საქმე №ას-1346-2020 15 დეკემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „გ.?“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მოპასუხე)
მესამე პირი - თ.თ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სერვიტუტის უფლების გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მოსარჩელის მოთხოვნა
1.1. შპს „?“-ის (შემდგომში „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) დირექტორმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა (შემდგომში „მოპასუხე“) და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის მიმართ სერვიტუტის უფლების გაუქმების მოთხოვნით.
1.2. მოსარჩელის განცხადებით, მან 2009 წლის 1 მაისს აუქციონის გზით შეიძინა ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ....... და ....... ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე 208 კვ.მ უძრავი ქონება (საკ. კოდი: ........) (შემდგომში „სადავო ქონება“ ან „სადავო უძრავი ქონება“) აღნიშნული მიწის ნაკვეთი არანაირი ვალდებულებით დატვირთული არ იყო. მოგვიანებით, თითქმის ორი წლის შემდეგ, მოპასუხემ მოსარჩელის ნებართვის გარეშე დაარეგისტრირა მასზე სერვიტუტის უფლება საჯარო რეესტრში.
2. მოპასუხის პოზიცია
1.
2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2008 წლის 18 დეკემბერს ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურმა წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და ითხოვა ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ......... და ..... ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე 208 კვ.მ-დან 39.82.კვ.მ მიწის ნაკვეთზე სერვიტუტის რეგისტრაცია, რაც ასახულია საკადასტრო გეგმაზე. მოსარჩელის მოთხოვნა სერვიტუტის გაუქმების თაობაზე, მიუხედავად იმისა რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული გაზის გამანაწილებელი გადატანილი ჰქონდა სხვა ტერიტორიაზე, არ დაკმაყოფილდა. აუქციონზე გატანის წინ მიწის ნაკვეთზე არ მოხსნილა საკადასტრო გეგმაზე რეგისტრირებული ვალდებულება. ამასთან, გაზგამანაწილების გადატანის შემთხვევაში სააუქციონო პირობები არ ითვალისწინებდა სერვიტუტის გაუქმებას.
3. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის, თ.თ–ძის პოზიცია
3.1. მესამე პირის განცხადებით, N ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული სერვიტუტი დატვირთულია მის საკუთრებაში არსებული N ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის, კერძოდ, მომიჯნავე შენობის ფასადზე არსებული შენობის კარის ღიობის სასარგებლოდ. სერვიტუტი არასოდეს ყოფილა გამოყენებული ნაკვეთზე არსებული გაზის გამანაწილებლისთვის, ამ უფლებით ერთადერთ მოსარგებლეს სწორედ თვითონ წარმოადგენს. შესაბამისად, სერვიტუტის გაუქმებით წაერთმევა უფლება, ისარგებლოს საკუთარ უძრავ ქონებასთან მისასვლელი ერთადერთი გზით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
5.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
6.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.2.1. თბილისის არქიტეტურის სამსახურის მიწის ნაკვეთის საზღვრების მომზადების და საინვესტიციო განყოფილების უფროსის მიერ მომზადებულ წერილში მითითებულია, რომ .......... და ....... ქუჩების გადაკვეთაზე #....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დადგენილია სერვიტუტი მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობის ფასადზე არსებული კარის ღიობის სასარგებლოდ, რომლის არსებობა 2007 წლის 1 იანვრამდე დასტურდება. აქვე მითითებულია, რომ საზღვრების გეგმის კორექტირების შედეგად ფართის უცვლელად შეიცვალა სერვიტუტის ფართი და ნაცვლად 39.82 კვ.მ-ისა სერვიტუტის ფართი გახდა 40.84 კვ.მ.;
6.2.2. ის გარემოება, რომ მესამე პირის საკუთრებაში არსებულ ფართს ემიჯნება სერვიტუტით დატვირთული სადავო მიწის ნაკვეთი (ს/კ ......), დასტურდება ასევე ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 16 იანვრის #08/168-8 წერილითაც;
6.2.3. 2008 წლის მდგომარეობით მომზადებულ საჯარო რეესტრის ამონაწერით სადავო უძრავი ქონება ირიცხება მოპასუხის საკუთრებად (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის N06-8/10989 წერილი და სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 05/03/2009წ. დამოწმებული მიწის ნაკვეთის გეგმა);
6.2.4. დედაქალაქის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 2009 წლის 1 მაისის #197 ოქმის მიხედვით, „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა მოსარჩელე კომპანიის დირექტორი, როგორც ფიზიკური პირი, გ.დ–ი და მას საკუთრებაში გადაეცა N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. გ.დ–ის სახელზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწობა.
6.2.5. აუქციონის შედეგები მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია;
6.2.6. საჯარო რეესტრის 2009 წლის 18 ივნისის მონაცემებით, სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გ.დ–ის სახელზე (უფლების დამდგენი დოკუმენტებია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი #197 და 2009 წლის 8 ივნისს დამოწმებული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა #259);
6.2.7. 2011 წლის 10 მარტს მომზადებულ საჯარო რეესტრის ამონაწერით გ.დ–ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე შეზღუდული სარგებლობის გრაფაში ფიქსირდება 2008 წლის 18 დეკემბერს ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის წერილი #-6-8/10989, რომლის საფუძელზე 39.82 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა უფლება (უფლების რეგისტრაციის თარიღი: 13/03/2009);
6.2.8. საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია მოპასუხე კომპანიის საკუთრების უფლება;
6.2.9. მოპასუხე კომპანიის დირექტორის ინიციატივით და ხარჯებით შპს „ტ–ის“ მიერ შედგენილი პროექტით მოსარჩელის ქონებიდან მოხდა გაზგამანაწილებლის გადატანა;
6.2.10. მოპასუხე კომპანიის დირექტორმა სერვიტუტის გაუქმების მოთხოვნით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს, რაზეც 2014 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით განემარტა, რომ სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული იყო ვალდებულებით, რაც ასახული იყო სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მომზადებულ საკადასტრო გეგმაზე;
6.2.11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 10 სექტემბრის წერილით დგინდება სადავო უძრავი ქონების სერვიტუტით დატვირთვა მომიჯნავედ მდებარე ფასადზე არსებული კარის ღიობის სასარგებლოდ (რომლის არსებობა 2007 წლის 1 იანვრამდე დასტურდება). ამავე წერილით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მესამე პირმა მიიღო ინფორმაცია მის სასარგებლოდ მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვის შესახებ. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ ვინაიდან მიწის ნაკვეთზე არსებული შეზღუდვა განხორციელდა მესამე პირის სასარგებლოდ, მას ....... ქუჩის მხრიდან შეუზღუადავად შეეძლო ესარგებლა კუთვნილ ობიექტამდე მისასვლელი გზით.
6.3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 243-ე, 246-ე-248-ე მუხლებით და არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის შესახებ, რომ ვინაიდან სააუქციონო პირობებში არ იყო მითითება სერვიტურის შესახებ, იგი მიიჩნეოდა უკანონოდ და უნდა გაუქმებულიყო. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ქონებაზე სერვიტუტის უფლების წარმოშობა დროში უსწრებდა მოსარჩელე კომპანიის დირექტორის სახელზე საკუთრების უფლების წარმოშობას. მოსარჩელემ კი სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების წარდგენით ვერ დაადასტურა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის შეძენის დროისთვის მან არ იცოდა სერვიტუტის უფლების შესახებ. მართალია, საჯარო რეესტრის ამონაწერში არ იყო მითითებული კონკრეტულად სერვიტუტით მოსარგებლე პირის შესახებ, თუმცა სადავო მიწის ნაკვეთი რეესტრში დარეგისტრირებული იყო ვალდებულებით, რაც ასახული იყო სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მომზადებულ საკადასტრო გეგმაზე. შესაბამისად, მოპასუხე კომპანიის დირექტორს ქონების შეძენამდე ჰქონდა შესაძლებლობა წინასწარ გაცნობოდა მის მახასიათებლებს. ამრიგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა სერვიტუტის უფლების გაუქმების საფუძველი.
6.4. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის შესახებ, რომ სასამართლოს მხარეებისთვის არ შეუთავაზებია მოპასუხეთა წრის დაზუსტება. სასამართლომ მიუთითა კონკრეტულ სხდომის ოქმზე, როდესაც მესამე პირის წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა მისი მარწმუნებლის საქმეში მოპასუხედ ჩართვის შესახებ (იმ საფუძვლით, რომ სერვიტუტით მოსარგებლე სწორედ ის იყო), თუმცა ვინაიდან მოსარჩელის წარმომადგენელი არ დაეთანხმა დაყენებულ შუამდგომლობას, სასამართლომ იგი არ დააკაყოფილა.
6.5. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქმეში მესამე პირის სტატუსით მონაწილე პირი წარმოადგენს მოპასუხეს, თუმცა იმავდროულად განმარტა, რომ მისი მონაწილეობა მოპასუხის სტატუსით არ გამორიცხავდა ქონების მართვის სააგენტოს საქმეში არსებულ სტატუსს.
6.6. სააპელაციო პალატამ არა გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია მესამე პირის საკუთრებაში არსებული ღიობის უკანონობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ მითითებული გარემოება ვერ მიიჩნეოდა სერვიტუტის გაუქმების საფუძვლად, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულის (ღიობის უკანონობის, მისი ამოშენებისა და სხვა მხარეს გადატანის) შესახებ სარჩელი სასამართლოში წარდგენილი არ არის.
6.7. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ სერვიტუტის შესახებ ინფორმაცია არ იქნა დატანილი შესაბამის დოკუმენტაციაზე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, თუნდაც დასტურდებოდეს აღნიშნული, იგი არ შეიძლება გახდეს უფლების შეზღუდვის საფუძველი, ვინაიდან სერვიტუტი არსებობდა მოპასუხის მიერ სადავო ქონების შეძენამდე და ამ უფლების გასაყიდ დოკუმენტაციაში მიუთითებლობა ვერ აქცევდა მას არალეგიტიმურად.
7. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
7.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის გარემოება, რომ სადავო ქონება გასხვისებამდე იყო უფლებრივად უნაკლო და იგი არ იყო დატვირთული სერვიტუტით. მხოლოდ ორი წლის შემდეგ, მოპასუხემ მოსარჩელის ნებართვის გარეშე, გააკეთა რეესტრის მონაცემებში ჩანაწერი სერვიტუტის შესახებ, რაც დაუშვებელია და დადგენილი სერვიტუტის გაუქმების საფუძველს ქმნის.
7.3. სასამართლო ამტკიცებს, რომ სერვიტუტი დარეგისტრირდა 2008 წლის 18 დეკემბრის წერილის საფუძველზე 2009 წლის 13 მარტს მაშინ, როდესაც ვერ მიუთითებს რეგისტრაციის ნომერზე, რომელიც არ არსებობს და, შესაბამისად, ეს ინფორმაცია გაყალბებულია. სასამართლო ცდილობს დაამტკიცოს, რომ სადავო ქონების შეძენისას სერვიტუტის შესახებ ჩანაწერი არსებობდა და იგი ქონების შემძენს სადავოდ არ გაუხდია მაშინ, როდესაც საჯარო რეესტრის ამონაწერში მსგავსი რამ არ ფიქსირდებოდა.
7.4. სასამართლომ არ შეაფასა საქმეზე წარდგენილი საექსპერტო დასკვნები, რომლებიც ადგენს, რომ მესამე პირის საკუთრებაში არსებულ ფართს აქვს შესასვლელი ეზოს მხრიდან, ასევე დგინდება ისიც, რომ ე.წ „კარის ღიობი“ კანონიერად მოწყობილი არ არის.
8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
8.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (სუსგ Nას-1166-2019, 06.04.2020წ.).
14. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დადგენილი სერვიტუტის უფლების გაუქმებას და თავის პოზიციას იმ გარემოებას ამყარებს, რომ სადავო ქონება შეძენის დროისთვის უფლებრივად უნაკლო იყო, შეძენიდან ორი წლის შემდგეგ კი, მოპასუხემ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, დატვირთა ის სერვიტუტით.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სერვიტუტი, როგორც სხვის ნივთზე უფლება, ორი გზით დგინდება, ერთი, კანონის ობიექტურ-ნორმატიული ნების საფუძველზე და მეორე, პირთა სუბიექტური ნების, საფუძველზე (ბესარიონ ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მეცნიერება“, 2003 წელი, გვ. 263).
16. სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილით, მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება, ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ (სერვიტუტი). სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის გათვალისწინებული წესები. ამავე კოდექსის 253-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ამა თუ იმ პირის სასარგებლოდ სერვიტუტით დაიტვირთოს 247-ე მუხლში გათვალისწინებული პირობით. ამგვარი დატვირთვა შეიძლება იმაში მდგომარეობდეს, რომ უფლებამოსილ პირს მესაკუთრის გამორიცხვით შეუძლია შენობა ან ამ შენობის ნაწილი თავისთვის ან თავისი ოჯახისთვის გამოიყენოს ბინად. შესაბამისად, სერვიტუტისთვის, როგორც სანივთო გარიგებისთვის, აუცილებელია ნების ნამდვილობა, რაც გულისხმობს კონტრაჰენტთა ნების თავისუფალ გამოხატვას ამ გარიგების მარეგულირებელი ნორმების ფარგლებში (სუსგ Nას-1108-1312-05, 18.07.2006წ.).
17. ამასთან, მიწის ნაკვეთზე ან სხვა სახის უძრავ ნივთზე სერვიტუტის უფლება წარმოიშობა როგორც სანივთო ტვირთი და სერვიტუტის უფლებით დატვირთული ნივთის მესაკუთრის უფლებამოსილება იზღუდება სერვიტუტის არსებობის განმავლობაში.
18. მოცემულ საქმეში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ქონებაზე სერვიტუტის უფლების წარმოშობა დროში უსწრებდა მოსარჩელე კომპანიის დირექტორის სახელზე ამავე ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობას. კერძოდ, საქმეში წარდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სადავო ფართზე დაფიქსირებულია შეზღუდული სარგებლობის უფლება ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2008 წლის 12 აგვისტოს #06-8/10989 წერილის საფუძველზე და უფლების რეგისტრაციის თარიღია 2009 წლის 13 მარტი (იხ. ტ. 2. ს.ფ 86), ხოლო მოსარჩელემ აღნიშნული უძრავი ქონება შეიძინა მოგვიანებით, 2009 წლის 1 მაისს ჩატარებული აუქციონის გზით და საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე (იხ. ტ. 1. ს.ფ 25-32).
19. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის შეძენამდე მასზე სერვიტუტის უფლების არსებობა დასტურდება საქმეში წარდგენილი თბილისის არქიტეტურის სამსახურის მიწის ნაკვეთის საზღვრების მომზადების და საინვესტიციო განყოფილების უფროსის 2014 წლის 30 სექტემბრის წერილითაც, რომელშიც მითითებულია, რომ ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2008 წლის 12 ნოემბერს ჩუღურეთის რაიონში, ....... და ...... ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე 208 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მომზადდა მიწის ნაკვეთის საზღვრების გეგმა და აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან 39.82 კვ.მ ფართი დაიტვირთა სერვიტუტით მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობის ფასადზე არსებული კარის ღიობის სასარგებლოდ, ხოლო ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 2 მარტის მომართვის საფუძველზე, წარმოდგენილი ტოპოგეოდეზიური ნახაზის მიხედვით მოხდა მიწის ნაკვეთის საზღვრების გეგმის კორექტირება ფართის უცვლელად, თუმცა შეიცვალა სერვიტუტის ფართი და გახდა 40.84 კვ.მ (იხ. ტ. 1. ს.ფ 19).
20. საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებაშია (გადაწყვეტილებაშია) განმარტებული, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული.
21. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
22. ამასთან, სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (სუსგ №ას-839-805-2016, 2017 წლის 6 მარტი).
23. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების დამტკიცება, რომ სადავო ქონების შეძენის დროისათვის მოსარჩელისთვის ცნობილი არ იყო ქონების სერვიტუტის უფლებით დატვირთვის თაობაზე, სწორედ მოსარჩელეს ეკისრებოდა, მან კი დასაშვები და დასაბუთებული მტკიცებულებების წარდგენით ვერ გააბათილა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. თავად მოსარჩელის მიერ საქმეში წარდგენილი საჯარო რეესტრის 2009 წლის 13 მარტის ამონაწერით ირკვევა, რომ სადავო ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია ქონების მართვის საქალაქო სამსახურის სწორედ ის წერილი (2008 წლის 18 დეკემბრის #06-8/10989 წერილი), რომლითაც მოპასუხემ მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ნაწილზე (39.82 კვ.მ-ზე) სერვიტუტის უფლების დარეგისტრირება, ასევე მიწის ნაკვეთის გეგმა, სადაც დატანილია სადავო ქონების სერვიტუტის უფლებით დატვირთული ნაწილი (იხ. ტ. 1. ს.ფ 16-17, 20-23). ამრიგად, ქონების შეძენამდე მოსარჩელეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა ქონების უფლებრივ მახასიათებლებს და ისე მიეღო მისი შეძენის შესახებ გადაწყვეტილება.
24. გამომდინარე იქიდან, რომ მითითებული საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებენ 2009 წლის 1 მაისამდე (როდესაც მოსარჩელემ სადავო ქონება შეიძინა აუქციონზე) სადავო ფართზე სერვიტუტის უფლების დადგენას, ხოლო საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი საქმეში წარდგენილი არ არის, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა მოსარჩელის პრეტენზიის გაზიარებისა და დადგენილი სერვიტუტის გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
27. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „გ. ?-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. შპს „გ. ?-სს“ (........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ხ.გ–ის (.....) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი 2021 წლის 1 ივლისი), 300 ლარის 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე