საქმე №ას-964-2020 26 იანვარი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ა.კ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - იმა „ბ. ?“-ის წევრები ნ.გ–ვა (თავმჯდომარე), გ.ბ–ი, ა.ბ–ი, ზ.გ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა.კ–მა (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ბ. ?“-ის (შემდგომ - ამხანაგობა) წევრების - ნ.გ–ვას (თავმჯდომარე, პირველი მოპასუხე), ა.ბ–ის (შემდგომ - მეორე მოპასუხე), ზ.გ–ძისა (შემდგომ - მესამე მოპასუხე) და გ.ბ–ის (შემდგომ - მეოთხე მოპასუხე, ასევე ერთობლივად მოხსენიებულნი როგორც მოპასუხეები) მიმართ 5 000 აშშ დოლარის დაკისრებისა და ამხანაგობის სახელზე რიცხული თბილისში, ბ.ს ქუჩა 53-ში, მე-10 სართულზე მდებარე №32 ბინის (საკადასტრო კოდი ....) მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვის მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. 2007 წლის 10 ივლისს კ.პ–სა (შემდგომ - მამკვიდრებელი) და ამხანაგობას შორის დაიდო უძრავი ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მამკვიდრებელმა თავის საკუთრებაში არსებული თბილისში, ბ.ს ქუჩა 53-ში მდებარე 26 კვ.მ ამხანაგობას გადასცა, რის სანაცვლოდაც, ამხანაგობამ გადაცემულის დანგრევისა და ახალი შენობა-ნაგებობის აშენების ვალდებულება იკისრა, სადაც მამკვიდრებლის ინდივიდუალურ საკუთრებად განისაზღვრა 61 კვ.მ ბინა. ამხანაგობამ მამკვიდრებლისათვის ყოველთვიური ქირის - 200 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება მასზე გადასაცემი ბინის ჩაბარებამდე იკისრა.
3. ამხანაგობამ დაიწყო მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა, მაგრამ ვერ დაასრულა. ამასთანავე, ამხანაგობას მამკვიდრებლისათვის ყოველთვიური ბინის ქირა - 200 აშშ დოლარი არ გადაუხდია. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2015 წლის 28 მაისს. მისი უფლებამონაცვლე კი, 2015 წლის 30 ნოემბრის სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მოსარჩელე გახდა. 2017 წლის 10 ივლისს ამხანაგობასა და მოსარჩელეს შორის დაიდო დამატებითი შეთანხმება, რომლის თანახმადაც ამხანაგობის თავმჯდომარემ ამხანაგობის სახელით აიღო ყოველთვიური ბინის ქირის - 200 აშშ დოლარის გადახდისა და მოსარჩელისთვის 61 კვ.მ უძრავი ქონების გადაცემის ნაცვლად, ამავე კორპუსში მე-14 სართულზე 75 კვ.მ ფართის გადაცემის ვალდებულება. ამავე შეთანხმებით, ამხანაგობამ დაადასტურა, რომ ბინის ქირა ყოველთვიური 200 აშშ დოლარი გადასახდელი აქვს 2016 წლის მარტიდან, შესაბამისად, მოპასუხეთა მიერ გადასახდელი ქირა 5 000 აშშ დოლარია.
4. მოსარჩელის მითითებით ამჟამად აშენებულია მხოლოდ კორპუსის 11 სართული, მშენებლობა შეჩერებულია უსახსრობის გამო. მოპასუხემ საჯარო რეესტრს წარუდგინა და დაარეგისტრირა კორპუსში არსებული ფართების განშლის სქემა, რომლის თანახმადაც დგინდება, რომ ბინების ნაწილი გაყიდულია ამხანაგობის მიერ. შესაბამისად, მოპასუხის უმოქმედობის გამო, არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ მან არ შეასრულოს ვალდებულება, რის შედეგადაც მოსარჩელე დარჩება უძრავი ქონების გარეშე. შესაბამისად, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს სხვა სართულზე მდებარე უძრავი ქონება, კერძოდ, მე-10 სართულზე მდებარე ბინა №32 (საკადასტრო კოდი .......), რომელიც საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული განშლის თანახმად არ არის რეგისტრირებული მესამე პირის სახელზე და კვლავ ირიცხება ამხანაგობის საკუთრებად.
მოპასუხეების შესაგებელი
5. ამხანაგობის თავმჯდომარემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ამხანაგობა მამკვიდრებელს ბინის ქირას ყოველთვიურად უხდიდა, რის გამოც, მოსარჩელე აღარ არის უფლებამოსილი მოითხოვოს ქირის გადახდა. რაც შეეხება უძრავი ქონების გადაცემის შესახებ მოთხოვნას, ამხანაგობა გეგმავს მშენებლობის დასრულებას, შესაბამისად, მოსარჩელე უძრავ ქონებაზე საკუთრებას მიიღებს მშენებლობის დასრულების შემდეგ.
6. მეორე მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, მას მონაწილეობა არ მიუღია ხელშეკრულების დადებისას და, შესაბამისად, არ არის ინფორმირებული მოსარჩელის მიმართ რაიმე შესასრულებელი ვალდებულების თაობაზე. სადავო მისამართზე მდებარე სახლი 2007 წელს დაინგრა ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად. მიწის მესაკუთრეები ფორმალურად აირჩნენ ამხანაგობის დამფუძნებლებად, ვინაიდან უნდა დაწყებულიყო კორპუსის მშენებლობა. ბინებს ყიდის და თანხას იღებს თავმჯდომარე, ხოლო თავად ფორმალურადაა ამხანაგობის წევრი. აღნიშნული დასტურდება იმითაც, ამხანაგობის დაფუძნების ხელშეკრულებით, ყველა უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სწორედ თავმჯდომარეს.
7. შესაგებელი წარადგინა მესამე მოპასუხემაც. მან სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ არის ინფორმირებული სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - მოპასუხეებს დაეკისრათ 5 000 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ; სასარჩელო მოთხოვნა ამხანაგობის სახელზე რიცხული თბილისში, ბ.ს ქუჩა 53-ში, მე-10 სართულზე მდებარე №32 ბინის (საკადასტრო კოდი .....) მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
9. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ და მეორე მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მეორე მოპასუხის მითითება, რომ ამხანაგობის თავმჯდომარემ 2017 წლის 10 ივლისის ხელწერილში მითითებული ვალდებულება ამხანაგობის წევრებისაგან დამოუკიდებლად იკისრა, რის გამოც მითითებული ხელწერილი არ შეიძლება განხილული იქნას ამხანაგობისათვის ვალდებულების წარმომშობ დოკუმენტად. პალატამ მიუთითა, რომ მეორე მოპასუხე, 2007 წლის 19 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე, ამხანაგობის დამფუძნებელი წევრი იყო. შესაბამისად, მას კონტრაჰენტის სტატუსი წარმოეშვა ამხანაგობის დაფუძნებისას, ერთობლივი საქმიანობის მონაწილეა და წინამდებარე სარჩელზე, სხვა მოპასუხეებთან ერთად, ვალდებულ პირი იყო.
12. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა არც მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის პრეტენზია ბინის გადაცემაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების უმართებულობის თაობაზე და მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს სსკ-ის 398-ე მუხლის შესაბამისად არ ჰქონიათ ხელშეკრულების ახალი გარემოებებისადმი მისადაგების მცდელობა. შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების მიმართ არ არსებობს მეორე მხარის (ამხანაგობის) თანხმობა, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ნორმის წინაპირობების არსებობის საფუძვლით. პალატამ განმარტა, რომ ამ შემთხვევაში, მოსარჩელეს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფლება ჰქონდა გასულიყო ხელშეკრულებიდან და ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება მოეთხოვა.
13. პალატამ განმარტა, რომ სხვა შესრულების მიღება კრედიტორის უფლებაა, რაც მოვალის მხრიდან მიღებული შეთავაზებაზე დათანხმებას ნიშნავს. ე.ი. სსკ-ის 428-ე მუხლის კონტელაცია გულისხმობს 2 იურიდიული მნიშნელობის მოქმედებას - თავდაპირველად მოვალის მიერ კრედიტორისათვის სხვა შესრულების შეთავაზებას, და ამის შემდგომ კრედიტორის თანხმობას სხვა შესრულების მიღებაზე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ისე ითხოვდა სხვა უძრავი ნივთის გადაცემას მოპასუხისაგან, რომ მოვალე (მოპასუხე) არ იყო თანახმა ამ ნივთის გადაცემაზე. ამდენად, მხარეთა შორის არც წერილობითი და არც ზეპირი ფორმით ასეთი შეთანხმების არსებობა არ დგინდებოდა, რაც გამორიცხავდა სასარჩელო მოთხოვნის მიმართ ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენების წინაპირობების არსებობას და ამ თვალსაზრისითაც სასარჩელო მოთხოვნა უპერსპექტივო იყო.
14. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ სადავო მისამართზე მე-10 სართულზე მდებარე ბინა №32 არ იყო განსახილველი სარჩელის უზრუნველყოფის საგანი. მოპასუხე მხარის განმარტებით, ამ ბინას ამჟამად სხვა მესაკუთრე ჰყავს, რომელმაც სააპელაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება იმის შესახებ, რომ სადავო ბინა მას ეკუთვნის და იგი ამჟამად მითითებულ ბინაში ცხოვრობს. განცხადებას ერთვის ამხანაგობის თავმჯდომარესა და მესაკუთრეს შორის დადებული წილის გასხვისების შესახებ ხელშეკრულება. ამ გარემოების საპირისპიროდ აპელანტს არ წარუდგენია მტკიცებულება, რომ დავის საგანი მოცემულ მომენტში ამხანაგობის საკუთრება იყო, რაც პალატამ სააპელაციო საჩივრის დაუსაბუთებლად მიჩნევის დამატებით საფუძვლად მიუთითა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
15. ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
16. კასატორის მტკიცებით, მამკვიდრებელსა და ამხანაგობას შორის დადებული ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული, თუ რომელ სართულზე გადაეცემოდა შემკვეთს ბინა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია, ბინა მე-10 სართულზე მოითხოვოს.
17. რაც შეეხებ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელესა და ამხანაგობას შორის გაფორმებულ დამატებით შეთანხმებას, მართალია მასში განისაზღვრა, რომ მოსარჩელე მე-14 სართულზე მიიღებდა ბინას, თუმცა ნაკისრი ვალდებულება არათუ არ შესრულებულა, არამედ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მომავალშიც არ შესრულდება და კასატორი დარჩება ბინის გარეშე. მოპასუხემაც დაადასტურა, რომ მხოლოდ 11 სართულია აშენებული და უსახსრობის გამო ვერ ააშენებს დანარჩენ სართულებს. ამდენად, უდავოა რომ გარემოებები შეიცვალა, თუმცა ეს არ არის მოპასუხის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოსარჩელე შეცვლილი გარემოებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია, მოითხოვოს ეკვივალენტური ვალდებულების შესრულება. ამასთან, შეცვლილი გარემოება მოსარჩელის კონტროლს მიღმაა. ამდენად, შეცვლილი გარემოებისადმი ხელშეკრულების მისადაგება სასამართლო გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს.
18. მოსარჩელემ მოითხოვა მე-10 სართულზე ბინა №32-ის გადაცემა, ვინაიდან მხოლოდ ეს ბინა დარჩა თავისუფალი, დნარჩენი ბინები ამხანაგობის მევალეებმა დაიკავეს. მოპასუხის განცხადებით, ეს ბინა ეკუთვნის სხვა ფიზიკურ პირს, თუმცა განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად დასტურდება, რომ ბინა ირიცხება ამხანაგობის სახელზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
19. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
22. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
23. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
24. მოცემულ შემთხვევაში, ამხანაგობასა და მოსარჩელეს შორის ურთიერთობა ნარდობითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს (სსკ-ის 629-ე მუხლი). მენარდემ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი, კერძოდ კი, თბილისში, ბ.ს ქუჩა 53-ში, მე-14 სართულზე 75 კვ.მ ფართის გადაცემის ვალდებულება ვერ შეასრულა, სადავო არ არის.
25. მოსარჩელემ მოითხოვა ხელშეკრულებით განსაზღვრული საგნის ნაცვლად სხვა საგნის მიკუთვნება, კერძოდ, იგი მოითხოვს თბილისში, ბ.ს ქუჩა 53-ში, მე-14 სართულზე მდებარე 75 კვ.მ-ის ნაცვლად იმავე საცხოვრებელ კორპუსში მე-10 სართულზე №32 ბინის გადაცემას. ფაქტობრივად მოსარჩელე მოითხოვს სხვა შესრულების მიღებას.
26. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა შემკვეთს წარმოუშობს შესაბამის მოთხოვნებს, თუმცა არა - შეთანხმებულის ნაცვლად სხვა შერსრულების მოთხოვნის უფლებას. ვალდებულების თავდაპირველი შესრულების სანაცვლო შესრულებით ვალდებულების შეწყვეტისათვის საჭიროა ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთმფარავი ნება. შესაბამისად, მოვალის მიერ სხვა შესრულების შეთავაზების ვალდებულება არც სსკ-ის 428-ე მუხლიდან და არც სხვა ნორმიდან არ გამომდინარეობს. შესაბამისად, შეპირებულის მაგივრად სხვა შესრულების (aliud) მოთხოვნას, მოცემულ შემთხვევაში, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
27. მოთხოვნის საფუძვლად კასატორი შეცვლილი გარემოებისადმი ხელშეკრულების მისადაგებას მიუთითებს (სსკ-ის 398-ე მუხლი), კერძოდ, მოსარჩელის მოსაზრებით, რაკი 14-სართულიანი მრავალბინიანი სახლის ნაცვლად აშენდა 11 სართული და თანხის უქონლობის გამო, ამხანაგობა დარჩენილ სამ სართულს ვეღარ აშენებს, მას ბინა სხვა სართულზე უნდა გადაეცეს. მოსარჩელე, ფაქტობრივად, შეცვლილ გარემოებად მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას ასახელებს, რადგან მე-14 სართულზე ბინის გადაცემა ამხანაგობის პირდაპირი მოვალეობა იყო, რომელიც ვერ შეასრულა. პალატა მიუთითებს, რომ თავად ვალდებულების შეუსრულებლობა „შეცვლილ გარემოებად“ ვერ მიიჩნევა და განმარტავს, რომ ნორმა განამტკიცებს შემთხვევას, როდესაც მხარეს ხელშეკრულების უცვლელი პირობებით დაცვა არ შეიძლება მოეთხოვოს, რადგან გარემოებები, რომელიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, შეიცვალა ან მხარეებმა ხელშეკრულება დაუკავშირეს წარმოდგენას, რომელიც შემდგომში არასწორი აღმოჩნდა. ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, „გარიგების საფუძვლის დარღვევის“ წინაპირობები შესრულებულად რომ ჩაითვალოს საჭიროა შემდეგი გარემოებების არსებობა: ხელშეკრულების დადების შემდგომ გარემოებები უნდა შეიცვალოს არსებითად; ეს გარემოებები უნდა იყოს ხელშეკრულების დადების საფუძველი; თუ ხელშეკრულების მხარეები ამ ცვლილებას გაითვალისწინებდნენ, არ დადებდნენ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით; ხელშეკრულების შეუცვლელად ძალაში დატოვება მიუღებელი უნდა იყოს ხელშეკრულების ერთი მხარისათვის ცალკეული შემთხვევის ყველა გარემოების გათვალისწინებით (შდრ. იხ: იან კროპჰოლერი, გსკ-ის კომენტარი, თბილისი, 2014 წ., გვ. 217). მოცემულ შემთხვევაში, არ ვლინდება შედეგის განმაპირობებელი პირველივე წინაპირობა - ხელშეკრულების დადების შემდგომ გარემოებების შეცვლა. სსკ-ის 398.1 მუხლის შინაარსის მიხედვით, გამოვლენილი უნდა იყოს ისეთი ობიექტური საფუძვლის მოშლა, როდესაც ხელშეკრულების დადების დროს მხარეთა ნება ეფუძნება ერთი მხარის წარმოდგენებს, რომლებიც ცნობილი იყო მეორე მხარისათვის და გაპროტესტების გარეშე იქნა მიღებული ან მხარეთა ნება ემყარება ორივე მხარის ერთობლივ წარმოდგენებს გარკვეული გარემოებების არსებობის ან მომავალში წარმოშობის შესახებ. ხელშეკრულების მისადაგების საფუძველი შესაძლოა, გახდეს მხოლოდ ის მცდარი წარმოდგენები, რომლებიც საერთო რისკის სფეროს მიეკუთვნება. შესაბამისად, გასათვალისწინებელია, რომ ცვლილების გამომწვევი ფაქტორები ან თავად ცვლილება მოვალის რისკის სფეროს არ უნდა მიეკუთვნებოდეს (გ. ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 398). ამდენად, შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგება ხდება როდესაც მისი შესრულება გართულდა ანდა შეუძლებელი გახდა რაიმე გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო, რომელზედაც არცერთი მხარე არ არის პასუხისმგებელი.
28. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, ვალდებულების შესრულებლობაზე - მოსარჩელისათვის მრავალბინიანი სახლის მე-14 სართულზე ბინის გადაცემაზე, პასუხისმგებელი იყო ამხანაგობა (მისი დამფუძნებელი წევრები) და ამ ვალდებულების შეუსრულებლობა შეცვლილ გარემოებად ვერ განიხილება. ამასთან, მართალია, მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებისადმი მისადაგებით დაინტერესებული მხარე კრედიტრია, ხოლო მოთხოვნის ადრესატი მოვალე, რომელიც ვერ ასრულებს ვალდებულებას (მისადაგების მოთხოვნის ადრესატის ბრალი გარემოებათა ცვლილებაში დამატებითი არგუმენტია დაინტერესებული მხარის ხელში - გ. ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 398, გვ. 621), თუმცა, მიუხედავად ამისა, პალატა მიიჩნევს, რომ არ იკვეთება სსკ-ის 398-ე მუხლის წინაპირობები. ამასთან, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტი „შეცვლილი გარემოება“ რომც ყოფილიყო, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მისადაგებაზე მეორე მხარის თანხმობის არარსებობის გამო, მოსარჩელეს, სსკ-ის 398.3 მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების მისადაგება შეუძლებელიცაა, რადგან როგორც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ბინა ამხანაგობას გასხვისებული აქვს.
29. რაც შეეხება მოპასუხის შესაგებელს, რომელიც ვალდებულების შესრულების შეუძლებლობაზე უსახსრობის საფუძვლით აპელირებს, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა გულისხმობს ნამდვილ (ობიექტურ და სუბიექტურ) და არა ფაქტობრივ შეუძლებლობას. ფინანსური სახსრების უქონლობა არ იწვევს ვალდებულებისაგან გათავისუფლებას შესრულების შეუძლებლობის საფუძვლით („Geld muss man haben”). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, არ ვლინდება ხელშეკრულების შესრულების შეუძლებლობის წინაპირობები და ამხანაგობა ვალდებულია, მოსარჩელის წინაშე აღებული ვალდებულება შეასრულოს.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.
31. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
33. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
34. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-54-2021, 30 ნოემბერი, 2021 წელი; №ას-1076-996-2017, 19 აპრილი, 2019 წელი)
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე
35. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 575 ლარის 70% – 402.5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.კ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. ა.კ–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე რ.ა–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარისა (საგადასახადო დავალება №0 / გადახდის თარიღი 07.10.2020) და 275 ლარის (საგადასახადო დავალება №0 / გადახდის თარიღი 29.10.2020) 70% - 402.5 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე