Facebook Twitter
საქმე №ას-1278-2021 26 იანვარი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - თ.ლ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ.გ–ძე

თავდაპირველი მოპასუხე - შპს „ა.ჯ–ი“

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

თ.ლ–მა 2020 წლის 5 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ვ.გ–ძისა და შპს „ა.ჯ–ის“ მიმართ, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.

თბილსის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით ვ.გ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ყადაღისაგან გათავისუფლდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ, №A19087856 სააღსრულებო წარმოების საფუძველზე (კრედიტორი - თ.ლ–ი, მოვალე - შპს „ა.ჯ–ი“), დაყადაღებული, ვ.გ–ძის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება (მარკა/მოდელი - MERCEDES-BENZ ML 350, სახელმწიფო ნომერი: II083TT, ფერი - შავი, ვინ ნომერი - 4JGBB86E57A207259, გამოშვების წელი - 2006, სარეგისტრაციო მოწმობა - AL8963641). აღნიშნული გადაწყვეტილება თ.ლ–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინებით თ.ლ–ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის სასამართლო სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილება, თ.ლ–ის წარმომადგენელი, ადვოკატი დ.კ-დ–ძე არ დასწრებია, მაგრამ მისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი. მხარეს არც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის დაცვით (არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა) მიუმართავს სასამართლოსათვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. ამრიგად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღეს - 2021 წლის 20 ივნისს და ამოიწურა 3 ივლისს. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2021 წლის 6 ივლისს - კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, სააპელაციო პალატის განმარტებით, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინება თ.ლ–მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დასრულების თარიღი, რადგან მხარე უფლებამოსილი იყო, სააპელაციო საჩივარი 2021 წლის 5 ივლისის ჩათვლით წარედგინა.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მან 2021 წლის 5 ივლისს ატვირთა სააპელაციო საჩივარი სასამართლოს საქმის ელექტრონული სერვისის (ecourt.ge) მეშვეობით, მაგრამ საჩივარი უკან დაუბრუნდა იმავე დღეს, 19:04 საათზე, გაურკვეველი ტექნიკური ხარვეზის გამო. 18:00 საათის შემდეგ კი მომხმარებლისთვის პროგრამაში რაიმე რეაგირების განხორციელება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მის მიერ წარდგენილი საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში წარდგენილად უნდა იქნეს მიჩნეული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ თ.ლ–ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, განუხილველად დატოვების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად. იმავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამრიგად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი კრიტერიუმია მისი კანონმდებლობით დადგენილ 14-დღიან ვადაში წარდგენა. მოცემული ვალდებულების დარღვევა კი სასამართლოს, უალტერნატივოდ, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გამოცემას ავალებს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2021 წლის 20 მაისს გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მართალია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას თ.ლ–ი არ ესწრებოდა, მაგრამ მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ადვოკატი დ.კ-დ–ძე კანონით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღის შესახებ. დადგენილია, რომ თ.ლ–ი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა სასამართლოში არ გამოცხადებულა და გადაწყვეტილების ასლი არ ჩაუბარებია. ამრიგად, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაუკავშირდეს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე მუხლებიდან გამომდინარე, ამოიწურა 2021 წლის 5 ივლისს, 24:00 საათზე. სააპელაციო საჩივარი კი წარდგენილ იქნა 2021 წლის 6 ივლისს, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას ქმნიდა.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ მან სააპელაციო საჩივარი სასამართლოს საქმის ელექტრონული სერვისის (ecourt.ge) მეშვეობით 2021 წლის 5 ივლისს გააგზავნა, მართალია, დასტურდება, რომ მან სცადა სააპელაციო საჩივრის ელექტრონულად ატვირთვა 2021 წლის 5 ივლისს, მაგრამ საჩივარი არ გაიგზავნა. საკასაციო სასამართლომ გადაამოწმა სასამართლოს საქმის ელექტრონული სერვისის მეშვეობით თ.ლ–ის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის გაგზავნის შეუძლებლობის მიზეზი და დადგინდა, რომ მხარემ სააპელაციო საჩივარი ვერ გააგზავნა არა სერვისის ხარვეზის, არამედ მის მიერ პროგრამულად სათანადო ველების შეუვსებლობის გამო. ასეთ პირობებში კი, თ.ლ–ის მიერ სააპელაციო საჩივარი 2021 წლის 5 ივლისს წარდგენილად ვერ ჩაითვლება, რადგან მან სრულად არ განახორციელა ყველა ქმედება, რაც სააპელაციო საჩივრის გაგზავნისთვის იყო აუცილებელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით მოხდა გასაჩივრებული განჩინების გამოცემა და არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ლ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე