3გ-ად-7ბ-02 27 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
განმცხადებლების მოთხოვნა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 10 ივლისის განჩინების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 10 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა კასატორ თ. მ.-ის საკასაციო საჩივარი, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 26 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
ვ. ო.-მ და გ. ჭ.-მ განცხადებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, უზენაესი სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობა მოითხოვეს იმ მოტივით, რომ საკასაციო სასამართლოში კასატორი თ. მ.-ე და მისი წარმომადგენელი არ ყოფილან სათანადო წესით მოწვეულნი. განმცხადებლებისათვის ცნობილი გახდა ის გარემოება, რომ კასატორი თ.მ.-ე გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის გამო გარდაიცვალა 2002წ. 24 ივნისს, მისი საპროცესო უფლებამონაცვლე დადგენილი არ იყო და 2002წ. 10 ივლისისათვის თ. მ.-ის წარმომადგენელ დ. ს.-ს, სკ-ს 92-ე მუხლის საფუძველზე, აღარ ჰქონდა თ.მ.-ის სახელით საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობისა და განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ო.-ისა და გ. ჭ.-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 10 ივლისის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, დაუშვებლობისა და უსაფუძვლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სსკ-ს 421-ე მუხლის პირველი ნაწილით იმპერატიულად დადგენილია, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოტივით დასაშვებია მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება. კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 10 ივლისის განჩინებით არ დასრულებულა თ. მ.-ის სარჩელის გამო აღძრული საქმის წარმოება უნებართვო ნაგებობის აღების, სათავსოს აღდგენის, ეზოსა და საპირფარეშოს საკუთრებაში გადაცემის, ასევე მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არამედ უხეში პროცესუალური დარღვევის გამო, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას. ამდენად, საქმესთან დაკავშირებით საბოლოო, არსებითი გადაწყვეტილება ჯერ არ გამოტანილა, სასამართლოში საქმის წარმოება ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ განცხადება უზენაესი სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობის შესახებ პროცესუალურად დაუშვებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. განცხადება უზენაესი სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობის შესახებ, საკასაციო პალატის აზრით, არსებითადაც უსაფუძვლოა, ვინაიდან სსკ-ს 408-ე მუხლიოს მე-3 ნაწილის საფუძველზე, აღნიშნული განჩინება 2002წ. 10 ივლისს საკასაციო პალატამ მიიღო მხარეთა დასწრების გარეშე, 2002წ. 19 ივნისისა და 3 ივლისის სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო და სასამართლოსათვის არ იყო ცნობილი კასატორ თ.მ.-ის გარდაცვალების შესახებ. საკასაციო პალატამ 2002წ. 10 ივლისს მხარეთა დასწრების გარეშე განიხილა თ. მ.-ის წარმომადგენლის დ. ს.-ის საკასაციო საჩივარი 2002წ. 14 მარტის რწმუნებულების საფუძველზე, რომელიც გაცემული იყო სამი წლის ვადით, 2005წ. 14 მარტამდე და რომლითაც წარმომადგენელ დ.ს.-ეს, სსკ-ს 98-ე მუხლის თანახმად, თ. მ.-ისაგან მინიჭებული ჰქონდა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. ამდენად, საკასაციო პალატამ სსკ-ს 396-ე მუხლის მე-2 ნაწილის დაცვით, განიხილა საკასაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირის, თ. მ.-ის წარმომადგენლის დ. ს.-ის საკასაციო საჩივარი. რაც შეეხება 2002წ. 24 ივნისს ე.ი. საკასაციო საჩივრის განხილვამდე, თ.მ.-ის გარდაცვალების ფაქტს, აღნიშნული არ წარმოადგენს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 10 ივლისის განჩინების ბათილად ცნობის საფუძველს, არამედ მხარის გარდაცვალება ამავე კოდექსის 92-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილის თანახმად, არის გარდაცვლილი მხარის საპროცესო უფლებამონაცვლით შეცვლისა და უფლებამონაცვლის დადგენამდე საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი. საყურადღებოა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 თებერვლის განჩინებით გარდაცვლილი თ. მ.-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ, ანდერძისმიერი მემკვიდრეობის საფუძველზე, ცნობილია სწორედ მისი წარმომადგენელი დ.ს.-ე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვ. ო.-ისა და გ. ჭ.-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 10 ივლისის განჩინების ბათილად ცნობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, დაუშვებლობისა და უსაფუძვლობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 421-ე, 422-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ო.-ისა და გ. ჭ.-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 10 ივლისის განჩინების ბათილად ცნობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.