საქმე №ას-84-84-2018 22 ივლისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.კ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ა.გ–ი, ქ.ბ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, ხელშეკრულებების სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებად მიჩნევა, უძრავი ქონების თავდაპირველი მესაკუთრისთვის დაბრუნება, კრედიტის თანხის შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2012 წლის 28 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ი.კ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) გაყიდა, ხოლო ქ.ბ–მა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) იყიდა გორის რაიონის სოფელ ....... მდებარე 45 174 კვ.მ. უძრავი ქონება, ს.კ. ......... (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“ ან „სადავო მიწის ნაკვეთი“). ნასყიდობის საგანი გაიყიდა 3000 აშშ დოლარად. ხელშეკრულება დამოწმდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ (ტ. I, ს.ფ. 81).
2. 2014 წლის 27 მაისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, პირველმა მოპასუხემ გაყიდა, ხოლო ა.გ–მა (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) იყიდა სადავო უძრავი ქონება. ნასყიდობის საგანი გაიყიდა 3000 აშშ დოლარად. ხელშეკრულება დამოწმდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ (ტ. I, ს.ფ. 82).
3. 2014 წლის 02 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავი ქონება ირიცხება მეორე მოპასუხის საკუთრებად (ტ. I, ს.ფ. 18-19).
4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა მასსა და პირველ მოპასუხეს შორის 2012 წლის 28 დეკემბერს და მოპასუხეებს შორის 2014 წლის 27 მაისს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების, როგორც თვალთმაქცური გარიგებების, ბათილად ცნობა და მათი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებად მიჩნევა; ასევე, სადავო უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებაში დაბრუნება და მეორე მოპასუხისთვის დასაბრუნებელი კრედიტის თანხის - 10 000 აშშ დოლარის 7 000 ლარით შემცირება.
5. მოსარჩელის განმარტებით, პირველი მოპასუხისგან სესხის სახით მიიღო 3000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 8% სარგებლით. სესხის უზრუნველყოფა მოხდა სადავო უძრავი ქონებით. იგი პირველ მოპასუხეს უხდიდა შეთანხმებულ სარგებელს, თუმცა, ვინაიდან ერთიანად ვერ შეძლო სესხის დაბრუნება, ამ უკანასკნელმა მოუძებნა ახალი გამსესხებელი - მეორე მოპასუხე, რომელმაც გადაფარა პირველი მოპასუხის მიმართ არსებული დავალიანება და 2014 წლის 27 მაისიდან უკვე მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის წარმოიშვა სასესხო ურთიერთობა. სესხის უზრუნველყოფა კვლავ სადავო უძრავი ქონებით მოხდა. მეორე მოპასუხესთან შეთანხმებით მისთვის მოსარჩელეს 2016 წლის თებერვლის ბოლოს 5000 აშშ დოლარში უნდა გადაეხადა 10 000 აშშ დოლარი, თუმცა იმის გამო, რომ ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, დასაფარი კრედიტის თანხა 17 500 ლარიდან გაიზარდა 24 500 ლარამდე. შედეგად, გადასახდელი თანხის სხვაობამ შეადგინა 7000 ლარი, რის გამოც შეთანხმებული 10 000 აშშ დოლარის გადახდა ვერ შეძლო. მოსარჩელემ, ასევე, განმარტა, რომ მოპასუხეებთან ნაცვლად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებისა, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულებები.
6. პირველმა მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა ამავე დროს მიუთითა, რომ მოსარჩელე თავის შვილთან ერთად თვითონ მივიდა პირველ მოპასუხესთან და შესთავაზა, რომ მისგან სესხად აღებულ 3000 აშშ დოლარს გადაუხდიდა მეორე მოპასუხე და სწორედ ამ უკანასკნელის სახელზე უნდა გადაეფორმებინა სადავო მიწის ნაკვეთი. რაც შეეხება მეორე მოპასუხესთან დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, განმარტა, რომ აღნიშნული ხელშეკრულების დადებას ესწრებოდა მოსარჩელე და მისი შვილი. მისი თქმით, ორივე ხელშეკრულების დადების ინიციატორი იყო თავად მოსარჩელე.
7. პირველმა მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით უარყო მასსა და მოსარჩელეს შორის სესხის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი. მისი განმარტებით, მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ამასთან, ისინი შეთანხმდნენ, რომ ერთი თვის განმავლობაში თანხის უკან დაბრუნების შემთხვევაში, პირველი მოპასუხე მოსარჩელეს დაუბრუნებდა მიწის ნაკვეთს (იხ. 22.11.2016წ. სხდომის ოქმი).
8. მეორე მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, თუმცა შესაგებელში არ მიუთითებია კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით უარყო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი. მისი განმარტებით, ნასყიდობის საფასური 5000 აშშ დოლარი გადასცა მოსარჩელის შვილს, იუსტიციის სახლში. თანხის გადაცემას ესწრებოდა თავად მოსარჩელეც. პირველი მოპასუხე დაიბარეს იმიტომ, რომ მასზე იყო ნაკვეთი გაფორმებული (იხ. 22.11.2016წ. სხდომის ოქმი).
9. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. მან მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
12. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-3 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.
13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე და პირველი მოპასუხე, ასევე, მოპასუხეები გარიგების სხვა შინაარსზე იყვნენ შეთანხმებულები. ამასთან, ვინაიდან გარიგების მოჩვენებითობა და თვალთმაქცურობა არ დასტურდებოდა მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დადებული გარიგების მიმართ, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთა შორის დადებული გარიგების ბათილობის თაობაზე დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან არ არსებობდა აღნიშნული მოთხოვნის იურიდიული ინტერესი.
14. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა რეალურ ნებას არა ნასყიდობის, არამედ სესხის ხელშეკრულების დადება წარმოადგენდა. მისი განმარტებით, მოსარჩელემ ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა სესხის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმებას, ასევე, სესხის ძირითადი თანხის ან სარგებლის გადახდის ფაქტს.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გარიგებების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური ხასიათი საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რაც სარჩელის და, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
17. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
17.1. მოპასუხეთა მიერ წარდგენილი შესაგებლები ქმნიდნენ სარჩელის დაკმაყოფილების კანონიერ საფუძვლებს. სადავო გარიგებების თვალთმაქცურობა თავად მოპასუხეებმა დაადასტურეს;
17.2. სასამართლომ არასწორად შეაფასა პირველი მოპასუხის შესაგებელი, რომლითაც იგი დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. მან, ასევე, სასამართლო სხდომაზე აღიარა სესხის ნაწილი;
17.3. სასამართლომ, ასევე, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მეორე მოპასუხის განმარტებას, რომლის თანახმად მან 5000 აშშ დოლარი გადასცა მოსარჩელის შვილს იუსტიციის სახლში. ამასთან, მისი თქმით, ნაკვეთი ამ უკანასკნელისგან იყიდა, ხოლო პირველი მოპასუხე იმიტომ მიიყვანეს, რომ ნაკვეთი მის სახელზე იყო გაფორმებული. თუკი პირველი მოპასუხე წარმოადგენდა კეთილსინდისიერ შემძენს, მეორე მოპასუხემ რატომ გადაუხადა თანხა მოსარჩელის შვილს და არა მას.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 08 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
19. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
20. წინამდებარე საქმეში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2012 წლის 28 დეკემბერს, ასევე, მოპასუხეთა შორის 2014 წლის 27 მაისს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები წარმოადგენს თუ არა თვალთმაქცურ გარიგებებს.
21. კასატორი დავობს, რომ სასამართლომ სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა მოპასუხეთა მიერ შესაგებლებში და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებებს.
22. საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს, ასევე, მოპასუხეებს შორის დადებული სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებები წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებებს და მხარეთა რეალურ მიზანს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების დადება წარმოადგენდა.
23. თვალთმაქცური გარიგების ფაქტობრივ შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
24. დასახელებული სამართლებრივი ნორმის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. მოჩვენებითი გარიგების დროს ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა. მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი.
25. რაც შეეხება თვალთმაქცურ გარიგებას, უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში/გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება - ერთი თვალთმაქცური და მეორე, რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია (იხ. სუსგ საქმე №ას-1142-1088-2014, 23 იანვარი, 2015 წელი; №ას-487-461-2015, 17 ივნისი, 2015 წელი).
26. თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისთვის აუცილებელი ყველა წინაპირობის არსებობაზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც თვალთმაქცური გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს.
27. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2012 წლის 28 დეკემბერს დაიდო სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. მოსარჩელის მტკიცებით, მხარეთა შორის რეალურად დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ხოლო სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას. პირველმა მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით მართალია სარჩელი არ ცნო, თუმცა მიუთითა, რომ მოსარჩელე თავის შვილთან ერთად მივიდა მასთან და შესთავაზა, რომ მისგან სესხად აღებულ 3000 აშშ დოლარს გადაუხდიდა მეორე მოპასუხე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი მოპასუხის აღნიშნული განმარტება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად [ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას], წარმოადგენს აღიარებას და ადასტურებს ზემოაღნიშნული გარიგების თვალთმაქცურობის ფაქტს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პირველმა მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე უარყო მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი და განმარტა, რომ მათ შორის ადგილი ჰქონდა ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობას (იხ. 22.11.2016წ. სხდომის ოქმი).
28. აღიარების უარყოფასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. თავის მხრივ, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აღიარების უარყოფა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს გადაწყვეტილებაში.
29. მოცემულ შემთხვევაში, პირველ მოპასუხეს არ გაუქარწყლებია მის მიერ შესაგებელში მითითებული აღიარება იმასთან დაკავშირებით, რომ მასსა და მოსარჩელეს შორის 2012 წლის 28 დეკემბერს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მას, არათუ არ დაუდასტურებია, არც მიუთითებია იმ გარემოებაზე, რომ მისი აღიარება იყო შეცდომის ან ფსიქიკური/ფიზიკური ზემოქმედების შედეგი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის საფუძველზე, პირველი მოპასუხის აღიარებას საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს იმის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დადებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას, რომლითაც მხარეებს სურდათ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დაფარვა. აღნიშნულ გარემოებაზე, ასევე, ირიბად მიუთითებს პირველი მოპასუხის განმარტება, რომ მხარეთა შეთანხმებით, ერთი თვის განმავლობაში თანხის უკან დაბრუნების შემთხვევაში, მას მოსარჩელისთვის უნდა დაებრუნებინა სადავო მიწის ნაკვეთი. პირველმა მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის პირობებში, რამ განაპირობა მხარეთა შორის ასეთ პირობაზე შეთანხმება.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2012 წლის 28 დეკემბერს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას და, შესაბამისად, ბათილია. მხარეებს რეალურად სურდათ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება.
31. რაც შეეხება მოპასუხეთა შორის 2014 წლის 27 მაისს დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული ხელშეკრულებაც წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას და რეალურად მასსა და მეორე მოპასუხეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ნასესხები თანხით დაიფარა 28.12.2012წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირველი მოპასუხის მიმართ არსებული დავალიანება და სადავო უძრავი ქონება იმავე მიზნით გადაფორმდა მეორე მოპასუხეზე.
32. მეორე მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, თუმცა არ მიუთითებია კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე. იგი არ შედავებია მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
33. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კვალიფიციური შესაგებლის წარდგენის ვალდებულება.
34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანმიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.
35. ამდენად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისთვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. ამასთან, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად (იხ. სუსგ საქმე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017 წელი, § 201).
36. მეორე მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, ერთი მხრივ, უარყო მასსა და მოსარჩელეს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი, ხოლო, მეორე მხრივ, განმარტა, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის საფასური გადასცა მოსარჩელის შვილს, პირველი მოპასუხე კი დაიბარეს იმიტომ, რომ მასზე იყო სადავო მიწის ნაკვეთი გაფორმებული (იხ. 22.11.2016წ. სხდომის ოქმი). ამით მეორე მოპასუხემ დაადასტურა, რომ მან ხელშეკრულების დადებამდე იცოდა, გამსხვისებლის მესაკუთრედ არყოფნის ფაქტი. ამასთან, მეორე მოპასუხემ ლოგიკურად და დამაჯერებლად ვერ ახსნა ის გარემოება, რატომ გადასცა ნასყიდობის საფასური მოსარჩელის შვილს და არა პირველ მოპასუხეს/გამყიდველს და იმ პირობებში, როდესაც საჯარო რეესტრის მონაცემებით სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს მეორე მოპასუხე წარმოადგენდა, რა მიზნით ხორციელდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების პროცესში მოსარჩელესთან და მის შვილთან კომუნიკაცია. თავის მხრივ, პირველმა მოპასუხემაც დაადასტურა, რომ მან თანხა მიიღო მოსარჩელისა და მისი შვილისგან (იხ. 22.11.2016წ. სხდომის ოქმი) და განმარტა, რომ ორივე ხელშეკრულების დადების ინიციატივა თავად მოსარჩელისგან მოდიოდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მეორე მოპასუხე ამჟამად არ სარგებლობს სადავო უძრავი ქონებით. ხოლო, მოსარჩელის განმარტებით, სწორედ ის უვლის მიწის ნაკვეთს.
37. საკასაციო სასამართლო მეორე მოპასუხის შედავებას ვერ მიიჩნევს კვალიფიციურ შედავებად, ვინაიდან იგი არათუ უარყოფს, არამედ ირიბად ადასტურებს კიდეც სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც საკასაციო სასამართლოს უქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ მოპასუხეებს შორის 2014 წლის 27 მაისს დადებული ხელშეკრულების რეალური მიზანი არ ყოფილა უძრავი ქონების გასხვისება/შეძენა. აღნიშნული დასაბუთებული ვარაუდის გაქარწლება მოპასუხეთა ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც მათ სათანადოდ ვერ განახორციელეს.
38. ამდენად, მეორე მოპასუხეს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საპირწონედ დასაბუთებული შედავება არ წარუდგენია. ერთი მხრივ, შეუდავებელი, ხოლო, მეორე მხრივ, არაკვალიფიციურად შედავებული ფაქტობრივი გარემოებები კი, სასამართლოს აძლევს დასკვნის საფუძველს, რომ მოპასუხეებს შორის დადებული სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას, რომლითაც მხარეებს სურდათ მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის არსებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დაფარვა. შესაბამისად, აღნიშნული გარიგებაც ბათილია.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს, ასევე, მოპასუხეებს შორის დადებული სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებები ბათილად იქნა ცნობილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად [პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში], სადავო უძრავი ქონება საკუთრებაში უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
40. როგორც ზემოთ აღინიშნა, გარიგების თვალთმაქცურობის დადგენის შემთხვევაში, გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (სსკ-ის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილი). შესაბამისად, სადავო გარიგებების ბათილობის გამო, მათზე უნდა გავრცელდეს სესხისა და იპოთეკისთვის დადგენილი წესები (სსკ-ის 623-ე და 289-ე მუხლები). თუმცა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაფარული გარიგების ნამდვილობისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ მოჩვენებითი გარიგების ბათილად ცნობა. დაფარული გარიგება უნდა იყოს მართლზომიერი და ამ საფუძვლით ნამდვილი. ამდენად, უნდა დადასტურდეს დაფარული გარიგების ნამდვილობის აუცილებელი ყველა წინაპირობის არსებობა.
41. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. იმავე კოდექსის 623-624-ე მუხლების მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
42. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულება რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება და ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების საგნის მოვალისთვის რეალურად გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა. ამასთან, კანონი არ ადგენს გარიგების ფორმის შეზღუდვას და უშვებს სესხის ხელშეკრულების, როგორც წერილობითი, ასევე, ზეპირი ფორმით დადების შესაძლებლობას. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულების არსებითი პირობაა გამსესხებლის მიერ მსესხებლისთვის თანხის ან სხვა გვაროვნული ნივთის გადაცემა, ასევე, მსესხებლის ნება, იკისროს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთის უკან დაბრუნების ვალდებულება.
43. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მეორე მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა 5000 აშშ დოლარი (მეორე მოპასუხის განმარტებით თანხა გადასცა მოსარჩელის შვილს და თანხის გადაცემას თავად მოსარჩელეც ესწრებოდა). შესაბამისად, ვინაიდან სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა და სამოქალაქო კოდექსი მისი ნამდვილობისთვის არ ითვალისწინებს სავალდებულო წერილობით ფორმას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2014 წლის 27 მაისს მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის დადებული დაფარული გარიგება, 5000 აშშ დოლარის სესხის ხელშეკრულება ნამდვილია.
44. რაც შეეხება იპოთეკას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). იმავე კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111 მუხლით დადგენილი წესით, შესაბამისად, წერილობით ფორმით [3111-ე მუხლის პირველი ნაწლი: ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე შესაბამისი უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით დადებული გარიგება].
45. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებს შორის დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება მიჩნეულ იქნა თვალთმაქცურ, ბათილ გარიგებად. ამასთან, დადგინდა, რომ რეალურად დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის. თვალთმაქცური გარიგება დადებული იყო წერილობითი ფორმით, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებაც ნამდვილია, თუმცა მისი ძალაში შესვლისთვის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, უნდა მოხდეს იპოთეკის მეორე მოპასუხის სასარგებლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
46. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, ასევე, წარმოადგენდა მეორე მოპასუხისათვის დასაბრუნებელი კრედიტის თანხის 10 000 აშშ დოლარის 7 000 ლარით შემცირება. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ ნაწილში სახეზეა სარჩელის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.
47. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
48. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. იმავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს. ამასთან, იმავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.
49. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს ზემოაღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ მიუთითებია კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, კერძოდ - რას ეყრდნობოდა მხარეთა ამგვარი შეთანხმება და საიდან გამომდინარეობდა დასაბრუნებელი თანხის ოდენობა, აღნიშნული კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და იმავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია.
50. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
51. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
52. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; კერძოდ, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ბათილად უნდა იქნას ცნობილი მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2012 წლის 28 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მოპასუხეებს შორის 2014 წლის 27 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და სადავო უძრავი ქონება უნდა აღირიცხოს მოსარჩელის საკუთრებად; ამასთან, სადავო უძრავი ქონება უნდა დაიტვირთოს იპოთეკით მეორე მოპასუხის სასარგებლოდ, მასსა და მოსარჩელეს შორის 5000 აშშ დოლარის ოდენობით არსებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად; სასარჩელო მოთხოვნა მეორე მოპასუხისათვის დასაბრუნებელი კრედიტის 10000 აშშ დოლარის 7000 ლარით შემცირების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი და ამ ნაწილში გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
53. საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
54. წინამდებარე გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამასთან, სადავო უძრავი ქონება აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებად. შესაბამისად, არ არსებობს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი, რომლითაც სადავო უძრავ ქონებას დაედო ყადაღა.
55. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
56. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
57. წინამდებარე საქმეში პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 3000 აშშ დოლარს (უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საფასური შეადგენდა 3000 აშშ დოლარს), შესაბამისად, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა იყო 90 აშშ დოლარის (3000 აშშ დოლარის 3%) ეკვივალენტი ლარში.
58. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში დავის საგნის ღირებულება შეადგენდა კვლავ 3000 აშშ დოლარს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა იყო 120 აშშ დოლარის (3000 აშშ დოლარის 4%), ხოლო საკასაციო სასამართლოში კი 150 აშშ დოლარის (3000 აშშ დოლარის 5%) ეკვივალენტი ლარში.
59. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ჯამში 360 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187.2, 372-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ი.კ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ი.კ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნას ცნობილი ი.კ–ძესა და ქ.ბ–ს შორის 2012 წლის 28 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ქ.ბ–სა და ა.გ–ს შორის 2014 წლის 27 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და გორის რაიონის სოფელ ........ში მდებარე 45174.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ: .....) აღირიცხოს ი.კ–ძის საკუთრებად;
5. გორის რაიონის სოფელ ........ში მდებარე 45174.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ: .....) დაიტვირთოს იპოთეკით ა.გ–ის სასარგებლოდ, ი.კ–ძესა და ა.გ–ს შორის 5000 აშშ დოლარის ოდენობით არსებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად;
6. ი.კ–ძის სასარჩელო მოთხოვნა ა.გ–ზე დასაბრუნებელი კრედიტის 10000 აშშ დოლარის 7000 ლარით შემცირების შესახებ დარჩეს განუხილველი და ამ ნაწილში გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება;
7. ა.გ–სა (პ/ნ: .......) და ქ.ბ–ს (პ/ნ: .......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროთ 360 (სამას სამოცი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;
8. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში;
9. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე