საქმე №ას-231-2020 16 ნოემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ „დ.ტ.ს–ო“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.11.2019წ. გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
სსიპ დ.ტ.ს–ომ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“, „შემსყიდველი“ ან „სააგენტო“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „მიმწოდებელი“) მიმართ პირგასამტეხლოს - 4 586.5 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.11.2018წ. გადაწყვეტილებით - სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 361-ე, 316-317-ე, 327-ე, 629-ე, მე-400-ე, 401-ე, 417-418-ე მუხლებით იხელმძღვანელა და მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით არ იკვეთებოდა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევა, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას გამორიცხავდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.11.2019წ. გადაწყვეტილებით - მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 708,76 ლარის ანაზღაურება დაეკისრა (იხ. გადაწყვეტილება, ს.ფ.301-322; განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ, 323-325). გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგს:
3.1. 09.11.2016 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხეს უნდა შეესრულებინა იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში, პრომეთეს მღვიმეში დაზიანებული მონაკვეთის აღდგენისათვის (გამაგრება-გაძლიერება) სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება - 67260 ლარით განისაზღვრა (ხელშეკრულების 3.1, 3.2. პუნქტები).
3.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 45 კალენდარული დღისა, წარმოდგენილი (ხელშეკრულებაზე თანდართული) გეგმა-გრაფიკის შესაბამისად (ხელშეკრულების 8.2. პუნქტი).
3.3. ვალდებულებების შესრულებისათვის დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,05%, ხოლო, გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებული იყო ორი კვირის ვადაში გაესწორებინა ჩამორჩენა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში - ის დარღვეულ (ორი კვირა) და შემდგომ პერიოდზე, ხელშეკრულების 13.1. პუნქტის გარდა, დამატებით გადაიხდიდა პირგასამტეხლოს - 50 ლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ჩამორჩენა ან მისი გამოსწორების ვადის უშედეგოდ გასვლა გამოწვეული იქნებოდა შემსყიდველის მიზეზით (ხელშეკრულების 13.1., 13.2 პუნქტები).
3.4. მხარეთა შორის 12.01.2017 წლის №ეტ-14-1 შეთანხმების აქტის თანახმად, შეიცვალა ნარდობის ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2 პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 58 კალენდარული დღისა, წარმოდგენილი (შეთანხმების აქტზე თანდართული) გეგმა-გრაფიკის შესაბამისად (ს.ფ 73).
3.5. მხარეთა შორის 23.01.2017 წლის №ეტ-14-2 შეთანხმების აქტის თანახმად: სახელშეკრულებო ღირებულება შემცირდა 336,29 ლარით და, ნაცვლად 67260 ლარისა, განისაზღვრა 66923,71 ლარით; მოპასუხემ №229 წერილში აღნიშნული საკითხები გაითვალისწინა მიმწოდებლის მიერ წარმოსადგენ შესრულებულ სამუშაოთა №2 ფორმაში; №1 დანართი (ხარჯთაღრიცხვა) განისაზღვრა წინამდებარე შეთანხმების აქტზე თანდართული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად; ეს შეთანხმება წარმოადგენდა მხარეთა შორის 09.11.2016 წელს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ამ ხელშეკრულების სხვა პუნქტები და პირობები დარჩა უცვლელი (კორექტირებული ხარჯთაღრიცხვით განისაზღვრა გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულება, კერძოდ, დამატებითი ანკერების მოწყობა. კლდოვან მასივში თაღოვანი რიგელის საყრდენი სვეტების ჩასამაგრებლად. ასევე კლდოვან მასივში ბურღილის მოწყობა და მასში სვეტის საყრდენი ლითონის კონსოლის ჩაბეტონება. გაუთვალისწინებელ სამუშაოებში შედიოდა რკინაბეტონის რიგელის და სვეტების ზედაპირის დაფარვა და სხვა) (ს.ფ 78).
3.6. საქმეში წარმოდგენილი პრომეთეს მღვიმეში მონაკვეთების აღდგენის (გამაგრება-გაძლიერება) მიზნით შესასრულებელი სამუშაოების კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის თანახმად: მოსამზადებელი სამუშაოების ღირებულება - 5 477,38 ლარი, სამშენებლო სამუშაოების ღირებულება - 960 ლარი, №2 უბნის გამაგრებითი სამუშაოების ღირებულება - 21 864,34 ლარი, ხოლო №1 უბნის გამაგრებითი სამუშაოების ჯამური ღირებულება - 13 898,61 ლარი იყო (ს.ფ. 80-83).
3.7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა ვადაში. რაც შეეხება სხვა სამუშაოებს, სამშენებლო სამუშაოები (წყლის ამოტუმბვა) 21 დღის დაგვიანებით, №2 უბნის გამაგრებითი სამუშაოები 31 დღის დაგვიანებით, ხოლო №1 უბნის გამაგრებითი სამუშაოები 23 დღის დაგვიანებით შესრულდა.
3.8. პირგასამტეხლო, როგორც პრევენციული, ისე სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ვრცელდება სახელშეკრულებო ურთიერთობის იმ ნაწილზე, რა ნაწილშიც ვალდებულება დაირღვა. პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მიდგომა არ გამომდინარეობს სსკ-ის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ იმ კონკრეტული სამუშაოს ღირებულების გათვალისწინებით, რომლის მიწოდების ვადის დარღვევის შედეგადაც ამოქმედდა აღნიშნული სანქცია.
3.9. მოპასუხის მიერ ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით თითოეულ სამუშაოზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს - 0.05%-ის ოდენობა შეადგენს: სამშენებლო სამუშაოები (წყლის ამოტუმბვა) – 10,08 ლარი; №2 უბნის გამაგრებითი სამუშაოები - 338,83 ლარი; №1 უბნის გამაგრებითი სამუშაოები - 159,85 ლარი. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა აღნიშნული თანხების ჯამური ოდენობა - 508,76 ლარი.
3.10. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 420-ე მუხლზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა დარღვევის სიმძიმისა და მოცულობის გათვალისწინებით არ შეესაბამებოდა დადგენილ პრაქტიკას. პალატამ ხელშეკრულების 13.2. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო განსაზღვრა ვადაგადაცილებულ დღეებზე ჯამურად 100 ლარის ოდენობით, ხოლო გეგმა-გრაფიკით განსაზღვრულ ვადაგადაცილებულ დღეებზე ჯამურად - 100 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობამ საბოლოოდ შეადგინა 708,76 ლარი (508,76+100+100=708,76).
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერების საკითხი.
9. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ:ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ Nას-1053-993-2015; 08.04.2016წ.; სუსგ Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის, ამავდროულად, უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ Nას-1928-2018, 31.10.2019 წ.). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ.; Nას-848-814-2016, 28.12.2016წ.).
11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (სუსგ №ას-164-160-2016, 28.07.2016წ., ას-971-2019, 28.10.2019წ.). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში მართებულად დაიანგარიშა პირგასამტეხლო თითოეული დარღვევისათვის შესაბამისი სამუშაოების ღირებულებიდან.
12. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ№ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ. N ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქმის კონკრეტულ გარემოებებს, მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, რაც გამოიხატა ვადის გადაცილებაში და არა, საერთოდ, ვალდებულების შეუსრულებლობაში და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა როგორც ხელშეკრულების 13.1, ისე 13.2. პუნქტებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
15. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
16. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ „დ.ტ.ს–ოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. სსიპ „დ.ტ.ს–ოს“ (ს/ნ: ......) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №03848, გადახდის თარიღი 26.03.2020წ.) 70% – 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
რევაზ ნადარაია