თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - შპს „ს.მ.ლ. და ს.კ–ა“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ტ.ს–ი
დავის საგანი - ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:ტ.ს–მა 2020 წლის 3 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „ს.მ.ლ. და ს.კ–ის“ მიმართ, ბრძანებების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით ტ.ს–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შპს „ს.მ.ლ. და ს.კ–ის“ 2020 წლის 2 ივლისის №68 და 2020 წლის 7 ივლისის №71 ბრძანებები; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 15000 ლარის და 2020 წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ფულადი კომპენსაციის სახით - 312,5 ლარის გადახდა; დარჩენილ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ს.მ.ლ. და ს.კ–ამ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით შპს „ს.მ.ლ. და ს.კ–ის“ სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2021 წლის 7 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომას, რომელზედაც სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა შპს „ს.მ.ლ. და ს.კ–ის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი გ.ს–ძე. შესაბამისად, იგი ვალდებული იყო, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და გადაწყვეტილების ასლი ჩაებარებინა. კომპანიის წარმომადგენელმა, აღნიშნული ვადის დაცვით, 2021 წლის 2 აგვისტოს სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით განცხადება წარუდგენა, 2021 წლის 3 აგვისტოს კი მოსამართლის თანაშემწემ გ.ს–ძეს ტელეფონით აცნობა, რომ დასაბუთებული დაწყვეტილება მომზადდა კანონით დადგენილ ვადაში და შეეძლო მისი სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით ადგილზე ჩაბარება. მიუხედავად ამისა, კომპანიის წარმომადგენელი გ.ს–ძე სასამართლოში დაგვიანებით, 2021 წლის 13 აგვისტოს გამოცხადდა და გადაწყვეტილების ასლიც იმავე დღეს ჩაიბარა. შესაბამისად, შპს „ს.მ.ლ. და ს.კ–ისათვის“ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღეს და ამოიწურა 2021 წლის 20 აგვისტოს (პარასკევს). სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა დაგვიანებით, 2021 წლის 25 აგვისტოს (ფოსტას ჩაბარდა 2021 წლის 24 აგვისტოს). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ შეტანა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ოქტომბრის განჩინება შპს „ს.მ.ლ. და ს.კ–ამ“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით დადგენილი ვადის დაცვით გამოხატა სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების სურვილი, მაგრამ გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ მომზადებული არ იყო. შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, არამედ აპელანტის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან. გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვები - 2021 წლის აგვისტოში შეზღუდული იყო მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა არ არსებობდა და გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.
კერძო საჩივრის ავტორმა დამატებით იშუამდგომლა დავის გადაწყვეტამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, შუამდგომლობის წარმოდგენის მიზანი დავის დასრულებამდე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შეჩერებაა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „ს.მ.ლ. და ს.კ–ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, განუხილველად დატოვების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად. იმავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამრიგად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი კრიტერიუმია მისი კანონმდებლობით დადგენილ 14-დღიან ვადაში წარდგენა. მოცემული ვალდებულების დარღვევა კი სასამართლოს, უალტერნატივოდ, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გამოცემას ავალებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2021 წლის 7 ივლისს გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას კი ესწრებოდა შპს „ს.მ.ლ. და ს.კ–ის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელიც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (2021 წლის 27 ივლისი) და არა უგვიანეს 30 დღისა (2021 წლის 6 აგვისტო) სასამართლოში არ გამოცხადებულა და გადაწყვეტილების ასლი არ ჩაუბარებია. მართალია, კომპანიის წარმომადგენელმა სასამართლოს 2021 წლის 2 აგვისტოს ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა განცხადება სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, მაგრამ - გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში მხოლოდ 2021 წლის 13 აგვისტოს გამოცხადდა. საყურადღებოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში მოამზადა, რასაც ადასტურებს როგორც მოსამართლის თანაშემწის 2021 წლის 3 აგვისტოს სატელეფონო აქტი, ასევე, მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილების 2021 წლის 28 ივლისს ჩაბარების დამადასტურებელი ხელწერილი. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ გადაწყვეტილება დროულად არ მომზადდა.
საკასაციო სასამართლო, ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის არგუმენტს მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვიდან გამომდინარე გადაწყვეტილების ჩაბარების შეუძლებლობასთან დაკავშირებითაც, ვინაიდან საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მეორე მუხლის 72 პუნქტიდან გამომდინარე, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა 2021 წლის 14 აგვისტოდან დაწესდა. ამ პერიოდისთვის კი უკვე გასული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მხარის მიერ ჩაბარების ვადა. ამრიგად, ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა მხარის მიერ სასამართლოში გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების ხელისშემშლელ გარემოებას არ წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაუკაშირდეს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე მუხლებიდან გამომდინარე, ამოიწურა 2021 წლის 20 აგვისტოს (პარასკევს). სააპელაციო საჩივარი კი ფოსტის მეშვეობით გაგზავნილ იქნა 2021 წლის 24 აგვისტოს, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას ქმნიდა.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობას დავის გადაწყვეტამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, დასახელებული შუამდგომლობის დაკმაყოფილება დავის დასრულებამდე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის გამორიცხვას ემსახურება. საკასაციო პალატა, წარმოდგენილი შუამდგომლობის დასაბუთებულობის საკითხის შეფასებისას, მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული არ ყოფილა, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლიდან გამომდინარე, განსახილველი კერძო საჩივრის გადაწყვეტამდე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში ვერ შევიდოდა. ამრიგად, კერძო საჩივრის ავტორის მიერ შუამდგომლობის დაყენების საჭიროება არ არსებობდა. საკასაციო პალატის მიერ კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში კი, უზენაესი სასამართლო უფლებამოსილი არ არის, შეაჩეროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით მოხდა გასაჩივრებული განჩინების გამოცემა და არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს.მ.ლ. და ს.კ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „ს.მ.ლ. და ს.კ–ის“ შუამდგომლობა, დავის გადაწყვეტამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ოქტომბრის განჩინება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე