Facebook Twitter
საქმე №ას-1057-2021 26 იანვარი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სს „ს.კ.ა–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ე.მ.ე.ჯ.კ.“

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „ე.მ.ე.ჯ.კ–მ“ 2020 წლის 1 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სს „ს.კ.ა–ის“ მიმართ, მოპასუხისთვის 55992 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ე.მ.ე.ჯ.კ–ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ე.მ.ე.ჯ.კ–მ“ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით (დასათაურებულია როგორც განჩინება და საკასაციო სასამართლო შემდგომში განჩინებად მოიხსენიებს) შპს „ე.მ.ე.ჯ.კ–ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ე.მ.ე.ჯ.კ–ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; სს „ს.კ.ა–ს“ შპს „ე.მ.ე.ჯ.კ–ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 55992 ლარის გადახდა. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს.კ.ა–მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის 2019 წლის 17 აპრილს გაფორმდა „საგარანტიო მომსახურების შესახებ“ გენერალური ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელეს (პრინციპალი) მოპასუხისთვის (გარანტი) უნდა გადაერიცხა ავანსი 122046 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც გარანტის მიერ განხორციელდებოდა ხელშეკრულების საფუძველზე პრინციპალის სასარგებლოდ გაცემული ინდივიდუალური საბანკო გარანტიების მიხედვით გადასახდელი საგარანტიო საზღაურების გაქვითვა. ამასთან, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, პრინციპალს უნდა დაბრუნებოდა აუთვისებელი ავანსი. პრინციპალმა სს „ს.კ.ა–ის“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 329609,63 ლარი. ამრიგად, კასატორის მოსაზრებით, აუთვისებელი ავანსის თანხა უნდა გამოთვლილიყო 329609,63 ლარიდან და არა 122046 აშშ დოლარიდან. საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, სადაზღვევო კომპანიამ მოსარჩელეს სრულად გადაურიცხა 329609,63 ლარი. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დოლარის კურსის სხვაობიდან გამომდინარე, დამატებით - 55992 ლარის დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლოა.

საკასაციო საჩივრის ავტორი, ასევე, მიუთითებს, რომ ვალის თანხის შეცვლა მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას გამოიწვევს; ამასთან, თუკი ავანსის თანხის ოდენობის ცვლილება დაუკავშირდებოდა ვალუტის ცვალებადობას, ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში სს „ს.კ.ა–ს“ გაუჩნდებოდა ავანსის თანხის დამატებით მოთხოვნის უფლება ვალუტის გაზრდის შემთხვევაში (ხოლო შემცირების შემთხვევაში - მისი უკან დაბრუნების), რასაც შესაძლოა, ავანსის თანხის ამოუწურვადობა გამოეწვია. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს განმარტების გაზიარება გამოიწვევს გაუგებრობას ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც ავანსის თანხა ნაწილობრივ იქნება ათვისებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ სს „ს.კ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საგარანტიო მომსახურების გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე უკან დაბრუნებული თანხის ოდენობა (ვალუტის განსაზღვრის თვალსაზრისით).

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამასთან, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველი, იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ხელშეკრულებაა.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 383-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, თუ კანონით ეს აკრძალული არ არის. ამრიგად, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მხარეებს შესაძლებლობას აძლევს ფულადი ვალდებულება დადგინონ უცხოურ ვალუტაშიც. ასეთ შემთხვევაში ვალის ვალუტა იქნება ის ფულადი ერთეული, რომელშიაც გამოიხატება (გამოითვლება) ფულადი ვალდებულების თანხა, ხოლო გადახდის ვალუტაა ის ფულადი ნიშნები, რომელიც ითვლება ფულადი ვალდებულების შესრულების საშუალებად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის №ას-1027-2021 განჩინება). „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე კი, საქართველოში გადახდის ვალუტას წარმოადგენს ეროვნული ვალუტა - ლარი.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ე.მ.ე.ჯ.კ–სა“ (გამყიდველი) და შპს „ბ. კ–ს“ (მყიდველი) შორის 2019 წლის 12 თებერვალს დაიდო ლიფტების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მყიდველს საფასური უნდა გადაეხადა ეტაპობრივად, მათ შორის, მყიდველს უნდა გადაეხადა 50% - 122046 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში მას შემდეგ, რაც გამყიდველი წარუდგენდა ექვსთვიან საბანკო გარანტიას.

საბანკო გარანტიის მოსაპოვებლად, შპს „ე.მ.ე.ჯ.კ–სა“ (პრინციპალი) და სს „ს.კ.ა–ს“ (გარანტი) შორის 2019 წლის 17 აპრილს, 12 თვის ვადით დაიდო „საგარანტიო მომსახურების შესახებ“ გენერალური ხელშეკრულება. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ პრინციპალი გარანტს ავანსის სახით გადაურიცხავდა 122046 აშშ დოლარს, პრინციპალის ვალდებულების შესრულების მიზნით. ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღისთვის აუთვისებელი ავანსის თანხა უნდა დაბრუნებოდა პრინციპალს, 10 სამუშაო დღეში.

2019 წლის 22 აპრილს სს „ს.კ.ა–მა“ გასცა ინვოისი, რომელშიც საგარანტიო მომსახურების ავანსად დაფიქსირებულია 122046 აშშ დოლარი. ამავე ინვოისში შენიშვნის სახით მითითებულია: „გთხოვთ, თანხის გადმორიცხვის დროს მიუთითოთ ინვოისის ნომერი, გადარიცხვა აწარმოეთ გადახდის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის კურსით“. შედეგად, შპს „ე.მ.ე.ჯ.კ–მ“ 2019 წლის 30 აპრილს სს „ს.კ.ა–ს“ საბანკო ანგარიშზე ავანსის სახით ჩაურიცხა 329609,63 ლარი, თუმცა საგადახდო დავალებაში გადახდის დანიშნულებაში მითითებულია „122046 აშშ დოლარი“.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ შპს „ე.მ.ე.ჯ.კ.“ და სს „ს.კ.ა–ი“ შეთანხმდნენ ავანსის გადარიცხვის წესზე, ხოლო ავანსის ვალუტად განსაზღვრეს - აშშ დოლარი, ე.ი. ვალის ვალუტას სადავო შემთხვევაში დოლარი წარმოადგენდა. შპს „ე.მ.ე.ჯ.კ–ს“ მიერ ავანსის ლარში გადარიცხვა კი გამოიწვია არა მხარეთა მიერ ვალდებულების შესრულების ლარში განსაზღვრამ, არამედ საქართველოში გადახდის ვალუტად ლარის გამოყენების აუცილებლობამ. შესაბამისად, ვინაიდან ავანსის გამოყენების საჭიროება არ დამდგარა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს „ს.კ.ა–საც“ შპს „ე.მ.ე.ჯ.კ–სთვის“ 122046 აშშ დოლარის (და არა 329609,63 ლარის) დაბრუნების ვალდებულება წარმოეშვა. მიუხედავად ამისა, სადაზღვევო კომპანიამ მოსარჩელეს გადაურიცხა 329609,63 ლარი და არა 122046 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, რაც ავანსის უკან გადარიცხვის დღისთვის მოქმედი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, 55992,38 ლარის სხვაობას იძლეოდა. ამრიგად, სააპელაციო პალატამ მართებულად დააკისრა მოპასუხეს მოსარჩელისთვის 55992 ლარის ანაზღაურება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.კ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის განჩინება;

3. სს „ს.კ.ა–ს“ (ს/ნ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2800 ლარის (საგადახდო დავალება Nc7d, გადახდის თარიღი 20.10.2021წ.) 70% - 1960 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე