Facebook Twitter

საქმე №ას-383-2020 26 იანვარი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები - ა.კ–ვი, ნ.ნ–ვი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - დ.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 თებერვლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ.მ–ი (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) ფლობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ......ში მდებარე თავისი გარდაცვლილი სიმამრისა და მისი მამის სახელზე რეგისტრირებულ 1.40 ჰა მიწის ნაკვეთს, რომელზეც სიმინდის ყანა ეთესა.

2. ა.კ–სა (შემდგომ - პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი) და ნ.ნ–ვს (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი) მსხვილფეხა საქონელი ჰყავთ.

სარჩელის საფუძვლები:

.

3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეთა წინააღმდეგ და მათთვის 4800 ლარის ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

4. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 22 ნოემბერს, მოსავლის ასაღებად მისულს სიმინდის მოსავალი მოპასუხეთა კუთვნილი მსხვილფეხა საქონლისგან სრულად განადგურებული დახვდა. ზიანმა 4800 ლარი შეადგინა.

მოპასუხეთა პოზიცია:

5. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ მოსავლის აღებამდე არასდროს შეუყვანიათ არც მოსარჩელის და არც სხვა პირის მიწის ნაკვეთზე საქონელი.

6. მოპასუხეთა მითითებით, არ არის წარდგენილი სიმინდის განადგურების დამადასტურებელი მტკიცებულება და სიმინდი იყო თუ არა სრულად მოსავლიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს სოლიდარულად 4800 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ.

8. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 4 თებერვლის განჩინებით, აპელანტთა (მოპასუხეთა) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.

10. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 992-ე, 1003-ე, 408-ე და 409-ე მუხლებზე და განმარტა, რომ დავა სსსკ-ის 1003-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარეობს, საქართველოს საკასაციო სასამართლოს მიერ ამგვარი კატეგორიის საქმეებზე დამკვიდრებულია ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლის თანახმად, მოსარჩელეს მის საკუთრებაში/მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნათესის დაზიანების მტკიცების ვალდებულება ეკისრება, ხოლო ის გარემოება, რომ მართლწინააღმდეგობისა და ბრალის შემცველი ქმედება მოპასუხის პირუტყვს არ გამოუწვევია, მოპასუხემ უნდა ამტკიცოს.

11. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი 2017 წლის 25 დეკემბრის №51 აუდიტორული დასკვნით დაადგინა, რომ მოპასუხეთა მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი ჯამურად 4800 ლარია.

12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სოფელ ..... მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილი 2017 წლის 24 ნოემბრის აქტის მიხედვით, მოსარჩელის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის კომისიური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთში ნამდვილად შევიდა საქონელი და ნათესი სიმინდი სრულად განადგურდა. საკითხის სრულად გამოკვლევის მიზნებისთვის, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ვ.ი–ი დაიკითხა, რომელმაც დაადასტურა, რომ მან მოსარჩელეს ნაკვეთი გაუთოხნა და მიწის ნაკვეთზე მის მიერ შესრულებული სამუშაოების დროს სიმინდი უკვე ამოსული იყო. მოწმე ზ.მ–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის ივნისში, მოსარჩელეს სიმინდის დათესვაში მიეხმარა, მისი ნაკვეთი მდებარეობს მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ ნაკვეთთან, საიდანაც სიმინდის ყანა მოჩანდა. აგრეთვე, მოწმის სახით დაკითხულმა ი.მ–მა განმარტა, რომ 2017 წლის ნოემბერში დაინახა, რომ მოსარჩელის ნაკვეთში შესული იყო დაახლოებით 100 სული საქონელი, რომელთაც პირველი მოპასუხე მეორე ადამიანთან ერთად მწყემსავდა, თუმცა მოწმემ ვერ გარჩია, მეორე მოპასუხე იყო თუ მისი შვილი.

13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებათა ერთობლიობით, მოსარჩელემ ზიანის არსებობის, ზიანის ოდენობისა და ზიანის მიმყენებელი პირების შესახებ მტკიცების ტვირთი მართებულად დაძლია, რისი გათვალისწინებითაც, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები არ არსებობს.

კასატორთა მოთხოვნა და საფუძვლები:

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა საკასაციო საჩივარი წარადგინეს და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

15. კასატორთა განმარტებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, მიწის ნაკვეთის მოწინააღმდეგე მხარის მიერ ფლობისა ან/და საკუთრებაში არსებობის ფაქტი. სასამართლომ მხოლოდ ზეპირი განმარტების დაფუძველზე დაადგინა, რომ მოსარჩელე მიწის ნაკვეთს სიმამრისა და მისი მამის გარდაცვალების შემდეგ ფლობს.

16. კასატორები სადავოდ ხდიან მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლების მიერ შედგენილ აქტს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილ აუდიტის დასკვნასა და მოწმეთა ჩვენებებს და მიუთითებენ, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მოპასუხეებისათვის ზიანის დაკისრების წინაპირობები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

17. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

21. საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულების წინაპირობის არსებობა. კასატორთა მტკიცებით, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები, რის გამოც არ არსებობდა მათთვის თანხის დაკისრების წინაპირობები.

22. საქმეში წარმოდგენილი სარჩელის ფაბულიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ზიანის დაკისრების მოთხოვნას მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ მოქმედებას უკავშირებს, რის შედეგადაც წარმოიშვა შედეგი - მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი და არსებობს უშუალო კავშირი მოპასუხეთა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

23. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებზე (სარჩელში მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხეთა განზრახ ქმედებაზე, კერძოდ, ამ უკანასკნელებმა მსხვილფეხა პირუტყვი შეუშვეს მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, რის გამოც დადგა ზიანი - პირუტყვმა გაანადგურა მოსავალი) და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლების საფუძველზე.

24. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 992-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარი და სტაბილური პრაქტიკა. მითითებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

25. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი - ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

26. საკასაციო პალატის განმარტებით, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ იარსებებდა მითითება მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებაზე, მაინც იარსებებდა სსკ-ის 1003-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა. მოხმობილი ნორმა წარმოადგენს დელიქტური სამართლით გათვალისწინებულ სპეციალურ შემთხვევას და ადგენს ცხოველის იურიდიული მფლობელის პასუხისმგებლობას იმ ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც მისმა ცხოველმა სხვას მიაყენა. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა, ცხოველი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, დაკარგული იყო, თუ გაქცეული. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ გამოიყენება, როცა ცხოველის მფლობელმა მიიღო აუცილებელი ზომები მესამე პირთა დასაცავად.

27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ სწორად მოიძია/განმარტა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები, რომლის ფარგლებში მოსარჩელემ დაძლია ნორმის აღწერილობითი ნაწილის ელემენტების არსებობის დადასტურების ტვირთი, ხოლო მოპასუხეებმა ვერ დაამტკიცეს დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები.

28. საკასაციო პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილია სოფელ არაშენდის მუნიციპალიტეტის მერიას 2017 წლის 24 ნოემბრის აქტი, რომლის თანახმად, მოსარჩელის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის კომისიური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთში ნამდვილად იყო შესული საქონელი და ნათესი სიმინდი სრულად განადგურებულია. სიმინდის ყანის არსებობაც ადასტურებენ მოწმედ დაკითხული პირებიც, მათივე ჩვენებით დგინდება მოპასუხეთა მიერ მიყენებული ზიანი (ი.მ–მა განმარტა, რომ 2017 წლის ნოემბერში დაინახა, რომ მოსარჩელის ნაკვეთში დაახლოებით 100 სული საქონელი იყო შესული. საქონელს პირველი მოპასუხე მეორე ადამიანთან ერთად მწყემსავდა, თუმცა მოწმემ ვერ გარჩია მეორე მოპასუხე იყო იყო თუ მისი შვილი), რომელიც საქმეში წარდგენილი 2017 წლის 25 დეკემბრის აუდიტორული დასკვნის თანახმად (მოსარჩელის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (1.4 ჰა.), სიმინდის ფართობი 100 %-ით განადგურებულია (2017 წლის 24 ნოემბრის აქტის საფუძველზე). მისი საშუალო მოსავლიანობა იქნებოდა 4000 კგ. მარცვალი 1 ჰექტარზე, ანუ 1.4 ჰა-ზე 6000 კგ (1.25 * 4000), საბაზრო ფასებით ეღირებოდა 3600 ლარი. ამასთან ერთად, ფუჩეჩის ღირებულება იქნებოდა 1200 ლარი (300 * 4), რისი გათვალისწინებითაც ზარალი ჯამში 4800 ლარს შეადგენს) 4800 ლარია.

29. საკასაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით - სოფელ ......ს მუნიციპალიტეტის მერიას 2017 წლის 24 ნოემბრის აქტით, მოწმეთა ჩვენებებითა და 2017 წლის 25 დეკემბრის აუდიტორული დასკვნით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ არსებობდა მოპასუხეთათვის დელიქტური ვალდებულებებიდან გამომდინარე ზიანის დაკისრების საფუძველი.

30. საკასაციო პალატა კასატორთა პრეტენზიასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ კერძო დავებზე წარმატების მისაღწევად, მხარეებმა ჯეროვნად უნდა განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, რაც დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და მათი რელევანტური მტკიცებულებებით დამტკიცების ტვირთის რეალიზებით გამოიტახება. ამ უფლებით თანაბრად სარგებლობს როგორც მოსარჩელე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება), ასევე - მოპასუხე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება). საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, კასატორებს შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს გააქარწყლებდა, არ წარუდგენიათ სასამართლოსათვის, რისი გათვალისწინებითაც, მათი საკასაციო პრეტენზიები დაუსაბუთებელია.

31. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ წარდგენილი დოკუმენტაციის, ასევე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებში ასახული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელემ საკუთარი მტკიცების ტვირთს წარმატებით გაართვა თავი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

32. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა პრეტენზიას რომლის თანახმად, არ დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთს მოწინააღმდეგე მხარე ფლობს და მიუთითებს, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებითა და მოწმეთა ჩვენებებით ზემოაღნიშნული გარემოება ერთმნიშვნელოვნად დგინდება.

33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ საქმეზე სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, სამართლებრივად სწორად შეაფასა და არ არსებობს საკასაციო საჩივრის ფარგლებში წარდგენილი საკასაციო პრეტენზიის გაზიარების წინაპირობები, რის გამოც დაუსაბუთებელ შედავებად უნდა იქნეს მიჩნეული.

34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

35. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

36. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

37. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

38. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1098-2018, 2020 წლის 23 მარტის განჩინება; №ას-1277-1217-2014, 2015 წლის 27 მაისის განჩინება; საქმე №ას-447-423-2013, 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინება).

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

40. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.კ–ვისა და ნ.ნ–ვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ა.კ–ვს (პ/ნ ....) და ნ.ნ–ვს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ნუგზარ გულბანის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება 9579686897 / გადახდის თარიღი 16.07.2020), 70% - 105 ლარი.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე