Facebook Twitter

საქმე №ას-390-2020 20 იანვარი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორი - ააიპ „თბილისის №? საბავშვო ბაგა-ბაღი” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე–ი“ (მოსარჩელე)

II კასატორი - შპს „ე–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ააიპ „თბილისის №? საბავშვო ბაგა-ბაღი” (მოპასუხე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე (მოპასუხის მხარეს) – სსიპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინება

I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ე–მა“ (შემდგომ - გამყიდველი, მოსარჩელე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ააიპ „თბილისის №? საბავშვო ბაგა-ბაღის“ (ა(ა)იპ „ქ. თბილისის №? ლოგოპედიური საბავშვო ბაგა-ბაღის“ უფლებამონაცვლე), (შემდგომ - მყიდველი, ბაგა-ბაღი, მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი) მიმართ 30 298.65 ლარის, პირგასამტეხლოს - 2310 ლარისა და საბანკო გარანტიის - 5138 ლარის გადახდის მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები

2. ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საფუძველზე, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 14 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა 669 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის სამჯერადი კვებისა და კვებითი მომსახურების გაწევის ვალდებულება 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით. მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიუხედავად, მოპასუხემ უარი განაცხადა 2017 წლის დეკემბერში გაწეული მომსახურების დადასტურებასა და თანხის - 30 298.65 ლარის ანაზღაურებაზე. გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო - 2310 ლარი. ხელშეკრულების თანახმად, იმისათვის, რათა თავიდან აცილებულიყო გამყიდველის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკი, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის (სახელშეკრულებო ღირებულების 3% - 5138 ლარის ოდენობით), გაფორმების ვალდებულება შეთანხმდა. რაკი მოპასუხეს ზიანი არ მისდგომია, მან მოსარჩელეს უნდა დაუბრუნოს გარანტის მიერ მისთვის გადახდილი 5138 ლარი.

მოპასუხის შესაგებელი

3. მოსარჩელე კვებითი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში ვალდებულებას არსულებდა არასათანადო ხარისხის მქონე სურსათის (ყველი, კარაქი) გამოყენებით, რის გამოც მან არსებითად დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შესაბამისად, არ წარმოშობილა მოსარჩელისათვის მომსახურების გაწეულად მიჩნევის ვალდებულება და არ შექმნილა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წინაპირობა. ეს გარემოება გამორიცხავს პირგასამტეხლოსა და საბანკო გარანტიის თანხის დაკისრებასაც.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს გაწეული მომსახურების ღირებულების - 30 298,65 ლარისა და პირგასამტეხლოს - 2310 ლარის, გადახდის ვალდებულება დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მიმართ საბანკო გარანტიის თანხის - 5138 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა. მოსარჩელემ სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ყველის მიწოდების ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა. ხელშეკრულებებით მხარეთა შორის მისაწოდებელი ყველის მახასიათებლები დეტალურად გაიწერა, რომელსაც მიწოდებული პროდუქცია ვერ აკმაყოფილებდა. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით მოსარჩელეს პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი უნდა მიეწოდებინა. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ ბაგა-ბაღებისთვის მიწოდებული პროდუქტი, რომელიც ეტიკეტირებული იყო „იმერულის“ სახელწოდებით, აღდგენილი რძისგან იყო დამზადებული.

8. პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების ფარგლებში ბაგა-ბაღს შეთანხმებული საქონელი (განსხვავებული მახასიათებლების) მიაწოდა, ამ უკანასკნელს კი, შეთანხმებული ფასი არ გადაუხდია. უდავო იყო ისიც, რომ ბაგა-ბაღმა კომპანიის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „იმერული“ მიიღო და დანიშნულებისამებრ გამოიყენა. ბაგა-ბაღს კომპანიისთვის სსკ-ის 490-ე, 491-ე და 492-ე მუხლების შესაბამისად, არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და არც ამ მიზეზით ხელშეკრულების მოშლა მოუთხოვია. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ შემკვეთს მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა და მხოლოდ მეორადი მოთხოვნის - არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის წარდგენა შეეძლო. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, შესრულების ნაკლი იმდენად უმნიშვნელოა ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით, რომ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად მისი განხილვა სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

9. პალატამ მიიჩია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს - 2310 ლარის დაკისრების ნაწილში, ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით, მოპასუხის მიერ შესრულების მიღებისა და ზიანის არარსებობის პირობებში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.

10. სააპელაციო პალატამ დადგენილად არ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხესთან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სურსათი „კარაქი“, დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით ამ პროდუქტისათვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს არ შეესაბამებოდა. მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ასახული ინფორმაცია: ცხიმის შემცველობა 80% (+/-0,5), თავისთავად, არც ყველა და არც ზოგიერთ პროდუქტთან მიმართებით, არ ნიშნავდა, რომ ცხიმის შემცველობა 80%-ზე ნაკლები იყო. ხელშეკრულების დარღვევად კი, სწორედ ისეთი პროდუქტის მიწოდება ჩაითვლებოდა, რომელშიც ცხიმის დამტკიცებული შემცველობა 80%-ზე ნაკლები იქნებოდა. შესაბამისად, მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტზე დატანებული ინფორმაცია, მისი არსობრივი კვლევის გარეშე ხელშეკრულების დარღვევის უპირობო პრეზუმფციას არ ქმნიდა.

11. რაკი კომპანიის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება ერთ-ერთ მიწოდებულ პროდუქტთან (კარაქი) მიმართებით დადგინდა და საბანკო გარანტიაც გამოუხმობადი იყო და თავისი არსით, შემკვეთს არაჯეროვანი შესრულებისგანაც იცავდა, პალატამ მიიჩნია, რომ საბანკო გარანტიის თანხის მოპასუხისთვის დაკისრების ფაქტობრივ-სამათლებრივი საფუძვლები არ არსებობდა, რის გამოც მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებლად მიიჩნია.

I კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

12. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

13. ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო რძისგან დამზადებული ყველის გამოყენებით მომსახურების გაწევა, ეს პროდუქტი კი არ გამოყენებულა. შესაბამისად, ეს უნდა განიმარტოს ყველთან მიმართებით პროდუქტის გამოუყენებლობად, ანუ ვალდებულების შეუსრულებლობად. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს არ წარმოშობია კონკრეტულად „ყველის“ საფასურის გადახდის ვალდებულება.

14. სსკ-ის 495-ე მუხლის მეორე ნაწილი გამორიცხავს კასატორის პასუხისმგებლობას გონივრულ ვადაში პარამეტრებისაგან განსხვავებული პროდუქტის აღმოჩენაზე, რადგან მოსარჩელე შეგნებულად დუმდა სახელშეკრულებო ვალდებულების ნაკლიანი შესრულების თაობაზე. ამ ფაქტს ადასტურებს პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის წერილი, სადაც მითითებულია, რომ პროდუქტი მოსარჩელისათვის მიწოდების განმავლობაში მუდმივად მზადდებოდა აღდგენილი რძისა და ნაღების კარაქისაგან. ნაკლიანი შესრულების მიღება კი, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ნაკლიან შესრულებაზე დათანხმებად (ას-629-588-2017, 10.11.2017წ). ეს კი გულისხმობს იმას, რომ მოსარჩელე არ თავისუფლდება ნაკლიანი შესრულების პასუხისმგებლობისაგან. შესაბამისად, შესრულების მიღება არ წარმოადგენს ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველს.

15. სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა არა სახელშეკრულებო პრიზმიდან, არამედ ბავშვთა უფლებების უპირატესი ინტერესიდან, რადგან ხელყოფილ იქნა ბავშვთა ჯანსაღი კვების უფლება. შესაბამისად, დაირღვა ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია.

16. მხარეთა შორის არ ხორციელდებოდა საქონლის მიწოდება-შესყიდვა, არამედ მოსარჩელე მხარეთა მიერ წინასწარ განსაზღვრული პროდუქტით ამზადებოდა საკვებს და მოპასუხეს მიეწოდებოდა მზა კერძის სახით, ანუ მოპასუხე უშუალოდ პროდუქტს არ ეხებოდა. ეს გარემოება მნიშვნელოვანია ნაკლის აღმოჩენისა და მასზე პასუხისმგებლობის ჭრილში.

17. გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა ნაკლიანი შესრულებისას ღირებულების შემცირების უფლებაზე. ეს უფლება კასატორმა რეალურად გამოიყენა და ნაკლის ნაწილში ფასი შეამცირა, საუბრია სადავო პროდუქტების - ყველისა და კარაქის ღირებულების ანაზღაურების უარის თქმასა და უკვე ანაზღაურებულის უკან გამოთხოვაზე. ამ ორი პროდუქტის ნაწილში გამოვლინდა შეუსრულებლობით გამოწვეული ნაკლი. მოპასუხემ ნაკლის ღირებულებად მიიჩნია პროდუქტის შესაბამისი საფასური, რომელიც არ გამოყენებულა მომსახურების გაწევისას. ამ არგუმენტით, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მიზნით, დაკავებულ იქნა დეკემბრის ანაზღაურება ნაკლიანი შესრულებით გამოწვეული ზედმეტად, ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის უკან დაბრუნებამდე.

18. არსებული სახით სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში, კონტრაქტორის მიერ ხელშეკრულების პირობების თვითნებურად ცვლილების შემთხვევაში შემსყიდველი მაინც ვალდებული იქნება, აანაზღაუროს შესრულება ღირებულების დაუდგენლად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხარეებს შორის სადავო არ ყოფილა იმ მიწოდების რეალური ღირებულება, რომელიც მოსარჩელემ თვითნებურად შეცვალა, არამედ სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა სახელშეკრულებო ღირებულების ანაზღაურებაზე, რომელიც გათვალისწინებული იყო რძისგან დამზადებული და არა - აღდგენილი რძის პროდუქტისათვის. გაუგებარია, სააპელაციო სასამართლომ რატომ არ იმსჯელა რძისა და აღდგენილი რძის ღირებულების განსხვავებულობაზე და დააკმაყოფილა რძისგან დამზადებული ყველის ღირებულების მოთხოვნა, როდესაც თავად დაადგინა, რომ ეს პროდუქტი არ გამოყენებულა. რეალურ შესრულებასა და მის ღირებულებაზე კი, სასამართლოს არ უმსჯელია.

19. მოსარჩელემ აიღო ვალდებულება მოპასუხისათვის მიეწოდებინა კარაქი არანაკლებ 80% ცხიმით, თუმცა მიაწოდა პროდუქტი, რომელშიც ცხიმიანობა იყო +/-0.5, შესაბამისად, მან დაუშვა ბავშვთა კვებაში ისეთი პროდუქტის გამოყენება, რომელიც იმთავითვე ითვალისწინებდა, რომ პროდუქტი შესაძლოა, არ ყოფილიყო არათუ შეთანხმებული ხარისხის, არამედ საერთოდ - საკანონმდებლო აქტით დადგენილი „კარაქი“.

20. მოპასუხემ არათუ თანხის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა, არამედ მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის უფლებით ისარგებლა. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მოპასუხეს ეს უფლება არ აქვს, მაშინ იგი დაუყოვნებლივ აუნაზღაურებს მოსარჩელეს თანხას. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე არ შეიძლება, მოპასუხეს დაუდგინდეს სანქცია და დაეკისროს პირგასამტეხლო.

II კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოსარჩელემაც წარადგინა. მან გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

22. კასატორის მტკიცებით, ბაგა-ბაღების სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიის ხელშეკრულება ვალდებულების შესრულების გარანტიას წარმოადგენდა, რომელიც არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირებასაც წარმოადგენს. მოსარჩელის მიერ ვალდებულების ნაკლიანი შესრულების შედეგად მისი უმნიშვნელო ხასიათიდან გამომდინარე მოპასუხეს ზიანი არ მისდგომია. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, თუ ვალდებულების დარღვევა თავისი არსით უმნიშვნელოა და რეალურად მხარეს ზიანი არ მისდგომია, არ არსებობს საბანკო გარანტიის გამოთხოვის დასაბუთებული წინაპირობები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

23. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

26. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

27. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

28. მიწოდებული პროდუქციის საფასურის სრულად გადახდისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 477.2 (მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებს ეფუძნება.

29. დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთელი პერიოდის განმავლობაში (2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით) მოპასუხე იღებდა მოსარჩელის მიერ მიწოდებულ პროდუქტს (ყველი და კარაქი) და დანიშნულებისამებრ იყენებდა.

30. მოპასუხე მიწოდებული პროდუქტის ანაზღაურებაზე უარის საფუძვლად არაჯეროვან, კერძოდ კი, ნაკლიან შესრულებაზე მიუთითებს - ნაცვლად ხელშეკრულებით შეთანხმებული ნატურალური რძისა, მიწოდებული ყველი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან, რასაც არც მოსარჩელე არ უარყოფს. კასატორს მიაჩნია, რომ რძისგან დამზადებული პროდუქტის თვითნებური ჩანაცვლება აღდგენილი რძისგან დამზადებული პროდუქტით, წარმოადგენს ხელშეკრულების იმგვარ დარღვევას, რომელიც უთანაბრდება ვალდებულების შეუსრულებლობას. შესაბამისად, მყიდველის მხრიდან კონკრეტულად „ყველის“ საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა.

31. საფასურის გადახდის ვალდებულების არ არსებობის შესახებ კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 487-489-ე მუხლების შესაბამისად, გამყიდველი ვალდებულია, მყიდველს გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამ მოვალეობათა დარღვევა მოსარჩელეს წარმოუშობს შესაბამის მოთხოვნებს, თუმცა ნაკლიანი შესრულება მიღებული პროდუქციის ანაზღაურებაზე უარის საფუძველი არ არის. შესაბამისად, მოპასუხის შესაგებელი მოსარჩელის მოთხოვნას არ გამორიცხავს. პალატა განმარტავს, რომ ნივთობრივი ნაკლის მქონე პროდუქტის მიწოდებისა და მყიდველის მიერ მისი მიღების შემთხვევაში, მყიდველს წარმოეშობა სსკ-ის 490-ე, 491-ე, 492-ე და 494-ე მუხლების შესაბამისი მეორადი მოთხოვნების უფლება შესაბამისი თანმიმდევრობისა და წინაპირობების დაცვით. დადგენილია, რომ მოპასუხეს სსკ-ს 490.1 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი შესრულება (ამ შემთხვევაში ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) არ მოუთხოვია. რაკი მყიდველი იღებდა ნაკლიან შესრულებას, მას შეეძლო, ფასის შემცირება მოეთხოვა.

32. საკასაციო საჩივრის მიხედვით, მოპასუხემ ფასის შემცირების უფლება გამოიყენა, ნაკლის ნაწილში ფასი შეამცირა, კერძოდ, მოპასუხემ ნაკლის ღირებულებად მიიჩნია პროდუქტის შესაბამისი საფასური, რომელიც არ გამოყენებულა მომსახურების გაწევისას. ამ არგუმენტით, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მიზნით, დაკავებულ იქნა დეკემბრის ანაზღაურება ნაკლიანი შესრულებით გამოწვეული ზედმეტად, ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის უკან დაბრუნებამდე.

33. ფასის შემცირება არის ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა, რომელიც გამყიდველისათვის ფასის შემცირების შეტყობინებით ხორციელდება. შესაბამისად, იგი ნამდვილია მას შემდეგ, რაც სსკ-ის 51-ე მუხლის შესაბამისად, მეორე მხარეს მიუვა. მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ მოპასუხეს ფასის შემცირების შესახებ მოსარჩელის წინაშე ნება არ გამოუვლენია, მას არც შესაგებელში მიუთითებია ამ მეორადი მოთხოვნის გამოყენების თაობაზე და არც მტკიცება განუხორციელებია, თუ რამდენით შემცირდა ნატურალური რძის ნაცვლად აღდგენილი რძით დამზადებული ყველის ღირებულება, რაც სწორედ მყიდველის მტკიცების საგანში შედიოდა (შდრ. სუსგ №ას-959-2019, 16.10.2019წ., სადაც სასამართლომ, მსგავს საქმეზე, სწორედ მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნითა და განმარტებების საფუძველზე დაადგინა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულსა და რეალურად მიწოდებული ნაკლიან პროდუქტის ფასებს შორის სხვაობა და მიიჩნია, რომ მიწოდებული ნაკლიანი პროდუქტის ფასი ექვემდებარებოდა შემცირებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტის ღირებულებასა და მიწოდებული ნაკლიანი პროდუქტის ღირებულებას შორის სხვაობით). შესაბამისად, არგუმენტი, რომ სასამართლომ არ იმსჯელა რძისა და აღდგენილი რძის ღირებულების განსხვავებულობაზე, დაუსაბუთებელია.

34. ამასთან, მართალია, ფასის შემცირების მოთხოვნის წინაპირობების არსებობისას გამყიდველის სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ფასის გადახდის მოთხოვნა ქარწყლდება და მყიდველი უფლებამოსილია, ფასის გადახდისას შემცირებული თანხა აღარ გადაიხადოს, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, დეკემბერში მიწოდებული პროდუქტის თანხის გადაუხდელობა საფასურის ნაწილის დაკავებად და ფასის შემცირების შესახებ ნების გამოვლენად მაინც ვერ განიმარტება, რადგან, როგორც აღინიშნა, მყიდველს ამგვარი შესაგებელი არ წარუდგენია და არ მიუთითებია, თუ რა ოდენობით ამცირებდა ნაკლი პროდუქტის ღირებულებას. მოპასუხემ მხოლოდ საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ ნაკლის ღირებულება იყო მთლიანი პროდუქტის (ყველის) საფასური, რადგან მისი დამზადებისას არ გამოყენებულა ის პროდუქტი (ნატურალური რძე), რომელზედაც მხარეები შეთანხმდნენ. შესამცირებელ თანხად მთლიანი პროდუქტის ღირებულებაზე პირველი კასატორის მითითება არასწორია. პალატა, კიდევ ერთხელ, მიუთითებს, რომ ნივთობრივი ნაკლის არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებლი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობას არ წარმოშობს. ფასის შემცირება იწვევს ნასყიდობის შეთანხმებული ფასის ცვლილებას - არა ანაზღაურებაზე სრულად უარს. სსკ-ის 492-ე მუხლის თანახმად, მყიდველი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად, ანუ ფასი უნდა შემცირებულიყო იმ ნაკლის პროპორციულად რამდენითაც ამცირებდა ნაკლი პროდუქტის ღირებულებას. პალატა განმარტავს, რომ ფასი მცირდება იმ ფარგლებით, რამდენითაც გამყიდველმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში, ურთიერთსაპასუხო შესრულებათა გათანაბრება ხდება და არა - ანაზღაურებაზე სრულად უარი (შდრ. ს. ჩაჩავა, სსკ-ის კომენტარი, მუხლი 492, ელ.მისამართი - gccc.ge).

35. პირველმა კასატორმა მისთვის მიწოდებული პროდუქტის - კარაქის ღირებულების ანაზღაურების ნაწილშიც ნაკლიანი შესრულების საფუძვლით უარი განაცხადა. მისი მტკიცებით, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, მიეწოდებინა არანაკლებ 80% ცხიმის შემცველობის კარაქის გამოყენებით, თუმცა, ფაქტობრივად გამოიყენა ისეთი პროდუქტი, რომელშიც ცხიმიანობა დაშვებულ იქნა +/_ 0.5%-იანი ცდომილების ალბათობით 80%-იან მაჩვენებელზე. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ისეთი პროდუქტის გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება არც კანონმდებლობით დადგენილ და არც ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს, ვერ ანაზღაურდება. პალატა არ იზიარებს კასატორის ამ პრეტენზიას და მიუთითებს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია. უდავოა, რომ მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5). ამ მოცემულობასა და საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი, ვრცელდება პრეზუმფცია, რომ პროდუქტის თვისებები შეესაბამება მის ეტიკეტზე არსებულ ინფორმაციას.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს სათანადოდ ვერ შეედავა და მისი როგორც შესაგებელი, ისე საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოპასუხეს მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა (შდრ.სუსგ №ას-596-2020; 29.10.2020წ. სუსგ №ას-174-2020; 17.06.2020წ. სუსგ №ას-108-2020; 03.06.2020წ.).

37. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ასევე დაუსაბუთებელია პირველი კასატორის მითითება პირგასამტეხლოს ნაწილში ურთიერთმოთხოვნათა გაქვითის მიზნით თანხის დაკავების მართლზომიერების შესახებ (იხ. საკასაციო საჩივრის პრეტენზია). დადგენილია, რომ მყიდველმა მიწოდებული პროდუქციის თანხა სრულად არ გადაიხადა, კერძოდ, არ გადაიხადა დეკემბერში მიწოდებული პროდუქტის საფასური. მოპასუხეს დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული და სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო – 2310 ლარი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, წარმოდგენილი არაა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა არ იკვეთება.

38. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება პირველი კასატორის მითითება ვერც იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები უკავშირდებოდა ბავშვთა კვებას და არ იქნა დაცული არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავა სწორად გადაწყდა წინამდებარე განჩინებაში მითითებული ნორმების საფუძველზე, ხოლო საქმის განხილვისას ბავშვთა უფლებების კონვენციის გამოყენების საჭიროება კი, პირველმა კასატორმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა.

39. მოსარჩელის მეორე მოთხოვნა საბანკო გარანტიის (სსკ-ის 879-ე მუხლი - საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) ურთიერთობიდან გამომდინარეობს, კერძოდ, იგი მოითხოვს მოპასუხისათვის იმ თანხის დაკისრებას, რაც პრინციპალმა გარანტს რეგრესის წესით გადაუხადა. მოსარჩელის განმარტებით, მან, მართალია, არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, თუმცა ნაკლიანი შესრულების შედეგად, მისი უმნიშვნელო ხასიათიდან გამომდინარე, მოპასუხეს ზიანი არ მისდგომია. ამის მიუხედავად, ბენეფიციარმა გარანტისაგან მაინც გამოითხოვა საგარანტიო თანხა - 5138 ლარი.

40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო გარანტიის მოთხოვნის წარდგენის წინაპირობა ვალდებულების დარღვევის შედეგად ბენეფიციარისათვის ზიანის მიყენება არ არის. უფრო მეტიც, ბენეფიციარი, საგარანტიო თანხის მოთხოვნისას, გარანტორის წინაშე არაა ვალდებული, დაასაბუთოს პრინციპალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ან არაჯეროვანი შესრულების უტყუარობა. ბენეფიციარის მოთხოვნა მოწმდება მხოლოდ საგარანტიო პირობებთან შესაბამისობის კუთხით, პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის სახისა და ხარისხის კვლევა გარანტის მხრიდან გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გარანტიით შეთანხმებული მოთხოვნის ან თანდართული დოკუმენტების წარდგენის პირობების დაცვის კვლევის ფარგლებში - ანუ ფორმალური სახით (დოკუმენტების გარეგნული შესაბამისობის დადგენა). სწორედ ამიტომ უწოდებენ კომერციულ პრაქტიკაში საბანკო გარანტიას ე.წ. დოკუმენტურ ოპერაციას (იხ. სუსგ №ას-782-739-2015, 19.10.2015წ.). გარანტის მიერ საგარანტიო თანხის გადახდა არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებას და ამის გამო ბენეფიციარს არ სჭირდება ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცება. ამაშიც ვლინდება გარანტიის დამოუკიდებელი და აბსტრაქტული ბუნება: ის არ არის დამოკიდებული არც ზიანის დადგომაზე და არც სხვა მატერიალურ დანაკარგებზე, რომლებიც შეიძლება კრედიტორს ძირითადი ვალდებულების დარღვევით მიადგეს. თვით ფაქტი საგარანტიო შემთხვევის დადგომისა, მაგალითად, უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობა, მიუხედავად იმისა, მოჰყვა ამას ზიანი თუ არა, საკმარისია გარანტისაგან გადახდის მოთხოვნისათვის (ლ.ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი, 2012, გვ. 220). საბანკო გარანტიის გამოუთხოვად და არააქცესორულ ბუნებასთან დაკავშირებით ასევე იხილეთ სუსგ-ები: ას-1633-2019; 9.03.2020; ას-562-871-09; 20.10.2009; ას-950-886-2017; 3.11.2017.

41. მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 14 სექტემბერს სს „ბ–მა“, სსკ-ის 880.1 მუხლის შესაბამისად, გამყიდველის მიერ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გასცა გამოუთხოვადი საბანკო გარანტია №BB.14.09/21, რომლითაც გარანტმა (ბანკმა) პრინციპალის (გამყიდველის) თხოვნით იკისრა წერილობითი ვალდებულება, პრინციპალის კრედიტორისთვის (ბენეფიციარისთვის) გადაეხადა ფულადი თანხა, 5138 ლარი გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. რაკი შესრულების გარანტია პრინციპალის მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან შესრულებას უზრუნველყოფდა, ხოლო დადგენილია რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად (მოპასუხეს მიაწოდა პროდუქტი ყველი, რომელიც ნაცვლად შეთანხმებით განსაზღვრული პასტერიზებული რძისა, დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან), ბენეფიციარმა სათანადო მოთხოვნა წარუდგინა გარანტს, ამ უკანასკნელმა კი, საგარანტიო თანხა მოპასუხეს გადაუხადა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

43. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

44. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

42. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ №ას-476-2020, 27.10.2021 წ. №ას-596-2020; 29.10.2020წ. სუსგ №ას-174-2020; 17.06.2020წ. სუსგ №ას-108-2020; 03.06.2020წ.).

43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

44. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პირველ კასატორს დაუბრუნდება 1630.43 ლარის 70% - 1141.3 ლარი, მეორე კასატორს დაუბრუნდება 300 ლარის 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ააიპ „თბილისის №? საბავშვო ბაგა-ბაღის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს „ე–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

3. ააიპ „თბილისის №103 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1630.43 ლარის (საგადახდო დავალება 0 / გადახდის თარიღი 16.07.2020), 70% - 1141.3 ლარი;

4. შპს „ე–ს“ (ს/ნ .....2) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება 1 / გადახდის თარიღი 23.01.2020), 70% - 210 ლარი;

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე