Facebook Twitter
საქმე №ას-1222-2021 26 იანვარი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - შპს „ტ–ნე“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა(ა)იპ „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია“

დავის საგანი - საავტორო ჰონორარის დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

ა(ა)იპ „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ“ 2020 წლის 9 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „ტ–ნეს“ მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „ტ–ნეს“ ორგანიზაციის სასარგებლოდ დაეკისრა საავტორო ჰონორარის დავალიანების - 1751,14 ლარის და პირგასამტეხლოს - 279,9 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ტ–ნემ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინებით შპს „ტ–ნეს“ სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღის შესახებ შპს „ტ–ნეს“ წარმომადგენელი ინფორმირებული იყო. ამასთან, საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით მომზადება არ დასტურდება. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 და 369-ე მუხლებიდან გამომდინარე, სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღეს და ამოიწურა 31 მაისს. მიუხედავად ამისა, სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2021 წლის 29 ივნისს, გასაჩივრების ვადის დარღვევით.

სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ საქმის მატერიალური და ელექტრონული მასალებით არ დასტურდება აპელანტის განმარტება, რომ 2021 წლის 24 მაისს წარადგინა ფორმალური სააპელაციო საჩივარი და მოათავსა სასამართლოსთან არსებულ ყუთში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინება შპს „ტ–ნემ“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი 14-დღიანი ვადის დაცვით - 2021 წლის 24 მაისს წარადგინა და სასამართლოში განთავსებულ სპეციალურ ყუთში დატოვა. 2021 წლის 29 ივნისს კი დაზუსტებული საჩივარი იქნა წარდგენილი. ამდენად, კერძო საჩივრის თანახმად, სააპელაციო საჩივარი უკანონოდ იქნა განუხილველად დატოვებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „ტ–ნეს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.

მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, განუხილველად დატოვების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად. იმავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამრიგად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი კრიტერიუმია მისი კანონმდებლობით დადგენილ 14-დღიან ვადაში წარდგენა. მოცემული ვალდებულების დარღვევა კი სასამართლოს, უალტერნატივოდ, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გამოცემას ავალებს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2021 წლის 16 აპრილს გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღის შესახებ შპს „ტ–ნეს“ უფლებამოსილი წარმომადგენელი კანონით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული, ის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა სასამართლოში არ გამოცხადებულა და გადაწყვეტილების ასლი არ ჩაუბარებია. ამასთან, საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით მომზადება არ დასტურდება. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაუკაშირდეს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე მუხლებიდან გამომდინარე, ამოიწურა 2021 წლის 31 მაისს. სააპელაციო საჩივარი კი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2021 წლის 29 ივნისს, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

რაც შეეხება კერძო საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციას, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 2021 წლის 24 მაისს წარადგინა და სპეციალურ ყუთში მოათავსა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2021 წლის მაისით დათარიღებული სააპელაციო საჩივარი საქმეში მატერიალურად ან ელექტრონულად არ მოიპოვება, ამასთან, კერძო საჩივრის ავტორსაც არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სააპელაციო საჩივრის სასამართლოში დროულად წარდგენა და სპეციალურ ყუთში მოთავსება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას ქმნიდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით მოხდა გასაჩივრებული განჩინების გამოცემა და არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

რაც შეეხება კერძო საჩივარზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და მეორე ნაწილის, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სადავო შემთხვევაში კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადახდილიყო 25 ლარი. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 25 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ტ–ნეს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინება;

3. შპს „ტ–ნეს“ (ს/ნ 405313860) დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე შპს „მ–ის“ (ს/ნ .......) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარიდან (საგადასახადო დავალება №1632916448, გადახდის თარიღი 29.09.2021წ.) ზედმეტად გადახდილი 25 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე