Facebook Twitter

25 ნოემბერი, 2021 წელი,

საქმე №ას-430 -2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ბ.მ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ი.ტ–ი, მ.ტ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განჩინება;

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბ.მ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მესაკუთრე) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 თებერვლის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც მისი მოთხოვნა ი. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) და მ.ტ–ების (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს - 214.30 ლარის გადახდა დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ. ბინით სარგებლობისას დაზოგილი თანხისა და გათბობის სისტემის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნა უარყოფილ იქნა. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

2. კასატორის მტკიცებით, არასწორად დადგინდა გათბობის ქვაბის პირველი მოპასუხისადმი კუთვნილების ფაქტი. საამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ უძრავი ქონება იქ განთავსებულ მოძრავ ნივთებთან ერთად შეიძინა.

2.1. კასატორის მოსაზრებით, ბინის გაქირავების შემთხვევაში, მოსალოდნელი სარგებლის მიღების ფაქტიც უსაფუძვლოდ არ იქნა დადგენილი. ბინის გაქირავებაში მოპასუხეთა ქმედებებიდან გამომდინარე შეეშალა ხელი და ზიანის ასანაზღაურებლად საკმარისი იყო იმის დადგენა, რომ მოპასუხეები მისი თანხმობის გარეშე სარგებლობდნენ ნივთით, რითიც დაზოგეს თანხა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

5.3. ქალაქ თბილისში, .....კორპუსში მდებარე 16.70 კვ.მ ბინა #1, საკადასტრო კოდით #...... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება), 2017 წლის 3 იანვრიდან, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის საკუთრებაა (საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).

5.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.

5.5. სადავო ქონებას მოპასუხეები 2019 წლის 18 ნოემბრამდე ფლობდნენ.

5.6. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ხარჯი - 214.30 ლარია, რაც მოსარჩელემ აანაზღაურა.

5.7. გათბობის სისტემა/ქვაბი პირველმა მოპასუხემ შეიძინა (იხ. შპს „ს–ას“ საგარანტიო ტალონი).

6. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მესაკუთრეს სურდა, კერძოდ, საკუთრების უფლების ხელყოფის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სსკ-ის 982.1 (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი), 979.1 (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

7. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხისგან მოითხოვდა მისი თანხმობის გარეშე კუთვნილი ქონებით სარგებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს კონდიქციური ვალდებულება წარმოადგენს, თუმცა, პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო სამართალში მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის არსებობაზე, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

7.1. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.

კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა მხარეებისთვის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა (შდრ. სუსგ ას-344-2019, 12.02.2021 წ.).

7.2. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე/კასატორი მიუღებელი ქირის მოცულობას მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებით ადასტურებს, კერძოდ, ბ.მ–მა სადავო ბინის გაქირავების შემთხვევაში, ერთი თვის ქირად - 500 ლარი მიუთითა, მას სასამართლოსათვის სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უარყოფს მოსარჩელის/კასატორის მტკიცებას, უძრავი ნივთის გაქირავების შემთხვევაში ყოველთვიურად მისაღები თანხის - 500 ლარით განსაზღვრის თაობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ხსენებული გარემოების დადასტურება ვერ შეძლო. საყურადღებოა, რომ კასატორს სასამართლოსთვის სადავო ქონების გაქირავების შეუძლებლობის ან/და მოპასუხეებისთვის ქირის მოთხოვნის შესახებ მტკიცებულებაც არ წარუდგენია.

მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.

საკასაციო პალატის დასკვნით, ზიანის ანაზღაურების თუ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნით აღძრულ დავებში, მტკიცების ტვირთის ობიექტურად განაწილების პირობებში, მოსარჩელეს ეკისრება განცდილი ფინანსური დანაკლისის ოდენობის დამტკიცების ტვირთი. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის №ას-1365-2019 და 2015 წლის 17 აპრილის №ას-406-383-2014 განჩინებები).

ზიანის ოდენობის ზუსტ განსაზღვრას დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან „ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ის არ უნდა ატარებდეს მოვალის მიმართ სადამსჯელო ხასიათს და არ უნდა წარმოადგენდეს საჯარიმო სანქციას, რამეთუ ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის არსი მდგომარეობს კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში და არა მოვალის დასჯაში. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესთა წონასწორობის აღდგენაზე. საჯარიმო სანქციები ქართული სამართლისათვის უცხოა. ზიანის ანაზღაურება გულისხმობს შემდეგი პრინციპების დაცვას: ზიანის სრულად ანაზღაურება; უსაფუძვლო გამდიდრების არდაშვება; ადეკვატურობა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 დეკემბრის №ას-1376-2019 განჩინება).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ მოსარჩელემ მიყენებული ქონებრივი დანაკლისის მოცულობა ვერ დაადასტურა და ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე კასატორს სწორად ეთქვა უარი ყოველთვიურად მისაღები თანხის სახით 500 ლარის ანაზღაურებაზე.

8. საკასაციო სასამართლო მოპასუხეების მიერ სადავო ქონებაში განთავსებული გათბობის ქვაბის მოხსნით, 1500 ლარის ზიანის მიყენების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნასაც უარყოფს და განმარტავს, რომ მოსარჩელემ მოთხოვნის ამ ნაწილშიც ვერ შეძლო საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება, საქმეში სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო.

კერძოდ, დადგენილია, რომ გათბობის სისტემა/ქვაბი პირველმა მოპასუხემ შეიძინა (იხ. შპს „ს–ას“ საგარანტიო ტალონი) და მის საკუთრებას წარმოადგენდა. მოსარჩელემ/კასატორმა მოპასუხის მიერ წარდგენილ მტკიცებულებას (გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა) გამაქარწყლებელი არგუმენტები ვერ დაუპირისპირა.

9. კასატორის ერთ ერთ პრეტენზია ისაა, რომ უძრავი ქონება, იქ განთავსებულ მოძრავ ნივთებთან ერთად შეიძინა და გათბობის ქვაბზე როგორც ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე მოიპოვა საკუთრების უფლება.

კასატორის აღნიშნულ მოსაზრებასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ წინამდებარე დავის გადაწყვეტაზე გავლენას ვერ იქონიებს გათბობის ქვაბის კასატორის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არსებით შემადგენელ ნაწილად მიჩნევის საკითხი.

განსახილველ შემთხვევაში არსებითია შემდეგი გარემოება: კასატორმა ვერ დაადასტურა, რომ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას შეძენილი ბინა კვლავ იყო აღჭურვილი გათბობის სისტემით და შესაბამისად შემძენმა მოიპოვა მასზე საკუთრების უფლება.

უდავო გარემოებაა, რომ მესაკუთრეს #...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ნივთზე საკუთრების უფლება 2017 წლის 03 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა და შემძენი ნივთს ფაქტობრივად 2019 წლის 18 ნოემბერს დაეუფლა.

ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის ბ.მ–ი უძრავი ნივთს დაუფლებული არ იყო და მასში არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ობიექტურად ვერ აღწერდა; საკასაციო პალატის დასკვნით, უძრავი ქონების მასში განთავსებულ გათბობის ქვაბთან ერთად შეძენის მტკიცების ტვირთი კასატორს ეკისრება, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა სათანადო მტკიცებულებანი და არგუმენტები ვერ წარმოადგინა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა და მისი დაკმაყოფილების წინაპირობები არ იკვეთება.

10. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

11. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე