საქმე №ა-3309-შ-86-2021 24 იანვარი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი.შ.
მოწინააღმდეგე მხარე – ს.შ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას ითხოვს მხარე – დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ბარი სტ. ედმუნდსის საოჯახო სასამართლოს 30.09.2019წ. გადაწყვეტილება NBV19D01774
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ბარი სტ. ედმუნდსის საოჯახო სასამართლოს 30.09.2019წ. გადაწყვეტილებით NBV19D01774 (შემდგომში "უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება") მეუღლეებს - ი.შ–სა (შემდგომში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "შუამდგომლობის ავტორი") და ს.შ–ს (მოპასუხე) შორის 16.06.2015წ. თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
2. 06.07.2021წ. შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.07.2021წ. განჩინებით შუამდგომლობაზე დადგენილ იქნა ხარვეზი და შუამდგომლობის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში მისი შევსება, 22.10.2021წ. განჩინებით კი გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით. მასვე განემარტა, რომ განჩინებით მითითებულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა დარჩებოდა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
5. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
6. ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.10.2021წ. განჩინება შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს - ა.ბ–ს პირადად ჩაჰბარდა 30.12.2021წ.. (იხ.: მინდობილობა, ს.ფ.25,26; ხელწერილი, ს.ფ. 45). სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
7. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 31 დეკემბერს და ამოიწურა 2022 წლის 10 იანვარს (ხარვეზის შევსების ბოლო დღე იყო კვირა). ხარვეზის გამოსწორებისთვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
8. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება (სუსგ საქმეზე №ა-886-შ-20-2020, 29.01.2021წ.; №ა-4711-შ-111-2020, 24.03.2021წ.).
9. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად. სასამართლო დამატებით აქვე განმარტავს, რომ იმ გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სსსკ-ის 63-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.შ–ის შუამდგომლობა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ბარი სტ. ედმუნდსის საოჯახო სასამართლოს 30.09.2019წ. NBV19D01774 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე