საქმე №ას-1057-2020 20 იანვარი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
I კასატორი - ააიპ „თბილისის №? საბავშვო ბაგა-ბაღი“, ააიპ „თბილისის №? საბავშვო ბაგა-ბაღი“, ააიპ „თბილისის №? საბავშვო ბაგა-ბაღი“, ააიპ „თბილისის №? საბავშვო ბაგა-ბაღი“, ააიპ „თბილისის №? საბავშვო ბაგა-ბაღი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
II კასატორი - შპს „ე–ი“(მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ააიპ „თბილისის №? საბავშვო ბაგა-ბაღი“, ააიპ „თბილისის №? საბავშვო ბაგა-ბაღი“, ააიპ „თბილისის №? საბავშვო ბაგა-ბაღი“, ააიპ „თბილისის №?საბავშვო ბაგა-ბაღი“ ააიპ „თბილისის №? საბავშვო ბაგა-ბაღი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინება
I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება (თავდაპირველი სარჩელით), უსაფუძვლოდ მიღებული თანხის უკან დაბრუნება (შეგებებული სარჩელით)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ე–მა“ (შემდგომ - გამყიდველი, პრინციპალი, მოსარჩელე, მეორე კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ააიპ „თბილისის №? საბავშვო ბაგა-ბაღის“(შემდგომ - პირველი მოპასუხე), ააიპ „თბილისის №? საბავშვო ბაგა-ბაღის“ (შემდგომ - მეორე მოპასუხე), ააიპ „თბილისის №? საბავშვო ბაგა-ბაღის“ (შემდგომ - მესამე მოპასუხე), ააიპ „თბილისის №? საბავშვო ბაგა-ბაღისა“ (შემდგომ - მეოთხე მოპასუხე) და ააიპ „თბილისის №? საბავშვო ბაგა-ბაღის“ (შემდგომ - მეხუთე მოპასუხე, ასევე ერთობლივად მოხსენიებული როგორც მოპასუხეები, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები ან პირველი კასატორი) მიმართ და მოითხოვა პირველი მოპასუხისათვის 14 804.4 ლარის, პირგასამტეხლოს - 1 078 ლარისა და საბანკო გარანტიის - 3 026 ლარის გადახდის დაკისრება, მეორე მოპასუხისათვის 18 578.5 ლარის, პირგასამტეხლოს - 1 386 ლარისა და საბანკო გარანტიის - 3 026 ლარის გადახდის დაკისრება, მესამე მოპასუხისათვის 12 420.95 ლარის, პირგასამტეხლოს - 924 ლარისა და საბანკო გარანტიის - 3 026 ლარის გადახდის დაკისრება, მეოთხე მოპასუხისათვის 22 458.45 ლარის, პირგასამტეხლოს - 1 694 ლარისა და საბანკო გარანტიის - 4 201 ლარის გადახდის დაკისრება, მეხუთე მოპასუხისათვის 12 205.6 ლარის, პირგასამტეხლოს - 840 ლარისა და საბანკო გარანტიის - 2 013 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები
2. ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საფუძველზე, მოსარჩელესა და მოპასუხეთა შორის 2017 წლის 14 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულებები, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა მოპასუხე ბაგა-ბაღებში სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების სამჯერადი კვებისა და კვებითი მომსახურების გაწევის ვალდებულება 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით. მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიუხედავად, მოპასუხემ უარი განაცხადა 2017 წლის დეკემბერში გაწეული მომსახურების დადასტურებასა და შესაბამისი თანხის - ანაზღაურებაზე. გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ხელშეკრულებებით შეთანხმებული იყო პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შესაბამისად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. ხელშეკრულების თანახმად, იმისათვის, რათა თავიდან აცილებულიყო გამყიდველის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკი, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის (სახელშეკრულებო ღირებულების 3%) გაფორმების ვალდებულება შეთანხმდა. გარანტმა მოპასუხეთა მოთხოვნა საგარანტიო თანხის ანაზღაურების თაობაზე დააკმაყოფილა. რაკი მოპასუხეებს ზიანი არ მისდგომიათ, მათ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნონ გარანტის მიერ მათთვის გადახდილი გარანტიის თანხა.
მოპასუხეთა შესაგებელი
3. მოსარჩელე კვებითი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში ვალდებულებას არსულებდა არასათანადო ხარისხის მქონე სურსათის (ყველი, კარაქი) გამოყენებით, რის გამოც მან არსებითად დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შესაბამისად, არ წარმოშობილა მოსარჩელისათვის მომსახურების გაწეულად მიჩნევის ვალდებულება და არ შექმნილა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წინაპირობა. ეს გარემოება გამორიცხავს პირგასამტეხლოსა და საბანკო გარანტიის თანხის დაკისრებასაც.
შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
4. მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელით მოითხოვეს გამყიდველისათვის პირველი მოპასუხის სასარგებლოდ - 24 660.7 ლარის, მეორე მოპასუხის სასარგებლოდ - 26049.9 ლარის, მესამე მოპასუხის სასარგებლოდ - 17 314.70 ლარის, მეოთხე მოპასუხის სასარგებლოდ - 38 442.2 ლარისა და მეხუთე მოპასუხის სასარგებლოდ - 20 517,1 ლარის დაკისრება.
5. შეგებებული სარჩელის ავტორთა მტკიცებით, უდავო იყო, რომ მოსარჩელეს ბავშვთა კვებისათვის უნდა გამოეყენებინა ყველი, რომელიც დამზადებული იქნებოდა ნატურალურ რძისგან, ხოლო რეალურად გამოიყენა აღდგენილი რძისგან დამზადებული ყველისმაგვარი პროდუქტი. წარმოდგენილი სურსათის - „კარაქის“ ეტიკეტი კი, არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს. გამყიდველმა მყიდველს მიაწოდა ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტები. აღნიშნულის მიუხედავად, სრულად აუნაზღაურდა მიწოდებული კარაქისა და ყველის საფასური. შესაბამისად, მოპასუხეთა მიერ გადახდილი თანხა წარმოადგენს ვალდებულების გარეშე გადახდილს, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, უსაფუძვლო გამდიდრების წესების შესაბამისად, ექვემდებარება დაბრუნებას.
შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე
6. მოპასუხეთა მტკიცება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის თაობაზე დაუსაბუთებელია და მოკლებულია ფაქტობრივ საფუძვლებს. მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქტები სრულად პასუხობდა სახელშეკრულებო მოთხოვნებს. ამასთან, მტკიცებულება, რომ მიწოდებული კარაქის შემადგენლობა არ პასუხობდა ამ სახის პროდუქტისათვის დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს მყიდველს არ წარმოუდგენია. რაც შეეხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნას, სამსახურის მიერ შეფასდა წარმოდგენილი კარაქის ეტიკეტი და არა - მისი ქიმიური შემადგენლობა. დასკვნით დადგინდა, რომ მხოლოდ ეტიკეტი არ შეესაბამებოდა პროდუქტ „კარაქისადმი“ დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს, რაც არ გულისხმობს თვითონ პროდუქტის შემადგენლობის შეუსაბამობას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი მესამე მოპასუხის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების - 12 420.95 ლარისა და პირგასამტეხლოს - 924 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა; სარჩელი მეორე მოპასუხის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების - 18 578.5 ლარისა და პირგასამტეხლოს 1000 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა; სარჩელი მეხუთე მოპასუხის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების - 12 205.6 ლარისა და პირგასამტეხლოს 840 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა; სარჩელი მეოთხე მოპასუხის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების - 22 458.45 ლარისა და პირგასამტეხლოს 1 200 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. სარჩელი პირველი მოპასუხის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების - 14 804.4 ლარისა და პირგასამტეხლოს 900 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთათვის საბანკო გარანტიის თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა. მოსარჩელემ სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხეებმა სარჩელის სრულად უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეებთან დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ყველის მიწოდების ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა. ხელშეკრულებებით მხარეთა შორის მისაწოდებელი ყველის მახასიათებლები დეტალურად გაიწერა, რომელსაც მიწოდებული პროდუქცია ვერ აკმაყოფილებდა. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით მოსარჩელეს პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი უნდა მიეწოდებინა. პალატამ დაადგინა, რომ რომ ბაგა-ბაღებისთვის მიწოდებული პროდუქტი, რომელიც ეტიკეტირებული იყო „იმერულის“ სახელწოდებით, აღდგენილი რძისგან იყო დამზადებული.
8. პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების ფარგლებში ბაგა-ბაღებს შეთანხმებული საქონელი (განსხვავებული მახასიათებლების) მიაწოდა, მათ კი, შეთანხმებული ფასი არ გადაუხდიათ. უდავო იყო ისიც, რომ ბაგა-ბაღებმა კომპანიის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „იმერული“ მიიღეს და დანიშნულებისამებრ გამოიყენეს. მოპასუხეებს კომპანიისთვის სსკ-ის 490-ე, 491-ე და 492-ე მუხლების შესაბამისად, არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და არც ამ მიზეზით ხელშეკრულების მოშლა მოუთხოვიათ. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ მყიდველებს მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდათ.
9. სააპელაციო პალატის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით მესამე და მეხუთე მოპასუხეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო სრულად დააკისრა, რადგან მიიჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის, მოცულობისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს მოცულობა შეუსაბამოდ მაღალი არ იყო და სს-კის 420-ე მუხლის გამოყენების წინაპირობებს არ ქმნიდა. რაც შეეხება პირველი, მეორე და მეოთხე მოპასუხესთან მიმართებით სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მიიჩნია და შეამცირა, რაც სააპელაციო პალატამ გაიზიარა და დაასკვნა, რომ ამ ნაწილშიც გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებული იყო. პალატამ გაითვალისწინა, რომ დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობა სხვა იდენტურ შემთხვევებში დასაკისრებელ ოდენობას აღემატებოდა. შესაბამისად, შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო ბალანსი/პროპორციულობა და თანასწორი მიდგომა.
10. სააპელაციო პალატამ დადგენილად არ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მიწოდებული სურსათი „კარაქი“, დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით ამ პროდუქტისათვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა. მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ასახული ინფორმაცია: ცხიმის შემცველობა 80% (+/-0,5), თავისთავად, არც ყველა და არც ზოგიერთ პროდუქტთან მიმართებით, არ ნიშნავდა, რომ ცხიმის შემცველობა 80%-ზე ნაკლები იყო. ხელშეკრულების დარღვევად კი, სწორედ ისეთი პროდუქტის მიწოდება ჩაითვლებოდა, რომელშიც ცხიმის დამტკიცებული შემცველობა 80%-ზე ნაკლები იქნებოდა. შესაბამისად, მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტზე დატანებული ინფორმაცია, მისი არსობრივი კვლევის გარეშე ხელშეკრულების დარღვევის უპირობო პრეზუმფციას არ ქმნიდა.
11. რაკი კომპანიის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება ერთ-ერთ მიწოდებულ პროდუქტთან მიმართებით დადგინდა და საბანკო გარანტიაც გამოუხმობადი იყო და თავისი არსით, შემკვეთს არაჯეროვანი შესრულებისგანაც იცავდა, პალატამ მიიჩნია, რომ საბანკო გარანტიის თანხის მოპასუხისთვის დაკისრების ფაქტობრივსამათლებრივი საფუძვლები არ არსებობდა, რის გამოც მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებლად მიიჩნია.
12. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის მოთხოვნას, მყიდველთა განმარტებით, მოსარჩელე საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის შეუსაბამო პროდუქტის გამოყენებით კარაქის ნაწილში ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხა 61 378.21 ლარი იყო, ხოლო ყველის ნაწილში - 60 369 ლარი, ჯამურად - 121 747.30 ლარი. ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „იმერულის“ სახელწოდებით მიწოდებული პროდუქტის ხარისხთან მიმართებით დადგინდა, რომ ამ ნაწილში ხელშეკრულება არაჯეროვნად შესრულდა, თუმცა იქვე განიმარტა, რომ ხელშეკრულების დარღვევა მოპასუხეებს მხოლოდ პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას წარმოუშობდა. რაც შეეხება კარაქის მიწოდებასთან დაკავშირებულ შესრულებას, ამ მიმართებით სააპელაციო პალატამ ხელშეკრულების დარღვევა არ დაადგინა და მიიჩნია, რომ ვალდებულება ჯეროვნად შესრულდა. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელისათვის კონდიქციური წესით თანხის დაკისრების ფაქტობრივსამართლებრივი წინაპირობები არ არსებობდა და შეგებებული სარჩელი მართებულად არ დაკმაყოფილდა.
I კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
13. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
14. ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო რძისგან დამზადებული ყველის გამოყენებით მომსახურების გაწევა, ეს პროდუქტი კი არ გამოყენებულა. შესაბამისად, ეს უნდა განიმარტოს ყველთან მიმართებით პროდუქტის გამოუყენებლობად, ანუ ვალდებულების შეუსრულებლობად. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს არ წარმოშობია კონკრეტულად „ყველის“ საფასურის გადახდის ვალდებულება.
15. სსკ-ის 495-ე მუხლის მეორე ნაწილი გამორიცხავს კასატორის პასუხისმგებლობას გონივრულ ვადაში პარამეტრებისაგან განსხვავებული პროდუქტის აღმოჩენაზე, რადგან მოსარჩელე შეგნებულად დუმდა სახელშეკრულებო ვალდებულების ნაკლიანი შესრულების თაობაზე. ამ ფაქტს ადასტურებს პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის წერილი, სადაც მითითებულია, რომ პროდუქტი მოსარჩელისათვის მიწოდების განმავლობაში მუდმივად მზადდებოდა აღდგენილი რძისა და ნაღების კარაქისაგან. ნაკლიანი შესრულების მიღება კი, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ნაკლიან შესრულებაზე დათანხმებად (№ას-629-588-2017, 10.11.2017წ). ეს კი გულისხმობს იმას, რომ მოსარჩელე არ თავისუფლდება ნაკლიანი შესრულების პასუხისმგებლობისაგან. შესაბამისად, შესრულების მიღება არ წარმოადგენს ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველს.
16. სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა არა სახელშეკრულებო პრიზმიდან, არამედ ბავშვთა უფლებების უპირატესი ინტერესიდან, რადგან ხელყოფილ იქნა ბავშვთა ჯანსაღი კვების უფლება. შესაბამისად, დაირღვა ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია.
17. მხარეთა შორის არ ხორციელდებოდა საქონლის მიწოდება-შესყიდვა, არამედ მოსარჩელე მხარეთა მიერ წინასწარ განსაზღვრული პროდუქტით ამზადებდა საკვებს და მოპასუხეს მიეწოდებოდა მზა კერძის სახით, ანუ მოპასუხე უშუალოდ პროდუქტს არ ეხებოდა. ეს გარემოება მნიშვნელოვანია ნაკლის აღმოჩენისა და მასზე პასუხისმგებლობის ჭრილში.
18. გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა ნაკლიანი შესრულებისას ღირებულების შემცირების უფლებაზე. ეს უფლება კასატორმა რეალურად გამოიყენა და ნაკლის ნაწილში ფასი შეამცირა, საუბრია სადავო პროდუქტების - ყველისა და კარაქის ღირებულების ანაზღაურების უარის თქმასა და უკვე ანაზღაურებულის უკან გამოთხოვაზე. ამ ორი პროდუქტის ნაწილში გამოვლინდა შეუსრულებლობით გამოწვეული ნაკლი. მოპასუხემ ნაკლის ღირებულებად მიიჩნია პროდუქტის შესაბამისი საფასური, რომელიც არ გამოყენებულა მომსახურების გაწევისას. ამ არგუმენტით, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მიზნით, დაკავებულ იქნა დეკემბრის ანაზღაურება ნაკლიანი შესრულებით გამოწვეული ზედმეტად, ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის უკან დაბრუნებამდე.
19. არსებული სახით სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში, კონტრაქტორის მიერ ხელშეკრულების პირობების თვითნებურად ცვლილების შემთხვევაში შემსყიდველი მაინც ვალდებული იქნება, აანაზღაუროს შესრულება ღირებულების დაუდგენლად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხარეებს შორის სადავო არ ყოფილა იმ მიწოდების რეალური ღირებულება, რომელიც მოსარჩელემ თვითნებურად შეცვალა, არამედ სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა სახელშეკრულებო ღირებულების ანაზღაურებაზე, რომელიც გათვალისწინებული იყო რძისგან დამზადებული და არა - აღდგენილი რძის პროდუქტისათვის. გაუგებარია, სააპელაციო სასამართლომ რატომ არ იმსჯელა რძისა და აღდგენილი რძის ღირებულების განსხვავებულობაზე და დააკმაყოფილა რძისგან დამზადებული ყველის ღირებულების მოთხოვნა, როდესაც თავად დაადგინა, რომ ეს პროდუქტი არ გამოყენებულა. რეალურ შესრულებასა და მის ღირებულებაზე კი, სასამართლოს არ უმსჯელია.
20. მოსარჩელემ აიღო ვალდებულება მოპასუხეთათვის მიეწოდებინა კარაქი არანაკლებ 80% ცხიმით, თუმცა მიაწოდა პროდუქტი, რომელშიც ცხიმიანობა იყო +/-0.5 შესაბამისად, მან დაუშვა ბავშვთა კვებაში ისეთი პროდუქტის გამოყენება, რომელიც იმთავითვე ითვალისწინებდა, რომ პროდუქტი შესაძლოა, არ ყოფილიყო არათუ შეთანხმებული ხარისხის, არამედ საერთოდ - საკანონმდებლო აქტით დადგენილი „კარაქი“.
21. მოპასუხეებმა არათუ თანხის გადახდის ვალდებულება არ შეასრულეს, არამედ მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის უფლებით ისარგებლეს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მოპასუხეებს ეს უფლება არ აქვთ, მაშინ ისინი დაუყოვნებლივ აუნაზღაურებენ მოსარჩელეს თანხას. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე არ შეიძლება, მოპასუხეებს დაუდგინდეთ სანქცია და დაეკისროთ პირგასამტეხლო.
II კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინება მოსარჩელემაც გაასაჩივრა. საკასაციო საჩივრით მან გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
22. კასატორის მტკიცებით, ბაგა-ბაღების სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიის ხელშეკრულება ვალდებულების შესრულების გარანტიას წარმოადგენდა, რომელიც არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირებასაც წარმოადგენს. მოსარჩელის მიერ ვალდებულების ნაკლიანი შესრულების შედეგად მისი უმნიშვნელო ხასიათიდან გამომდინარე მოპასუხეებს ზიანი არ მისდგომიათ. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, თუ ვალდებულების დარღვევა თავისი არსით უმნიშვნელოა და რეალურად მხარეს ზიანი არ მისდგომია, არ არსებობს საბანკო გარანტიის გამოთხოვის დასაბუთებული წინაპირობები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
23. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
26. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
27. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
28. მიწოდებული პროდუქციის საფასურის სრულად გადახდისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 477.2 (მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებს ეფუძნება.
29. საქმეზე დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთელი პერიოდის განმავლობაში (2017 წლის 18 სექტემბრიდან - 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით) მოპასუხეები იღებდნენ მოსარჩელის მიერ მიწოდებულ პროდუქტს (ყველი და კარაქი) და დანიშნულებისამებრ იყენებდნენ.
30. მოპასუხეები მიწოდებული პროდუქტის ანაზღაურებაზე უარის საფუძვლად არაჯეროვან, კერძოდ კი, ნაკლიან შესრულებაზე მიუთითებენ - ნაცვლად ხელშეკრულებით შეთანხმებული ნატურალური რძისა, მიწოდებული ყველი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან, რასაც არც მოსარჩელე არ უარყოფს. პირველ კასატორს მიაჩნია, რომ რძისგან დამზადებული პროდუქტის თვითნებური ჩანაცვლება აღდგენილი რძისგან დამზადებული პროდუქტით, წარმოადგენს ხელშეკრულების იმგვარ დარღვევას, რომელიც უთანაბრდება ვალდებულების შეუსრულებლობას. შესაბამისად, მყიდველის მხრიდან კონკრეტულად „ყველის“ საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა.
31. საფასურის გადახდის ვალდებულების არ არსებობის შესახებ კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 487-489-ე მუხლების შესაბამისად, გამყიდველი ვალდებულია, მყიდველს გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამ მოვალეობათა დარღვევა მოსარჩელეს წარმოუშობს შესაბამის მოთხოვნებს, თუმცა ნაკლიანი შესრულება მიღებული პროდუქციის ანაზღაურებაზე უარის საფუძველი არ არის. შესაბამისად, მოპასუხეთა შესაგებელი მოსარჩელის მოთხოვნას არ გამორიცხავს. პალატა განმარტავს, რომ ნივთობრივი ნაკლის მქონე პროდუქტის მიწოდებისა და მყიდველის მიერ მისი მიღების შემთხვევაში, მყიდველს წარმოეშობა სსკ-ის 490-ე, 491-ე, 492-ე და 494-ე მუხლების შესაბამისი მეორადი მოთხოვნების უფლება შესაბამისი თანმიმდევრობისა და წინაპირობების დაცვით. დადგენილია, რომ მოპასუხეებს სსკ-ის 490.1 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი შესრულება (ამ შემთხვევაში ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) არ მოუთხოვიათ. რაკი მყიდველები იღებდნენ ნაკლიან შესრულებას, მათ შეეძლოთ, ფასის შემცირება მოეთხოვათ.
32. საკასაციო საჩივრის მიხედვით, მოპასუხეებმა ფასის შემცირების უფლება გამოიყენეს, ნაკლის ნაწილში ფასი შეამცირეს, კერძოდ, მოპასუხე მხარემ ნაკლის ღირებულებად მიიჩნია პროდუქტის შესაბამისი საფასური, რომელიც არ გამოყენებულა მომსახურების გაწევისას. ამ არგუმენტით, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მიზნით, დაკავებულ იქნა დეკემბრის ანაზღაურება ნაკლიანი შესრულებით გამოწვეული ზედმეტად, ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის უკან დაბრუნებამდე.
33. ფასის შემცირება არის ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა, რომელიც გამყიდველისათვის ფასის შემცირების შეტყობინებით ხორციელდება. შესაბამისად, იგი ნამდვილია მას შემდეგ, რაც სსკ-ის 51-ე მუხლის შესაბამისად, მეორე მხარეს მიუვა. მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ მოპასუხეებს ფასის შემცირების შესახებ მოსარჩელის წინაშე ნება არ გამოუვლენიათ, მათ არც შესაგებელში მიუთითებიათ ამ მეორადი მოთხოვნის გამოყენების თაობაზე და არც მტკიცება განუხორციელებიათ, თუ რამდენით შემცირდა ნატურალური რძის ნაცვლად აღდგენილი რძით დამზადებული ყველის ღირებულება, რაც სწორედ მყიდველის მტკიცების საგანში შედიოდა (შდრ. სუსგ №ას-959-2019, 16.10.2019წ., სადაც სასამართლომ, მსგავს საქმეზე, სწორედ მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნითა და განმარტებების საფუძველზე დაადგინა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულსა და რეალურად მიწოდებული ნაკლიან პროდუქტის ფასებს შორის სხვაობა და მიიჩნია, რომ მიწოდებული ნაკლიანი პროდუქტის ფასი ექვემდებარებოდა შემცირებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტის ღირებულებასა და მიწოდებული ნაკლიანი პროდუქტის ღირებულებას შორის სხვაობით). შესაბამისად, არგუმენტი, რომ სასამართლომ არ იმსჯელა რძისა და აღდგენილი რძის ღირებულების განსხვავებულობაზე, დაუსაბუთებელია.
34. ამასთან, მართალია, ფასის შემცირების მოთხოვნის წინაპირობების არსებობისას გამყიდველის სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ფასის გადახდის მოთხოვნა ქარწყლდება და მყიდველი უფლებამოსილია, ფასის გადახდისას შემცირებული თანხა აღარ გადაიხადოს, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, დეკემბერში მიწოდებული პროდუქტის თანხის გადაუხდელობა საფასურის ნაწილის დაკავებად და ფასის შემცირების შესახებ ნების გამოვლენად მაინც ვერ განიმარტება, რადგან, როგორც აღინიშნა, მყიდველს ამგვარი შესაგებელი არ წარუდგენია და არ მიუთითებია, თუ რა ოდენობით ამცირებდა ნაკლი პროდუქტის ღირებულებას. მოპასუხემ მხოლოდ საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ ნაკლის ღირებულება იყო მთლიანი პროდუქტის (ყველის) საფასური, რადგან მისი დამზადებისას არ გამოყენებულა ის პროდუქტი (ნატურალური რძე), რომელზედაც მხარეები შეთანხმდნენ. შესამცირებელ თანხად მთლიანი პროდუქტის ღირებულებაზე პირველი კასატორის მითითება არასწორია. პალატა, კიდევ ერთხელ, მიუთითებს, რომ ნივთობრივი ნაკლის არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებლი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობას არ წარმოშობს. ფასის შემცირება იწვევს ნასყიდობის შეთანხმებული ფასის ცვლილებას - არა ანაზღაურებაზე სრულად უარს. სსკ-ის 492-ე მუხლის თანახმად, მყიდველი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად, ანუ ფასი უნდა შემცირებულიყო იმ ნაკლის პროპორციულად რამდენითაც ამცირებდა ნაკლი პროდუქტის ღირებულებას. პალატა განმარტავს, რომ ფასი მცირდება იმ ფარგლებით, რამდენითაც გამყიდველმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში, ურთიერთსაპასუხო შესრულებათა გათანაბრება ხდება და არა - ანაზღაურებაზე სრულად უარი (შდრ. ს. ჩაჩავა, სსკ-ის კომენტარი, მუხლი 492, ელ.მისამართი - gccc.ge).
35. პირველმა კასატორმა მისთვის მიწოდებული პროდუქტის - კარაქის ღირებულების ანაზღაურების ნაწილშიც ნაკლიანი შესრულების საფუძვლით უარი განაცხადა. მისი მტკიცებით, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, მიეწოდებინა არანაკლებ 80% ცხიმის შემცველობის კარაქის გამოყენებით, თუმცა, ფაქტობრივად გამოიყენა ისეთი პროდუქტი, რომელშიც ცხიმიანობა დაშვებულ იქნა +/_ 0.5%-იანი ცდომილების ალბათობით 80%-იან მაჩვენებელზე. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ისეთი პროდუქტის გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება არც კანონმდებლობით დადგენილ და არც ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს, ვერ ანაზღაურდება. პალატა არ იზიარებს პირველი კასატორის ამ პრეტენზიას და მიუთითებს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით მოსარჩელეს მოპასუხეთათვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია. უდავოა, რომ მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5). ამ მოცემულობასა და საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი, ვრცელდება პრეზუმფცია, რომ პროდუქტის თვისებები შეესაბამება მის ეტიკეტზე არსებულ ინფორმაციას.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარე მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს სათანადოდ ვერ შეედავა და მისი როგორც შესაგებელი, ისე საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოპასუხეებს მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდათ (შდრ.სუსგ №ას-596-2020; 29.10.2020წ. სუსგ №ას-174-2020; 17.06.2020წ. სუსგ №ას-108-2020; 03.06.2020წ.).
37. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ასევე დაუსაბუთებელია პირველი კასატორის მითითება პირგასამტეხლოს ნაწილში ურთიერთმოთხოვნათა გაქვითის მიზნით თანხის დაკავების მართლზომიერების შესახებ (იხ. საკასაციო საჩივრის პრეტენზია). დადგენილია, რომ მყიდველმა მიწოდებული პროდუქციის თანხა სრულად არ გადაიხადა, კერძოდ, არ გადაიხადა დეკემბერში მიწოდებული პროდუქტის საფასური. მესამე და მეხუთე მოპასუხეს დაეკისრათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული და სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო სრულად, ხოლო პირველი, მეორე და მეოთხე მოპასუხესთან მიმართებით სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მიიჩნია და, სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, შეამცირა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა არ იკვეთება.
38. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება პირველი კასატორის მითითება ვერც იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები უკავშირდებოდა ბავშვთა კვებას და არ იქნა დაცული არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავა სწორად გადაწყდა წინამდებარე განჩინებაში მითითებული ნორმების საფუძველზე, ხოლო საქმის განხილვისას ბავშვთა უფლებების კონვენციის გამოყენების საჭიროება კი, პირველმა კასატორმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა.
39. მოსარჩელის მეორე მოთხოვნა საბანკო გარანტიის (სსკ-ის 879-ე მუხლი - საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) ურთიერთობიდან გამომდინარეობს, კერძოდ, იგი მოითხოვს მოპასუხეთათვის იმ თანხის დაკისრებას, რაც პრინციპალმა გარანტს რეგრესის წესით გადაუხადა. მოსარჩელის განმარტებით, მან, მართალია, არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, თუმცა ნაკლიანი შესრულების შედეგად, მისი უმნიშვნელო ხასიათიდან გამომდინარე, მოპასუხეებს ზიანი არ მისდგომიათ. ამის მიუხედავად, ბენეფიციარებმა გარანტისაგან მაინც გამოითხოვეს საგარანტიო თანხა.
40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო გარანტიის მოთხოვნის წარდგენის წინაპირობა ვალდებულების დარღვევის შედეგად ბენეფიციარისათვის ზიანის მიყენება არ არის. უფრო მეტიც, ბენეფიციარი, საგარანტიო თანხის მოთხოვნისას, გარანტორის წინაშე არაა ვალდებული, დაასაბუთოს პრინციპალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ან არაჯეროვანი შესრულების უტყუარობა. ბენეფიციარის მოთხოვნა მოწმდება მხოლოდ საგარანტიო პირობებთან შესაბამისობის კუთხით, პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის სახისა და ხარისხის კვლევა გარანტის მხრიდან გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გარანტიით შეთანხმებული მოთხოვნის ან თანდართული დოკუმენტების წარდგენის პირობების დაცვის კვლევის ფარგლებში - ანუ ფორმალური სახით (დოკუმენტების გარეგნული შესაბამისობის დადგენა). სწორედ ამიტომ უწოდებენ კომერციულ პრაქტიკაში საბანკო გარანტიას ე.წ. დოკუმენტურ ოპერაციას (იხ. სუსგ №ას-782-739-2015, 19.10.2015წ.). გარანტის მიერ საგარანტიო თანხის გადახდა არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებას და ამის გამო ბენეფიციარს არ სჭირდება ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცება. ამაშიც ვლინდება გარანტიის დამოუკიდებელი და აბსტრაქტული ბუნება: ის არ არის დამოკიდებული არც ზიანის დადგომაზე და არც სხვა მატერიალურ დანაკარგებზე, რომლებიც შეიძლება კრედიტორს ძირითადი ვალდებულების დარღვევით მიადგეს. თვით ფაქტი საგარანტიო შემთხვევის დადგომისა, მაგალითად, უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობა, მიუხედავად იმისა, მოჰყვა ამას ზიანი თუ არა, საკმარისია გარანტისაგან გადახდის მოთხოვნისათვის (ლ.ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი, 2012, გვ. 220). საბანკო გარანტიის გამოუთხოვად და არააქცესორულ ბუნებასთან დაკავშირებით ასევე იხილეთ სუსგ-ები: ას-1633-2019; 9.03.2020; ას-562-871-09; 20.10.2009; ას-950-886-2017; 3.11.2017.
41. მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 14 სექტემბერს ბანკმა, სსკ-ის 880.1 მუხლის შესაბამისად, გამყიდველის მიერ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გასცა გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, რომლითაც გარანტმა (ბანკმა), პრინციპალის (გამყიდველის) თხოვნით, იკისრა წერილობითი ვალდებულება, პრინციპალის კრედიტორისთვის (ბენეფიციარისთვის) გადაეხადა ფულადი თანხა, გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. რაკი შესრულების გარანტია პრინციპალის მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან შესრულებას უზრუნველყოფდა, ხოლო დადგენილია რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად (მოპასუხეებს მიაწოდა პროდუქტი ყველი, რომელიც ნაცვლად შეთანხმებით განსაზღვრული პასტერიზებული რძისა, დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან), ბენეფიციარებმა სათანადო მოთხოვნა წარუდგინეს გარანტს, ამ უკანასკნელმა კი, საგარანტიო თანხა მოპასუხეებს გადაუხადა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ გარანტის მიერ ბენეფიციარებისათვის გადახდილი თანხის მოპასუხეთათვის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
42. რაც შეეხება მყიდველთა შეგებებულ სარჩელს, რომლითაც ისინი 121 747.3 ლარის (ჯამურად), როგორც უსაფუძვლოდ გადახდილის, უკან დაბრუნებას მოითხოვდნენ, პალატა მიუთითებს, რომ, რაკი სსკ-ის 477.2 მუხლის შესაბამისად დადგინდა მიწოდებული პროდუქციის მყიდველთა მიერ ანაზღაურების ვალდებულება, შეგებებულ მოთხოვნას უკვე ანაზღაურებული თანხის გამოთხოვის შესახებ, საფუძველი გამოეცალა.
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.
44. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
45. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
46. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ №ას-476-2020, 27.10.2021 წ. №ას-596-2020; 29.10.2020წ. სუსგ №ას-174-2020; 17.06.2020წ. სუსგ №ას-108-2020; 03.06.2020წ.).
47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
48. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პირველ მოპასუხეს დაუბრუნდება 2018.25 ლარის 70% - 1412.77 ლარი, მეორე მოპასუხეს დაუბრუნდება 2281.40 ლარის 70% - 1596.98 ლარი, მესამე მოპასუხეს დაუბრუნდება 1532.90 ლარის 70% - 1073.03 ლარი, მეოთხე მოპასუხეს დაუბრუნდება 3105 ლარის 70% - 2173.5 ლარი, მეხუთე მოპასუხეს დაუბრუნდება 1678.13 ლარის 70% - 1174.69 ლარი, მეორე კასატორს დაუბრუნდება 1500 ლარის 70% - 1050 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ააიპ „თბილისის №? საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის №? საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის №? საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის № ? საბავშვო ბაგა-ბაღის“, ააიპ „თბილისის №? საბავშვო ბაგა-ბაღის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს „ე–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
3. ააიპ „თბილისის №? საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2018.25 ლარის (საგადახდო დავალება 1 / გადახდის თარიღი 23.10.2020), 70% - 1412.77 ლარი;
4. ააიპ „თბილისის №? საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2281.40 ლარის (საგადახდო დავალება 1603471549 / გადახდის თარიღი 23.10.2020), 70% - 1596.98 ლარი;
5. ააიპ „თბილისის №? საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1532.90 ლარის (საგადახდო დავალება 0 / გადახდის თარიღი 26.10.2020), 70% - 1073.03 ლარი;
6. ააიპ „თბილისის №? საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3105 ლარის (საგადახდო დავალება 0 / გადახდის თარიღი 23.10.2020), 70% - 2173.5 ლარი;
7. ააიპ „თბილისის №? საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1678.13 ლარის (საგადახდო დავალება 1603435797 / გადახდის თარიღი 23.10.2020), 70% - 1174.69 ლარი;
8. შპს „ე–ს“ (ს/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1500 ლარის (საგადახდო დავალება 2 / გადახდის თარიღი 30.04.2020), 70% - 1050 ლარი;
9. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე