Facebook Twitter
საქმე №ას-1274-2021 26 იანვარი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - ბ.კ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „თ.მ.ჯ–ა“

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „თ.მ.ჯ–ამ“ 2021 წლის 26 იანვარს სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ბ.კ–ძის მიმართ და მოპასუხისთვის 1310 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „თ.მ.ჯ–ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბ.კ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1310 ლარის, სარჩელის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის და გაწეული იურიდიული მომსახურების საფასურის - 52,4 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება ბ.კ–ძემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ბ.კ–ძის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე, 373-ე და 374-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნა, რომ ვინაიდან დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 2000 ლარს, სასამართლო ბ.კ–ძის სააპელაციო საჩივარს წარმოებაში ვერ მიიღებდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ.კ–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დაწესებული შეზღუდვა - 2000 ლარამდე ღირებულების ქონებრივ-სამართლებრივ დავაში სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობა ხელყოფს სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა დამატებით დასახელებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვა და საქმის წარმოების შეჩერება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ბ.კ–ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 365-ე მუხლიდან გამომდინარე კი, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობა დავის საგნის ღირებულებას უკავშირდება, კერძოდ, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ბ.კ–ძეს შპს „თ.მ.ჯ–ას“ სასარგებლოდ 1310 ლარის გადახდა დაეკისრა. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, განსახილველი დავის საგნის ღირებულება 1310 ლარს შეადგენს. შესაბამისად, სადავო ქონებრივ-სამართლებრივ დავაზე სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, რაც გამორიცხავდა სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებას.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობას საკონსტიტუციო სასამართლოსადმი კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვისა და საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით, კანონი, რომელიც ამ საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლო შეაჩერებს საქმის განხილვას ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რის შემდეგაც საქმის განხილვა განახლდება. ამრიგად, „კონსტიტუციური წარდგინების აუცილებლობამდე სასამართლო დამოუკიდებლად მიდის და არა პროცესის მონაწილეთა შუამდგომლობების დაკმაყოფილების გზით. იმ კანონის თუ სხვა ნორმატიული აქტის განსაზღვრა, რომელიც კონკრეტული საქმის გადაწყვეტისას უნდა იქნეს გამოყენებული, სწორედ სასამართლოს მიერაა შესაფასებელი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 10 ივლისის №9/189 განჩინება საქმეზე „ქალაქ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება“). გარდა ამისა, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს; კონსტიტუციურ წარდგინებაში აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც წარდგინების ავტორის აზრით ადასტურებს წარდგინების საფუძვლიანობას. ამრიგად „საერთო სასამართლოს, არა უბრალო ვარაუდი, არამედ გამოსაყენებელი ნორმის არაკონსტიტუციურობის მტკიცების საკმარისი საფუძველი უნდა გააჩნდეს, რათა საქმის განხილვა შეაჩეროს და კონსტიტუციური წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 აპრილის №ას-855-805-2015 განჩინება). საკასაციო პალატა, სადავო ნორმასთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ მხარის უფლებების შეზღუდვის ინტენსივობის მხედველობაში მიღებით, ნორმის კონსტიტუციურობის საკითხის შეფასებისა და საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საჭიროება არ იკვეთება. შესაბამისად, წარმოდგენილი შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მათი სამართლებრივი ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების საფუძვლები არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ.კ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბ.კ–ძის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე