე საკუთრების უფლების დასადასტურებლად მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმადაც, საჯარო რეესტრის მონაცემებით, იგი ნივთის მესაკუთრედ არის რეგისტრირებული.

4.3. თავის მხრივ, აპელანტმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მათ შორის, მოსარჩელის წინააღმდეგაც, მემკვიდრედ და სადავო ნივთის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

4.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, აპელანტის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელეს სადავო ნივთის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა აეკრძალა.

5. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ არსებობდა საქმის განხილვის შეჩერების საფუძველი. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქმის განხილვის შეუძლებლობა, საპროცესო კოდექსის დადგენილი შეზღუდვების გამო, ფაქტების დადგენის შეუძლებლობას ნიშნავს. ე.ი. საქმის განხილვა შეუძლებლად ჩაითვლება, თუ საქმის გადაწყვეტისათვის აუცილებელი ფაქტები არა „ამ საქმის“, არამედ სხვა საქმის განხილვისას უნდა დადგინდეს.

6. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საჯარო რეესტირს სისწორისა და უტყუარობის პრეზუმფციაზე, ასევე იმაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებულ საქმეში, სადაც მოსარჩელე და აპელანტი მონაწილეობენ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელეს სადავო უძრავი ქონების განსხვისება და იპოთეკით დატვირთვა აეკრძალა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევვაში, პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე სადავო ნივთის მესაკუთრეა არ არსებობს.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების გაგრძელება.

8. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 მარტის განჩინებაში მითითებული სამართლებრივი დასაბუთება არარელევანტურია არსებული სადავო საკითხებთან მიმართებაში, რამეთუ სასამართლო მიერ მითითებული და განმარტებული მოსაზრება რეესტრის ჩანაწერის უტყუარობასთან დაკავშირებით და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიმართ არსებული პრაქტიკისა და ნორმათა ნამდვილი შინაარსის მიხედვით არსებითად სხვაგვარია, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

9. მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება (ს/კ .....) ირიცხება საკუთრების უფლებით გ.ბ–ის სახელზე. აღნიშნული კი ნიშნავს, რომ ამ ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, საქმეში არ არსებობს, არც ერთი გარემოება იმის დასადასტურებლად, რომ ჩანაწერთან დაკავშირებით რაიმე სახის უზუსტობას აქვს ადგილი.

10. კერძო საჩივრის ავტორი, ასევე უთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე („ნოდარ დვალი საქართველოს წინააღმდეგ“) და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინების სამართლებრივ დასაბუთებაში სწორედ წინამდებარე მუხლებს იშველიებს და განმარტავს, რომ მხარეთა სადავო საკთხებს სწორედ აღნიშნული მუხლი არეგულირებს, მაშინ როდესაც ხსენებული მუხლის ნამდვილი შინაარსის მიხედვით რეესტრის ჩანაწერის სისწორის ეჭვქვეშ დაყენება შესაძლებელია ჩანაწერთან დაკავშირებით საჩივრის არსებობისას ან/და იმ გარემოების ცოდნისას მხარისთვის, რომ ჩანაწერი უზუსტოა. მუხლის შინაარსი ცალსახად საჩივრის არსებობაზე მოუთითებს და გულისხმობს ადმინისტრაციული წარმოების ან/და სამართალწარმოების არსებობას რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებით. ამ გარემოების არ არსეობა კი რეესტრის ჩანაწერის უტყუარობასა და მის სისწორეზე მიუთითებს.

11. გ.ბ–ის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს საჩივარი არ ყოფილა რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ და ეჭვქვეშ ვერ იქნება დაყენებული საკუთრების უფლება, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა კი საქმის შეჩერებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი და არსებული რეგულაციების საწინააღმდეგოა.

12. კერძო საჩივრის ავტორი ასევე ყურადღებას ამახვილებ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია მხოლოდ უზრუნველყოფის ღონისძიების გადაწყვეტილებაზე, მაშინ როდესაც სარჩელი აღძრული აქვს, თუ არა მხარეს და წარმოებაში მიღებულია, თუ არა სარჩელი არ აქვს გამოკვლეული და მითითებული. ეს გარემოება კი ცალსახად კავშირშია საქმის სრულყოფილად გამოკვლევასთან და საკუთრების უფლებასთან ერთად, არღვევს მოსარჩელის სამართლიან სასამართლოს უფლებას.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

15. გასაჩივრებული განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე კ.მ–ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული საქმის წარმოება შპს „ბ–ის“, გ.ბ–ისა და შპს „. ს.ჰ–ის“ წინააღმდეგ კ.მ–ის სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუქნტით, რომლის მიხედვით, სამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონის მითითებული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, მხარეთა შუამდგომლობით, ან თავისი ინიციატივით შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ დაადგენს, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხი მოწესრიგება შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო, ან ადმინისტრაციული წესით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობას წარმოადგენს ისეთი შემთხვევა, როდესაც საქმის სრულყოფილი და ობიექტური განხილვა დამოკიდებულია ისეთი სამრთლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებზე, რომლიც სცილდება განსახილველი სამართალურთიერთობის ფარგლებს.

17. მოცემულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით საქმის განხილვა შეუძლებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემებრეს კ.მ–ის (პ/ნ .....) მიერ წარდგენილი სარჩელის განხილვამდე, ვინაიდან, აღნიშნულ დავა შეეხება სადავო უძრავ ქონებას, სადაც ერთ-ერთ მოპასუხედ გ.ბ–ი (პ/ნ ......), კერძო საჩივრის ავტორი, გვევლინება.

18. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას საჯარო რეესტრის მონაცემთა სისრულის და უტყუარობის პრეზუმციასთან დაკავშირებით, ამავედროს კერძო საჩივრის ავტორი მართებულად მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის სასარჩელო წესით გასაჩივრება არ აჩერებს ზემოთმითითებული პრეზუმციის მოქმედებას.

20. პალატა დამატებით აღნიშნავს შემდეგს: სსკ-ის 312.1 მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

20.1. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდე ითვლება კანონიერად, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი, მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს.

20.2. სსსკ-ის 312.2 მუხლის სიტყვა-სიტყვითი განმარტებით თუ ვიმსჯელებთ, სასამართლოში საჩივრის (სარჩელის) შეტანა გამორიცხავს ამ ნორმით გათვალისწინებული ვარაუდის მოქმედებას, რაც არასწორია, ვინაიდან მარტოოდენ გასაჩივრების ფაქტი არ აჩერებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მოქმედებას, თუ არ დადასტურდა უფლების ნამდვილობის ხარვეზი თავად გარიგების მხარეთა მიერ ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მანამდე ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (იხ. შოთაძე თ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, 2018, თბილისი, სსკ-ის 312-ე მუხლის კომენტარი, გვ. 628).

ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის ბათილობის თაობაზე სარჩელის შეტანის გამო რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია აღარ მოქმედებს და, შესაბამისად, ამ ჩანაწერის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული საფუძვლით საქმის განხილვის შეუძლებლობა დაუსაბუთებელია. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია საქმის წარმოების შეჩერებაც (იხ. სუსგ, #-ას-1542-1462-2017, 30.01.2018 წ.).

21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით (სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმისწარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით) გათვალისწინებული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. სხვაგვარად თუ ვიტყვით, საქმისწარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება, მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. აქედან გამომდინარე, საქმისწარმოების შეჩერებამდე, სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელსაც სხვა სასამართლო განიხილავს (იხ. სუსგ, #-ას-877-2018, 27.09.2018 წ.).

საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნულ საქმეებს შორის არ იკვეთება იმგვარი კავშირი, რის გამოც შეუძლებელი იქნება წინამდებარე სამოქალაქო საქმის განხილვა და გადაწყვეტა, კერძოდ, წინამდებარე საქმის მოსარჩელეს აღძრული აქვს ვინდიკაციური სარჩელი, შესაბამისად, მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა ფლობდეს ნივთს; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება. ამასთან, ამ წინაპირობებს სასამართლო ზემომითითებული თანმიმდევრობით ამოწმებს და სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით გადაწყვეტს დავას (იხ. სუსგ, #-ას-877-2018, 27.09.2018 წ.).

22. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტში ნახსენები „შეუძლებლობა“ გულისხმობს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობას, რომლის დადგენა წარმოადგენს სხვა სასამართლოს განხილვის საგანს და პროცესუალურად შეუძლებელს ხდის საკითხის განხილვას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ გვაქვს სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათავილსიწნებული საქმის განხილვის „შეუძლებლობა“, რაც თავის მხრივ საქმის წარმოების შეჩერებას გამორიცხავს.

19. მოცემული საქმის გარემოებებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მოპასუხის საპროცესო თავდაცვის ორ საშუალებას, კერძოდ, შესაგებელსა და შეგებებულ სარჩელს იცნობს. შესაგებელი შეგებებული სარჩელისაგან ძირითადად იმით განსხვავდება, რომ იგი არ შეიცავს დამოუკიდებელი მოთხოვნის ელემენტს. თავდაცვის ეს ორივე საშუალება დისპოზიციურობის პრინციპის ერთგვარი გამოვლინებაა და, ამდენად მხარის ნებაზეა დამოკიდებული, თუ რომელი ინსტიტუტის მეშვეობით განახორციელებს თავის დაცვას. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დგინდება მოპასუხეს ჰქონდა დამოუკიდებელი მოთხოვნა მოსარჩელის მიმართ. აქედან გამომდინარე, აპელანტს შეეძლო ეს მოთხოვნა მოსარჩელისათვის შეგებებული სარჩელის მეშვეობით წაეყენებინა და არა ცალკე სასარჩელო წარმოების წესით.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ამ განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია. შუამდგომლობის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ საკასაციო სასამართლოს მიერ მითითებული განმარტებების შესაბამისად, უნდა იმსჯელოს წინამდებარე საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლიანობაზე და თავისი დასკვნები დაასაბუთოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ.ბ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განჩინება, საქმის შეჩერების თაობაზე და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე