Facebook Twitter

საქმე №ას-162-2021 16 ნოემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ს.ა–ძე, თ.ა–ძე, ი. ა–ძე, მ. ა–ძე, მ. ა–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ა–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.10.2020წ. განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 10.09.2018წ. გადაწყვეტილებით ბ. ა–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.01.2018წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ს., თ., რ., ი., მ., მ. ა–ძეების შემცირებული სარჩელი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე დაკმაყოფილდა. აღკვეთილ იქნა ხელშეშლა და გამოთხოვილ იქნა ბ. ა–ძისგან ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ....., №.... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 3504 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 663 კვ.მ მიწის ფართი, რომელიც არის 3363 კვ.მ მიწის ნაკვეთის შემადგენელი ნაწილი, ს.ა–ძის დაკვეთით 25.01.2010 წელს შპს „ტ.უ–ის“ მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზის ფარგლებში და ასეთი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში (მათ შორის სასაზღვრო მიჯნად გამოყენებული ღობის იმ ნაწილის აღებით, რომელიც მოსარჩელეების კუთვნილ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული) გადაეცა მოსარჩელეებს (იხ. გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ.244-259; განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ, ტ.2, ს.ფ.280-288).

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 10.09.2018წ. გადაწყვეტილება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და ის შევიდა კანონიერ ძალაში.

3. 25.12.2019 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ს.ა–ძემ (შემდეგში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“), თ.ა–ძემ, ი. ა–ძემ, მ. ა–ძემ, მ. ა–ძემ (შემდეგში პირველ მოსარჩელესთან ერთად ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელეები“, „განმცხადებლები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე მითითებით ამავე სასამართლოს 10.09.2018წ. გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს. განმცხადებლებმა წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითეს სადავო გადაწყვეტილებაში მითითებული შპს „ტ.უ–ის“ მიერ 25.01.2010 წელს შედგენილი აზომვითი ნახაზის მონაცემების ნაკვეთის რეალურ მდებარეობასთან/მონაცემებთან შეუსაბამობა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.10.2020წ. განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

4.1. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა, რომ მორიგების აქტზე დართული შპს „ტ.უ–ის“ მიერ გაცემული აზომვითი ნახაზი შედგენილი იყო უშუალოდ პირველი მოსარჩელის დაკვეთით 25.01.2010 წელს.

4.2. პალატამ მიიჩნია, რომ განმცხადებელთა მითითება მასზე, რომ მათთვის ახლახანს გახდა ცნობილი საქმეში მტკიცებულების სახით არსებული და სადავო გადაწყვეტილებაში მითითებული აზომვითი ნახაზის უზუსტობის შესახებ, რომელიც თავად პირველი მოსარჩელის დაკვეთით მომზადდა ჯერ კიდევ 25.01.2010 წელს, არ წარმოადგენდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სსსკ-ის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ ახალ ფაქტს, შესაბამისად, ის ვერ გახდებოდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი. უდავოა, რომ აზომვითი ნახაზის არსებობისა და მოდავე მხარეთა შორის აზომვითი ნახაზის მიხედვით მიწის ნაკვეთის განაწილების ფაქტი მხარეებისათვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ სამოქალაქო დავის დაწყებამდე. შესაბამისად, ისინი არ იყვნენ მოკლებული შესაძლებლობას შეემოწმებინათ აზომვითი ნახაზის შინაარსობრივი და ტექნიკური სიზუსტე. დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის (რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ მიწის ნაკვეთის განაწილების კონკრეტულ წესზე) სიზუსტე არცერთ მოდავე მხარეს, მათ შორის განმცხადებლებს, ეჭვქვეშ არ დაუყენებია.

4.3. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს მხოლოდ განსაკუთრებული სიფრთხილით, ისე, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნეს დაცული სამართლიანი ბალანსი მოდავე მხარეების ინტერესს შორის. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მაშინ, როცა განმცხადებელი სასამართლოს წარუდგენს საქმის წარმოების განახლების აუცილებლობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებს.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს განმცხადებლებმა შემდეგი საფუძვლებით:

5.1. 10.09.2018წ. კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე თანდართულ შპს „ტ.უ–ის“ მიერ მომზადებულ ნახაზში არ შედიოდა სადავო 800 კვ.მ ფართი. აღნიშნული განმცხადებლებისთვის ნათელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები გავიდნენ ადგილზე, სოფელ ..........ში, იდენტურობის დასადგენად.

5.2. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით რეალურად ზიანი ადგებათ განმცხადებლებს, ვინაიდან მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია შეიცვალა საუარესოდ, ანუ ფაქტობრივი მოცემულობა და წარდგენილი ნახაზი არ არის იდენტური.

5.3. საჯარო რეესტრმა თვითნებურად, არასწორად აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (სუსგ №ას-1455-2019, 15.11.2019წ.).

9. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლები სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.09.2018წ. გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას. მითითებული ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე და მხარე ასეთ მტკიცებულებას საქმის განხილვის დროს ვერ წარადგენდა მისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების გამო (სუსგ №ას-796-796-2018, 06.07.2018წ).

10. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზე, რომ სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებით განმცხადებლების დაზუსტებული (შემცირებული) სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, კერძოდ: აღკვეთილ იქნა ხელშეშლა და მიწის ნაკვეთის თავად მოსარჩელეების მიერ მითითებული ნაწილი გამოთხოვილ იქნა მოპასუხისაგან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეებს (იხ. გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ.244-259; განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ, ტ.2, ს.ფ.280-288). შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელეებმა მიიღეს სწრორედ ის შედეგი, რისი მიღწევაც მათ კონკრეტული დავის ფარგლებში სურდათ. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. სსსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპზე დაყრდნობით მოსარჩელე ავტონომიურად აყალიბებს სარჩელის მოთხოვნას. სსსკ-ის 248-ე მუხლით სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის ითხოვდა. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეთა მოთხოვნა დააკმაყოფილა იმ სახით, როგორც თავად მათ ჰქონდათ მოთხოვნა ფორმულირებული.

11. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში მოცემულ დასკვნას, რომ განმცხადებლებმა/მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს დაესაბუთებინათ თავიანთი ბრალის გარეშე რა ობიექტურმა გარემოებებმა შეუშალათ ხელი შეემოწმებინათ აზომვითი ნახაზის შინაარსობრივი და ტექნიკური სიზუსტე, მით უფრო მაშინ, როდესაც აღნიშნული ნახაზი შედგენილია უშუალოდ პირველი მოსარჩელის დაკვეთით.

12. საკასაციო პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე: ქუთაისის სააპელაციო სასამართლო 10.09.2018წ. გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო კანონიერ ძალაში შესულ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.02.2010წ. განჩინებას სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომლითაც მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: ბ. ა–ძეს სადავო 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან, მორიგების აქტზე თანდართული 25.01.2010წ. შპს „ტ.უ–ის“ მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად, საკუთრებაში გადაეცა 137 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო პირველ მოსარჩელეს საკუთრებაში დარჩა სადავო 800 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 663 კვ.მ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის საკარმიდამო მიწის ნაკვეთმა შეადგინა 3363 კვ.მ (იხ. გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ.244-259; განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ, ტ.2, ს.ფ.280-288). თავის მხრივ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.02.2010წ. განჩინება და მხარეთა შორის მიწის ნაკვეთების განაწილების პირობა ეფუძნებოდა 25.01.2010წ. შპს „ტ.უ–ის“ მიერ შედგენილ აზომვით ნახაზს (ტ.1, ს.ფ.121-125). მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლებს არც ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.02.2010წ. განჩინების გაუქმების თაობაზე მიუთითებიათ და საქმის წარმოების განახლებასაც არ ითხოვენ სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის (თუ სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა) საფუძველზე.

13. სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ფუნქციური დატვირთვით ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომლის უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის რეალურად არსებობაა. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე - ნებისმიერი სხვა პირისათვის, რომელთაც ერთმევათ უფლება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სამართლებრივი შედეგი კვლავ გახადონ სადავო (სუსგ №ას-419-2021, 30.09.2021წ.).

14. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტით, რომლის თანახმადაც, კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმად, სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (იხ.: Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX) (სუსგ №ას-1455-2019, 15.11.2019წ.; სუსგ. №ას- 1603-2018, 31.01.2019წ.).

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ა–ძის, თ.ა–ძის, ი. ა–ძის, მ. ა–ძისა და მ. ა–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.10.2020წ. განჩინება.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე