Facebook Twitter

საქმე №ას-403-2020 18 ნოემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ვ.ზ–ნი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ.ს–ძე (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - მ.პ–ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მოსარჩელის მოთხოვნა

1.1. რ.ს–ძემ (შემდგომში „მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.ზ–ნისა (შემდგომში „პირველი მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და მ.პ–ის (შემდგომში „მეორე მოპასუხე“) (ორივე მათგანი ტექსტში მოხსენებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხეები მას დაპირდნენ უცხოეთიდან ავტომანქანის ჩამოყვანას, რისთვისაც ზეპირი შეთანხმების მიხედვით, მოსარჩელეს მათთვის უნდა გადაეცა 2000 აშშ დოლარი. 1000 აშშ დოლარი მოსარჩელემ ძმის, დედისა და მეუღლის თანდასწრებით გადასცა მეორე მოპასუხეს, ხოლო დარჩენილი 1000 აშშ დოლარის გადაცემას ესწრებოდა მოსარჩელის დედა. მოგვიანებით, მოსარჩელეს დაუკავშირდა პირველი მოპასუხე და სთხოვა სესხის სახით 1000 აშშ დოლარის გადაცემა, რათა ერთი ავტომობილი თავისთვის ჩამოეყვანა. აღნიშნული თანხა მოსარჩელის მეუღლის ანგარიშიდან გადაერიცხა პირველ მოპასუხეს 2016 წლის 18 ნოემბერს.

1.3. ერთი თვის შემდეგ, მოსარჩელეს დაუკავშირდა პირველი მოპასუხე და აცნობა, რომ ავტომანქანის ჩამოყვანისას შეექმნა პრობლემა, რის გამოც, სესხის სახით სჭირდებოდა თანხა. მოსარჩელემ მეუღლეთა კუთვნილი თანხიდან გადაურიცხა მას 400 აშშ დოლარი და 400 ლარი, ხოლო 250 ლარი პირადად გადასცა.

1.4. მოპასუხეებმა ისარგებლეს მოსარჩელის ნდობით და არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება - არც ავტომანქანა ჩამოუყვანიათ და არც სესხად გადაცემული თანხა დაუბრუნებიათ, რაც მათ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველი გახდა.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელის მიმართ მათ არანაირი ვალდებულება არ ჰქონდათ შესასრულებელი.

3. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1400 აშშ დოლარისა და 400 ლარის გადახდა, ხოლო მეორე მოპასუხეს - 1000 აშშ დოლარის გადახდა.

4. პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

4.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მის მიმართ სარჩლის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5.2. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული საბანკო ქვითრებით დაადგინა, რომ 2016 წლის 18 ნოემბერს მოსარჩელის მეუღლემ, მ.ქ–ძემ სს „ლ.ბ–ის“ მეშვეობით გადაურიცხა პირველ მოპასუხეს 1000 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის 20 თებერვალს - 400 აშშ დოლარი და 400 ლარი.

5.3. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირველი მოპასუხისთვის თანხის დაკისრების ნაწილში არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტებს და არასწორად განსაზღვრა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება მოდავე მხარეთა შორის ზეპირი ფორმით დადებული სასესხოსამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და იმის შესახებ, რომ პირველი მოპასუხისთვის გადაცემული თანხა წარმოადგენდა სესხის თანხას.

5.4. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებებით და გამოკითხვის ოქმებით სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო თანხა - 1400 აშშ დოლარი და 400 ლარი მოსარჩელემ მესამე პირის (მეუღლის) მეშვეობით გადაცა პირველ მოპასუხეს მეორე მოპასუხისთვის გადასაცემად, ხოლო თანხის გადაცემის მიზანი იყო მეორე მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის დაპირებული ავტომანქანის შეძენა.

5.5. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 979-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ ვინაიდან მეორე მოპასუხის ქმედებით მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის ნასყიდობის თაობაზე გარიგება შეწყდა, ამასთან, პირველ მოპასუხეს სადავო თანხა მეორე მოპასუხისთვის არ გადაუცია, მოსარჩელის მიერ პირველი მოპასუხისთვის გადაცემულ შესრულებას გამოეცალა სამართლებრივი საფუძველი და იგი ვალდებულია მიღებული დაუბრუნოს უფლებამოსილ პირს.

5.6. სასამართლომ არ გაიზიარა პირველი მოპასუხის მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მეუღლის მიერ მის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა მოხდა საბანკო დაწესებულებაში მოსარჩელის პრობლემების გამო და აღნიშნული თანხა მან დაუბრუნა მოსარჩელეს.

5.7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელისთვის სადავო თანხის დაბრუნება ვერ დადასტურდებოდა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებებით. მითუმეტეს, რომ ისინი არ ასახავდა ფაქტების ზუსტ მტკიცებას (არ ირკვეოდა ვის, როდის, რა ოდენობით და რა მიზნით გადასცა თანხა პირველმა მოპასუხემ). გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადგენად გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი წერილობითი სახის დოკუმენტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია პირველი მოპასუხის მითითება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით თანხის გადაცემის ფაქტის დადასტურების შესახებ.

6.პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

6.2. კასატორის განცხადებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა შეცვალეს სარჩელის საფუძვლები, რითაც მოპასუხეს მოუსპეს საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებისა და დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. მოსარჩელე სარჩელის საფუძვლად სესხის ხელშეკრულებაზე უთითებდა, მის მიერ მითითებული ფაქტები კი, ვერ ამართლებდა აღნიშნულ მოთხოვნას. სარჩელის საფუძვლის შეცვლით შეიცვალა მისი სამართლებრივი საფუძველიც, რითაც შეიზღუდა მოპასუხის შეჯიბრებითობის პრინციპით გათვალისწინებული საპროცესო უფლებამოსილება.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

12. კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ეხება იმას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა თავიანთი ინიციატივით შეცვალეს სარჩელის საფუძველი, რითაც მოპასუხეს მოუსპეს საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებისა და დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში/გადაწყვეტლებაშია მითითებული, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას, ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს. (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და სასურველია მათი აღრევა თავიდან იქნეს აცილებული. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.).

16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირზე მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა, მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. თავის მხრივ, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

20. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული.

21. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

22. ამასთან, სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (სუსგ №ას-839-805-2016, 2017 წლის 6 მარტი).

23. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელემ პირველ მოპასუხეს მეუღლის ანგარიშიდან გადაურიცხა თანხა (2016 წლის 18 ნოემბერს 1000 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის 20 თებერვალს - 400 აშშ დოლარი და 400 ლარი) მეორე მოპასუხისთვის გადასაცემად, რათა მას მოსარჩელისთვის ეყიდა ავტომანქანა. აღნიშნული თანხა პირველ მოპასუხეს მეორე მოპასუხისთვის არ გადაუცია, შესაბამისად, მოსარჩელეს არც დაპირებული ავტომანქანა მიუღია. აღსანიშნავია, რომ თავად პირველი მოპასუხეც არ უარყოფს მის ანგარიშზე თანხის დარიცხვის ფაქტს, თუმცა აპელირებს იმავე თანხის მოსარჩელისთვის დაბრუნების შესახებ (რასაც საწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარდგენით ვერ ადასტურებს).

24. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით კი, დადგენილია ქცევის იმგვარი წესი, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

25. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ნორმის მიზნიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ, რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე (სუსგ №ას-360-342-2015, 3 ივნისი, 2015 წელი). ამასთან 979-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.

26. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარეობს და სახეზეა კონდიქციური სარჩელი. კერძოდ, გამომდინარე იქიდან, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება თანხის გადაცემის სანაცვლოდ მოსარჩელისთვის ავტომანქანის ჩამოყვანის შესახებ, ამ მიზნით პირველმა მოპასუხემ მეორე მოპასუხისთვის გადასაცემად მოსარჩელისგან მიიღო სადავო თანხა, თუმცა შეთანხმებისამებრ იგი არ გადაუცია მეორე მოპასუხისთვის, ამასთან, საქმის მასალებით არც აღნიშნული თანხის მოსარჩელისთვის დაბრუნება დასტურდება, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა მოსარჩელის ხარჯზე პირველი მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება, რაც სადავო თანხის უკან მოთხოვნის უფლებას წარმოუშობს მოსარჩელეს(სსკ 976-ე მუხლი).

27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 976-ე, 979-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ვ.ზ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. ვ.ზ–ნს (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზ.ა–ძის (.......) გადახდილი (საგადახდო დავალება №9566449423, გადახდის თარიღი 2020 წლის 13 ივლისი), 150 ლარის 70% - 105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე