საქმე № ას-390-2021 15 დეკემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ.ლ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.კ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გაჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ...... (ს/კ: .......) (შემდგომში „სადავო ქონება“, „სადავო უძრავი ქონება“ ან „სადავო ბინა“) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გ.კ–ის (შემდგომში „მოსარჩელე“) სახელზე. უფლების დამდგენი დოკუმენტია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით.
2. სადავო უძრავი ქონება ყოფილი მესაკუთრის, ნ.ლ–ის (შემდგომში „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მფლობელობაშია, ბინაში განთავსებულია მოპასუხის მოძრავი ნივთები.
3. სადავო ბინის გასაღები აქვთ მოპასუხის შვილებს, მ. და ს. ლ–ებს (შემდგომში ტექსტში ერთობლივად მოხსენებული, როგორც „მოპასუხეები“) და მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებენ მას.
4. სარჩელის საფუძვლები
4.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხისა და მისი შვილების მიმართ და მოითხოვა მათი უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა.
5. მოპასუხის შესაგებელი
5.1. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნეს.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ნ.ლ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა სადავო უძრავი ქონება და დადგინდა მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისთვის გადაცემა. სარჩელი მოპასუხის შვილების მიმართ წარდგენილი მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
7. სააპელაციო საჩივარი
7.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე-172-ე, 312-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საჯარო რეესტრის ჩანაწერის შესაბამისად, მოსარჩელე არის სადავო ქონების მესაკუთრე და იგი სარჩელში აპელირებს მოპასუხის მხრიდან უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობაზე, მოპასუხეს ეკისრებოდა იმგვარი მტკიცებულების წარდგენის მოვალეობა, რაც სარჩელში მითითებულ აღნიშნულ გარემოებას გააქარწყლებდა, თუმცა მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე სახის დოკუმენტი, რაც მის მიერ სადავო ნივთის კანონიერ ფლობას დაადასტურებდა. მხარეთა შორის არ არსებობდა არც რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც შეიძლებოდა შეზღუდულიყო მოსარჩელე მოპასუხესთან მიმართებით. ამდენად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხე სადავო ბინას ფლობდა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
8.3. სააპელაციო პალატამ იმსჯელა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მოპასუხის შუამდგომლობის საფუძვლიანობაზეც. კერძოდ, მოპასუხე საქმის წარმოების შეჩერებას ითხოვდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაშია საქმე, რომელიც ხელახლა განსახილველად დააბრუნა უზენაესმა სასამართლომ და სადაც დავის საგანია სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დამდგენი გარიგების (ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით) კანონიერება. სწორედ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა მოპასუხემ.
8.4. სააპელაციო სასამართლომ უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განჩინებაზე მითითებით დაასკვნა, რომ საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლად მითითებული გარემოება - სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების კანონიერების შემოწმების შესახებ სახეზე არ არის, რადგან მოპასუხის მოთხოვნის ამ ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მიერ განჩინების მიღებისთანავე კანონიერ ძალაში შევიდა. გარდა ამისა, როგორც არაერთხელ განმარტა საკასაციო პალატამ, სსსკ-ის 312-ე მუხლის სიტყვა-სიტყვითი განმარტებით თუ ვიმსჯელებთ, სასამართლოში საჩივრის შეტანა გამორიცხავს ამ ნორმით გათვალისწინებული ვარაუდის მოქმედებას, რაც არასწორია, ვინაიდან მარტოოდენ გასაჩივრების ფაქტი არ აჩერებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მოქმედებას, თუ არ დადასტურდა უფლების ნამდვილობის ხარვეზი, თავად გარიგების მხარეთა მიერ ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მანამდე ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და შესაბამისად, უფლება ნამდვილი.
8.5. სააპელაციო სასამართლომ საქმის წარმოების განახლების შესახებ პრეტენზიასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით საქმის წარმოების განახლებას საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განჩინება, რომლითაც საკასაციო პალატამ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობა და დასკვნები 2013 წლის 18 დეკემბრის გარიგებების კანონიერებასთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ აღძრული სარჩელის ფარგლებში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლის კანონიერების შემოწმება წარმოადგენდა, ხოლო საქმის მასალებით დასტურდებოდა საქმეზე წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრა, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი იმის შესახებ, რომ სასამართლოს საქმის წარმოება არ უნდა განეახლებინა.
8.6. რაც შეეხება საქმის განხილვის გადადებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებებზე წარდგენილ პრეტენზიას, სააპელაციო სასამართლომ არც აღნიშნული გაიზიარა და მიიჩნია, რომ მითითებული განჩინებების გამოტანისას სასამართლოს საპროცესო სამართლის ნორმები არ დაურღვევია.
9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9.2. კასატორის განცხადებით, სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელე არის სადავო ქონების მესაკუთრე. სინამდვილეში კი, მოპასუხეს აღნიშნული ქონება არასდროს გაუსხვისებია, მასსა და მოსარჩელეს შორის წლებია მიმდინარეობს სასამართლო დავები, რომლებიც ჯერ არ დასრულებულა. შესაბამისად, მოსარჩელე არ არის სადავო ბინის კეთილსინდისიერი მფლობელი და სანამ არ დასრულდება ეს დავები, სასამართლომ უნდა შეაჩეროს წინამდებარე საქმის განხილვა.
9.3. მოპასუხის მიერ გასაჩივრებულია სადავო ბინაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დამდგენი გარიგება. შესაბამისად, ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეუძლებელია წინამდებარე დავის გადაწყვეტა, ვინაიდან მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში, აღნიშნული დავის საგანს საფუძველი ეცლება, რადგან უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისთვის ერთ-ერთ აუცილებელ და მთავარ ელემენტს წარმოადგენს მოსარჩელე, რომელიც უნდა იყოს გამოსათხოვი უძრავი ქონების მესაკუთრე. ამდენად, სასამართლომ არასწორად უთხრა უარი მოპასუხეს საქმის წარმოების შეჩერებაზე.
9.4. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული საოქმო განჩინებებიც საქმის განხილვის გადადებაზე მოპასუხისთვის უარის თქმის შესახებ.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
17. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
18. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ. 1. ს.ფ 18), რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს.
19. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
20. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა.
21. საკასაციო სასამართლო მხარეს განუმარტავს, რომ მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც კასატორს სასამართლოში საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ წარუდგენია.
22. სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.
23. საკასაციო სასამართლო დასაბუთებულ საკასაციო შედავებად ვერ მიიჩნევს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა წინამდებარე საქმეზე წარმოების შეჩერების შესახებ მოპასუხის მიერ წარდგენილი შუამდგომლობის საფუძვლიანობა და განაახლა საქმისწარმოება. კასატორის მოსაზრებით, მასსა და მოსარჩელეს შორის წლებია მიმდინარეობს სასამართლო დავები, და სანამ არ დასრულდება ეს პროცესი, სასამართლომ უნდა შეაჩეროს წინამდებარე საქმის განხილვა.
24. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებით დადგენილ იმ გარემოებას, რომ მოცემული საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლად მოპასუხე მიუთითებს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლოს განჩინებიდან ირკვევა, რომ სხვა საკითხებთან ერთად სარჩელით სადავოდ იყო გამხდარი მოპასუხის მიერ დაკავებულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დამდგენი გარიგებისა (ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით) და სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის კანონიერება. თუმცა განჩინების სამოტივაციო ნაწილიდანვე ჩანს, რომ საკასაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნა მოთხოვნის ამ ნაწილის უარყოფის შესახებ და მიუთითა, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო პალატა აღარ იმსჯელებდა მათზე (იხ. ტ. 1. ს.ფ 229-236). გამომდინარე აქედან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ვინაიდან მოპასუხის მიერ საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლად მითითებული გარემოება - მოსარჩელის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის სადავოობა სახეზე არ არის, არ არსებობდა მოპასუხის პრეტენზიის გაზიარებისა და საქმისწარმოების განახლების შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
25. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ არსებობდა სხდომის გადადების თაობაზე წარდგენილი შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული საოქმო განჩინებების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.
26. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მითითებული საოქმო განჩინებებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შვილებისა და მათი წარმომადგენლების შუამდგომლობები საქმის განხილვის გადადების შესახებ, სააპელაციო სასამართლო კი საქმეს განიხილავდა არა მოპასუხის შვილების, არამედ მხოლოდ მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში (მოპასუხის შვილების მიმართ წარდგენილი მოთხოვნის ფარგლებში სარჩელი არ დაკმაყოფილდა). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მითითებული საოქმო განჩინებები არ ეხება უშალოდ კასატორის (მოპასუხის) უფლებებსა და ინტერესებს, იგი ვერც პრეტენზიას განაცხადებს მათ კანონიერებაზე.
27. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ გასაჩივრებული შუალედური განჩინებების გამოტანისას საპროცესო ნორმების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება; №ას-25-23-2017, 2017 წლის 30 ივნისის განჩინება), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.
30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% - 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ლ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ნ.ლ–ს (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი.შ–ძის (.....) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი 2021 წლის 1 ივლისი), 150 ლარის 70% - 105 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე