Facebook Twitter

საქმე №ას-1358-2021 31 იანვარი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - ნ.გ–ვა, ნ.გ–ვა, ძ.ჯ–ა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ი.ც–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმისწარმოების განახლება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ი.ც–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.გ–ვას, ნ.გ–ასა და ძ.ჯ–ას (შემდგომ - მოპასუხეები, აპელანტები, კერძო საჩივრეის ავტორები) მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან და ამ უკანასკნელთ მისი გამოთავისუფლება და მესაკუთრისათვის გადაცემა დაევალათ.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

5. სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტების წარმომადგენელს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდათ, თუმცა აპელანტებს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არც ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავთ სასამართლოსთვის.

6. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 70-ე მუხლის, მე-74 მუხლის, 372-ე, 373-ე და 374-ე მუხლებისა და იმავე კოდექსის 368.5 მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს და ამ განჩინების გაუქმება მოითხოვეს შემდეგი საფუძვლებით:

8. კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენლის განმარტებით, მან სასამართლოსთვის ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადება, თანდართული სახელმწიფო ბაჟის ქვითართან ერთად, ფოსტაში - შპს ,,ქ.ს.ჯ–ში“ 2021 წლის 6 ოქტომბერს ჩააბარა, რაც ფოსტასთან გაფორმებული რეესტრით, მხარეთა ხელმოწერითა და ფოსტის ბეჭდით დასტურდება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხარვეზი შევსებულია სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დაცვით და ფოსტის მიერ განცხადების სასამართლოსთვის დაგვიანებით ჩაბარება, კერძო საჩივრის ავტორებს ბრალად არ უნდა შეერაცხოთ.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 დეკებრის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

12. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.

13. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

14. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა ხარვეზი არ შეავსეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.

15. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტებს დაევალათ განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინათ: სახელმწიფო ბაჟის - 80 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთის დედანი და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.

16. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტების წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაჰბარდა მის მეუღლეს - ა.მ–ს 2021 წლის 1 ოქტომბერს.

17. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

18. სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

19. იმავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტებისათვის ხარვეზის გამოსწორების 7-დღიანი ვადის ათვლა 2021 წლის 2 ოქტომბრიდან დაიწყო (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე) და იმავე წლის 8 ოქტომბერს ამოიწურა. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტებს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოუსწორებიათ ხარვეზი და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის (საპროცესო ვადის აღგენის) შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო პალატისათვის, აღნიშნულმა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.

21. კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ განჩინებას იმ საფუძვლით, რომ მან ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება ფოსტაში სასამართლოს მიერ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში - 2021 წლის 6 ოქტომბერს წარადგინა, შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების ვადა არ დაურღვევია.

22. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენლის ზემოაღნიშნულ პოზიციას და მიუთითებს, რომ სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

23. საკასაციო პალატის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადება ფოსტას ჩაჰბარდა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში - 2021 წლის 6 ოქტომბერს (ხარვეზის შევსების ვადა 2021 წლის 8 ოქტომბერს ამოიწურა), კერძოდ, ზემოაღნიშნულს ადასტურებს საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათი, სადაც აპელანტთა მიერ გზავნილის გაგზავნის თარიღად მითითებულია სწორედ ეს თარიღი. სააპელაციო სასამართლოსათვის გაგზავნილ კონვერტზეც სწორედ ზემოაღნიშნული თარიღით ფიქსირდება შტამპი, რაც კერძო საჩივრის ავტორთა პოზიციის გაზიარების საფუძველს ქმნის, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება შედგენილია 2021 წლის 6 ოქტომბერს და ხარვეზის შესავსებად სახელმწიფო ბაჟიც იმავე დღესაა გადახდილი. გასათვალისწინებელია, რომ საერთო სასამართლოების დეპარტამენისადმი შპს ,,ქ.ს.ჯ–ის“ მიმართვის თანახმად, კიბერშეტევის შედეგად ფოსტა შეფერხებით მუშაობდა. ზემოხსენებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად საკასაციო პალატის მიერ გამოტანილი დასკვნით, ისინი საკმარისია ვარაუდისათვის, რომ ფოსტას კერძო საჩივრის ავტორთა განცხადება 2021 წლის 6 ოქტომბერს ჩაჰბარდა.

24. უდავოა, რომ ზემოაღნიშნული განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანცელარიაში დარეგისტრირდა 2021 წლის 1 ნოემბერს. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეს, რომელიც ამოწმებდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას, დასახელებული გარემოების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, ფოსტის მიერ განცხადება სასამართლოს წარედგინა გასაჩივრებული განჩინების მიღების შემდეგ.

25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომლის შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო 2021 წლის 8 ოქტომბერი, კერძო საჩივრის ავტორთა მიერ წარმოდგენილი ზემოხსენებული მტკიცებულებებით კი ირკვევა, რომ მათმა წარმომადგენელმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება სახელმწიფო ბაჟის ქვითართან ერთად ფოსტას ჩააბარა 2021 წლის 6 ოქტომბერს, ანუ სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის დაცვით, აღნიშნული გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

26. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

27. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.გ–ვას, ნ.გ–ვასა და ძ.ჯ–ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე