Facebook Twitter

24 ნოემბერი 2021 წელი

საქმე №ას-962-2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შ.პ.ს. „თ.ს.ს.უ–სა და ი.მ.ს.ტ.ს.კ–კა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ე–ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შ.პ.ს. „ე–ა“-მ (შემდეგში: „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შ.პ.ს. „თ.ს.ს.უ–სა და ი.მ.ს.ტ.ს.კ–კა“-ს (შემდეგში: „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა :

1.1. მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ......., მშენებარე შენობა-ნაგებობა N1 და N2, ს/კ ......, მე-10 სართულზე არსებული 166.65 კვ.მ ფართის, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 01 ოქტომბრის N006872619 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის N3 დანართად წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად;

1.2. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის - 214 347 ლარის დაკისრება, საიდანაც 90000 ლარი არის მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხა, ხოლო 124347 ლარი - მიუღებელი შემოსავალი.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისი, ....... ქუჩა N9-ში მდებარე №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან 97.00 კვ.მ ფართი და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. ზიანის - 214347 ლარის დაკისრების თაობაზე, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი წარმოადგენს მრავალბინიან სახლს. ამ სახლის მე-10 სართულზე არსებული 1099.6 კვ.მ-დან 700 კვ.მ ეკუთვნის მოსარჩელეს, ხოლო ამავე სართულზე 399.6 კვ.მ ფართი მოპასუხის საკუთრებაა.

5.2. შენობის მე-10 სართულის ფართი, საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე, ლიფტისა და კიბის უჯრედის ჩათვლით, შეადგენს 1171.00 კვ.მ-ს. აქედან, მოსარჩელე 700 კვ.მ-ის ნაცვლად ფლობს 533.35 კვ.მ-ს, ხოლო მოპასუხე 399.6 კვ.მ-ის ნაცვლად - 496.6 კვ.მ-ს. მე-10 სართულზე არსებული დანარჩენი ფართი ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებაა. შესაბამისად, მოსარჩელე ფლობს 166,65 კვ.მ-ით ნაკლებ ფართს, ვიდრე საჯარო რეესტრის მონაცემებით ეკუთვნის, ხოლო მოპასუხე - საჯარო რეესტრში რეგისტრირებულზე 97 კვ.მ-ით მეტ ფართს.

5.3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ N ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი - სახლი შედგება სამი ინდივიდუალური საკუთრების საგნის - ბინისაგან. შესაბამისად, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი მრავალბინიანი სახლია, ხოლო მოდავე მხარეები ბინათმესაკუთრეები არიან. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შახტები, არხები, ნაგავგამტარები, ბუნკერები და ა. შ., რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს. სახლის მე-10 სართულზე არსებული ფართი, გარდა მხარეთა მიერ დაკავებული ფართისა, არის დერეფანი, კიბის უჯრედი და ლიფტის შახტი (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 12 მარტის დასკვნის დანართი N1, ტ. 1, ს.ფ. 165) და იგი ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრირებული არ არის. ამდენად, შენობის აღნიშნული ნაწილი არის ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება.

5.4. სინამდვილეში, სახლის მე-10 სართულზე ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის ჯამი 533.35+496.6=1029,95 კვ.მ-ია, რაც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულზე 700+399.6=1099,6 ნაკლებია 69,65 კვ.მ-ით. მიუხედავად ამისა, არცერთი მხარე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს სასარჩელო წესით არ შედავებია და მათში ცვლილებების შეტანა არ მოუთხოვია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არ აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. შესაბამისად, პალატა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებში ცვლილებებს ვერ შეიტანს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამგვარად, განსახილველ საქმეში დამტკიცებულია, რომ სახლის მე-10 სართულზე მოსარჩელე 700 კვ.მ-ის, ხოლო მოპასუხე 399.6 კვ.მ-ის მესაკუთრეები არიან.

5.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სავინდიკაციო სარჩელის დასაკმაყოფილებლად მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა, არა მარტო ის, რომ იგი რეგისტრირებულზე ნაკლებ ფართს ფლობდა, არამედ ისიც, რომ მოპასუხეს მის მიერ დაკავებული ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნდა. როგორც აღინიშნა, მოპასუხე სახლის მე-10 სართულზე 399.6 კვ.მ-ის ფართის მესაკუთრეა, შესაბამისად, ამ ფართს იგი ფლობს მართლზომიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. ამრიგად, მოპასუხის მფლობელობიდან მითითებული ფართის გამოთხოვის ნაწილში, სასამართლომ სარჩელი მართებულად არ დააკმაყოფილა, თუმცა, ვინაიდან ამავდროულად დადგენილი იყო, რომ ფაქტობრივად დაუფლებული 496.6 კვ.მ-დან 97 კვ.მ ფართის ფლობის უფლება მოპასუხეს არ აქვს, ეს უკანასკნელი ვალდებული იყო აღნიშნული ფართი მესაკუთრისათვის, ე.ი. მოსარჩელისათვის დაებრუნებინა.

5.6. პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში ასახული მსჯელობა აქტუალური იქნებოდა მხარეთა მიერ საჯარო რეესტრის მონაცემების გასაჩივრების შემთხვევაში, თუმცა, როგორც აღინიშნა, სარჩელი ამ მოთხოვნით მათ არ აღუძრავთ. მოცემულ სამართალწარმოებაში კი იმის გარკვევას, თუ სინამდვილეში რა იყო 2012 წლის 2 აპრილის გარიგების - მოსარჩელის კაპიტალში უძრავი ქონების (არაფულადი შენატანის) გადაცემის აქტის საგანი, მნიშვნელობა არ ჰქონდა.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოდავე მხარეები არ შეთანხმებულან ქ. თბილისში, ....... ქუჩა №9-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მე-10 სართულზე არსებული ფართის ფლიგელების მიხედვით განაწილების თაობაზე. აღნიშნული უძრავი ნივთის ფართის ნაწილი მოპასუხის მიერ მოსარჩელეს გადაეცა კაპიტალში შენატანის სახით. მოსარჩელე ფლობს სწორედ იმ ფართს, რაც გადაეცა არაფულადი შენატანის შედეგად, კერძოდ, შენობის მე-10 სართულის ერთ ფლიგელს და აქვს ამ ფლიგელში დამოუკიდებელი შესასვლელი, როგორც ლიფტების, ისე კიბის უჯრედის მიმდებარედ არსებული ფართიდან. მოსარჩელეს არასდროს ჰქონია რაიმე სახის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ ფართი მას არასრულად გადაეცა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245; სუსგ №ას-457-2021, 05.10.2021წ.)

11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (სუსგ. Nას-914-2019, 25.07.2019წ.; სუსგ. Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.).

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ მოსარჩელე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 700 კვ.მ. ფართის ნაცვლად ფლობს 533.35 კვ.მ. ფართს, ხოლო მოპასუხე, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 399.6 კვ.მ. ფართის ნაცვლად ფლობს 97 კვ.მ-ით მეტ ფართს _ 496.6 კვ.მ-ს. მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ მისი მფლობელობა სადავო 97 კვ.მ. ფართზე მართლზომიერია და მას დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობასთან დაკავშირებით სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

13. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ კასატორი წარმოადგენს სადავო 97 კვ. მ ფართის მფლობელს.

14. რაც შეეხება მოპასუხის ფლობის უფლებას, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

15. ამდენად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. მოსარჩელემ წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. შესაბამისად, სწორედ მოპასუხე მხარეს ეკისრება იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მფლობელობა მართლზომიერია, რაც მოპასუხემ ვერ დაადასტურა (სუსგ. Nას-1579-2019, 17.12.2019წ.).

16. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ ის მართლზომიერად ფლობს სადავო 97 კვ.მ ფართს. ამდენად, არ არსებობს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო ფართის გამოთხოვის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება.

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ Nას-887-2019, 27.12.2019წ.).

18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ებები: №ას-292-2020, 16.12.2020წ.; №ას-434-2019, 30.01.2020წ.; № ას-1032-952-2017, 17.10.2017წ.; № ას-1082-1039-2016, 14.02.2017წ.; № ას-3-3-2016, 09.03.2016წ.).

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისთვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. შესაბამისად, წინამდებარე საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 150 ლარს. ვინაიდან, კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 300 ლარის ოდენობით, მას უკან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 150 ლარი. ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი, საერთო ჯამში – 255 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.პ.ს. „თ.ს.ს.უ–სა და ი.მ.ს.ტ.ს.კ–კა“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შ.პ.ს. „თ.ს.ს.უ–სა და ი.მ.ს.ტ.ს.კ–კა“-ს (ს/კ .....) დაუბრუნდეს გადახდილი 300 ლარიდან (საგადასახადო დავალება №1630999506, გადახდის თარიღი 07.09.2021 წ.) ზედმეტად გადახდილი 150 ლარი, ასევე დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი, საერთო ჯამში – 255 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია