საქმე №ას-787-2021 7 დეკემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი - ს.ი–ვა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.გ–ვი (მოსარჩელე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი - არასრულწლოვანი ხ.გ–ვა
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.გ–ვი (მოსარჩელე)
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - არამართლზომიერად გადაადგილებული და არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ.გ–ვი (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მამა“) და ს.ი–ვა (შემდგომში - „მოპასუხე“, „დედა“ ან „პირველი კასატორი“) დაქორწინდნენ 2010 წლის 30 დეკემბერს, აზერბაიჯანში. ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 07.04.2010წ. დაბადებული გ.გ–ვი (შემდგომში - „პირველი შვილი“ ან „ძმა“) და 19.08.2014წ. დაბადებული ხ.ნ. კიზი გ–ვა (შემდგომში - „არასრულწლოვანი“, „ბავშვი“, „მეორე შვილი“, „და“ ან „მეორე კასატორი“) (ერთობლივად - „ბავშვები“ ან „შვილები“). მოსარჩელე და ბავშვები არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები, ხოლო მოპასუხე საქართველოს მოქალაქე.
2. მოსარჩელე და მოპასუხე 2015 წლამდე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ხოლო 2015 წლიდან საცხოვრებლად გადავიდნენ უკრაინაში და ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ცხოვრობდნენ შემდეგ მისამართზე: ქ. ოდესა, ......გზატკეცილი №148, ბინა 4. მამას და ბავშვებს აქვთ უკრაინაში მუდმივი ბინადრობის მოწმობა (ტ. I, ს.ფ. 32, 36, 50).
3. ქალაქ ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს 25.06.2018წ. დადგენილებით გაუქმდა მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის 30.12.2010წ. რეგისტრირებული ქორწინება. ბავშვები დარჩნენ დედასთან, რასაც მამა დაეთანხმა (ტ. I, ს.ფ. 248-250).
4. 2019 წლის 12 ივნისს მოსარჩელე და მოპასუხე კვლავ დაქორწინდნენ ქალაქ ოდესაში და ბავშვებთან ერთად ცხოვრება გააგრძელეს იმავე მისამართზე.
5. კიევის რაიონული სასამართლოს 26.11.2019წ. გადაწყვეტილებით გაუქმდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 12.06.2019წ. რეგისტრირებული ქორწინება. აღნიშნული გადაწყვეტილებით ბავშვების საცხოვრებელი ადგილი არ განსაზღვრულა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ბავშვების მხარდაჭერისა და მათი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხს მხარეები გადაწყვეტენ ცალკე სამართალწარმოებით (ტ. I, ს.ფ. 60-63).
6. განქორწინების შემდეგ მოსარჩელე და მოპასუხე უკრაინაში ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე. ბავშვები იზრდებოდნენ დედასთან.
7. მოსარჩელემ 2019 წლის 29 ოქტომბერს განცხადებით მიმართა ოდესის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს ქ. ოდესის კიევის რაიონის პოლიციის განყოფილებას და მოითხოვა წინასასამართლო გამოძიების ჩატარება მოპასუხის მიერ ჩადენილ შესაძლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით. განმცხადებლის განმარტებით, მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში. განქორწინების შემდგომ განმცხადებელი საცხოვრებლად სხვა ბინაში გადავიდა. 2019 წლის 20 ოქტომბერს, როდესაც მივიდა შვილების მოსანახულებლად, მისი მეორე შვილი იყო ნამტირალევი და შეშინებული. მან აუხსნა, რომ მამის არყოფნის პერიოდში დედა მკაცრად ეპყრობოდა, სცემდა, რის შედეგადაც სახეზე გაუჩნდა სისხლჩაქცევები. ბავშვის განმარტებით, ცემის მიზეზი გახდა საჭმლის მიღებაზე უარის თქმა. ორი დღის შემდეგ იგივე შემთხვევა განმეორდა პირველი შვილის მიმართაც, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა გაერიდებინა იგი დედისგან და წაეყვანა თავისთან, თუმცა მეორე შვილის წაყვანა ვერ მოახერხა დედის სკანდალის გამო. განმცხადებელმა მოითხოვა გამოძიების დაწყება დედის მხრიდან შვილის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე (იხ. ტ. I, ს.ფ. 68-71).
8. კიევის რაიონული სასამართლოს 24.12.2019წ. განჩინებით მოპასუხე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში და მის მიმართ საქმე დაიხურა; ხოლო, ოდესის სააპელაციო სასამართლოს 12.06.2020წ. დადგენილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზემოაღნიშნული განჩინება დარჩა ძალაში. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ საქმეში წარდგენილი იყო მხოლოდ მცირეწლოვნის (პირველი შვილის) ახსნა-განმარტება, რომელიც არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სათანადო მტკიცებულებად, რადგან მისგან ახსნა-განმარტება აღებული იყო საქმეზე დაინტერესებული პირის - მამის თანდასწრებით. ამასთან, თვით ახსნა-განმარტების შინაარსიდან გამომდინარე, ნაკლებად იყო სავარაუდო, რომ ის ცხრა წლის ბავშვის მიერ იყო მიცემული (ტ. I, ს.ფ. 323-327).
9. მოსარჩელის განცხადების საფუძველზე 2019 წლის 20 ნოემბერს გაუქმდა მის მიერ ბაქოს №2 „ასან მომსახურების“ ცენტრის სანოტარო ოფისში 15.05.2018წ. გაცემული თანხმობა 03.04.2023წ.-მდე არასრულწლოვანი შვილების მოპასუხესთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ, ნებისმიერ ქვეყანაში გამგზავრების თაობაზე (ტ. I, ს.ფ. 317).
10. არასრულწლოვანი ირიცხება ოდესის ოლქის ოდესის საქალაქო საბჭოს „I საფეხურის სპეციალიზირებული სკოლა ინგლისური ენის გაღრმავებული შესწავლით - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“ საბავშვო ბაღის უფროსი ჯგუფის მოსწავლედ. იგი 2019 წლის 18 ოქტომბრიდან არ გამოცხადებულა საბავშვო ბაღში, მამის განცხადებით ოჯახური პირობების გამო; ხოლო, 2020 წლის მარტის თვიდან კარანტინის გამო (COVID-19).
11. არასრულწლოვანი ამჟამად იმყოფება საქართველოში, კერძოდ, მარნეულში, დედის მშობლების სახლში. იგი სწავლობს სსიპ ქ. მარნეულის №4 საჯარო სკოლის პირველ კლასში (ტ. I, ს.ფ. 319).
12. კლასის დამრიგებლის მიერ გაცემული დახასიათების თანახმად, არასრულწლოვანმა მარტივად გაიარა ადაპტაციის პერიოდი; იგი არის მშვიდი და აქტიური; ინტენსიურად დადის სკოლაში; კლასში არის ძალიან ყურადღებიანი, არ იბნევა, კითხულობს ინტერესით, არ უჭირს წაკითხულის გააზრება, პასუხობს შეკითხვებს; არის კომუნიკაბელური, ადვილად შედის კონტაქტში ბავშვებთან; ყოველთვის მოწესრიგებულია; დედა დაინტერესებულია შვილის განათლებით (ტ. I, ს.ფ. 320).
13. მოსარჩელე არის მეწარმე ფიზიკური პირი. იგი ამჟამად ცხოვრობს ოდესაში. მეზობლები ახასიათებენ როგორც კარგ მამას. მათი განმარტებით, მოსარჩელე დაკავებული იყო შვილების აღზრდით, მათი სულიერი და ფიზიკური განვითარებით, ბავშვებს უყვართ და პატივს სცემენ მამას (ტ. I, ს.ფ. 52-56, 286).
14. ოდესის საქალაქო საბჭოს ბავშვთა საქმეების სამსახურის მიერ 15.02.2021წ. შემოწმებულ იქნა მოსარჩელის საცხოვრებელი პირობები. იგი ცხოვრობს შემდეგ მისამართზე: ქ. ოდესა, ....... ქუჩა №62/2, ბინა №65. საცხოვრებელი სახლი შედგება სამი ოთახისგან; ბინა არის მშრალი, ნათელი, სუფთა და ახალი გარემონტებული. მასში არის ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი. ბავშვის აღზრდისა და განვითარებისთვის შექმნილია დამაკმაყოფილებელი პირობები. ბინაში მუდმივად ცხოვრობენ მოსარჩელე, მისი პირველი შვილი და კ–ი ნ. ა–ის ასული (ტ. I, ს.ფ. 283).
15. მოპასუხე დასაქმებულია შპს „ფ–ა“ კლინიკაში ლაზერის ეპილაციის ოპერატორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 450 ლარს. კლინიკის დირექტორის განმარტებით, მოპასუხე არის პასუხისმგებლიანი პიროვნება, რომელიც გამოირჩევა პაციენტებისადმი ყურადღებით; იგი კოლექტივში სარგებლობს პატივისცემით (ტ. I, ს.ფ. 328-329).
16. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის შესაბამისად, არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული ბავშვის (მეორე შვილი) ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილზე, მამასთან უკრაინაში დაბრუნება, შემდეგ მისამართზე: ქ. ოდესა, ...... №62/2, ბინა №65.
17. მოსარჩელის განმარტებით, დედამ 2020 წლის 25 ივნისს, მამის ნებართვის გარეშე, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, არასრულწლოვანი გადაიყვანა ჯერ უკრაინის, შემდეგ კი საქართველოს საზღვარზე. მოპასუხეს იგი უკანონოდ ჰყავს დაკავებული საქართველოში, მარნეულში, მისი მამის საცხოვრებელ ადგილას.
18. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით საქმეში ჩაება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, რომელსაც გადაეგზავნა საქმის მასალები და დაევალა არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით, წარმომადგენლის დანიშვნა, ასევე, დავის საგანთან მიმართებით დასკვნის წარდგენა.
19. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით საქმეში ჩაება არასრულწლოვანი.
20. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით, საქმეზე დაინიშნა ადვოკატი, რომლის უზრუნველყოფა დაევალა იურიდიული დახმარების ბიუროს.
21. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, დაევალა საქმეში ფსიქოლოგის ჩართვა და ფსიქოლოგის დასკვნის წარდგენის უზრუნველყოფა.
22. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 01 თებერვლის განჩინებით გამოცემულ იქნა ბრძანება, რომლითაც დედას შეეზღუდა არასრულწლოვანი შვილის საქართველოდან გაყვანა (გადაადგილება), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
23. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
24. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 05 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფიდა.
25. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. მან მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
26. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა - დადგინდა არასრულწლოვნის დაბრუნება უკრაინის რესპუბლიკაში.
27. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-15 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.
28. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგენილიყო ჰქონდა თუ არა ადგილი არასრულწლოვნის საქართველოში არამართზომიერ ჩამოყვანას და წარმოადგენდა თუ არა უკრაინის რესპუბლიკა მის მუდმივ ადგილსამყოფელს.
29. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე და მოპასუხე არასრულწლოვან შვილებთან ერთად უკრაინაში საცხოვრებლად გადავიდნენ 2015 წლიდან. ხოლო, მოპასუხემ და არასრულწლოვანმა უკრაინის ტერიტორია დატოვეს 25.06.2020წ. მართალია, მანამდე ბავშვები დედასთან ერთად გარკვეული პერიოდულობით მიემგზავრებოდნენ ქვეყნიდან, თუმცა ამას ხანგრძლივი ხასიათი არ ჰქონია. ამდენად, არასრულწლოვანი უკრაინის ტერიტორიაზე ცხოვრობდა დაახლოებით ხუთი წელი, ერთი წლის ასაკიდან, დადიოდა ბაღში და აქვს უკრაინის რესპუბლიკაში ბინადრობის მოწმობა. ეს ყველაფერი კი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იძლევა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ უკრაინა არის ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი.
30. სააპელაციო პალატის განმარტებით, არასრულწლოვანი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილიდან გაყვანილ იქნა უფლებამოსილი მშობლის ნებართვის გარეშე. კერძოდ, 25.06.2018წ. ქალაქ ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს დადგენილებით შეწყდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის რეგისტრირებული ქორწინება და მამის თანხმობით არასრულწლოვანი ბავშვები დარჩნენ დედასთან. აღნიშნულის შემდეგ, 12.06.2019წ. მხარეებმა კვლავ იქორწინეს და ბავშვებთან ერთად გააგრძელეს ერთ ოჯახად ცხოვრება. შესაბამისად, აზერბაიჯანის სასამართლოს მიერ ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მოსარჩელისა და მოპასუხის ხელახალი ქორწინებით ავტომატურად გაუქმდა. ამდენად, ეს გარემოება ვერ გამოდგებოდა იმ ფაქტის დასადგენად, რომ მოპასუხე წარმოადგენს არასრულწლოვნის ერთპიროვნულ მეურვეს. გარდა ამისა, მოსარჩელემ 20.11.2019წ. ბაქოში განცხადებით მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა მის მიერ გაცემული სანოტარო აქტის - ბავშვების დედასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ნებისმიერ ქვეყანაში გაყვანის თანხმობის, გაუქმება. არასრულწლოვნის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილიდან გაყვანის შემთხვევაში საჭირო იყო მოსარჩელის თანხმობა, რაც მოპასუხეს არ წარუდგენია. პირიქით, საქმეში წარდგენილი მასალებით ირკვეოდა, რომ მან ბავშვი ქვეყნიდან გაიყვანა შეცვლილი მონაცემების საფუძველზე დამზადებული დოკუმენტებით.
31. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხე არ უარყოფს, რომ იგი თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად 27.06.2020წ. საქართველოში შემოვიდა პორტის მეშვეობით. რაც შეეხება არასწორ საპასპორტო მონაცემებს, მან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ვერ შეძლო იმ გარემოების დადასტურება, რომ მისთვის ცნობილი არ იყო ბავშვის საპასპორტო მონაცემების შეცვლის თაობაზე (მისი განმარტებით, გამგზავრების წინ ბავშვის პასპორტი და სხვა დოკუმენტები გადასცა მოსარჩელემ. მას არც უფიქრია, რომ მონაცემები იქნებოდა არასწორი. ამ პასპორტით გადაკვეთა უკრაინის საზღვარი და შემოვიდა საქართველოში, პრობლემა არ შექმნია); ასევე, ის ფაქტი, რომ პასპორტი დაკარგა საკარანტინე სივცეში (მისი განმარტებით, პანდემიის დროს დაწესებული რეგულაციებიდან გამომდინარე, მას ბავშვთან ერთად მოუწია საკარანტინე სივრცეში გაჩერება, სადაც შემთხვევით, სხვა ნივთებთან ერთად, დაკარგა ბავშვის პასპორტი). მას არ წარუდგენია აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები (მაგალითად, განაცხადი საგამოძიებო ორგანოში). ამის საწინააღმდეგოდ, საქმეში წარდგენილია მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ საქართველოს გენერალური პროკურორის მიმართ შედგენილი განცხადება, სადაც ის ითხოვს გამოძიების დაწყებას მოპასუხის მიერ არასრულწლოვანი ბავშვის საქართველოს ტერიტორიაზე ყალბი დოკუმენტებით შემოყვანის საფუძვლით (იხ. ტ. I, ს.ფ. 95-96). ამასთან, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, სამმართველოს დასავლეთის საგამოძიებო განყოფილების წარმოებაშია №031161120002 სისხლის სამართლის საქმე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის (ტ. I, ს.ფ. 314).
32. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის მე-3-5 მუხლებით, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-6, მე-9 მუხლებით და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი წარმოადგენს არამართლზომიერად გადაადგილებულ და არამართლზომიერად დაკავებულ პირს.
33. სააპელაციო პალატამ მოიხმო „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის კონვენციის მე-12-13 და მე-20 მუხლები და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვნის არამართლზომიერი გადაადგილებიდან გასული არ იყო ერთი წელი, მან უკრაინის ტერიტორია დატოვა 25.06.2020წ., ამასთან, დადგენილი იყო, რომ არასრულწლოვნის მამა გადაადგილების მომენტში ახორციელებდა მასზე მეურვეობის უფლებას, რაც კონვენციის თანახმად, იძლეოდა მისი დაბრუნების საფუძველს, თუმცა მანამდე უნდა გამოკვლეულიყო, ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება ხომ არ შეუქმნიდა ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს, ან ხომ არ ჩააყენებდა მას აუტანელ მდგომარეობაში.
34. წინამდებარე პუნქტში მითითებული გარემოებების გამოკვლევის მიზნით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარდგენილ დასკვნებზე: სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური ცენტრის 05.02.2021წ. დასკვნის თანახმად, ბავშვს უჭირს უცხო ადამიანებთან კონტაქტში შესვლა მანამ, სანამ არ მოიპოვებს გარკვეულ ნდობას. მან სოციალური მუშაკის კითხვებს მეორე ვიზიტისას უპასუხა თავისუფლად. ბავშვი ადეკვატურად რეაგირებს მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, ოჯახის წევრების მიმართ გამოხატავს კეთილგანწყობას, დედასთან ამყარებს თვალით კონტაქტს და სთხოვს დახმარებას, როცა რამეს ვერ აკეთებს. უყვარს „როლური“ თამაშები. ასაკის შესაბამისად გამომუშავებული აქვს თვითმოვლის უნარ-ჩვევები, თუმცა საჭიროებს უფროსების დახმარებას. ბავშვს როგორც დედა, ასევე, ოჯახის სხვა, უფროსი წევრები ასწავლიან ქცევის წესებს და ცდილობენ მისი ნებისმიერი წარმატება და დადებითი ქმედება შეაქონ, რაც მას ძალიან მოსწონს. ოჯახში ბავშვზე ყოველდღიურ ზრუნვასა და ზედამხედველობას ახორციელებენ დედა და ბებია-ბაბუა. არასრულწლოვნის გარეგნობასა და ჰიგიენაზე ზრუნვა შეინიშნება - შემოსილია სეზონის შესაბამისად, აქვს სასწავლო ინვენტარი და ასაკის შესაბამისი გასართობი და განმავითარებელი ნივთები. სახლში მისთვის გამოყოფილია სათამაშო, სამედიცინო და მოსასვენებელი სივრცე. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედამხედველობა ოჯახის წევრების მხრიდან სისტემატურად ხორციელდება, დაცულია ძილისა და კვების რეჟიმი. საჭიროების შემთხვევაში ხდება სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. ბავშვზე განხორციელებული ყოველდღიური ზრუნვა მისი საჭიროებების ადეკვატურია.
35. არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან, ბებიასთან, ბაბუასთან და დიდ ბებიასთან ერთად, მარნეულში, კერძო, ორსართულიან სახლში, სადაც შექმნილია სათანადო საყოფაცხოვრებო პირობები და ბავშვის განვითარების ხელშემწყობი გარემო. საცხოვრებელი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთით, ასევე, წყლით, ელექტრო ენერგიით, ბუნებრივი აირითა და ინტერნეტით. საცხოვრებელი ზამთრის პერიოდში თბება ბუნებრივი აირის საშუალებით. ოჯახში სათანადოდ არის დაცული ჰიგიენის ნორმები. ოჯახის ყოველთვიურ შემოსავალს წარმოადგენს: ბავშვის ბაბუის პენსია 400 ლარი, მისი დედის პენსია 200 ლარი, ბავშვის დედის ყოველთვიური ხელფასი, თუმცა ზუსტი ოდენობა არ სახელდება, რადგან ხელფასის ოდენობა განისაზღვრება შესრულებული სამუშაოთი. ოჯახს, ასევე, გაქირავებული აქვს მიწის ნაკვეთი, საიდანაც იღებს დამატებით შემოსავალს.
36. ბავშვის დედის განმარტებით, მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, ბავშვები ცხოვრობდნენ მასთან. პირველი (უფროსი) შვილი მეუღლემ მოტყუებით წაიყვანა და აღარ დააბრუნა. დედა მეორე (უმცროს) შვილთან ერთად გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა უკრაინის რესპუბლიკაში, ქირით, თუმცა მამა არ ეხმარებოდა და არ ზრუნავდა მასზე. იგი, ასევე, არ იჩენდა ბავშვთან ურთიერთობის ინიციატივას და არც დედას აძლევდა პირველ შვილთან კონტაქტის უფლებას. ის ემუქრებოდა მეორე შვილის წართმევით, თუ პირველ (უფროს) შვილზე უარს არ იტყოდა. მეუღლესთან დაშორების შემდეგ, მოპასუხეს ოდესაში ცხოვრებისას ეხმარებოდნენ მშობლები. ვინაიდან, მოპასუხეს უკრაინაში არ ჰქონდა სამსახური და იყო ყოფილი მეუღლის მხრიდან მუქარის ქვეშ, მიიღო საქართველოში, მშობლების საცხოვრებელ სახლში დაბრუნების გადაწყვეტილება, რათა ბავშვისთვის უკეთესი და უსაფრთხო გარემო-პირობები შეექმნა.
37. სოციალურ მუშაკთან საუბრისას ბავშვმა განმარტა, რომ მოსწონს დედასთან ერთად ცხოვრება ბებია-ბაბუის ოჯახში და სურს ძმაც მასთან ერთად იყოს. რაც შეეხება მამასთან ურთიერთობას, ბავშვმა არ გამოთქვა მასთან ცხოვრებისა და ურთიერთობის სურვილი, თუმცა მიზეზი ვერ დაასახელა. თქვა, რომ მამა არ ურეკავს და არ აქვს მასთან ურთიერთობა. ვერ გაიხსენა ბოლოს როდის ნახა მამა. სოციალური მუშაკის მოსაზებით, ბავშვის ჯანსაღი სულიერი, გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ორივე მშობელთან ჰქონდეს ურთიერთობა (ტ. I, ს.ფ. 214-218).
38. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონალური ცენტრის ფსიქოლოგის 25.02.2021წ. დასკვნის თანახმად, არასრულწლოვანთან ფსიქოლოგმა განახორციელა ოთხი ვიზიტი. საწყის ეტაპზე იგი არ შედიოდა კონტაქტში, კითხვებზე რეაგირებდა მხოლოდ დუმილით, დროდადრო ამყარებდა თვალით კონტაქტს, სურდა შეხვედრის დასრულება. მომდევნო შეხვედრაზე, ბავშვისთვის მორგებულ გარემოში, ბავშვი იყო მეტად კომუნიკაბელური, ხალისიანი, გამოხატავდა კეთილგანწყობას და შეხვედრის კვლავ განხორციელების სურვილს. ხალისითა და ინტერესით ჩაერთო ასაკის შესაბამის აქტივობებში. პასუხობდა დასმულ კითხვებს, თუმცა სიტყვიერი რეაგირება იყო მწირი, დასმულ კითხვებზე ძირითადად პასუხობდა ერთი სიტყვით ან რეაგირებდა თავის მოძრაობით. კითხვების გააზრება და უკუკავშირი იყო ადეკვატური, ბუნებრივი, პასუხობდა ფიქრის შემდეგ.
39. ფსიქოლოგის შეფასებით, ბავშვის ფსიქო-ემოციური განვითარება შეესაბამება ასაკს. მან გამოავლინა დადებითი ემოციური კავშირი დედის მიმართ. საუბრისას ვლინდებოდა, რომ კვება, ჰიგიენა, ძილის რუტინა დედასთან აქვს დაკავშირებული. ვიზიტზე დედის მიერ ურთიერთდამოკიდებულების ეპიზოდების გადმოცემას ბავშვი უსმენდა და იხსენებდა ხალისით. ინდივიდუალურ შეხვედრაზე მან გამოხატა დედასთან თანაცხოვრების სურვილი. მან ძლიერი მიჯაჭვულობა, დადებითი ემოციური კავშირი, მონატრება გამოავლინა ძმის მიმართ. გაიხსენა ერთობლივი აქტოვობები (თამაში, აუზში ბანაობა). დასმულ კითხვაზე ბავშვმა გაიხსენა მარნეულში, ძმასთან ერთად ყოფნის სასიამოვნი ეპიზოდი, აღნიშნა, რომ მისი ძმა აქ იყო ადრე და ბევრჯერ. ასევე, აღნიშნა, რომ უნდა ძმასთან ერთად ცხოვრება, უპასუხა, რომ „ძმა იყოს აქ“, „მარნეულში“, სურს ბაბუამ ჩამოიყვანოს. ბავშვი ავლენს პოზიტიურ კავშირს დედის ოჯახის სხვა წევრების მიმართ (ბაბუა, ბებია, დიდი ბებია, დეიდა, დეიდაშვილი), აქვს მათთან თანაცხოვრების სურვილი. მოსწონს სკოლა და თანატოლებთან კომუნიკაცია. ახარებს პოზიტიური შეფასება. არასრულწლოვანმა აღნიშნა, რომ იგი ბაღში დადიოდა ოდესაში, მოსწონდა ბავშვებთან თამაში. დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ დაყავდა დედას. ფსიქოლოგის განმარტებით, სავარაუდოდ, ბავშვს დედის გარეშე, მამასთან დამოუკიდებლად თანაცხოვრების გამოცდილება არ აქვს. შეხვედრებზე განაცხადა მწირი ინფორმაცია მამასთან დაკავშირებით. აღნიშნა მისი სახელი, ამასთან, საუბარში არ ყვებოდა მასთან თანაცხოვრების ეპიზოდებს, დასმულ კითხვაზე პასუხობდა „არ ვიცი“.
40. ფსიქოლოგის შეფასებით, მიღებული ინფორმაციით ვლინდება, რომ არასრულწლოვანი დაცულად გრძნობს თავს და ადაპტირებულია ამჟამინდელ საცხოვრებელ გარემოში, უზრუნველყოფილია სტაბილურობა და უსაფრთხოება. დედა და ოჯახის სხვა წევრები მისთვის სანდო და მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. ავლენს ძმის მონატრებას და მასთან თანაცხოვრების სურვილს. მოტივირებულია, ახარებს სასწავლო პროცესში ჩართულობა, აკადემიური აქტივობები და თანატოლებთან ურთიერთობა (ტ. I, ს.ფ. 338-341).
41. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ფსიქოლოგის თანდასწრებით მოხდა არასრულწლოვანთან გასაუბრება. ფსიქოლოგის განმარტებით, ბავშვი საუბრობდა მწირე ლექსიკით, პასუხობდა მარტივ კითხვებს, მოჰყვა იმის შესახებ, ვისთან ერთად სურს ცხოვრება, ზოგ კითხვას უპასუხა, ზოგს არა; დააფიქსირა, რომ მოსწონს მარნეულში ცხოვრება, სკოლა, სადაც დადის, თამაშობს მეგობრებთან; ასევე, გამოხატა იქ ცხოვრების გაგრძელების სურვილი; აღნიშნა, რომ ოდესაში ცხოვრება არ უნდა და სურს ძმასთან ერთად იცხოვროს მარნეულში. თუმცა, რატომ არ უნდა ოდესაში ცხოვრება - ამაზე პასუხი არ აქვს. არასრულწლოვანს დაესვა კითხვები მამასთან დაკავშირებით, თუმცა ბავშვმა დამაზუსტებელ კითხვებს პასუხები არ გასცა. მაგალითად, რას აკეთებდა მამასთან ერთად და რისი გაკეთება სურდა.
42. სააპელაციო პალატამ, ასევე, აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 27.05.2021წ. გამართულ სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და აღნიშნა, რომ ბავშვი არ წარმოადგენს არამართლზომიერად გადაადგილებულ პირს, ვინაიდან მხარეთა პირველი განქორწინების დროს აზერბაიჯანის რაიონული სასამართლოს მიერ დედას მიენიჭა მეურვეობის უფლება.
43. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარდგენილ დასკვნებში ძირითადად განხილულია ის საკითხი, თუ როგორ გარემოში ცხოვრობს ამჟამად არასრულწლოვანი. დასკვნებში, ასევე, აღნიშნულია, რომ დედა და მისი ოჯახის წევრები სათანადოდ ზრუნავენ ბავშვზე, იგი ადაპტირებულია ახალ გარემოსთან და მიჯაჭვულია დედაზე, კეთილგანწყობილია დედის ოჯახის წევრების მიმართ და სურს მარნეულში დარჩენა. ამასთან, მართალია, ფსიქოლოგი მიუთითებს, რომ ბავშვს არ ახსოვს თუ როდის ნახა მამა, არ აქვს მასთან დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილება და არ სურს ოდესაში დაბრუნება, თუმცა იქვე განმარტავს, რომ ბავშვი აღნიშნულის მიზეზებზე კონკრეტულ პასუხს ვერ იძლევა. გარდა ამისა, არცერთი დასკვნა არ მიუთითებს, რომ ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება მას აუტანელ მდგომარეობაში ჩააყენებს და შეუქმნის ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს. პირიქით, ბავშვი მონატრებას გამოხატავს ძმის მიმართ, რომელიც მამასთან ერთად ცხოვრობს ოდესაში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობდა იმის ვარაუდის საფუძველი, რომ ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება ბავშვის ფსიქიკისთვის მატრავმირებელი იქნება.
44. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ინტეგრაცია არის უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ გარემოსთან შეგუება, ის მოიცავს ფსიქოლოგიურ ელემენტს, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებასა და გარემოში დამკვიდრებასთან. ბავშვების ინტეგრაცია იმდენად აშკარა უნდა იყოს, რომ ამ გარემოში დარჩენამ გადაფაროს კონვენციის უპირველესი ამოცანა, რომელიც არასრულწლოვნის უკან დაბრუნებას გულისხმობს, ამასთან, ეს უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ცალსახად არ დადასტურდა ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობა, ვინაიდან, როგორც საქმის მასალების ერთობლიობაში შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე ირკვეოდა, არასრულწლოვანი ერთი წლის ასაკიდან ცხოვრობდა უკრაინაში, აქტიურად იყო ადაპტირებული იქაური ცხოვრების წესზე, უზრუნველყოფილი იყო საცხოვრებლითა და სოციალური პაკეტით, მშობლების ყურადღებით და ა.შ. მისი საქართველოში ჩამოყვანა კი განხორციელდა მოულოდნელად, მამის ნების საწინააღმდეგოდ, დედის მხრიდან საქართველოში სამუშაოდ და საცხოვრებლად გადმოსვლის მოტივით.
45. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციით გათვალისწინებული გამონაკლისი გარემოების არსებობა, რაც გამორიცხავს ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების შესაძლებლობას. რაც შეეხება თავად არასრულწლოვნის ნებას, იგი არ იმყოფება მოწიფულობის იმ ასაკში, როდესაც დამოუკიდებლად შეუძლია განსაზღვროს რა სურს და რა არის მისი მომავალი განვითარებისა და ოჯახური ცხოვრებისთვის საუკეთესო.
46. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო არასრულწლოვნის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილზე - უკრაინაში, ქალაქ ოდესაში დაბრუნების საფუძველი.
47. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ. მან მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
48. პირველმა კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
48.1. სააპელაციო სასამართლო გასცდა კონვენციის მოთხოვნებს და გამოიყენა იგი მამის როგორც მშობლის, და არა როგორც მეურვის, უფლებების დასაცავად. „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის კონვეციის შესაბამისად, ბავშვის გადაადგილების/დაკავების არამართლზომიერება გამოიხატება განმცხადებლის მეურვეობის უფლების დარღვევაში;
48.2. მამამ ბავშვზე მეურვეობის უფლება გადასცა დედას. მეურვეობის უფლების დასადგენად საქმეში წარდგენილია ქალაქ ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს 25.06.2018წ. კანონიერ ძალაში შესული დადგენილება, რომლითაც გაუქმდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის რეგისტრირებული ქორწინება და მხარეთა საერთო შვილები აღსაზრდელად დარჩენ დედასთან. აღნიშნული დადგენილება არ გასაჩივრებულა, არ შეცვლილა და იგი თავისი შინაარსით წარმოადგენს ჰააგის კონვენციის მეხუთე მუხლით გათვალისწინებულ, მეურვეობის უფლების განმსაზღვრელ ერთ-ერთ საფუძველს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს დადგენილებაში დაფიქსირებულია მამის თანხმობა შვილების დედის მეურვეობის ქვეშ დარჩენასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არასრულწლოვნის მეურვეს წარმოადგენს დედა და სწორედ ამ უკანასკნელის საცხოვრებელი ადგილი უნდა იქნას მიჩნეული ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილად. დედის მიერ საკუთარ საცხოვრებელ მისამართზე ბავშვის წაყვანა წარმოადგენს მეურვეობის უფლების განხორციელებას და არ შეიძლება შეფასებულ იქნას, როგორც გატაცება;
48.3. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის ხელახლა დაქორწინების შედეგად, ავტომატურად გაუქმდა აზერბაიჯანის სასამართლოს 25.06.2018წ. გადაწყვეტილება ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე. ის გარემოება, რომ მეუღლეები შერიგდნენ და შემდეგ ისევ განქორწინდნენ, სამართლებრივი თვალსაზრისით, ვერ დაუკარგავს იურიდიულ მნიშვნელობას სასამართლოს დადგენილებას, მით უფრო, ბავშვების მიკუთვნების ნაწილში. არც საერთაშორისო და არც ეროვნული სამართლის სისტემა არ იცნობს სასამართლო გადაწყვეტილების ავტომატურ რეჟიმში გაუქმების შესაძლებლობას;
48.4. მამა არც ფორმალურად და არც რეალურად არ ახორციელებდა ბავშვის მეურვეობას. კონვენციის განმარტებითი ანგარიშის მიხედვით, კონვენციის მე-3 მუხლის ფორმულირება განმცხადებელს აკისრებს მხოლოდ იმის მტკიცების ვალდებულებას, რომ იგი რეალურად ზრუნავდა ბავშვზე. ამ წინაპირობას საფუძვლად უდევს კონვენციის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი და მისი არსებობა აუცილებელია მაშინ, როცა პირი აცხადებს, რომ მისი მეურვეობის უფლება დაირღვა სხვა პირის მიერ ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების დროს. განსახილველ შემთხვევაში, არც ეს კომპონენტი არსებობს. არასრულწლოვანი იყო დედის რეალური მეურვეობის ქვეშ, რაც დაადასტურა მამამაც;
48.5. მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავს, რომ სასამართლოს (იგულისხმება ოდესის სასამართლო) არ უმსჯელია ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ, რის გამოც ორივე ბავშვი ცხოვრობდა დედასთან; ამასთან, მოსარჩელის მიერ ოდესის ოლქის პოლიციის განყოფილების მიმართ 29.10.2019წ. შედგენილ წერილში მითითებულია, რომ დედა ბავშვებთან ერთად ცხოვრობდა ცალკე, სხვა მისამართზე; გარდა ამისა, უკრაინის საზღვრის კვეთის შესახებ დოკუმენტებში ფიქსირდება, რომ მოპასუხე და არასრულწლოვანი 2015 წლის 17 ოქტომბერს თბილისიდან გაემგზავრნენ უკრაინაში, სადაც იმყოფებოდნენ 08.04.2016წ.-მდე. შემდგომი სამი გადაადგილებისას არასრულწლოვანი, ასევე, მოგზაურობდა მხოლოდ დედასთან ერთად. მისი და დედის ქვეყანაში შესვლისა და გასვლის თარიღები ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს. ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებების საპირწონედ, მოსარჩელის მიერ მეურვეობის რეალურად განხორციელების დასადასტურებლად სააპელაციო სასამართლომ მოიხმო მამის 20.11.2019წ. განცხადება, რომლითაც მან მოითხოვა მის მიერ გაცემული სანოტარო აქტის - შვილების დედასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ, ნებისმიერ ქვეყანაში გაყვანის თანხმობის, გაუქმება. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების შესახებ მოპასუხისთვის მხოლოდ სარჩელის ჩაბარების შემდეგ გახდა ცნობილი, თუმცა, მიუხედავად ამისა, გაუგებარია მისი საქმესთან კავშირი;
48.6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში, ბავშვი უნდა დაბრუნდეს მამის სახლში, სადაც აქამდე ერთი ღამეც არ გაუთენებია. ასევე, მამის საზოგადოებაში, ვისთან ცხოვრების გამოცდილებაც არ აქვს (რადგან დედა ვერ მოახერხებს უკრაინაში ცხოვრებას);
48.7. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო დაადგენდა, რომ არასრულწლოვანი წარმოადგენს უკანონოდ გადაადგილებულ ან დაკავებულ ბავშვს, მისი უკრაინაში დაბრუნების საკითხის გადაწყვეტისას, ვალდებული იყო გამოერიცხა ჰააგის კონვენციის მე-12-13 მუხლებით გათვალისწინებული საგამონაკლისო პირობების არსებობა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ დასაბუთებას, რომ ბავშვის უკრაინაში დაბრუნება საუკეთესო გამოსავალია და განპირობებულია მისი საუკეთესო ინტერესებით. საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად მიანიშნებს, რომ ბავშვის ოდესაში დაბრუნება შესაძლებელია მისი ინტერესების დარღვევის გარეშე. სააპელაციო სასამართლოს მიერ იგნორირებულია სოციალური სამსახურის, ფსიქოლოგისა და საკუთრივ ბავშვის დაბრუნებისადმი დამოკიდებულება;
48.8. ჰააგის კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, არ არსებობს ვალდებულება ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებით თუ - კომპეტენტური ორგანოს მიერ ბავშვის დაბრუნების მიზნით საქმისწარმოების დაწყების მომენტში ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილებიდან/დაკავებიდან გასულია ერთ წელზე მეტი და თვალნათლივ არის ნაჩვენები, რომ ამ დროისთვის იგი ინტეგრირებულია ახალ გარემოში. მოცემულ შემთხვევაში, არასრულწლოვანი საქართველოში შემოვიდა 2020 წლის 25 ივნისს. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, გასულია ერთ წელზე მეტი ვადა და ბავშვი სრულად ადაპტირებულია გარემოში. უფრო მეტიც, მას არ სჭირდებოდა განსაკუთრებული ძალისხმევა შეგუებოდა საქართველოს, რომელიც წარმოადგენს მის მეორე სამშობლოს და არა უცხო ქვეყანას. შესაბამისად, გაურკვეველია, რის საფუძველზე არ მიიჩნია სააპელაციო პალატამ, რომ ბავშვი ინტეგრირებულია თავის ამჟამინდელ საცხოვრებელ გარემოში;
48.9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ არასრულწლოვანი აქტიურად იყო ადაპტირებული უკრაინული ცხოვრების წესზე, რაც დაუსაბუთებელია. ამის საწინააღმდეგოდ, სოციალური სამსახური, ფსიქოლოგი და სკოლა ერთხმად და სარწმუნოდ განმარტავენ, რომ ბავშვი მთლიანად ინტეგრირებულია საქართველოში და აქ დარჩენა სრულად შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესს;
48.10. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა სოციალური, სამართლებრივი, კულტურული და ენობრივი ასპექტები. მნიშვნელობა არ მიანიჭა იმას, რომ არასრულწლოვანი 2020 წლის 15 სექტემბრიდან სწავლობს მარნეულის №4 საჯარო სკოლის პირველი კლასში. ეს არის მისი პირველი სასკოლო გამოცდილება. ამდენად, მისთვის ძვირფასია პირველი მასწავლებელი და პირველი კლასელები, რომელთან დაშორება მოუტანს ტკივილს და ზიანს მიაყენებს. ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი საქართველოში თავს მართლაც კარგად გრძნობს, ვლინდება იმითაც, რომ მან გამოავლინა აკადემიური ინტერესი, იგი კომუნიკაბელური და მეგობრულია. ბავშვის მშობლიური ენა არის აზერბაიჯანული და, ბუნებრივია, იგი გაცილებით კომფორტულად გრძნობს თავს მარნეულში, რომელიც აზერბაიჯანული ეროვნების მოსახლეობით არის დასახლებული, ვიდრე უკრაინაში;
48.11. ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბავშვის დაბრუნების ვალდებულების შემდეგი საგამონაკლისო შემთხვევაა: თუ არსებობს სერიოზული რისკი, რომ დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის ან სხვაგვარად ჩააყენებს მას გაუსაძლის მდგომარეობაში. მოცემულ შემთხვევაში, ასეთი რისკი სახეზეა. ფსიქოლოგებისა და სოციალური სამსახურის კვლევებით გამოიკვეთა ბავშვის დედასთან ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა. მათი განმარტებით: ინტეგრირებული გარემოდან ბავშვის დედის გარეშე წაყვანა გაამწვავებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, რადგან დედასთან დაშორებით და ინტეგრირებული გარემოდან გასვლის შემთხვევაში, წარმოიქმნება ბავშვისათვის ფსიქოლოგიური საფრთხის შემცველი გარემოებები. აღნიშნული უარყოფითად იმოქმედებს არასრულწლოვნის განვითარებაზე, რაც დაუშვებელია. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში ფსიქოლოგმა განმარტა, რომ რომ დედასთან დაშორება ბავშვისთვის იქნება მატრავმირებელი და მიაყენებს მას ფსიქოლოგიურ ზიანს;
48.12. ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბავშვის დაბრუნება შეუძლებელია, თუ იგი ამის წინააღმდეგია და, ამავდროულად, მიღწეულია იმ ასაკსა და მოწიფულობას, რომ მიზანშეწონილია მისი აზრის გათვალისწინება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობის, ბავშვის მოსმენისა და მისი აზრის სათანადოდ გათვალისწინების პრინციპები. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი არ იმყოფება მოწიფულობის იმ ასაკში, როდესაც დამოუკიდებლად შეუძლია განსაზღვროს რა სურს და რა არის მისი მომავალი განვითარებისა და ოჯახური ცხოვრებისთვის საუკეთესო. თუმცა, გაუგებარია რის საფუძველზე მივიდა სასამართლო ამ დასკვნამდე. არასრულწლოვანი საქმის განხილვის დროს იყო შვიდი წლის, ამასთან, ფსიქოლოგიური შეფასებების მიხედვით, ბავშვის ინტელექტუალური განვითარების დონე არის მაღალი. ბავშვის მოწიფულობის ხარისხის შეფასება სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, თუმცა სააპელაციო სასამართლოს ამ მხრივ არანაირი ძალისხმევა არ გაუწევია. მხოლოდ ასაკზე, როგორც მოწიფულობის დამადასტურებელ არგუმენტზე, მითითება კი ეწინააღმდეგება ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის მიხედვით 6, 7 და 8 წლის ბავშვების ასაკი არ მიიჩნევა წინაღობად მათი მოწიფულობის დასადგენად;
48.13. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ფსიქოლოგის შეფასებით, ბავშვი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე დაკითხვისას საუბრობდა მწირი ლექსიკით, პასუხობდა მარტივ კითხვებს, მოჰყვა იმის შესახებ, ვისთან ერთად სურს ცხოვრება, ზოგ კითხვას უპასუხა, ზოგს არა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვის მხრიდან თავშეკავება გამოწვეული იყო სააპელაციო სასამართლოში ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების პრინციპების დარღვევით. ბავშვის გამოკითხვა მოხდა უშუალოდ სასამართლო სხდომის დარბაზში და არა ბავშვზე მორგებულ გარემოში. ამასთან, არცთუ მეგობრული განწყობით, რაც ბავშვისთვის სტრესული აღმოჩნდა. დაკითხვას პაექრობის სახე ჰქონდა, მოსამართლეები, ყოველგვარი ემპათიის გარეშე, არანეიტრალური და მიმართული კითხვებით აშკარად თავს ესხმოდნენ არასრულწლოვანს და გამოხატავდნენ გაღიზიანებას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ ასაბუთებდა, რომ არ სურდა მამასთან ცხოვრება. ერთ-ერთმა მოსამართლემ ისიც კი ჰკითხა, ნაყინი ერჩივნა თუ მამა. სოციალური სამსახურის ფსიქოლოგმა რამდენჯერმე სთხოვა სასამართლოს ბავშვისთვის არ დაესვათ მიმანიშნებელი და პირდაპირი კითხვები;
48.14. შპს „ფ–ას“ 2021 წლის 18 ივლისის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების თანახმად, „არასრულწლოვანს მამაზე საუბრისას დაუფიქსირდა ემოციური სფეროს გარკვეული სირთულეები. პირველი ვიზიტისას, როდესაც საკმაოდ ფრთხილად შევეხეთ მამის საკითხს, თავი დახარა, შეეცვალა ხასიათი და გაჩუმდა. მამაზე საუბრისას არასრულწლოვანს ეწყება შფოთვა, ერღვევა სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდა და ეზრდება დაძაბულობა (წარბებს კრავს და ქვევიდან მიყურებს). ოჯახური ურთიერთობების კვლევის მიზნით გამოყენებული მეთოდიკის, „დაუმთავრებელი წინადადებების“ პროცესში მამასთან დაკავშირებულ წინადადებებზე ჩუმდება. მამის სახელი „არ ახსოვს“ და მასზე კითხვების დასმისას ჩუმდება ან ამბობს „არ ვიცი“. მკვეთრ უარს აცხადებს მამის საქართველოში, ანუ მათთან ჩამოსვლაზე და ამბობს, რომ არ უნდა მამასთან წასვლა, თუმცა ენატრება უფროსი ძმა და ძალიან უნდა მასთან ტელეფონით საუბარი. კითხვარის ერთ–ერთ წინადადებაზე, რომელიც მამას ეხებოდა, მითხრა რომ მამა ყვიროდა, დედას ეჩხუბებოდა, მერე დაარტყა და თმებს ქაჩავდაო. მე შემეშინდა და ვტიროდიო (სავარაუდოდ, ბავშვი შეესწრო დედ-მამის კონფლიქტს და მეხსიერებაში აქვს ნეგატიური გამოცდილება დედ–მამის ურთიერთობებიდან). ზღაპარი-ტესტი „შიშების“ მიხედვით, ბავშვს უფიქსირდება ღია შიში მამასთან მიმართებით და ამბობს კიდეც, რომ მას მამის ეშინია”;
48.15. ფსიქოლოგმა, დასმულ კითხვაზე: მოახდენდა თუ არა ბავშვზე გავლენას მისი უშუალოდ სასამართლო სხდომის დარბაზში დაკითხვა, უპასუხა, რომ ბავშვისთვის არაბუნებრივ და სტრესულ გარემოში, ანუ სასამართლო დარბაზში ყოფნამ და დაკითხვამ გამოიწვია ბავშვის დაბნეულობა და სწორედ ამიტომ ვერ დაასაბუთა საკუთარი პოზიცია მამასთან დაკავშირებით. თუმცა, ფსიქოლოგთან საუბრისას აღნიშნა შემდეგი: „ვიღაც დეიდები მეკითხებოდნენ მამაზე, მაგრამ მე არ მეშინოდა, იმიტომ რომ დედა იყო ჩემთან“; ამრიგად, ბავშვის ინტელექტუალური უნარებიდან გამომდინარე, მას ნამდვილად შეუძლია საკუთარი პოზიციის არგუმენტირება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით;
48.16. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის მიმართ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია. კერძოდ, მან გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ მოპასუხემ დაამზადებინა ყირგიზეთის რესპუბლიკის ყალბი პასპორტი და ისე გამოიყვანა ბავშვი ქვეყნიდან. თუმცა, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება და ამ ეტაპზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამდენად, სისხლის სამართლის საქმე აღძრულიც კი არ არის;
48.17. სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და მოპასუხეს დააკისრა იმ გარემოების დამტკიცების ვალდებულება, რომ მისთვის ცნობილი არ იყო ბავშვის საპასპორტო მონაცემების შეცლის თაობაზე;
48.18. „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის კონვენცია არ აკეთებს აქცენტს იმაზე, გატაცების დროს საზღვრის კვეთა განხორციელდა თუ არა კანონიერად. კონვენცია მხარს უჭერს მეურვეობის უფლებას იმის მიუხედავად, კანონიერად იმყოფება პირი სხვა ქვეყანაში თუ არა.
49. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა არასრულწლოვანმა. მან მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
50. მეორე კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
50.1. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის კონვენციის შესაბამისად, არასრულწლოვნის უკრაინაში დაბრუნების საკმარისი საფუძველი;
50.2. სასამართლომ უგულებელყო და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბავშვი ინტეგრირებულია მის ახალ გარემოში. აღნიშნული ირკვევა, როგორც ფსიქოლოგის დასკვნიდან, ისე ბავშვის მიერ პროცესზე მიცემული ახსნა-განმარტებიდან. სასამართლომ, ასევე, არ გაითვალისწინა, რომ ბავშვის დაბრუნებამ შესაძლოა მას ფიზიკური ან ფსიქოლოგიური საფრთხე შეუქმნას;
50.3. არასრულწლოვანს სააპელაციო სასამართლოში გასაუბრებისას დაესვა შეკითხვა მამასთან დაკავშირებით, თუმცა მან არაფერი უპასუხა, განსხვავებით დედის, დედმამისშვილების, ბებიასა და პაპასთან დაკავშირებით დასმული კითხვებისა, რომლებთან ურთიერთობის სურვილიც გააჩნია;
50.4. ბავშვი საქართველოში იმყოფება 2020 წლის ივნისიდან, თუმცა ეს საკმარისი დრო აღმოჩნდა მისი სრული ინტეგრაციისათვის. საქართველო რეალურად მისი მეორე სამშობლოა, რადგან დედა სწორედ საქართველოდან არის და მისთვის აქ არ არის უცხო გარემო; ბავშვი ჰარმონიულად ცხოვრობს დედის ოჯახში და ჰყავს სოციალური მხარდაჭერის მჭიდრო და საიმედო ქსელი (ბაბუა, ბებია, დიდი ბებია, დეიდა და დეიდაშვილი), თავს გრძნობს დაცულად და უსაფრთხოდ, როგორც საკუთარ სახლში. ამის მიმანიშნებელია მისი კეთილი და პოზიტიური განწყობა; ჰყავს მეგობრები და თანაკლასელები; იგი 2020 წლის 15 სექტემბრიდან სწავლობს მარნეულის №4 საჯარო სკოლის პირველ კლასში. ეს არის მისი პირველი სასკოლო გამოცდილება და მისთვის ძვირფასია პირველი მასწავლებელი და პირველი კლასელები, რომელთან დაშორება მოუტანს ტკივილს და მიაყენებს ზიანს; არასრულწლოვანს დედასთან აქვს ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა. კვება, ჰიგიენა, ძილის რუტინა სწორედ მასთან აქვს დაკავშირებული; ბავშვს დედის გარეშე მამასთან დამოუკიდებლად თანაცხოვრების გამოცდილება არ აქვს; იგი მამასთან დაბრუნების წინააღმდეგია და სურს იცხოვროს დედასთან ერთად; ბავშვი არ განიცდის არავის უკმარობას. გარდა ამისა, სურს იცხოვროს მარნეულში ძმასთან ერთად; იგი დაცულად გრძნობს თავს და ადაპტირებულია ამჟამინდელ საცხოვრებელ გარემოში, უზრუნველყოფილია სტაბილურობა და უსაფრთხოება. ფსიქოლოგმა გამოკითხვისას სარწმუნოდ განმარტა, რომ დედასთან დაშორება ბავშვისთვის იქნება მატრავმირებელი და მიაყენებს ფსიქოლოგიურ ზიანს. გარდა ამისა, ქალაქ ბაქოს ხათაის სასამართლოს 25.06.2018წ. დადგენილებით, რომლითაც შეწყდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის რეგისტრირებული ქორწინება, გადაწყდა არასრულწლოვანი შვილების მიკუთვნების საკითხი - ისინი დარჩნენ დედასთან;
50.5. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს არ უნდა მიეჩნია არასრულწლოვანი არამართლზომიერად გადაადგილებულ და არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვად და არ უნდა მიეღო გადაწყვეტილება მისი უკრაინაში, მამასთან დაბრუნების თაობაზე.
51. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. იმავე განჩინებით, პირველი კასატორის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე დაკმაყოფილდა და საქმეს დაერთო შპს „ფ–ას“ 2021 წლის 18 ივლისის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები.
52. შპს „ფ–ას“ 2021 წლის 18 ივლისის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების თანახმად:
52.1. არასრულწლოვანთან გასაუბრების მიზნით, შედგა ხუთი ვიზიტი;
52.2. არასრულწლოვანი არის ჯანსაღი ფსიქიკის, ხალისიანი, მეგობრული, მშვიდი და დადებითი ემოციების მატარებელი ბავშვი. აქვს ინტერესთა ფართო სპექტრი, მყარი კონცეტრაციის უნარი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მოცემულ ეტაპზე მას შფოთვა არ გააჩნია; შეხვედრებზე ბავშვი თავს გრძნობდა მშვიდად, უსაფრთხოდ და საუბრობდა ძალდატანების გარეშე. ხატავდა სხვადასხვა შინაარსის ნახატებს. არცერთ ნახატში არ ფიქსირდებოდა მამა. ნახატზე გამოსახულები იყვნენ დედა, დეიდა, ბებია, დეიდაშვილები და ბაბუა. ასევე, ხატავდა გულებს, ყვავილებს, ღიმილიან მზეს, რაც, თავის მხრივ, მეტყველებს ამ პირების მიმართ ბავშვის კეთილგანწყობაზე; არასრულწლოვნის შემეცნებითი უნარები და ინტელექტის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია ასაკობრივ ნორმასთან მიმართებით. მაღალ დონეზე აქვს განვითარებული სოციალური უნარ-ჩვევები. ბავშვი საუბრობს ლოგიკურად, ხატოვნად, გასაგებად გადმოსცემს საკუთარ აზრს და ადეკვატურად გამოხატავს საკუთარ გრძნობებს; დედასთან ურთიერთობაში არ განიცდის შიშს, შფოთვის, იძულების და დაძაბულობის განცდას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ქცევა იქნებოდა რადიკალურად განსხვავებული; დედა-შვილს შორის არის ჰარმონიული და დადებითი ემოციური კავშირი. ბავშვი, ემოციური თვალსაზრისით, დედის გვერდით თავს გრძნობს სანდოდ, დაცულად და უსაფრთხოდ. მის მიმართ დედა არის თბილი, მზრუნველი და თანმიმდევრული. ბათუმში საგამოძიებო საქმიანობასთან დაკავშირებული დედის ვიზიტისას, ბავშვი იმყოფებოდა მარნეულში. ბავშვს ჰქონდა შფოთვის მაღალი ხარისხი და დედა ცდილობდა ხშირად ესაუბრა მასთან ვიდეოზარის საშუალებით, რათა მისთვის დამატებითი ემოციური სტრესი აერიდებინა. ბავშვი, ასევე, ღელავს, როდესაც დედას მცირე ხნით მაინც აგვიანდება სამსახურიდან დაბრუნება. დედასთან ყოფნა არასრულწლოვნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და უსაფრთხოების განცდის მატარებელი;
52.3. არასრულწლოვანს ემოციური სფეროს სირთულეები დაუფიქსირდა მამაზე საუბრისას. პირველი ვიზიტისას, როდესაც საკმაოდ ფრთხილად შეეხო ფსიქოლოგი მამის საკითხს, მან თავი დახარა, შეეცვალა ხასიათი და გაჩუმდა. მამაზე საუბრისას ეწყება შფოთვა, ერღვევა სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდა და ეზრდება დაძაბულობა (წარბებს კრავს და ქვევიდან იყურება). ოჯახური ურთიერთობების კვლევის მიზნით გამოყენებული მეთოდიკის „დაუმთავრებელი წინადადების“ პროცესში მამასთან დაკავშირებულ წინადადებებზე ჩუმდება, მამის სახელი „არ ახსოვს“ და მასზე კითხვების დასმისას ჩუმდება ან ამბობს „არ ვიცი“. მკვეთრ უარს აცხადებს მამის საქართველოში, ანუ მათთან ჩამოსვლაზე და ამბობს, რომ არ უნდა მამასთან წასვლა, თუმცა ენატრება უფროსი ძმა და ძალიან უნდა მასთან ტელეფონით საუბარი. კითხვარის ერთ-ერთ წინადადებაზე, რომელიც მამას ეხებოდა, ბავშვმა თქვა, რომ მამა ყვიროდა, დედას ეჩხუბებოდა, მერე დაარტყა და თმებს ქაჩავდაო. მე შემეშინდა და ვტიროდიო (სავარაუდოდ, ბავშვი შეესწრო დედ-მამის კონფლიქტს და მეხსიერებაში აქვს ნეგატიური გამოცდილება მათი ურთიერთობიდან); ზღაპარი-ტესტი „შიშების“ მიხედვით ბავშვს უფიქსირდება ღია შიში მამასთან მიმართებით და ამბობს კიდეც, რომ მას მამის ეშინია;
52.4. დედასთან განხორციელებული ინტერაქციის საფუძველზე, ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ არასრულწლოვანი აბსოლუტურად ადაპტირებული და ინტეგრირებულია ამჟამინდელ საცხოვრებელ გარემოსთან, რაც გამოიხატება შემდეგი მახასითებლებით: სანდო მიჯაჭვულობა დედასთან; ჯანსაღი, პოზიტიური და ადეკვატური თვითშეფასება; დაცულობისა და უსაფრთხოების განცდა დედისა და ბებია-ბაბუის გარემოცვაში; უაღრესად თბილი დამოკიდებულება ბებია-ბაბუასთან (დედის სამსახურში ყოფნისას, სრულ დროს ატარებს ბებიასთან); თბილი დამოკიდებულება დეიდასთან და მის შვილებთან, რომლებთანაც სიამოვნებით თამაშობს და ატარებს დროს; უაღრესად წარმატებული სასკოლო ცხოვრება. დედამ ფსიქოლოგს აჩვენა სასკოლო კონცერტების ჩანაწერები, საიდანაც ნათლად ჩანს ბავშვის დადებითი დამოკიდებულება სასკოლო გარემოსთან და იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც უწევს ყოფნა სასკოლო სივცეში; ბავშვთან განხორციელებული მეთოდიკების ანალიზი, რომლის მიხედვით ბავშვი კომფორტულად, უსაფრთხოდ და მშვიდად გრძნობს თავს ამჟამინდელ საცხოვრებელ გარემოში; ბავშვის ნახატები; ბავშვის მომავალი გეგმები, რომლებიც ეხება როგორც სკოლას, ისე ტანვარჯიშის სპორტულ სექციაზე სიარულს, რაც გულისხმობს იმას, რომ ბავშვს თავისი ცხოვრება წარმოდგენილი აქვს ამჟამინდელ საცხოვრებელ გარემოში. რაც შეეხება მარნეულში ცხოვრებასთან დაკავშირებით ბავშვის ნება-სურვილს, ეს ნამდვილად არის მისი კეთილი ნება, დამოუკიდებელი და გულწრფელი სურვილი, რასაც, ასევე, ადასტურებს დედის გარეშე ბავშვთან განხორციელებული საუბრის შინაარსი. როდესაც ფსიქოლოგმა ბავშვს ჰკითხა მამასთან ცხოვრების სურვილის შესახებ, მან კატეგორიული ნეგატიური პასუხის გასცა;
52.5. ფსიქოლოგის შეფასებით, დედის მიმართ სანდო მიჯაჭვულობის ხარისხიდან გამომდინარე, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვს არ აქვს დედის გარეშე ცხოვრების გამოცდილება, მოცემულ ეტაპზე ბავშვისათვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა (უკრაინაში დაბრუნება) და დედასთან დაშორება უდავოდ იქნება მაღალი რისკისა და ფსიქოტრავმატიზაციის შემცველი, რაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, გულისხმობს იმას, რომ ბავშვს დაერღვევა არსებული უსფართხოებისა და დაცულობის განცდა. მიჯაჭვულობის ობიექტისგან სეპარაცია, დიდი ალბათობით, გამოვლინდება გარკვეულ პერიოდში აგრესიულობის განსხვავებული ხარისხით და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მწვავე ფსიქოლოგიური პრობლემებით - შიშები, ფობიები, დეპრესიული მდგომარეობა, სოციალურობა, კომუნიკაციის დაბალი ხარისხი, საკუთარი უმწეობის და არასრულფასოვნების განცდა და სხვა. ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის დაზიანების ხარისხი ნამდვილად იქნება განსაკუთრებით მაღალი თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ გამოვლინდა ე.წ. კონფლიქტის ზონები ოჯახურ ურთიერთობაში (მამასთან) და ბავშვის ოჯახურ-პიროვნული ურთიერთობების სისტემაში დედისადმი დამოკიდებულების მაღალი დადებითი მაჩვენებელი, რამაც ცალსახად დაადასტურა დედისადმი სანდო მიჯაჭვულობა. აღნიშნული ურთიერთობების რღვევა კი, დიდი ალბათობით, უარყოფით გავლენას მოახდენს ბავშვის პიროვნების შემდგომ განვითარებაზე. გარდა ამისა, დედასთან დაშორება სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენებს ბავშვის ჯანსაღ განვითარებას, რაც შესაძლებელია გამოიხატოს დათრგუნულობით, ძალადობის სხვადასხვა ფორმითა და ხარისხით, თვითდაზიანებით, კვებითი პრობლემებით, კომპულსიური ტყუილებით, დანაშაულის გრძნობის არქონით და ფსიქოლოგიური სახით სხვადასხვა დესტქრუქციული ქცევებით. აღსანიშნავია, რომ დედის განმარტებით, იგი ვერ გაჰყვება ბავშვს უკრაინაში, რადგან ეშინია, რომ მეუღლე შურისძიების მიზნით ფიზიკურად გაუსწორდება. ამას გარდა, მას ოდესაში არ აქვს საცხოვრებელი და სამსახური (იხ. ტ. II, ს.ფ. 203-207).
53. ზემოაღნიშნულ დასკვნასთან დაკავშრებით მოსარჩელემ წარმოადგინა საკუთარი პოზიცია. მისი განმარტებით, საგულისხმოა ის გარემოება, რომ კვლევა ჩატარებულია არა რომელიმე სახელმწიფო ან კომპეტენტური და ცნობადი დაწესებულების, არამედ ფიზიკური პირის მიერ დაფუძნებული შპს-ს მიერ, რაც დასკვნის კომპეტენტურობასა და მიუკერძოებლობას ეჭქვეშ აყენებს. დასკვნის სხვადასხვა ნაწილები ურთიერთსაწინააღმდეგოა და შედგენილია საქმეზე დაინტერესებული პირის მიერ მიწოდებული ცრუ ინფორმაციის საფუძველზე. მასში განვითარებული მოსაზრებები და დასკვნები არაობიექტური და მიკერძოებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
54. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს.
55. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია წარმოადგენს თუ არა არასრულწლოვანი არამართლზომიერად გადაადგილებულ ან/და არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვს; ხოლო, აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, უკრაინაში, მამასთან დაბრუნება შეესაბამება თუ არა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და ხომ არ იქნება მისთვის ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური საფრთხის შემცველი.
56. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის საერთაშორისო არამართლზომიერ გადაადგილებასთან/დაკავებასთან დაკავშირებული საკითხები რეგლამენტირებულია „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციით (შემდგომში - „ჰააგის კონვენცია“ ან „კონვენცია“). ამასთან, აღნიშნული კონვენციის ინტერპრეტაცია და გამოყენება უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების გათვალისწინებით და „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს 1989 წლის კონვენციის შესაბამისად. კონვენციის პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, კონვენციის მიზნებია: სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვების სწრაფი დაბრუნებისა და ერთ–ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მეურვეობისა და ურთიერთობის უფლებათა ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფა. ამდენად, კონვენცია უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს „status quo“-ს აღგენას, ითხოვს რა არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნებას თავის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას (ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 16). აღნიშნული კი, საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა დაცვას არამართლზომიერი გადაადგილებით/დაკავებით გამოწვეული მავნე შედეგებისაგან. ამასთან, კონვენციის პრეამბულის მიხედვით, არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას სახელმძღვანელო პრინციპს ბავშვის საუკეთესო ინტერესები წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის მუხლები უშუალოდ არ ეხება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპს, კონვენციის ორივე მიზანი - ერთი პრევენციული, ხოლო მეორე მიმართული ბავშვის ჩვეულ გარემოში დაუყოვნებლივი რეინტეგრაციისკენ, მთლიანობაში პასუხობს ბავშვის საუკეთესო ინტერესების კონცეფციას (ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 25).
57. ჰააგის კონვენციის გამოყენების უპირველესი წინაპირობა არის იმის დადგენა, არასრულწლოვანი ექცევა თუ არა მის იურისდიქციაში, ანუ სახეზეა თუ არა მისი არამართლზომიერი გადაადგილება/დაკავება. კონვენციის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ბავშვის გადაადგილება ან დაკავება არამართლოზომიერად უნდა ჩაითვალოს, როდესაც: ეს წარმოადგენს მეურვეობის უფლების დარღვევას, რომელიც მიკუთვნებულია პირისთვის, დაწესებულებისთვის ან სხვა ორგანოსთვის, ერთობლივად თუ ცალკე, იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომელშიც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა უშუალოდ გადაადგილებამდე ან დაკავებამდე და გადაადგილების ან დაკავების დროისათვის ეს უფლებები რეალურად გამოიყენებოდა ერთობლივად თუ ცალკე, ანდა ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა გადაადგილება ან დაკავება. აღნიშნული კრიტერიუმები, ასევე, ასახულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3517-ე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13057-ე მუხლებში.
58. ამდენად, იმისათვის, რომ არასრულწლოვნის გადაადგილება/დაკავება არამართლზომიერად შეფასდეს, სახეზე უნდა იყოს: განმცხადებლის მეურვეობის უფლების დარღვევა და ეს უფლება გადაადგილებამდე/დაკავებამდე რეალურად უნდა ხორციელდებოდეს; ამასთან, არამართლზომიერ გადაადგილებამდე/დაკავებამდე არასრულწლოვანი ჩვეულებრივ უნდა ცხოვრობდეს კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია განისაზღვროს კონვენციის მიზნებისთვის, თუ რას გულისხმობს მეურვეობის უფლება და მისი რეალური განხორცილება, ასევე, რა მოიაზრება ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილში.
59. ჰააგის კონვენციის მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, „მეურვეობის უფლებები“ მოიცავს უფლებებს, რომლებიც შეეხება ბავშვის პიროვნებაზე მზუნველობას და, კერძოდ, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უფლებას; ხოლო, „ურთიერთობის უფლება“ - უფლებას ბავშვის განსაზღვრული დროით წაყვანისა ისეთ ადგილას, რომელიც არ არის ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, მეურვეობის უფლების წარმოშობის საფუძველია: კანონი, სასამართლო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილება, ან/და იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით კანონიერი ძალის მქონე შეთანხმება. იგივე წინაპირობებია განსაზღვრული მეურვეობის უფლების არსებობისთვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13057-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით.
60. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მეურვეობისა და ურთიერთობის უფლებების კონცეფციის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს კონვენციის ე.წ. „ავტონომიური” ბუნებისა და მისი რეგულირების ობიექტის გათვალისწინებით. კონვენციის „ავტონომიური” ბუნება გულისხმობს მასში არსებული ცნებების, მათ შორის „მეურვეობის”, განმარტებას მხოლოდ ამ კონვენციაში არსებული მნიშვნელობიდან და შინაარსიდან გამომდინარე. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოების სასამართლოების მიერ ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მეურვეობის უფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი არის ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უფლებამოსილება. ამასთან, როგორც საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ ჰააგის კონფერენციის მიერ არის აღნიშნული, სახელმწიფოების დიდი ნაწილის სასამართლო პრაქტიკა მხარს უჭერს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, ურთიერთობის უფლებისა და ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანაზე ვეტოს უფლების ერთობლიობა კონვენციის მიზნებისათვის ქმნის მეურვეობის უფლებას (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 29-32).
61. მეურვეობის უფლების თაობაზე კონვენცია მხოლოდ იმის ხაზგასმით შემოიფარგლება, რომ აქ იგულისხმება „ბავშვის პიროვნებაზე ზრუნვასთან დაკავშირებული უფლება“ და არაფერს ამბობს ბავშვის ქონების დაცვის მექანიზმებზე. კონვენცია ცდილობს ამ ცნების დაზუსტებას, უსვამს რა ხაზს ბავშვის საცხოვრებელ ადგილზე გადაწყვეტილების მიღების უფლებას, როგორც აღნიშნული „ზრუნვის“ ერთ-ერთ მახასიათებელს (ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 84).
62. როგორც ზემოთ აღინიშნა, მეურვეობის უფლების რეალური გამოყენება პირობითად მეორე კრიტერიუმია, რომელიც განსაზღვრავს ბავშვის გადაადგილების ან დაკავების არამართლზომიერებას. ამ კრიტერიუმის ძირითადი იდეა არის ის, რომ სახელმწიფოების მიერ მეურვეობის უფლების აღიარება არ მოხდეს მარტივად და გადაწყვეტილების მიღების დროს მხედველობაში იყოს მიღებული, თუ რამდენად ხდებოდა რეალურად ამ უფლებით სარგებლობა. ამასთან, მისი მიზანია დაიცვას ბავშვის უფლება სტაბილურ გარემოზე, უფლება, არ შეეცვალოს ემოციური, სოციალური მდგომარეობა, საცხოვრებელი გარემო. კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებში არსებობს ამ კრიტერიუმის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის პრაქტიკა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიდგომა, რომელიც დაფიქსირდა არაერთი ხელშემკვრელი ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, არის ის, რომ კონვენციის საფუძველზე მეურვეობის უფლების დასადგენად არ არის სავალდებულო მეურვეობის უფლების განხორციელება უშუალოდ და პირდაპირ ხდებოდეს ამ უფლების მქონე პირის მიერ. უპირატესი მეურვეობის უფლების მქონე პირს (parent having primary custody right) ხშირად შიდა კანონმდებლობის საფუძველზე, აქვს უფლება განსაზღვროს ვის მიანდოს ბავშვი აღსაზრდელად. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ მეურვეობის უფლების მქონე პირს აქვს უფლებამოსილება განსაზღვროს ბავშვის საცხოვრებელი ადგილი და ინარჩუნებს პასუხისმგებლობას მის მიმართ. სხვა მიდგომის მიხედვით, მეურვეობის უფლების განხორციელება შესაძლებელია მოხდეს იმ მშობლის მხრიდანაც, რომელიც არ ფლობს უპირატეს მეურვეობას, მაგრამ მუდმივ/რეგულარულ კონტაქტშია ბავშვთან და ინარჩუნებს ნახვის/ურთიერთობის უფლებას. იმ მშობლის მხრიდან ბავშვთან რეგულარული კონტაქტის შენარჩუნება, რომელიც ფლობს de jure მეურვეობის უფლებას, ნიშნავს, რომ მშობელი ამ უფლებას ახორციელებს. ამასთან, მშობელი, რომელსაც უფლება აქვს შეეწინააღმდეგოს მისი თანხმობის გარეშე ქვეყნის საზღვრებს გარეთ ბავშვის გაყვანას, ითვლება, რომ ახორციელებს მეურვეობის უფლებას (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 32-34; ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 72).
63. რაც შეეხება ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილს, ჰააგის კონვენცია კონკრეტულად არ განსაზღვრავს თუ რა მიიჩნევა ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილად. კონვენციის საფუძველზე განხილულ საქმეებში ეს ტერმინი, ძირითადად, შემდეგ სამ თეორიაზე დაყრდობით განიმარტება – ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ: სად ცხოვრობდა რეალურად ბავშვი; სად აქვთ მშობლებს განზრახული, რომ იცხოვროს; ორივე კრიტერიუმის ერთობლიობით. პირველი მიდგომის მიხედვით, ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მთლიანად ფოკუსირებულია ბავშვზე, მის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, კონკრეტულ ადგილას ცხოვრების ხანგრძლივობაზე, მის ემოციურ და სულიერ კავშირზე ამ ადგილთან, გარემოში მის ინტეგრირებაზე; მეორე მიდგომის მიხედვით, ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენისას მნიშვნელოვანია მშობლების (ან ბავშვზე მეურვეობის მქონე სხვა ნებისმიერი პირის) განზრახვის, მიზნების გათვალისწინება. ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი განსხვავდება ტერმინისგან - „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი” (ე.წ. Domicile), რადგან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის კვალიფიკაციისთვის საჭიროა არსებობდეს კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილას მუდმივად ცხოვრების განზრახვა, ან ვადის განსაზღვრის გარეშე კონკრეტულ ადგილას ცხოვრება შესაბამისი განზრახვით. ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის კვალიფიკაციისთვის ასეთი კრიტერიუმები არ არის დადგენილი (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 25-26).
64. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასრულწლოვანი საქართველოში იმყოფება 2020 წლის ივნისიდან და ცხოვრობს მარნეულში, დედის მშობლების სახლში. დადგენილია, ასევე, რომ 2015 წლიდან საქართველოში ჩამოსვლამდე, დაახლოებით 5 წლის განმავლობაში, არასრულწლოვანი უწყვეტად ცხოვრობდა უკრაინაში, ქალაქ ოდესაში და დადიოდა ოდესის ოლქის ოდესის საქალაქო საბჭოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში. მას აქვს უკრაინაში მუდმივი ბინადრობის მოწმობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უკრაინაში საცხოვრებლად გადასვლის დროისათვის არასრულწლოვანი იყო დაახლოებით ერთი წლის (დაბადებულია 19.08.2014წ.), შესაბამისად, საქართველოში ჩამოსვლამდე მთელი მისი ცხოვრებისეული გამოცდილება სწორედ უკრაინასთან იყო დაკავშირებული და მას მისი საცხოვრებელი ადგილის მიმართ ბუნებრივად ჩამოუყალიბდებოდა ემოციური კავშირი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჰააგის კონვენციის მიზნებისთვის, არასრულწლოვნის საქართველოში ჩამოსვლამდე, მის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა უკრაინა, ქალაქი ოდესა.
65. რაც შეეხება მშობლების მეურვეობის უფლებას და მის რეალურ განხორციელებას, პირველი კასატორი დავობს, რომ არასრულწლოვნის მეურვეს დედა წარმოადგენს, ვინაიდან ქალაქ ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს 25.06.2018წ. დადგენილებით მოსარჩელისა და მოპასუხის განქორწინების შემდეგ მათი საერთო შვილები აღსაზრდელად დარჩნენ დედასთან. შესაბამისად, მის მიერ ბავშვის საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე (საქართველოში) წაყვანა წარმოადგენდა მეურვეობის უფლების განხორციელებას და არა ბავშვის გატაცებას. პირველი კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მხარეთა ხელახლა დაქორწინების შედეგად ზემოაღნიშნული დადგენილება არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე ავტომატურად გაუქმდა.
66. საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არასწორი განმარტება გააკეთა მხარეთა ხელახლა დაქორწინების შედეგად ქალაქ ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს 25.06.2018წ. დადგენილების გაუქმების შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 30-ე პუნქტი). მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები განქორწინების შემდგომ 12.06.2019 წელს ხელახლა დაქორწინდნენ და ბავშვებთან ერთად გააგრძელეს ერთ ოჯახად ცხოვრება. ამ ვითარების გათვალისწინებით, წარმოიშვა მხოლოდ საფუძველი იმისა, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის ხელახლა განქორწინების შედეგად ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა თავიდან მომხდარიყო. თუმცა, კიევის რაიონული სასამართლოს 26.11.2019წ. გადაწყვეტილებით, რომლითაც გაუქმდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 12.06.2019წ. რეგისტრირებული ქორწინება, ეს საკითხი არ დარეგულირებულა. გადაწყვეტილებაში აღინიშნა მხოლოდ, რომ ბავშვების მხარდაჭერისა და მათი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხს მხარეები ცალკე სამართალწარმოებით გადაწყვეტდნენ (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი). აღნიშნული დღემდე განხორციელებული არ არის. შესაბამისად, ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით ხათაის რაიონული სასამართლოს 25.06.2018წ. დადგენილება კვლავ ძალაშია. ამავე დროს დადგენილია, რომ მხარეთა ხელმეორედ განქორწინების შემდეგ, მათი შეთანხმებით ბავშვები საცხოვრებლად დედასთან დარჩნენ (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი); ხოლო, არასრულწლოვანი საქართველოში მის გადაადგილებამდე უკრაინაში დედასთან ცხოვრობდა. შესაბამისად, დედა წარმოადგენს ე.წ. უპირატეს მეურვეს (primary carer).
67. მამის მეურვეობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ჰააგის კონვენციის განმარტებითი ანგარიშის მიხედვით, კონვენციის მე-3 მუხლის ფორმულირება განმცხადებელს აკისრებს მხოლოდ იმის წინასწარი მტკიცების ვალდებულებას, რომ იგი რეალურად ზრუნავდა ბავშვზე. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი, კონვენციის მე-13 მუხლის ჩანაწერიდან გამომდინარე, ეკისრება „გამტაცებელს“. მან უნდა ამტკიცოს, რომ მშობელი, რომელსაც ბავშვი წაართვეს, ეფექტურად არ ახორციელებდა მეურვეობის უფლებას (იხ. ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 73). ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული მუხლებით განსაზღვრულია მხოლოდ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესი, რაც შეეხება მტკიცების სტანდარტს, იგი განისაზღვრება მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სამართლით.
68. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე განქორწინებამდე არასრულწლოვან შვილებთან ერთად უკრაინაში, ქალაქ ოდესაში ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად, ერთ მისამართზე, ხოლო განქორწინების შემდეგ (26.11.2019წ.) ცხოვრება გააგრძელეს ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი ბავშვები იზრდებოდნენ დედასთან. 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველი შვილი ცხოვრობს მოსარჩელესთან. რაც შეეხება მეორე შვილთან ურთიერთობას, დედას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რომ არასრულწლოვნის საქართველოში ჩამოსვლამდე მამას მასთან არ ჰქონდა კონტაქტი და მუდმივი/რეგულარული ურთიერთობა ან/და არ ახორციელებდა მასზე მზრუნველობას. ამასთან, მართალია დედა წარმოადგენდა ბავშვის ე.წ. უპირატეს მეურვეს (primary carer) (ვინაიდან ბავშვი ცხოვრობდა და იზრდებოდა მასთან), თუმცა აღსანიშნავია, რომ მამას არ ჰქონია ჩამორთმეული ან შეზღუდული ბავშვთან ურთიერთობის უფლება. ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მამას დედის მიმართ გაცემული ჰქონდა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა არასრულწლოვანი შვილების საზღვარგარეთ გაყვანის თაობაზე, რაც მისი განცხადების საფუძველზე გაუქმდა 2019 წლის 20 ნოემბერს.
69. რაც შეეხება პირველი კასატორის მითითებას ქალაქ ბაქოს ხათაის რაიონული სასამართლოს 25.06.2018წ. დადგენილებაზე, როგორც დედისთვის ერთპიროვნული მეურვეობის უფლების განსაზღვრის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უფლებამოსილება, ჰააგის კონვენციის შესაბამისად, აღიარებულია როგორც მეურვეობის უფლების განმსაზღვრელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა არა ერთადერთი ელემენტი. შესაბამისად, თუნდაც პირველი კასატორის მოსაზრების გაზიარების შემთხვევაში, ის გარემოება, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრულია ერთ-ერთ მშობელთან, არ გამორიცხავს მეორე მშობლის მეურვეობის უფლებას.
70. დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოს აძლევს დასკვნის საფუძველს, რომ ჰააგის კონვენციის მიზნებისთვის, არასრულწლოვნის საქართველოში გადაადგილებამდე მამა მის მიმართ რეალურად ახორციელებდა მეურვეობის უფლებას. შესაბამისად, ვინაიდან სადავო არ არის, რომ დედამ არასრულწლოვანი უკრაინიდან საქართველოში მამის ნებართვის გარეშე ჩამოიყვანა, ბავშვის ამგვარი გადაადგილებით დაირღვა მისი, როგორც მეურვის უფლება.
71. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პირველი კასატორის პრეტენზიას დედის მიერ ბავშვის მართლზომიერად გადაადგილებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი წარმოადგენს უკრაინიდან საქართველოში არამართლზომიერად გადაადგილებულ ბავშვს, რაც ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების წინაპირობაა. თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა შემოწმდეს იმ გამონაკლისების არსებობა, რაც დადგენილია ჰააგის კონვენციის მე-12-13 და მე-20 მუხლებით და რომელთა არსებობის შემთხვევაში, სასამართლო არ არის ვალდებული მიიღოს გადაწყვეტილება არასრულწლოვნის უკან დაბრუნების შესახებ. აღნიშნული საგამონაკლისო შემთხვევები, ასევე, ასახულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 351-ე16 მუხლში.
72. კასატორები დავობენ, რომ სასამართლომ ბავშვის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა სოციალური სამსახურის, ფსიქოლოგისა და თავად ბავშვის მოსაზრება. მათი თქმით, ბავშვი სრულად ინტეგრირებულია ამჟამინდელ საცხოვრებელ გარემოში და უკრაინაში დაბრუნება არ გამომდინარეობს მისი საუკეთესო ინტერესებიდან. მამასთან, უკრაინაში დაბრუნებამ შესაძლოა ბავშვს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური საფრთხე შეუქმნას.
73. როგორც ზემოთ აღინიშნა, ჰააგის კონვენციით სასამართლოს აქვს მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, უარი განაცხადოს არასრულწლოვნის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნებაზე. კერძოდ, ჰააგის კონვენციის მე-12 მუხლის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია უარი თქვას არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებაზე, თუ ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების თარიღიდან საქმის გარჩევის დაწყებამდე ერთ წელზე მეტია გასული და იგი ინტეგრირებულია ახალ გარემოში. კონვენციის მიზნებისთვის ადაპტაცია განიხილება არა გარემოსადმი შეგუებად, არამედ არასრულწლოვნის მხრიდან გარემო-პირობების, ცხოვრების წესის იმგვარ ადაპტაციად, როდესაც ის თავს მშობლიურ ვითარებაში გრძნობს, ობიექტურად განიცდის კეთილგანწყობას იმ ადამიანებისა და საცხოვრებელი პირობებისადმი, სადაც მას მოუხდა ცხოვრება და ფაქტობრივად ჩამოუყალიბდა ოჯახური ცხოვრების განცდა, რომლის დარღვევაც მეტი ზიანის მომტანი იქნება მისთვის (იხ. სუსგ საქმე №ას-1040-2020, 19 აპრილი, 2021 წელი). ამასთან, ემოციური სტაბილურობისა და უსაფრთხოების შეგრძნება არის ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც ბავშვს ინტეგრაციისას ეუფლება (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 88-89).
74. ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლის თანახმად, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ არის გასცეს განკარგულება ბავშვის დაბრუნების თაობაზე, თუკი პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, დადგენს, რომ: ა) პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომლის მზრუნველობის ქვეშაც იმყოფება ბავშვის პიროვნება, რეალურად არ სარგებლობდა მეურვეობის უფლებებით გადაადგილების ან დაკავების დროისათვის, ანდა დაეთანხმა ან მოგვიანებით შეეგუა გადაადგილებას ან დაკავებას; ან ბ) არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შექუმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში. საამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოს, აგრეთვე, შეუძლია უარი განაცხადოს ბავშვის დაბრუნების შესახებ განკარგულების გაცემაზე, თუკი იგი აღმოაჩენს, რომ ბავშვი მისი დაბრუნების წინააღმეგია და მან უკვე მიაღწია ისეთ წლოვანებას და მოწიფულობის ასაკს, როდესაც მიზანშეწონილია მისი აზრის გათვალისწინება. კონვენციის მე-20 მუხლის თანახმად კი, მე–12 მუხლის დებულებათა მიხედვით ბავშვის დაბრუნებაზე უარი შეიძლება იქნეს ნათქვამი, თუკი ეს აკრძალულია მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ძირითადი პრინციპების თანახმად, რომლებიც ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვას შეეხება.
75. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჰააგის კონვენციით დადგენილი დაბრუნების საგამონაკლისო წინაპირობები ეხმიანება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპს.
76. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ არსებობს ფართო კონსენსუსი საერთაშორისო სამართლის ჩათვლით, რომ, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა უნდა იყოს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. იგივე ფილოსოფიაა დამახასიათებელი ჰააგის კონვენციისთვისაც, რომელიც ასოცირდება ბალანსის აღდგენის ინტერესთან, რაც ნიშნავს უკანონო გატაცების შემთხვევაში გადაწყვეტილების საფუძველზე ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნებას საკუთარ ქვეყანაში, სადაც ჩვეულებრივ ცხოვრობს. ამავდროულად, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ბავშვის დაუბრუნებლობა საკუთარ ქვეყანაში იყოს გამართლებული ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ხსნის გამონაკლისების არსებობას, განსაკუთრებით როცა ბავშვის დაბრუნებას ახლავს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის დიდი რისკი, ან როდესაც ბავშვი იქნება გაუსაძლის პირობებში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, 21.07.2015წ., პარ. 44).
77. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორების პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ინტეგრირებულია ამჟამინდელ საცხოვრებელ გარემოში და უკრაინაში დაბრუნება არ შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უკრაინაში დაბრუნება ბავშვისთვის იქნება ფსიქოლოგიური საფრთხის გამომწვევი, რაც, თავისთავად, უარყოფით გავლენას მოახდენს მის შემდგომ განვითარებაზე და ჯანსაღი ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე, მით უფრო, მისი ასაკის გათვალისწინებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგების დასკვნებისა და თავად არასრულწლოვნის მოსაზრების, ასევე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასრულწლოვანი მშობლების განქორწინების შემდეგ უკრაინაში ცხოვრობდა დედასთან ერთად და დღემდე მასთან ერთად აგრძელებს ცხოვრებას; სადავო არ არის, რომ მას არ აქვს მამასთან ცალკე, დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილება; იგი 2020 წლის ივნისის შემდგომ ცხოვრობს საქართველოში, მარნეულში დედის მშობლების სახლში დედასთან, ბებიასთან, ბაბუასთან და დიდ ბებიასთან ერთად. აღსანიშნავია, რომ იგი საქართველოში მანამდეც ყოფილა და დედის მშობლების სახლი და გარემო მისთვის არ არის სრულიად უცხო. ამასთან, მათ შორის არ არსებობს ენობრივი ბარიერი; არასრულწლოვანი 2020 წლის 15 სექტემბრიდან სწავლობს მარნეულის №4 საჯარო სკოლაში, სადაც ჰყავს მეგობრები; სკოლის დირექტორის 16.02.2021წ. დახასიათების თანახმად, მან მარტივად გაიარა ადაპტაციის პერიოდი. იგი ინტენსიურად დადის სკოლაში. არის მშვიდი, აქტიური და კომუნიკაბელური ბავშვი; სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონალური ცენტრის სოციალური მუშაკის 05.02.2021წ. და ფსიქოლოგ მ.კ–ვას 25.02.2021წ. დასკვნების, ასევე, პირველი კასატორის მიერ წარმოდგენილი (რომელიც დაერთო საქმეს) შპს „ფ–ას“ 2021 წლის 18 ივლისის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების თანახმად, არასრულწლოვანი აქვს დადებითი ემოციური კავშირი და სანდო მიჯაჭვულობა დედის მიმართ. მასთან თავს გრძნობს უსაფრთხოდ და დაცულად, მცირე დროით დაშორების შემთხვევაშიც კი ეუფლება შფოთვის მაღალი ხარისხი. აქვს დედასთან და მისი ოჯახის წევრებთან თანაცხოვრების სურვილი და მათ მიმართ არის კეთილგანწყობილი. რაც შეეხება მამას, მასზე საუბრისას ბავშვს ეწყება შფოთვა, ერღვევა სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდა და ეზრდება დაძაბულობა, არ აქვს მამასთან ცხოვრებისა და ურთიერთობის სურვილი, თუმცა ენატრება ძმა და სურს მასთან ერთად მარნეულში ცხოვრება. აქვს ღია შიში მამასთან მიმართებით და ამბობს კიდეც, რომ მისი ეშინია. ფსიქოლოგების შეფასებით, არასრულწლოვანი ადაპტირებული და ინტეგრირებულია ამჟამინდელ საცხოვრებელ გარემოში, უზრუნველყოფილია სტაბილურობა და უსაფრთხოება. დედა და ოჯახის სხვა წევრები მისთვის სანდო და მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. რაც შეეხება მარნეულში ცხოვრებასთან დაკავშირებით ბავშვის ნება-სურვილს, ეს ნამდვილად არის მისი კეთილი ნება, დამოუკიდებელი და გულწრფელი სურვილი (დეტალურად სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგების დასკვნები იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 34-40, 52-55 პუნქტებში).
78. ამრიგად, ზემოაღნიშნული დასკვნებიდან ცალსახად დგინდება, რომ არასრულწლოვანი მის ამჟამინდელ საცხოვრებელ გარემოში თავს უსაფრთხოდ და მშვიდად, მშობლიურ ვითარებაში გრძნობს, რაც მის ინტეგრაციას აშკარას ხდის, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ემოციური სტაბილურობა და უსაფრთხოების შეგრძნება ბავშვს სწორედ ინტეგრაციისას ეუფლება. ბავშვის ინტეგრაციის ფაქტს, ასევე, ადასტურებს საქმეზე დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილებისა, იგი არ მოხვედრილა სრულიად უცხო სახელმწიფოში და აბსოლუტურად განსხვავებულ სოციალურ და კულტურულ გარემოში.
79. რაც შეეხება არასრულწლოვნის ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას, გარდა ზემოაღნიშნული გარემოებებისა, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს შპს „ფ–ას“ 18.06.2021წ. ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებში მითითებულ შეფასებას, რომლის თანახმად დედის მიმართ სანდო მიჯაჭვულობის ხარისხიდან გამომდინარე, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვს არ აქვს დედის გარეშე ცხოვრების გამოცდილება, მოცემულ ეტაპზე ბავშვისთვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა (უკრაინაში დაბრუნება) და დედასთან დაშორება უდავოდ იქნება მაღალი რისკისა და ფსიქოტრავმატიზაციის შემცველი. მიჯაჭვულობის ობიექტისგან სეპარაცია, დიდი ალბათობით, გამოვლინდება გარკვეულ პერიოდში აგრესიულობის განსხვავებული ხარისხით და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მწვავე ფსიქოლოგიური პრობლემებით - შიშები, ფობიები, დეპრესიული მდგომარეობა, ასოციალურობა, კომუნიკაციის დაბალი ხარისხი, საკუთარი უმწეობისა და არასრულფასოვნების განცდა. გარდა ამისა, დედასთან დაშორება სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენებს ბავშვის ჯანსაღ განვითარებას, რაც შესაძლებელია გამოიხატოს დათრგუნულობით, ძალადობის სხვადასხვა ფორმითა და ხარისხით, თვითდაზიანებით, კვებითი პრობლემებით, კომპულსიური ტყუილებით, დანაშაულის გრძნობის არქონით და ფსიქოლოგიური სახით სხვადასხვა დესტქრუქციული ქცევებით. აღნიშნული შეფასება ცალსახად საყურადღებოა და შეუძლებელია ბავშვის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას მისთვის გვერდის ავლა.
80. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას დასკვნის არაობიექტურობასთან და მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. მას არ წარმოუდგენია აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება. მხოლოდ ის გარემოება, რომ დასკვნა შედგენილია კერძო დაწესებულების ფსიქოლოგის მიერ, ვერ გახდება მის მართებულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
81. საკასაციო პალატამ, ასევე, მოისმინა არასრულწლოვანთან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის გასაუბრების ოქმი (იხ. 27.05.2021წ. სხდომის ოქმი) და ყურადღებას მიაქცევს გასაუბრებისას უკრაინაში მამასთან დაბრუნებასთან დაკავშირებით მის მიერ დაფიქსირებულ ცალსახა პოზიციას - მას მოსწონს მარნეულში ცხოვრება და არ სურს მამასთან წასვლა.
82. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჰააგის კონვენციაში არსებული ჩანაწერი დაბრუნების თაობაზე არასრულწლოვნის აზრის გამოხატვასთან დაკავშირებით, ეხმიანება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციით გარანტირებულ აზრის გამოხატვის უფლებას. აღნიშნული კონვენციის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა მოსმენილ იქნეს ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი, ან წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით.
83. გაეროს კონვენციის ზოგადი კომენტარების მიხედვით, ფრაზა – „ბავშვის უნარი, ჩამოაყალიბოს საკუთარი შეხედულებები” არ უნდა იყოს გაგებული ვიწროდ. სახელმწიფოებს ეკისრებათ სპეციალური ვალდებულება, შეაფასონ ეს უნარი. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა კონკრეტულად არ განმარტა, თუ რა ასაკიდან შეიძლება ჰქონდეს ბავშვს აღნიშნული უნარი, ისევე, როგორც ამას არ განმარტავს კონვენცია. კომიტეტი არ მოუწოდებს სახელმწიფოებს, დააწესონ კონკრეტული ასაკობრივი ზღვარი, ვინაიდან ყოველი კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს და გაანალიზდეს. ამასთან, ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლი უთითებს, რომ მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ბავშვის ასაკი და მოწიფულობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ასაკი არ არის გადამწყვეტი, რათა შეფასდეს ბავშვის მოსაზრების მნიშვნელობა. ბავშვების განვითარების დონეები ცალსახად არ შეესაბამება მათ ბიოლოგიურ ასაკს. ინფორმაცია, გამოცდილება, გარემო, სოციალური და კულტურული მოლოდინები და მხარდაჭერის დონე განაპირობებს არასრულწლოვნის უნარს, ჩამოაყალიბოს საკუთარი მოსაზრება. ამიტომაც ხდება მისი შეფასება ინდივიდუალურად. იგივე აზრია განვითარებული კონვენციის განმარტებით ანგარიშშიც, რომლის მიხედვით, კონვენციის ტექსტის შემუშავების პროცესში წარუმატებლად დასრულდა მცდელობები, განსაზღვრულიყო მინიმალური ასაკი, საიდანაც შესაძლებელია ბავშვის აზრის გათვალისწინება, ვინაიდან „ყველა ციფრს ჰქონდა ხელოვნური, შეიძლება ითქვას, თვითნებური, ხასიათი. უმჯობესად ჩაითვალა ამ დებულების ცხოვრებაში გამოყენება შესაბამისი ორგანოების კომპეტენციას მინდობოდა“. შესაბამისად, ეს საკითხი სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობით ან/და სასამართლო პრაქტიკით რეგულირდება (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 77-79; ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 30).
84. განსახლველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი სააპელაციო სასამართლოში გასაუბრებისას იყო ექვსი წლის (დაბადებულია 19.08.2014წ.). ამასთან, შპს „ფ–ას“ 2021 წლის 18 ივლისის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების თანახმად, არასრულწლოვნის შემეცნებითი უნარები და ინტელექტის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია ასაკობრივ ნორმასთან მიმართებით. მაღალ დონეზე აქვს განვითარებული სოციალური უნარ-ჩვევები. ბავშვი საუბრობს ლოგიკურად, ხატოვნად, გასაგებად გადმოსცემს საკუთარ აზრს და ადეკვატურად გამოხატავს საკუთარ გრძნობებს. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებებთან, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგების დასკვნებთან ერთად, გადაწყვეტილების მიღებისას, ასევე, მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს არასრულწლოვნის პოზიციას.
85. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-8 მუხლით რეგლამენტირებულია ბავშვის უფლება მისი აზრის მოსმენასა და მონაწილეობაზე. აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ბავშვთან გასაუბრებისა და მისი აზრის მოსმენის პროცესი უნდა იყოს ინფორმაციული, ნებაყოფლობითი, ბავშვისადმი პატივისცემისა და ანგარიშვალდებულების გამომხატველი, ბავშვისთვის მორგებული, ინკლუზიური, უსაფრთხო, ბავშვის საკითხებზე სათანადოდ მომზადებული სპეციალისტების მიერ წარმართული. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლოში არასრულწლოვანთან გასაუბრებისას სათანადოდ არ იყო უზრუნველყოფილი ბავშვზე მორგებული გარემო, რასაც შეეძლო გამოეწვია მისი ერთგვარი დაბნეულობა, შიში ან/და თავშეკავებულობა. თუმცა, აღნიშნულს ხელი არ შეუშლია მისთვის ცალსახად გამოეხატა თავისი უარყოფითი პოზიცია უკრაინაში მამასთან დაბრუნებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ბავშვი არ იმყოფება მოწიფულობის იმ ასაკში, როდესაც დამოუკიდებლად შეუძლია განსაზღვროს რა სურს და რა არის მისი მომავალი განვითარებისა და ოჯახური ცხოვრებისთვის საუკეთესო.
86. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნის უკრაინაში დაბრუნება იქნება მისთვის ფსიქოლოგიური საფრთხის შემცველი და ზიანს მიაყენებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, მათ შორის, მის განვითარებას და ფსიქო-ემოციურ სტაბილურობას, რაც დაუშვებელია და ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს არამართლზომიერად გადაადგილებული ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველს. მოსარჩელემ ვერ შეძლო გამოერიცხა ბავშვის დედასთან დაშორებით მისი ფსიქიკისთვის შესაფერისი და სტაბილური გარემოს შექმნის შესაძლებლობა, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანს არ აქვს მამასთან დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილება, ხოლო, დედის მიმართ აქვს მიჯაჭვულობა და მასთან და ამჟამინდელ გარემოცვასთან თავს გრძნობს დაცულად და უსაფრთხოდ, მშობლიურ გარემოში.
87. რაც შეეხება არასრულწლოვნის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის კანონიერებას, საკასაციო სასამართლო ეთანხმება პირველ კასატორს, რომ აღნიშნულ გარემოებას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ჰააგის კონვენციის შესაბამისად, არამართლზომიერად გადაადგილებული ბავშვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. ამასთან, ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და მისი დადგენა სცდება განსახილველი დავის ფარგლებს.
88. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილიას თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
89. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
90. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს; გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
91. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: მხარეები − არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.
92. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ს.ი–ვას და არასრულწლოვანი ხ.გ–ვას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ.გ–ვის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი