3გ-ად-5-ბ-02 6 სექტემბერი, 2002 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:
ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე (მომხსენებელი), ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1999 წლის 2 სექტემბერს ა. კ-მ სარჩელით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ¹619 კოოპერატივ ს/ყ «ო-ის» მიმართ და საბურთალოს რაიონში, იყალთოს გორაზე ოროთახიანი კოოპერატიული ბინის მშენებლობისათვის მის მიერ შეტანილი თანხის დაბრუნება მოითხოვა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი 1991 წლიდან ზემოხსენებული კოოპერატივის წევრი იყო და პირველი შენატანი – 17650 საბჭოთა მანეთი 1991 წლისათვის ჰქონდა გადახდილი, მეორე კი – 17650 მანეთის ოდენობით 1992 წელს შეიტანა, ამავდროულად, იმავე წელს მის მიერ 1000 მანეთი იქნა გადახდილი თავდაცვის ფონდში. ამდენად, სულ მას იყალთოს გორაზე ოროთახიანი ბინის მშენებლობისათვის 35300 საბჭოთა მანეთი ჰქონდა შეტანილი. 1995 წლის 6 ნოემბერს კოოპერატივის თავმჯდომარემ კოოპერატივის წევრებისაგან გადახდილი ფულის უკან დაბრუნების თაობაზე განცხადებები შეაგროვა. მითითებული განცხადებით გათვალისწინებული იყო, რომ უკან დაბრუნებული თანხით იმავე ფართის ოროთახიანი ბინის ყიდვა უნდა ყოფილიყო შესაძლებელი. მიუხედავად აღნიშნულისა, კ-ს თქმით, მას არც ბინა და არც გადახდილი თანხის ანაზღაურება მიუღია.
1999 წლის 24 ნოემბერს რაიონულ სასამართლოში მთავარ სხდომაზე საქმის განხილვისას მოსარჩელის თანხმობით საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხოლო მესამე პირად _ ¹619 კოოპერატივი «ო.».
თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 26 აპრილის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ა. კ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ა. კ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ა. კ-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 20 დეკემბრის განჩინება და მიუთითა, რომ საოლქო სასამართლომ აღნიშნული განჩინების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და დაეყრდნო იმ ნორმებს, რომლებიც ლახავდნენ მის ინტერესებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ა. კ-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. კ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რადგან მოსარჩელეს სადავოდ არ გადაუხდია იმ ნორმატიული აქტების კანონიერების საკითხი, რომელითაც განისაზღვრა კოოპერატივის წევრთა რიგითობა, ამდენად, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, საჩივრის ფარგლებს გასცდენოდა და მსჯელობის საგნად გაეხადა რიგითობის დადგენისას იქნა თუ არა დარღვეული მოსარჩელის უფლებები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეს საკომპენსაციო თანხის მიღების უფლება მხოლოდ მას შემდეგ წარმოეშობოდა, რაც სიაში მასზე წინ მდგომ პირთა დაკმაყოფილება მოხდებოდა. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. კ-ს მოთხოვნის შესრულების ვადა საქმის განხილვის დროისათვის არ დამდგარა, რადგან მისი რიგითობა გარკვეული ნორმატიული აქტებითაა განსაზღვრული და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ არის უფლებამოსილი დადგენილი რიგითობა შეცვალოს და ა. კ-ს საკომპენსაციო თანხები აუნაზღაუროს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ ა. კ-ს მოთხოვნა სახელმწიფოსაგან მის მიერ გადახდილი თანხების ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანად მიიჩნია, თუმცა მიუთითა, რომ მისი ანაზღაურებისა და მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა გადაწყვეტილების მიღების დროისათვის არ დამდგარა.
2002 წლის 16 სექტემბერს ა. კ-მ და გ. კ-მა განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ა. კ-სა და გ. კ-ის განცხადების დასაშვებობა და საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 26 აპრილის ბათილობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარმოდგენილი განცხადება დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების წანამძღვრების ამომწურავ ჩამონათვალს იძლევა, კერძოდ, მითითებული მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, «კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ)ერთ-ერთი მხარე ან, თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება, ასეთი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში.» საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ჩამონათვალი ამომწურავია და სხვა საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა არ დაიშვება.
საკასაციო სასამართლო აქვე დაამატებს, რომ კანონით გათვალისწინებული წანამძღვრების არსებობის შემთხვბევაშიც კი, წარმოდგენილი განცხადება არ იქნებოდა დაშვებული განსახილველად, რადგან ა. კ-სა და გ. კ-ს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა გაშვებული აქვთ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე შეტანილ უნდა იქნეს სასამართლოში ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობა. სასამართლოს მოსაზრებით, რადგან მხარისათვის ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა 2002 წლის 26 აპრილსვე, სასამართლო პროცესზე, მათ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა მხოლოდ კანონით დადგენილ ერთთვიანი ვადის დაცვით _ 2002 წლის მაისამდე შეეძლოთ. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, განმცხადებელს კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა გაშვებული აქვს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. კ-სა და გ. კ-ის განცხადება უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 26 აპრილის ბათილად ცნობის თაობაზე დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 426-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. კ-სა და გ. კ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლად იქნეს მიჩნეული.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.