Facebook Twitter

საქმე №ას-581-2021 9 ნოემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ფ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ნ–ია, გ.ტ–ძე, ე.პ–ა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.03.2021წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.01.2021წ. გადაწყვეტილებით - ნ.ფ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი ნ.ნ–იას, გ.ტ–ძისა და ე.პ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "პირველი მოპასუხე", "მეორე მოპასუხე", "მესამე მოპასუხე, ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1.1. პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის - 7 400 ლარის ანაზღაურება;

1.2. მეორე და მესამე მოპასუხის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა;

1.3. მოპასუხეთათვის მატერიალური ზიანის - 500 ლარისა და მორალური ზიანის - 2 600 ლარის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.03.2021წ. განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 365-ე მუხლზე და განმარტა, რომ აპელანტი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა ნაწილობრივ, მხოლოდ მატერიალური ზიანის - 500 ლარის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 2000 ლარს, რაც ვერ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის წინაპირობას.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა არა მხოლოდ 500 ლარის მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის, ასევე, დანარჩენი მოპასუხეებისათვის 7400 ლარის სოლიდარულად დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება ჯამურად შეადგენს 7900 ლარს, რაც გამორიცხავს სსსკ-ის 365-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

7. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

8. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.

9. სსსკ-ის 365-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:

სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამდენად, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის - 7 400 ლარის ანაზღაურება. მეორე და მესამე მოპასუხის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. უარყოფილ იქნა მოპასუხეთათვის მატერიალური ზიანის - 500 ლარისა და მორალური ზიანის - 2 600 ლარის გადახდის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნებიც (იხ. 27.01.2021 წლის გადაწყვეტილება, ტ.3, ს.ფ.93-110).

11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ მოპასუხეთათვის მატერიალური ზიანის - 500 ლარის დაკისრებასა და ასევე, 7400 ლარის მეორე და მესამე მოპასუხეთათვის პირველ მოპასუხესთან ერთად სოლიდარულად დაკისრებაზე სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (იხ. სააპელაციო საჩივარი, ტ. 3, ს.ფ. 130-138). სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ჩამოყალიბებულია ნათლად, არაორაზროვნად, კონკრეტულად არის მითითებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გასაჩივრებული პუნქტები. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივრის შესაბამის გრაფაში სააპელაციო საჩივრის ფასად მიუთითა 7900 ლარი (იხ. სააპელაციო საჩივარი, ტ. 3, ს.ფ. 135). ამდენად, ვერ იქნება გაზიარებული გასაჩივრებულ გაჩინებაში მოცემული მსჯელობა მასზე, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს.

12. ვინაიდან სააპელაციო საჩივრის ღირებულება კანონით განსაზღვრულ ზღვარზე - 2000 ლარზე მეტია, შესაბამისად, სსსკ-ის 365-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებულია. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად (იხ. სუსგ №ას-524-524-2018, 18.05.2018წ.; №ას-1634-2018, 28.12.2018წ.).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ფ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.03.2021წ. განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე