თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ა.შ–ვა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი.რ–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:ი.რ–მა 2018 წლის 12 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ა.შ–ვას მიმართ, მოპასუხისთვის 8500 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით ი.რ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ა.შ–ვას ი.რ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 8500 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილება ა.შ–ვამ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინებით ა.შ–ვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება ა.შ–ვამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სესხის ხელშეკრულებად შეაფასეს ა.შ–ვას 2017 წლის 21 დეკემბრის ხელწერილი, რომლის მიხედვითაც, კასატორმა ი.რ–ისგან 8500 აშშ დოლარი ისესხა. კასატორის განმარტებით, ხელწერილი ი.რ–ის კარნახით დაწერა, ხელწერილში დაფიქსირებული თანხა კი რეალურად ეხება მოპასუხის მიერ მოსარჩელისგან წარსულში ნასესხებ თანხებს და არ წარმოადგენს ახალი ვალდებულების წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს. კასატორი დამატებით მიუთითებს, რომ ხელწერილში მითითებული თანხა მან მსესხებელს უკან დაუბრუნა, რასაც ადასტურებს მოწმის - შ.შ–ას ჩვენებაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ა.შ–ვას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა და მისი შეუსრულებლობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. იმავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით კი, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება და ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების საგნის მოვალისათვის რეალურად გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა. თავის მხრივ, იგი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, თუმცა ფორმის არჩევა მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 დეკემბრის №ას-361-343-2015 განჩინება). „სადავოობის შემთხვევაში, მხარემ უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებ ფაქტობრივი გარემოებაც... გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევა წერილობითი საბუთი (მაგ: სავალო საბუთი, გადარიცხვის ქვითარი, სალაროს შემოსავლის ორდერი)“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივნისის №ას-398-371-2017 გადაწყვეტილება).
სადავო სასესხო ვალდებულების არსებობის ფაქტის დადასტურების შეფასების კუთხით, საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის თავისებურებებზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). „დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის №ას-735-2021 და 2018 წლის 28 დეკემბრის №ას-1687-2018 განჩინებები).
სადავო შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საქმის განხილვისას დაადგინეს, რომ 2017 წლის 21 დეკემბერს შედგენილ იქნა ხელწერილი, რომლის თანახმადაც, ა.შ–ვამ დაადასტურა, რომ ი.რ–ისაგან სესხის სახით მიიღო 8500 აშშ დოლარი, რომელსაც დააბრუნებდა მოთხოვნისთანავე. ხელწერილს ხელს აწერენ ი.რ–ი და ა.შ–ვა. საგულისხმოა, რომ ხელწერილზე მხარეთა ხელმოწერის ნამდვილობა სადავოდ არ არის გამხდარი. სწორედ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულების საფუძველზე დაადგინა სააპელაციო სასამართლომ მსესხებლის მიერ თანხის რეალურად მიღება. რაც შეეხება კასატორის განმარტებას, რომ წერილობითი დოკუმენტი მოსარჩელის კარნახით დაწერა და რეალურ ფაქტობრივ ვითარებას არ ასახავდა, მსგავსი გარემოების დამადასტურებელი, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებები მას არ წარმოუდგენია. ამდენად, საქმეზე დადგენილია მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა.
რაც შეეხება სესხად აღებული თანხის გამსესხებლისთვის დაბრუნებას, ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, „მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესაჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ შეწყვეტის მიზნით ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის №ას-346-2021 განჩინება). ამასთან, მართალია, სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები არ უთითებს გადახდის სავალდებულო ფორმაზე, თუმცა, უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის დანაწესი. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამრიგად, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი წერილობითი ფორმით უნდა იქნეს შედგენილი, რათა დავის შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს მოვალის მიერ, როგორც ვალდებულების შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულება. მოვალემ უნდა წარმოადგინოს უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების გზით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის №ას-1755-2018, 2021 წლის 14 ივლისის №ას-346-2021 და 2021 წლის 29 სექტემბრის №ას-488-2021 განჩინებები).
სადავო შემთხვევაში კი, მართალია, კასატორის განმარტებით, მან ი.რ–ს დაუბრუნა ნასესხები თანხა, მაგრამ დასახელებული ფაქტის დასადასტურებლად ის მხოლოდ მოწმის - შ.რ–ის ჩვენებაზე მიუთითებს. ამრიგად, ვინაიდან კასატორმა ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები, სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ მსესხებელმა ვერ დაძლია სესხის ხელშეკრულების შესრულების მტკიცების ტვირთი, რაც დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტას გამორიცხავდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულების გადაუხდელი თანხის ანაზღაურება და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.შ–ვას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინება;
3. ა.შ–ვას (პ/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1344,57 ლარის (საგადახდო დავალება №11925291853, გადახდის თარიღი 06.11.2021წ.) 70% - 941,2 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე