Facebook Twitter

საქმე № ას-300-2021 24 ნოემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „I.“

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.კ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „I-ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, დამსაქმებელი, კომპანია ან კასატორი) საკასაციო საჩივრის პრეტენზიით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 ნოემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა კომპანიის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

2. კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს არ დაუსაბუთებია გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება, ამასთან, ურთიერთსაწინააღმდეგო მსჯელობაა განვითარებული ლ.კ–ძესთან (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

5. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

6. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

6.1. მოსარჩელე, 2018 წლის 10 იანვრის ბრძანების საფუძველზე, 2018 წლის 10 იანვრიდან - 2019 წლის 10 ივლისამდე ვადით მოპასუხე კომპანიაში დაინიშნა ბუღალტრის თანამდებობაზე.

6.2. მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება საშუალოდ შეადგენდა 2 068.18 ლარს.

6.3. კომპანიის 2019 წლის 1 თებერვლის ბრძანებით, მოსარჩელე 2019 წლის 31 იანვრიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ი) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენდა ის გარემოება, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით წერილობითი განცხადებით მოპასუხისათვის არ მიუმართავს.

6.4. სასამართლოს განმარტებით მოსარჩელის პრეტენზია ეხებოდა იმ გარემოებას, რომ სამსახურიდან წასვლის შესახებ ნება არ იყო ნამდვილი და განპირობებული იყო იძულებისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად.

6.5. სასამართლოს განმარტებით მოპასუხის მტკიცების საგანს წარმოადგენდა ემტკიცებინა, რომ დასაქმებულმა სამსახურიდან გათავისუფლების ნება გამოავლინა და აღნიშნული არ იყო იძულებისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგი. ნების გამოვლენის შეფასებისას სასამართლომ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანიაში 2019 წლის 30 იანვარს განვითარებულ მოვლენებზე.

6.6. მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების ინდივიდუალური და ერთობლივი ანალიზის შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან მიმართებით მათი განმარტებები ერთმანეთთან თანხვედრაში იყო და ერთი შეხედვით გამორიცხავდა მოსარჩელის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს კომპანიის დირექტორთან მიმართებით. მართალია, არცერთ მათგანს არ დაუდასტურებია ფაქტი, რომ დირექტორმა დასაქმებულს დააბრალა მაჯის საათის ქურდობა, რის შედეგადაც მოუწოდა სამსახურის დატოვება, თუმცა 2019 წლის 30 იანვარს განვითარებული მოვლენები სხვაგვარი დასკვნის საფუძველს იძლეოდა. ყველა მათგანი განმარტავდა, რომ 2019 წლის 11 იანვრის დღის ქრონოლოგიის გახსენების შედეგად, დირექტორი აღნიშნავდა, რომ მაჯის საათი ნამდვილად დაკარგა სამსახურში და ოფისიდან ბოლოს გავიდა დასაქმებული. ის ფაქტი, რომ ეჭვი მოსარჩელის მიმართ არსებობდა იმითაც დასტურდება, რომ დირექტორის მეუღლემ არასამუშაო დღეს, მხოლოდ მოსარჩელეს დაურეკა და აცნობა, რომ საათი დაიკარგა, ხოლო სხვა თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ რამოდენიმე დღის შემდგომ. ასევე საგულისხმოდ მიიჩნია მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ, რომ დასაქმებული, სამსახურიდან წასვლის ნების გამოვლენამდე იყო ზედმეტად აღელვებული და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განპირობებული იყო შექმნილი ემოციური ფონით.

6.7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებებისა და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვის შედეგედ სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დასაქმებულის მიერ გამოვლენილი ნება ეწინააღმდეგებოდა მის ნამდვილს ნებას.

7. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის 37.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე). შესაბამისად, არასწორად დაადგინა შრომითი ურთიერთობის მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ შეწყვეტისა და მოპასუხე კომპანიის მხრიდან არაკეთილსინდისიერების ფაქტი.

8. კასატორის მითითებული პრეტენზიების შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაშია განმარტებული, „შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას (იხ. სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი). თუმცა, შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“ (იხ. სუსგ Nას-98-94-2016, 26.07.2016წ.; სუსგ №ას-368-2019, 31 ივლისი, 2019წ. პ.16). ამასთან, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენება (იხ. სუსგ. ას-375-2020, 3.02.2021).

9. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 37-ე და 38-ე მუხლები), რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო, მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ კანონიერი გზებით, ხოლო, ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე; ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი „შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის (იხ. სუსგ Nას-1391-1312-2012, 10.01.2014წ.).

10. მითითებული დავის ფარგლებში, სასამართლომ უნდა შეამოწმოს რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულების სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-1350-2019, 27 ნოემბერი, 2019 წ.).

11. საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების 6.1-6.7 ქვეპუნქტებში ასახულ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე მიუთითებს და განმარტავს, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ დასაქმებულს წერილობითი განცხადებით, რომელიც შრომითი ურთიერთობის დამთავრებისკენ იქნებოდა მიმართული, არ მიუმართავს კომპანიისთვის. მოწმეთა ჩვენებებითაც არ მტკიცდება ის გარემოება, რომ დასაქმებულმა მკაფიოდ გამოხატა ნება სამსახურის დატოვების შესახებ. აღნიშნულის საპირისპიროდ კი, დირექტორის პირადი ნივთის დაკარგვასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები, დირექტორის შეფასება და ამ უკანასკნელის წერილი, რომლის შინაარსით ირკვევა, რომ დასაქმებულის მიმართ შსს-ში მიმდინარეობდა გამოძიება პირადი ნივთის ქურდობის ფაქტზე, აგრეთვე, დირექტორის მეუღლის კომუნიკაცია მხოლოდ მოსარჩელესთან დაკარგულ ნივთთან დაკავშირებით, ერთობლიობაში ქმნის გათავისუფლების შესახებ ბრძანების არამართლზომიერად ცნობის საფუძვლებს.

12. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას იძულებითი განაცდურის, იმავე თანამდებობის აღდგენაზე შეუძლებლობის, ხელშეკრულების ვადის და განაცდური გამოთვლის წესის შესახებ და ბრძანების არამართლზომიერად ცნობის პირობებში დეტალურად აღარ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე.

13. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „I-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს „I-ს“ (..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.ზ–ის (......) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი 2021 წლის 29 აპრილი), 549 ლარის 70% - 384.3 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე