Facebook Twitter

07 დეკემბერი 2021 წელი

№ას-1089-2021 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ზამბახიძე,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შ.პ.ს. „ფ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „უ.ი.ო–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით - შ.პ.ს. „უ.ი.ო–ის“ (შემდეგში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი შ.პ.ს. „ფ–ის“ (შემდეგში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 71 680 ლარის გადახდა.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

3.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღისა და დროის თაობაზე, მოპასუხე კომპანიის დირექტორი - მ.ბ–ძე და მისი წარმომადგენელი - ვ.კ–ნი, გაფრთხილებული იქნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216.3 მუხლით დადგენილი წესით (ს.ფ. 267). შესაბამისად, აპელანტი ვალდებული იყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან (2021 წლის 15 მარტიდან) არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა (2021 წლის 14 აპრილის ჩათვლით) გამოცხადებულიყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს (2021 წლის 14 აპრილს), რომლის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

3.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტს ან მის წარმომადგენელს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსათვის კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავს, შესაბამისად, მისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო ვადა 2021 წლის 14 აპრილს დაიწყო და 2021 წლის 05 მაისს, 24:00 საათზე დასრულდა. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2021 წლის 10 აგვისტოს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე დაუშვებელი იყო და არსებობდა მისი განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნება, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

4.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონით განსაზღვრულ ერთთვიან ვადაში არ მომზადებულა. აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში აიტვირთა 2021 წლის 19 ივლისს, მაშინ როდესაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2021 წლის 15 მარტს.

4.2. მოპასუხემ როგორც ტელეფონით, ასევე წერილობით არაერთხელ მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, თუმცა იგი მზად არ იყო. დასაბუთებული გადაწყვეტილება მოპასუხეს 2021 წლის 30 ივლისს ჩაბარდა, აღნიშნული თარიღიდან კი, სააპელაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით განსაზღვრული წესის დაცვით წარედგინა სააპელაციო სასამართლოს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

8. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება სააპელაციო საჩივრის ვადის დარღვევით შეტანის გამო.

9. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დარღვეული იყო სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14 დღის ვადა, რადგან სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2021 წლის 05 მაისს, სააპელაციო საჩივარი კი, სასამართლოს წარედგინა 2021 წლის 10 აგვისტოს. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარი საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის დაცვით წარდგენილად უნდა ჩაითვალოს, გამომდინარე იქიდან, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების დაგვიანებით ჩაბარება განპირობებული იყო არა მხარის, არამედ სასამართლოს მიზეზით.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, რომელიც იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591 მუხლით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.

11. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა) და ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებას ხსენებულ ვადაში, აღნიშნული გასაჩივრების მსურველი მხარის ინტერესების საწინააღმდეგოდ არ უნდა იქნეს გამოყენებული და მას სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან (შდრ. სუსგ № ას-1535-2019, 19.12.2019წ. ).

13. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლოს მზად არ ჰქონდა, რაც დასტურდება იმ გარემოებით, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა წერილობითი განცხადებით დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემა მოითხოვა 2021 წლის 23 ივნისს, მიუთითა, რომ ამ დრომდე გადაწყვეტილება არ ჩაბარებია და ითხოვდა გადაწყვეტილების დროულად ჩაბარებას (იხ. განცხადება, ტ.1, ს.ფ. 286), თუმცა მას დასაბუთებული გადაწყვეტილება გაეგზავნა 2021 წლის 20 ივლისს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ამასთან, სასამართლომ თავისი ინიციატივით, დასაბუთებული გადაწყვეტილება ფოსტით გაუგზავნა მოპასუხესაც 2021 წლის 21 ივლისს, რაც უდავოდ ადასტურებს გადაწყვეტილების დაგვიანებით მომზადების ფაქტს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ დებულებაზე, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, გადაცემის მომენტიდან. ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს ბრალი არ მიუძღვის დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის დაგვიანებით ჩაბარებაში, პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო მოპასუხისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან.

კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხეს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2021 წლის 30 ივლისს. სააპელაციო საჩივარი კი მან წარადგინა 2021 წლის 10 აგვისტოს. შესაბამისად, დაცულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 - დღიანი საპროცესო ვადა.

14. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა უნდა დაწყებოდა არა გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს (შდრ. სუსგ. №ას-675-2019, 28.06.2019წ.; №ას-1853-2018; 27.02.2019წ).

15. აქვე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, ეფექტური სასამართლო დაცვის უფლება გულისხმობს, სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეების შესაძლებლობას, გამოიყენონ გასაჩივრების უფლება იმ მომენტიდან, როცა მათ შეუძლიათ ეფექტურად შეაფასონ სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება დაარღვიოს მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები. საქმეში „გ.ნ.მ–ი რუსეთის წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „სასამართლომ ვადის შემზღუდველი პროცედურული ნორმა ისეთნაირად განმარტა, რომ ხელი შეუშალა მომჩივნის საჩივრის გამოკვლევას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის სასამართლოს ეფექტური დაცვის უფლება დაირღვა“ (Georgiy Nikolayevich Mikhayliv v. Russia, 4543/04, $57, 2010, ECHR). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ როდესაც საკითხი უკავშირდება სამართლებრივი სიცხადის პრინციპს (Legal certainty), ეს არ არის უბრალოდ სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაციის პრობლემა, არამედ არსებობდა პროცედურული მოთხოვნის არაგონივრული კონსტრუქცია, რამაც გამოიწვია ეფექტური სასამართლო დაცვის უფლების დარღვევა. მხარეებს უნდა შეეძლოთ, გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR).

16. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე, მუხლებით.

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „ფ–ი“-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები ლაშა ქოჩიაშვილი

თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია