Facebook Twitter

საქმე №ას-710-2021 9 დეკემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – კ.ე–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.04.2021წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – საიჯარო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში კ.ე–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ საიჯარო ქირის დავალიანების - 16 850 ლარისა და პირგასამტეხლოს - 2020 წლის 15 მაისამდე 6 295 ლარის; 2020 წლის 15 მაისიდან, საიჯარო ქირის დავალიანების სრულად დაფარვამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის (5 000 ლარის) 0.1%-ის (5 ლარი) - დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ მის მიერ წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.12.2020 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის - 16580 ლარის გადახდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო, 2020 წლის 15 მაისამდე - 1259 ლარი და 2020 წლის 16 მაისიდან საიჯარო ქირის დავალიანების სრულად დაფარვამდე - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 ლარი. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

3.1. მოსარჩელის 05.05.2014 წლის №QN1207035 გადაწყვეტილებით მოპასუხეს სარგებლობაში (იჯარის უფლებით) გადაეცა ქ. თბილისის მთავრობის 10.04.2014 წლის №10.34.449 განკარგულებით განსაზღვრული უძრავი ქონება (ს/კ: №......... და №.......), გადაწყვეტილების დანართი საიჯარო პირობებით.

3.2. მოსარჩელემ შეასრულა ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის ვალდებულება, ხოლო მოპასუხემ საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად.

3.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 04.01.2017 წლის №01.07.07 და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20.01.2017 წლის №4 განკარგულებებით მოპასუხეს გაუნაწილვადდა საიჯარო ქირის დავალიანება, რაც მოპასუხემ ასევე არაჯეროვნად შეასრულა.

3.4. სარჩელის აღძვრის დროისთვის მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხება საიჯარო ქირის დავალიანება - 16 580 ლარი. აღნიშნულ ნაწილში 14.12.2020 წლის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო, რის გამოც საიჯარო ქირის დავალიანების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

3.5. მხარეთა შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების პირობები ასახული იყო ქ. თბილისის მთავრობის 10.04.2014 წლის №10.34.449 დადგენილებისა და მოსარჩელის 05.05.2014 წლის №QN1207035 გადაწყვეტილების დანართ „საიჯარო პირობებში“. ამ პირობების 12.1 მუხლით, საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო საიჯარო ქირის 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ 1 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

3.6. სასამართლომ მიუთითა, რომ დაცულია პირგასამტეხლოს გადახდაზე შეთანხმების კანონით დადგენილი ფორმა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნა კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, მოპასუხის შუამდგომლობის, ასევე, მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 420-ე მუხლის თანახმად, უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე.

3.7. მოსარჩელემ საიჯარო პირობებით პირგასამტეხლო განსაზღვრა საიჯარო ქირის - 5 000 ლარის 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 5 ლარს. სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოპასუხისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს შემცირება 1 ლარამდე, საიჯარო ქირის გადახდის ვადაგადაცილების ყოველი დღისთვის.

3.8. მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად, საიჯარო ქირის ვადაგადაცილების დღიდან სარჩელის მომზადებამდე (15.05.2020წ.), პირგასამტეხლოს დავალიანება შეადგენს 6 295 ლარს, რაც გამოთვლილია ვადაგადაცილების დღეების რაოდენობის მიხედვით, ამ დღეების 5 ლარზე გამრავლებით. პირგასამტეხლოს 1 ლარამდე შემცირების შედეგად, მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხა უნდა შემცირდეს 5-ჯერ და, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 1 259 ლარის ოდენობით. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას სარჩელის მომზადების დღიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, პირგასამტეხლო აღნიშნულ ნაწილშიც უნდა შემცირდეს ანალოგიურად და მოპასუხეს იგი უნდა დაეკისროს 16.05.2020 წლიდან დავალიანების სრულად დაფარვამდე, ყოველ დღეზე 1 ლარის ოდენობით.

4. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.04.2021 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5.1. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ არსებობდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საფუძველი. სააპელაციო პალატის მითითებით, აღნიშნული დასკვნა ეფუძნება როგორც მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის სიმძიმეს, ასევე, ხელშეკრულების მხარეთა კეთილსინდისიერების პრინციპს და სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების სტანდარტს (სსკ-ის 8.3 და 115-ე მუხლები).

5.2. სააპელაციო პალატის მითითებით, გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის ნაკლები და შეესაბამება მხარეთა შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების პირობების 12.1 მუხლით დადგენილი პირგასამტეხლოს (საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო საიჯარო ქირის 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ 1 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) ქვედა ზღვარს - არანაკლებ 1 ლარისა.

საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

6.1. ხელშეკრულების მხარეთა უფლებამოსილება, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, გარანტირებულია მოქმედი კანონმდებლობით.

6.2. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძველი.

6.3. მოპასუხისთვის ცნობილი იყო საიჯარო ქირის საფასური და მისი გადაუხდელობისთვის განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა; მას გათვითცნობიერებული ჰქონდა ვალდებულების დარღვევის მოსალოდნელი შედეგი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ შეამცირა მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა.

11. სსკ-ის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთი ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ №ას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; სუსგ №ას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

12. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).

13. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

14. სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.).

15. პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების დარღვევის შინაარსის, გადაუხდელი საიჯარო ქირის ოდენობისა და ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა ადეკვატური და გონივრულია.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

18. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

19. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

რევაზ ნადარაია