Facebook Twitter

31 იანვარი 2022 წელი

საქმე№ ა-152-შ-6-2022 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.გ. (ი.ა–ი)

მოწინააღმდეგე მხარე – რ.გ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის საოჯახო საქმეთა სასამართლო №1-ის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე # 2017/705) (განაჩენი # 2019/1374)

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის საოჯახო საქმეთა სასამართლო №1-ის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ი.გ–სა (თურქეთის მოქალაქე პ/ნ ....., დაბადებული 25.03.1966წ,. ა–ის ასული, რეგ. მისამართი ქ. სამსუნი, ილქადიმის რაიონი, სოფ/.....: ქილიცდედე, ტომი №16, ოჯახი №739, ინდ. რიგითი №51) და მოპასუხე რ.გ.ს (თურქეთის მოქალაქე, პ/ნ ....., დაბადებული 01.02.1960წ., ბ.მ–ის ვაჟიშვილი, რეგ. მისამართი: იმავე ოჯახი, ინდ. რიგითი №11) შორის გაფორმებული ქორწინება მოიშალა. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საფუძველს მოკლებული (მატერიალური და სულიერი) ანაზღაურების მოთხოვნა.

წარმოდგენილი მასალების მიხედვით, თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის საოჯახო საქმეთა სასამართლო №1-ის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელეს 2020 წლის 17 იანვარს ეცნობა, ხოლო მოპასუხეს _ 2020 წლის 18 იანვარს. ვინაიდან მხარეებმა არ გაასაჩივრეს გადაწყვეტილება, ის საბოლოო ხასიათის გადაწყვეტილებად ითვლება და კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 04 თებერვალს.

თურქეთის რესპუბლიკის საკონსულო განყოფილების მიერ 2021 წლის 03 დეკემბერს გაცემული ცნობის მიხედვით ი.ა–მა 2008 წლის 02 აპრილს იქორწინა თურქეთის მოქალაქე რ.გ.თან, აღნიშნული ქორწინების საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების შედეგად ი.ა–მა მიიღო თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა. მისი სახელი და გვარი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღებამდე იყო ი.ა. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღების შემდეგ მან მიიღო სახელი და გვარი ი. გ . თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის საოჯახო საქმეთა სასამართლო №1-ის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ი.გ. განქორწინდა და დაიბრუნა თავისი ქორწინებამდელი გვარი ა–ი. შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის საელჩო ადასტურებს, რომ ი.ა–ი (თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის პირადი ნომერი: ......) და ი.ა–ი (საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი: .....) არის ერთი და იგივე პიროვნება.

2022 წლის 14 იანვარს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა ი.გ–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის საოჯახო საქმეთა სასამართლო №1-ის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობდა ორივე მხარე, მოსარჩელე _ ი.გ. და მოპასუხე _ რ.გ.. თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის საოჯახო საქმეთა სასამართლო №1-ის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე მხარეებმა უარი განაცხადეს და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 04 თებერვალს.

შუამდგომლობაზე დართული მასალების შესწავლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო, ხოლო ამჟამად თურქეთის მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 იანვრის განჩინებით შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის საოჯახო საქმეთა სასამართლო №1-ის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ ი.გ–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის საოჯახო საქმეთა სასამართლო №1-ის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის საოჯახო საქმეთა სასამართლო №1-ის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების მოსარჩელე ი.გ–სა და მოპასუხე რ.გ–ს შორის შეწყდა ქორწინება.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის საოჯახო საქმეთა სასამართლო №1-ის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.

რაც შეეხება შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნას ამავე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. რადგანაც განქორწინების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობით მიიღწევა ის იურიდიული შედეგი, რომლის დადგომაც მხარეს სურს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის მიმართ მხარეს არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რაც ამ ნაწილში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.გ–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის საოჯახო საქმეთა სასამართლო №1-ის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე # 2017/705) (განაჩენი # 2019/1374) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის საოჯახო საქმეთა სასამართლო №1-ის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე # 2017/705) (განაჩენი # 2019/1374), რომლითაც მოსარჩელე ი.გ–ს (თურქეთის მოქალაქე პ/ნ ....., დაბადებული 25.03.1966წ,. ა–ის ასული, რეგ. მისამართი ქ. სამსუნი, ილქადიმის რაიონი, სოფ/....: ქილიცდედე, ტომი №16, ოჯახი №739, ინდ რიგითი №51) და მოპასუხე რ.გ–ს (თურქეთის მოქალაქე, პ/ნ ....., დაბადებული 01.02.1960წ., ბ. მე–ის ვაჟიშვილი, რეგ. მისამართი: იმავე ოჯახი, ინდ. რიგითი №11) შორის გაფორმებული ქორწინება მოიშალა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია