Facebook Twitter

31 იანვარი 2022 წელი

საქმე№ ა-243-შ-13-2022 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.ბ–სა

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ბ–სა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – საბერძნეთის ქ. ათენის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე №7068/2018)

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საბერძნეთის ქ. ათენის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი საკმაყოფილდა. მოსარჩელე ვ.ბ–სას (მამის სახელი: ლ., საბერძნეთის მოქალაქე, მცხოვრები ატიკაში, ....) და მოპასუხე ი. ლ–ის ასული ვ–ას (ვ.ბ–სას მეუღლე, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები ატიკაში, პერისტერიში) შორის საქართველოში, ბათუმში, 2015 წლის 09 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. ამავე გადაწყვეტილებით, გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში განისაზღვრა ჯარიმა 250 ევრო. მოპასუხეს დაეკისრა სასამართლო ხარჯების დაფარვა 400 ევროს ოდენობით. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სარჩელის დამოწმებული ზუსტი ასლი და სასამართლო უწყება დროულად გადაეცა მოპასუხეს, თუმცა ეს უკანასკნელი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და სასამართლო პროცესი გაიმართა მოპასუხის დაუსწრებლად.

საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ამონაწერით ირკვევა, რომ ზემოხსენებული ქორწინება შეწყვეტილია საბერძნეთის ქ. ათენის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე №7068/2018) საფუძველზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინებით ი.ბ–სას შუამდგომლობა საბერძნეთის ქ. ათენის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ ი.ბ–სას შუამდგომლობა საბერძნეთის ქ. ათენის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

დადგენილია, რომ საბერძნეთის ქ. ათენის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით შეწყდა მოსარჩელე ვ.ბ–სას (მამის სახელი: ლ–ოს, საბერძნეთის მოქალაქე, მცხოვრები ატიკაში, ნეო კოზმოში) და მოპასუხე ი.ლ–ის ასული ვ–ას (ვ.ბ–სას მეუღლე, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები ატიკაში, პერისტერიში) შორის საქართველოში, ბათუმში, 2015 წლის 09 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება.

საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ამონაწერით ირკვევა, რომ ზემოხსენებული ქორწინება შეწყვეტილია საბერძნეთის ქ. ათენის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე №7068/2018) საფუძველზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილების ცნობა საჭირო არ არის, თუ გადაწყვეტილების გამოტანისას მეუღლეები იმ ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, რომლის დაწესებულებამაც ეს გადაწყვეტილება მიიღო.

შუამდგომლობაზე თანდართული ქორწინების მოწმობით დადგენილია, რომ ი.ვ–ას და ვ.ბ–სას შორის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 2015 წლის 09 იანვარს სსგს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში, ი.ვ–ამ ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი _ ,,ბ– სა".

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საბერძნეთის ქ. ათენის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ბ–სას შუამდგომლობა საბერძნეთის ქ. ათენის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე №7068/2018) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის ქ. ათენის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე №7068/2018), რომლითაც შეწყდა მოსარჩელე ვ.ბ–სას (მამის სახელი: ლაბროს, საბერძნეთის მოქალაქე, მცხოვრები ატიკაში, ნეო კოზმოში) და მოპასუხე ი.ლ–ის ასული ვ–ას (ვ.ბ–სას მეუღლე, საქართველოს მოქალაქე, მცხოვრები ატიკაში, პერისტერიში) შორის საქართველოში, ბათუმში, 2015 წლის 09 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია