საქმე №ას-1264-2020 1 დეკემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – დ.კ–ი, გ.მ–ძე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,მ.ო. კ.ს.კ–ი'' (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. დ.კ–ს (შემდგომში „მოსარჩელე“), გ.მ–ძესა (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „მსესხებელი“) და სს „მ.ო. კ.ს.კ–ს“ (შემდგომში „გამსესხებელი“, „კრედიტორი“, „მ.ო.“ ან „მოპასუხე“) შორის 2014 წლის 13 მაისს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“), რომლის მიხედვით, გამსესხებელმა მსესხებელს სესხის სახით გადასაცა 25 000 აშშ დოლარი 60 თვით, წლიური 30%-ის გადახდის პირობით. მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ქ. თბილისში, ......... ქუჩა №78-ში მდებარე მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული 378.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებით.
2. მსესხებელს თანხა უნდა გადაეხადა 2014 წლის 13 ივნისიდან ყოველთვიურად 810 აშშ დოლარი, თუმცა მან დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დადგენილი გრაფიკით თანხის გადახდის შესახებ.
3. 2014 წლის 10 ოქტომბერს, კრედიტორის მიმართვის საფუძველზე, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზე, დადგინდა იპოთეკის საგნის იძულებითი რეალიზაცია აუქციონზე, ხოლო, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირითადი თანხა - 25 000 აშშ დოლარი, დარიცხული საპროცენტო სარგებელი - 2 999.83 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2 568.40 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 120 ლარი.
4. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 16 მარტის განკარგულებით მოსარჩელეების თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 70 400 ლარად შეიძინა მესამე პირმა და ამონაგები თანხით დაკმაყოფილდაა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მოთხოვნა.
5. 2014 წლის 11 სექტემბერს მოსარჩელეთა მიერ გადახდილი 2000 აშშ დოლარით დაიფარა ამ დროისთვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვადაგადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლო.
6. მოსარჩელეთა მოთხოვნა
6.1. მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხისთვის თანხის დაკისრება.
6.2. მოსარჩელეთა განცხადებით, მოპასუხემ სააღსრულებო ფურცელში არასწორად ასახა შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა და არ ასახა მათ მიერ გადახდილი 2 000 აშშ დოლარი, ამასთან, მსესხებელს დააკისრა შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული პირგასამტეხლო, ვინაიდან დადგენილი სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა გამოთვლილიყო 0.2%-ით და არა 2%-ით. შესაბამისად, მოპასუხის მიერ დაკისრებული ყოველდღიური ჯარიმა 16.2 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს 1.62 აშშ დოლარამდე, რაც ვადაგადაცილებულ 177 დღეზე დაანგარიშებით შეადგენს 189.54 აშშ დოლარს და რაც სააღსრულებო ფურცელში მითითებულ პირგასამტეხლოზე 2 378.86 აშშ დოლარით ნაკლებია. შესაბამისად, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მოსარჩელეებისთვის დაბრუნებას ექვემდებარება 4 378.86 აშშ დოლარი (2 378.86 აშშ დოლარს + 2000 აშშ დოლარი).
7. მოპასუხის პოზიცია:
7.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის შეუსაბამოდ მაღალი და შეესაბამება დადგენილ ზღვრულ ოდენობას. მოპასუხემ მართებულად განსაზღვრა მსესხებლისთვის დასარიცხი თანხის ოდენობა და იგი უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა.
7.2. მოპასუხემ მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც.
8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9. მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი
9.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10.2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ მოსარჩელეები მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებას უკავშირებენ არასწორად გამოთვლილ პირგასამტეხლოს (არ ეთანხმებიან როგორც ჯამურ დაანგარიშებას, ასევე გამოსათვლელ პროცენტს).
10.3. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 976-ე, 316-ე-317-ე მუხლებით და მიუთითა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც დადასტურებულია და მოპასუხის მიერ სადავო თანხის მიღება უარყოფილი არ არის, იმის მტკიცების ვალდებულება, რომ მიღებული თანხით მოხდა მოსარჩელეთა მიერ შესასრულებელი ვალდებულებების დაფარვა ეკისრებოდა მოპასუხეს, რაც მან სათანადოდ გასწია.
10.4. სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მსესხებელი სისტემატურად არღვევდა სესხის ხელშეკრულებით დადგენილი გადახდის გრაფიკს. მსესხებლის მიერ ვალდებულების შესრულების მიზნით, მხოლოდ ერთხელ, 2014 წლის 11 სექტემბერს მოპასუხისთვის გადახდილია 2000 აშშ დოლარი. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ეს თანხა უნდა მიმართულიყო არა პირგასამტეხლოს, არამედ ძირითადი თანხის დასაფარად. მოსარჩელეები სადავოდ ხდიან ასევე სასამართლოს განმარტებას, რომ ნების გამოვლენის საფუძველზე ხელშეკრულება გულისხმობდა პირგასამტეხლოს გამოთვლას გადასახდელი თვეების პროცენტის ჯამიდან და არა მხოლოდ 810 აშშ დოლარიდან (ყოველთვიურად გადასახდელი თანხა), როგორც ამას მოსარჩელე ამტკიცებს.
10.5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ხელშეკრულების 10.1.3 და 6.2 მუხლებზე და აღნიშნა, რომ როდესაც მსესხებელმა არ გადაიხადა პირველი თვის საპროცენტო სარგებელი, მას ერიცხებოდა პირგასამტეხლო მხოლოდ 810 აშშ დოლარის (ყოველთვიური გადასახდელი თანხის) 2%, ხოლო როდესაც არ გადაიხადა მეორე თვის საპროცენტო სარგებელი, ათვლა დაიწყო მეორე თვის პროცენტზე დარიცხულმა პირგსამტეხლომაც. თუ მოსარჩელისათვის არ არის მისაღები ჯამურად თვეებზე გადასახდელი სარგებლის 2%-ის დაანგარიშება. პირგასამატეხლოს გამოთვლა შესაძლებელია, ასევე, თითოეულ თვეზე გადასახდელი 810 აშშ დოლარის 2%-დან და შემდეგ მათი შეკრება, რაც შედეგობრივად ერთი და იგივეა.
10.6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-ე-420-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ვინაიდან მსესხებელს არც ერთი თვის განმავლობაში ჯეროვნად არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, საქალაქო სასამართლომ მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა მართებულად მიიჩნია გონივრულ ოდენობად, შესაბამისად, არ არსებობდა მისი შემცირების საფუძველი.
11. მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი
11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა (შემდგომში „კასატორები“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორები“), გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
11.2. კასატორების განცხადებით, სასამართლომ მოსარჩელეთა მიერ გადახდილი 2000 აშშ დოლარი არასწორად ჩათვალა პირგასამტეხლოს ანგარიშში, მაშინ, როდესაც თანხის გადახდის დანიშნულებაში მითითებული იყო სესხის დაფარვა და იგი უნდა ჩათვლილიყო სესხის ძირითადი თანხის ანგარიშში. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა დადგენილი სასამართლო პრაქტიკა და არ შეამცირა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 191-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
17. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და არც კასატორები ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 13 მაისს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, გამსესხებელმა მსესხებელს სესხის სახით გადასაცა 25 000 აშშ დოლარი 60 თვით, წლიური 30%-ის გადახდის პირობით. მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 810 აშშ დოლარი.
18. დადგენილია ასევე, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - მან მხოლოდ ერთხელ, 2014 წლის 11 სექტემბერს გადაუხადა მოპასუხეს 2000 აშშ დოლარი.
19. კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ეხება იმას, რომ სასამართლომ მოსარჩელეთა მიერ გადახდილი 2000 აშშ დოლარი არასწორად ჩათვალა პირგასამტეხლოს ანგარიშში, მაშინ, როდესაც თანხის გადახდის დანიშნულებაში მითითებული იყო სესხის დაფარვა და იგი უნდა ჩათვლილიყო სესხის ძირითადი თანხის ანგარიშში.
20. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 6.1 და 6.2 მუხლების შინაარსს, რომელთა მიხედვით, მსესხებლის მიერ გადახდილი თანხებით პირველ რიგში იფარება პირგასამტეხლო, შემდეგ კი პროცენტი და ბოლოს, სესხის ძირითადი თანხა, ხოლო თუ გადახდილი თანხები საკმარისი არ არის პროცენტისა და სესხის ძირითადი თანხის დასაფარად, შეუსრულებელ ნაწილში გრძელდება პირგასამტეხლოს დაკისრება (იხ. ს.ფ 22).
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
22. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე №ას-1220-1480-09, 25.05.2010 წ.).
23. ზემოაღნიშნული განმარტებებისა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ ვინაიდან მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - იგი არ იხდიდა გადახდის გრაფიკით ყოველთვიურად განსაზღვრულ სესხის თანხას და მხოლოდ ერთხელ გადაურიცხა კრედიტორს 2000 აშშ დოლარი, აღნიშნული თანხა უნდა გამოკლებოდა მსესხებლისთვის პირგასამტეხლოს სახით დასაკისრებელ თანხას და იგი არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო ძირითადი ვალდებულების ანგარიშში.
24. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში კასატორთა პრეტენზიის საფუძვლიანობას, საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და, პირველ რიგში, მიუთითებს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების იმ ჩანაწერზე, რომლითაც განისაზღვრა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მსესხებლისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი (გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული შესატანი თანხის 2% (ხელშეკრულების 10.1.3 პუნქტი, ს.ფ. 24)). საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლითაც გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესაძლებლობა, რა დროსაც, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-176-157-2014). ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია, კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს.
25. მოცემულ შემთხვევაში, კასატორებმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარადგინეს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოებების გასაქარწყლებლად, რომ მსესხებლისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
26. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდავოდ დადგენილ ფაქტს იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების გაფორმების დღიდანვე მსესხებელი არღვევდა გადახდის გრაფიკით განსაზღვრული შენატანის დაფარვის ვალდებულებას და მას არ გადაუხდია არც პირველი და არც მეორე შენატანი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყოველთვიური შესატანი თანხა შეადგენდა 810 აშშ დოლარს, ხოლო მსესხებელს გამსესხებლისთვის მხოლოდ ერთხელ, ერთჯერადად, გადახდილი აქვს 2000 აშშ დოლარი, რის გამოც, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ერიცხებოდა კიდეც პირგასამტეხლო.
27. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს მსესხებლის მხრიდან შესასრულებელი ვალდებულების მოცულობას, ვალდებულების დარღვევის ხარისხს გადახდილი თანხის ოდენობის გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების მოქმედების დღიდანვე მსესხებელი არაჯეროვნად ასრულებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს და ასკვნის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად არ გაიზიარეს მოსარჩელეთა პრეტენზია დაკისრებული პირგასამტეხლოს არაგონივრულობისა და მისი გონივრულ ოდენობამდე (2%-დან 0.2%-მდე) შემცირების შესახებ.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
29. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ.კ–ისა და გ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე