Facebook Twitter

№ას-446-2020 2 თებერვალი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი,

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.დ–ძე, ს.გ–ი, სს „პ.ბ.ს–ო“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.11.2019წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ს.ბ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა ს.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე“) და სს „პ.ბ.ს–ოს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა:

1.1. პირველი და მეორე მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ შრომითი ხელშეკრულების დამატებითი პირობების დარღვევის გამო, სოლიდარულად პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება 57 382.49 ლარის ოდენობით;

1.2. პირველი და მეორე მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დასაქმების შეზღუდვის პერიოდში, მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის - 15 000 ლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება.

2. მოსარჩელემ წარადგინა სარჩელი მეორე მოპასუხისა და ზ.დ–ძის მიმართ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესამე მოპასუხე“, პირველ და მეორე მოპასუხეებთან ერთად მოხსენიებული როგორც „მოპასუხეები“) და მოითხოვა:

2.1. მეორე და მესამე მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ შრომითი ხელშეკრულების დამატებითი პირობების დარღვევის გამო, სოლიდარულად პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება 53 507.06 ლარის ოდენობით;

2.2. მეორე და მესამე მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მესამე მოპასუხისათვის დასაქმების შეზღუდვის პერიოდში, მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის - 12 450 ლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 09.01.2019წ. გადაწყვეტილებებით სარჩელი მოპასუხეების მიმართ არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილებები, ტ.3, ს.ფ. 193-205; ტ.4, ს.ფ.202-214). გადაწყვეტილებები სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.10.2019წ. განჩინებით სამოქალაქო საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად (იხ.: განჩინება, ტ.5, ს.ფ.9,10). თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.11.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.5, ს.ფ.39-49). განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

6. სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმებამდე, კასატორმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, ვინაიდან უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე (იხ.: განცხადება, ტ.5, ს.ფ.128, მინდობილობა, ტ.5, ს.ფ. 138-143).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს.

8. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

9. ამავე კოდექსის 378-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:

სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

10. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

11. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე (იხ.: სუსგ №ას-1573-2018, 26 სექტემბერი, 2019 წელი; №ას-1793-2019, 12 მარტი, 2020 წელი; №ას-712-2020, 4 მარტი, 2021 წელი; №ას-337-337-2018, 13 დეკემბერი, 2021 წელი).

12. კასატორმა განაცხადა, რომ საკასაციო საჩივარზე ამბობს უარს, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, ამდენად, მან განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც საკასაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საკასაციო წესით.

14. სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისთვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 6916.9 ლარის ოდენობით.

15. შესაბამისად, რადგან კასატორმა საკასაციო საჩივარზე უარი განაცხადა სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მისი დასაშვებობის შემოწმებამდე, არსებობს მისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სრულად დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.ბ–ის“ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს წარმოება სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.11.2019წ. განჩინებაზე.

3. სს „ს.ბ–ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: ........) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 6916.9 ლარი (საგადახდო დავალება #30643, გადახდის თარიღი 17.07.2020წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. ძალაში დარჩეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

5. განემარტოს კასატორს, რომ მას ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით.

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

რევაზ ნადარაია