თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ.მ–ძე
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:ლ.მ–ძემ 2017 წლის 29 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ლ.მ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „ლ.მ–ძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ა(ა)იპ თბილისის საბავშო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 3 აპრილის №2/019 ბრძანება; ლ.მ–ძე აღდგენილ იქნა ა(ა)იპ თბილისის №121 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის თანამდებობაზე; მოპასუხეს ლ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 3 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი ხელფასის - თვეში 800 ლარის (დაბეგრილი) გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტი სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ ინფორმირებული იყო კანონით დადგენილი წესით, თუმცა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მოითხოვა. დასახელებულ გარემოებათა ერთობლიობა, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინება ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა - გ.ქ–ძემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
კერძო საჩივრის თანახმად, გ.ქ–ძე სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ხოლო მოსამართლის თანაშემწესთან დაკავშირება, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო.
კერძო საჩივრის ავტორი დამატებით მიუთითებს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, პირველი ინსტანციის სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გარემოება უნდა შეეფასებინა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება, აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. იმავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. დასახელებული საკანონმდებლო აქტის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე, კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული აპელანტის გამოუცხადებლობა, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას ქმნის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტისთვის - ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთვის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის დაცვით, ცნობილი იყო, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომა გაიმართებოდა 2021 წლის 13 ოქტომბერს, თუმცა სააგენტოს წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. ამასთან, მას სასამართლოსთვის არ უცნობებია სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზები. ამავე სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მოითხოვა. შედეგად, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. ამდენად, სადავო განჩინება გამოიცა კანონმდებლობის ფორმალური მოთხოვნების დაცვით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის გათვალისწინებით, შესაძლებელია გაუქმდეს, თუ დადასტურდება, რომ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო სასამართლოსთვის დროულად ეცნობებინა. იმავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ამრიგად, „სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამასთან, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის №ას-652-2021 განჩინება). ამასთან, საგულისხმოა, რომ „იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 დეკემბრის №ას-1037-991-2013 განჩინება).
სადავო შემთხვევაში, მართალია, კერძო საჩივარში სააგენტოს წარმომადგენელი მიუთითებს ჯანმრთელობის პრობლემების გამო სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობაზე, მაგრამ მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა წარმომადგენლის ავადმყოფობას. კერძო საჩივრის ავტორის მხოლოდ წერილობითი განმარტება კი ვერ იქნება მიჩნეული სასამართლო სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელ, სათანადო მტკიცებულებად. ამდენად, არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიოობის მიზეზით.
საკასაციო პალატა, ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმების აუცილებლობაზე, რადგან სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, რაც გამორიცხავდა სააპელაციო საჩივრისა და სარჩელის არსებითად შესწავლასა და გადაწყვეტას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი. ამრიგად, არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე