Facebook Twitter

3გ-ად-8-ბ-02 9 დეკემბერი, 2002 წ., ქ .თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის განჩინების ბათილობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1995წ. 16 ნოემბერს მ. ა.-მ სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში და მიუთითა, რომ მისი მეუღლე თ. ჩ.-ე 1994წ. 28 თებერვალს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. გარდაცვლილი თბილისის დიდუბის რაიონის პოლიციაში მუშაობდა რიგითად და მის კმაყოფაზე მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდა.

1995 წელს მოსარჩელემ შინაგან საქმეთა სამინისტროს პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებით მიმართა. შემდგომში, მოსარჩელემ 10 წლის გაუცემელი ხელფასის სახით ერთდროული დახმარების მიღება მოითხოვა. ორივე მოთხოვნა სამინისტროს მიერ შესრულებულ იქნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებიც იკისრა, მაგრამ მოსარჩელე ასანაზღაურებელი კომპენსაციის გაანგარიშებას გადიდებული ხელფასის მიხედვით ითხოვდა. ამდენად, მოსარჩელე შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან მიუღებელი ხელფასის სახით 4200 ლარის ანაზღაურებას მოითხოვდა.

თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1996წ. 22 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ა.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1996წ. 8 მარტის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999წ. 22 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მ. ა.-ის განცხადება სასამართლოს გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობის თაობაზე, გაუქმდა თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1996წ. 22 იანვრის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 1996წ. 8 მარტის განჩინება და საქმის წარმოება განახლდა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ა.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელისათვის მიუღებელი პენსიის სახით 2420 ლარის გადახდა დაეკისრა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ა.-მ ნაწილობრივ გაასაჩივრა და 10 წლის კვების ულუფის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 8 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 11600 ლარის გადახდა დაეკისრა.

მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა. მითითებული საჩივარი საოლქო სასამართლოს 2000წ. 26 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასაციის წესით უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 12 იანვრის განჩინებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 8 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, იმავე პალატის 2000წ. 26 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე პალატას დაუბრუნდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 22 ივნისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას გადაეცა.

მ. ა.-ეE სააპელაციო საჩივრით შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის 10 წლის კვების ულუფის დაკისრებას ითხოვდა, რაც მთლიანობაში 11600 ლარს შეადგენდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 23 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

მ. ა.-მ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იმავე საფუძვლით საკასაციო წესით გაასაჩივრა, წარმოდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილება, მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წ. 7 ივნისის გაჩინებით მ. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2002წ. 29 ნოემბერს მ. ა.-მ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 7 ივნისის მითითებული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 7 ივნისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე და მიიჩნევს, რომ მ. ა.-ის განცხადება განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს უნდა გადაეცეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 424-ე მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარმოდგენილი განცხადება განსჯადობის წესით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს უნდა გადაეგზავნოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ა.-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 7 ივნისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს გადაეგზავნოს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.