Facebook Twitter

3გ-ად-6-ა-02 12 სექტემბერი, 2002 წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:

ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე (მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 29 მარტის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1999 წლის 24 აგვისტოს ფიზიკურმა პირმა ს. ჩ-მ სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში და მიუთითა, რომ ცხოვრობდა ქ. თბილისში, ... ქ. ¹3-ში მდებარე ხუთსართულიანი სახლის ბოლო მე-5 სართულზე რვასულიან ოჯახთან ერთად. 1991-1992 წლების თბილისის ცნობილი მოვლენების (სამოქალაქო ომის) დროს მათი საცხოვრებელი სახლი დაიწვა და იგი ოჯახთან ერთად შესახლებულ იქნა სასტუმროში. მას და მის ოჯახს 1992 წელს გადაეცა ბინის ორდერი, რომელიც მათ უფლებას აძლევდა დაეკავებინათ ქ. თბილისში, ... ქ. ¹1-ში, ბოლო მე-5 სართულზე მდებარე ოთხოთახიანი ბინა ¹10. აღნიშნული 68 ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო 1992 წელს, რომელიც ითვალისწინებდა ხუთ საცხოვრებელ სართულს, მაგრამ 1996 წელს დამუშავდა ახალი პროექტი, რომელმაც საცხოვრებელ სახლზე სახელოსნოების დაშენება გაითვალისწინა. ამასთან, ნაცვლად ... ქ. ¹1-სა მას ეწოდა ... ქ. ¹5. ამ გარემოებამ გააუარესა მისი მდგომარეობა, ნაცვლად ბოლო სართულისა, აღმოჩნდა სახელოსნოების ქვემოთ მდებარე სართულზე, დაპატარავდა მისი ბინის ჭერის სიმაღლე, გაუარესდა განათება, სახელოსნოს ღია მანსარდიდან დასველების საშიშროება შეექმნა მის საცხოვრებელ ბინას, გაძვირდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და გაგრძელდა მშენებლობის დრო. მოსარჩელემ მოპასუხის _ ქ. თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოსაგან ქ. თბილისში, ... ქ. ¹5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველი სადარბაზოს მე-5 სართულის კიბის უჯრედის ამაღლება, განათების გაუმჯობესება, მისი საცხოვრებელი ოთახის თავზე სააბაზანოს გაუქმება და აღნიშული ხარჯების სამმართველოსათვის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელემ მოპასუხის _ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 13 მარტის ¹06.18.101 დადგენილების იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც დადგინდა, რომ სახელოსნოები შემოქმედებით კავშირებს უნდა გადასცემოდათ. მოსარჩელემ არაერთი დამატებითი სარჩელი შეიტანა რაიონულ სასამართლოში და არაერთხელ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 მარტის განჩინებით ს. ჩ-ს სარჩელი მოპასუხე ქ. თბილისის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მიმართ წარმოებით შეწყდა, ვინაიდან მოპასუხემ გამოასწორა სამშენებლო ხარვეზები, რის გამოც მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. აღნიშნული განჩინება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით ს. ჩ-ს სარჩელი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 13 მარტის ¹06.18.101 დადგენილების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. ჩ-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ჩ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 13 მარტის ¹06.18.101 დადგენილების გასაჩივრებული ნაწილი და ქ. თბილისის მთავრობას ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა. სააპელაციო სასამართლომ სადავო ადმინისტრაციული აქტის ნაწილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ცნო ბათილად, რადგან მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე იყო გამოცემული. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ, ამ ნორმის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998 წლის 13 მარტის ¹06.18.101 დადგენილების გასაჩივრებული ნაწილი და ქ. თბილისის მთავრობას, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაავალა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 29 მარტის განჩინებით ს. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

ს. ჩ-მ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2002 წლის 29 მარტის მითითებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 29 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ს. ჩ-ს განცხადება განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს უნდა გადაეცეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარმოდგენილი განცხადება განსჯადობის წესით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს უნდა გადაეგზავნოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ს. ჩ-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს გადაეგზავნოს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.